გერმანული გემო ქართული აქცენტით

გერმანული გემო ქართული აქცენტით

ქართული ლუდის კომპანია “ზედაზენი” ლუდის, ლიმონათის, ნატურალური წვენებისა და ენერგეტიკული სასმელების წარმოებით საქართველოს ბაზრის ლიდერია. საქართველოს გარდა მისი პროდუქცია პოპულარობით 30-მდე ქვეყანაში სარგებლობს. “ზედაზენის” ბოლო პროდუქტი “არსი ყავაა” (RC Coffee) – ყავისა და კოლას გემოების ჰარმონიული ნაზავი. კომპანია მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს: დახლებზე მალე “ჰოლსტენი” გაჩნდება – პრემიუმ-კლასის გერმანული ლუდი.

კახა კოტრიკაძე უკვე მეორე წელია, რაც “ზედაზენის” გენერალური დირექტორია. კომპანიაში საბანკო სექტორიდან გადაინაცვლა და რვა თვე “ზედაზენის” ფინანსები მართა, შემდეგ გენერალური დირექტორის თანამდებობა ჩაიბარა. კომპანიაში ინვესტიცია 180 მილიონ ლარს აჭარბებს, საკუთარი კაპიტალი კი ყოველწლიურად მზარდია.

ლუდი თუ ლიმონათი?

ასე გიპასუხებთ, უპირატესობას ლუდს ვანიჭებ. “ზედაზენის” ყველა ლუდი მიყვარს, ხასიათისა და დროის მიხედვით. განსაკუთრებით ბოლო წლებია, რაც აქ ვარ და ვი ცი, როგორ მზადდება – რა ხარისხი, სული და გულია ჩადებული. უცხოურს ვეღარ ვსვამ, აღარ მსიამოვნებს.

რა იქნება ახალი ლუდის, საქართველოში ჩამოსხმული გერმანული “ჰოლსტენის” უპირატესობა? როგორ იცავთ გერმანელების “წმინდა კანონს”?

მას შემდეგ, რაც ჩვენი ბოლო პროდუქტი “რაგნარი” ქართულმა ბაზარმა კარგად მიიღო, ახალზე ფიქრი დავიწყეთ. პოპულარული სერიალის, “ვიკინგების” პოპულარული გმირის სახელმა და პროდუქტის გემოს თვისებების კომბინაციამ კარგი შედეგი მოგვიტანა, დაგვარწმუნა, რომ წარმატებაც ელის და საექსპორტო პოტენციალიც ექნება. ახლა აქცენტი ისევ გერმანულ ბრენდზე გავაკეთეთ და “ჰოლსტენი” ავირჩიეთ. საქართველოში უპირატესობას მაინც გერმანულ ლუდს ანიჭებენ და ამ მოთხოვნიდან გამომდინარე, არჩევანი ჩვენც პრემიუმ- კლასის ბრენდზე შევაჩერეთ, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კარგადაა ცნობილი და ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, სრულად დავიცავით გერმანელების ეგრეთ წოდებული “წმინდა კანონი” და ლუდში არაფერია წყლის, ალაოსა და სვიის გარდა. ეს არის წმინდა გერმანული გემო, ოდნავ მეტი სვიის სიმწარით, თუმცა – არა მძიმე ლუდი.

ხომ არ უწევს ერთმანეთს კონკურენციას ქართული და თქვენივე წარმოების უცხოური ლიცენზირებული ბრენდები?

ლიცენზირებული ბრენდებიდან ამ ეტაპზე “ბავარიას”, “რაგნარს” და ახლა უკვე “ჰოლსტენს” ვაწარმოებთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამით ქართული იჩაგრება. ორივეს ჰყავს თავისი სეგმენტი. ჩვენ გვინდა დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომ მხოლოდ უცხოურია კარგი, ეს ასე არაა. მომხმარებლის გემოვნება უკვე ყალიბდება და ჩვენი სტრატეგიაც ეს იყო. როდესაც ქართული ლუდის კომპანიამ პირველად ჩამოასხა საერთაშორისო ლიცენზირებული ბრენდები, მიზანი იმის დამტკიცება გახლდათ, რომ ქართული წარმოება იმავე დონისაა, როგორიც ევროპული. როგორც იქ ისხმება “ბავარია”, ისე ისხმება აქაც და დღეს უკვე აღარავის აქვს პრეტენზია არც ხარისხზე, არც დანადგარებზე და არც პერსონალის კვალიფიკაციაზე. რაც შეეხება გარე კონკურენციას – კონკურენტებს ჩვენ ყოველთვის ვუპირისპირებთ სტანდარტებს, რომელთაც არას- დროს ვუხვევთ. არასდროს “ვთამაშობთ” იაფფასიანი პროდუქციით, პირიქით, ჩვენი დევიზია მაღალი ხარისხი, სრულიად ქართული წარმოება და მისაღები ფასი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ ლიმონათს ნატურალური ინგრედიენტებით, უარს ვამბობთ ხელოვნურ არომატიზატორებზე. ასე განვამტკიცეთ ჩვენი ბრენდი და ამ პრინციპით ჩამოვასხით ქართული ნატურალური წვენი. ეს არაა მარტივი გზა, გაცილებით რთულია, მაგრამ ესაა ჩვენი არჩევანი და ჩვენ ამ სირთულეებს ვეჭიდებით და, ვფიქრობ, ვუმკლავდებით.

ლუდისა და ლიმონათის წარმატებული წარმოების შემდეგ, კიდევ არაერთი სხვა მიმართულება – რატომ გადაწყდა ნატურალური წვენებისა და ენერგეტიკული სასმელების წარმოება?

ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, შევქმნათ ალტერნატივა, გავზარდოთ კონკურენცია, შესაბამისად ავწიოთ წარმოების სტანდარტები. მსოფლიოში ყოველდღიურად ჩნდება ახალი გემოები და ის, რაც არის სხვა გან, რატომ არ უნდა იყოს საქართველოში?! ამიტომ შემოვიყვანეთ ამერიკული ბრენდი და არსი კოლას (RC cola) შემდეგ დახლებზე უკვე ერთი კვირაა, გაჩნდა არსი ყავა (RC coffee) – ახალი გემო, რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ეს აღარაა მხოლოდ კოლა, არის კოლა ყავის დანამატით, კოლა ალუბლით, კოლა ვანილით, ჩვენ წარმოებას ვავითარებთ იმისთვის, რომ მომხმარებლის გემოვნებასა და ხასიათს მოვერგოთ. ეს არის ჩვენი წარმატების გზა – მომხმარებლის გემოვნებაზე მორგებული გემო.

და რას ამბობს მომხმარებელი და ბაზარი? წარმოებასა და გაყიდვებს შორის არის ტოლობის ნიშანი?

ლუდს 30-32 მილიონ ლიტრს ვაწარმოებთ, მაშინ როცა საქართველოს ბაზარი ჯამურად 90 მილიონ ლიტრს მოითხოვს და მოიხმარს. ლიმონათს 20 მილიონ ლიტრამდე, წვენებს კი 3 მილიონ ლიტრს ვაწარმოებთ და გაყიდვების მაჩვენებელიც იგივე გვაქვს. ჩვენი პროდუქტი ყოველთვის ჯანსაღი და ახალია. ლუდის მაქსიმალური ვადა დახლზე არის სამი თვე, შესაბამისად, ჩვენ მარაგებს ვერ ვქმნით. რასაც ვაწარმოებთ – იმას ვყიდით. რაც შეეხება ბაზარზე ჩვენს წილს, ლუდის წარმოების კუთხით – 35%-ს, ლიმონათის – 20%-ს, წვენების -13%-ს, ენერგეტიკული სასმელების ნაწილში კი 5%-ს ვიკავებთ. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ წარმოება და გაყიდვები თანაფარდობაშია.

რა ხდება ექსპორტის მიმართულებით, რამდენად  მზარდია მოთხოვნა ევროპული სტანდარტის ქართულ სასმელებზე?

დღევანდელი მონაცემებით, ექსპორტს 30-მდე ქვეყანაში ვახორციელებთ. ვფარავთ როგორც ევროპის, ისე აზიისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, თუმცა პოტენციალი გაცილებით დიდია. გასულ წელს 100%-იანი ზრდა გვქონდა ექსპორტში და დარწმუნებული ვარ, მიმდინარე და მომდევნო წლებშიც გავიზრდებით. კომპანია ამისთვის სრულ მზადყოფნაშია. ქართული ლიმონათი უნიკალური და ყველასთვის საინტერესო პროდუქტია. როგორც სხვა სასმელების, მისი უპირატესობის საფუძველიც ზედაზენის მთის უნიკალური წყალია. მალე ლიცენზირებული პროდუქტების გატანასაც დავიწყებთ. იმის მიუხედავად, რომ ბრენდი საერთაშორისოა, ჩვენგან წაიღებენ ექსპორტს და არა სხვა ქვეყნებისგან. ამისთვის ნდობა უკვე გვაქვს. მალე “ბავარიის” ექსპორტს დავიწყებთ აზერბაიჯანსა და სომხეთში. იმ პოტენციალს, რაც გვაქვს, სრულად გამოვიყენებთ, როგორც ჰაბი. აქ იწარმოება იმიტომ, რომ ვიღებთ იმაზე მაღალ ხარისხს, ვიდრე მოლოდინი არსებობდა.

ქართული ბაზრის სირთულეებზე რას გვეტყვით? არის ბარიერები, რომლებიც ან საკანონმდებლო ან პოლიტიკური ნების დონეზეა ხელის შემშლელი?

გადაუჭრელი პრობლემები ჯერ არ გვქონია, თუმცა საკანონმდებლო დონეზე ბევრი საკითხი დასახვეწია და, როგორც ვიცი, ეს ეტაპი უკვე დაწყებულია, ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. მთავარია, ისეთი რეგულაციები მივიღოთ, როგორიც ევროპაშია და ევროპულ პროდუქტთან კონკურენცია არ გაგვიჭირდეს. ეს სამუშაო პროცესია, ამ გამოწვევის წინაშე ვართ და ამას ხელისუფლება უნდა გაუმკლავდეს. იყო პრობლემებიც. მაგალითად. აქციზის ნაწილში, როცა 2014 წელს ლუდზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, ამან ბაზარი შეამცირა, თუმცა გასულ წელს კანონი შერბილდა და პრობლემაც მოგვარდა.

რატომ მოიხსენიებენ “ზედაზენს” ხშირად სოციალურ პროექტად?

კომპანიის მიზანი არასდროს ყოფილა გამოჩენა და ხმაური, ჩვენთვის მთავარი საქმის კეთებაა. რაც შეეხება “სოციალურ პროექტს”, ეს შეფასება იმის გამო გაჩნდა, რომ “ზედაზენი” 1000 ადამიანს ასაქმებს როგორც ქარხანაში, ისე ქარხნის გარეთ – სადისტრიბუციო სამსახურში და ამ ადამიანების უმრავლესობა ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი მოსახლეობაა. რეალურად “ზედაზენის” დამფუძნებელ ცეზარ ჩოჩელს, უნიკალური წყლის არსებობის გარდა, კომპანიის ამ რეგიონში დაფუძნებისას ეს ჩანაფიქრი ჰქონდა – რეგიონის განვითარება, მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დასაქმება და ადგილობრივი კადრების წარმოჩენა. არის საქმეები, რომლებიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია, ბავშვთა სახლები თუ მოხუცთა თავშესაფრები, რეგიონში ეკლესია- მონასტრები… ყოველთვის ვცდილობთ ამ ნაწილში ჩვენი წვლილის შეტანას. განსაკუთრებით საამაყო კი   ჩვენთვის ქართული ძიუდოს გენერალური სპონსორობა და მათ გვერდში დგომაა.

ლუდი, ლიმონათი, ნატურალური და ენერგეტიკული სასმელები, კოლა სხვადასხვა გემოთი – რას გვპირდება და გვიმზადებს “ზედაზენი” უახლოეს მომავალში?

როდესაც ცეზარ ჩოჩელმა 90-იან წლებში პირველი ქარხანა ახალგორში ააშენა, მაშინ ალბათ არავინ ელოდა, რომ ქართული ლუდი წარმატებას არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც მოიპოვებდა. “ზედაზენს” საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის უმაღლესი შეფასება უკვე აქვს, რაც გვავალდებულებს, ფინანსურად უფრო მეტად ღია და გამჭვირვალე გავხდეთ და ეს ასეც იქნება.

ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას ადგილობრივი ბაზრების კაპიტალის ფორმირებაში, გამოვუშვებთ დამატებით ადგილობრივ ბონდებს, რაც ჩვენთვის, ცხადია, დამატებითი პასუხისმგებლობა იქნება. ვგეგმავთ სიახლეებს თავად პროდუქციის ხაზების კუთხითაც. ახალ ბრენდებს ვამატებთ, დავამატებთ ახალ გემოებს, ასე რომ, აქტიურობას არ დავკარგავთ. წელს განსაკუთრებით ბევრი სიახლე გვექნება.

დაბოლოს, ვმუშაობთ ხილის გადამმუშავებელი ქარხნის კონცეფციასა და პროექტზე, თუმცა ეს მარტივი ბიზნესი არაა. ამას ბაზარმაც უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც კომპანიის მასშტაბური სამომავლო გეგმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *