მარტში სახელმწიფო ვალი 382 მილიონი ლარით შემცირდა

მარტში სახელმწიფო ვალი 382 მილიონი ლარით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 382 მლნ ლარით შემცირდა და 16.3 მილიარდი ლარი შეადგინა. დოლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი 5 მლნ დოლარით შემცირდა, მაგრამ ლარის კურსის გამყარების გამო, ლარში გამოსახული საგარეო სახელმწიფო ვალი გაცილებით მეტად, 357 მლნ ლარით შემცირდა. თებერვალში საშინაო სახელმწიფო ვალი 25 მლნ ლარით შემცირდა.

31 მარტის მდგომარეობით საგარეო სახელმწიფო ვალი 12.8 მილიარდი ლარი, ხოლო საშინაო სახელმწიფო ვალი 3.6 მილიარდი ლარია.

საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალის 73% საერთაშორისო ორგანიზაციებზე მოდის. მათ შორის, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 4.6 მილიარდი ლარი მსოფლიო ბანკის მიმართ აქვს. ქვეყნების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ვალი – 719 მლნ ლარი გერმანიის მიმართ აქვს, შემდეგ მოდის იაპონია 538 მლნ ლარით.

საქართველოს სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ დაახლოებით 43%-ია. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 44.4%, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.6% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *