რატომ ვერ ქმნის საქართველო იმდენივე სამუშაო ადგილს, რამდენსაც დანარჩენი მსოფლიო?

რატომ ვერ ქმნის საქართველო იმდენივე სამუშაო ადგილს, რამდენსაც დანარჩენი მსოფლიო?

“საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნა არ არის შესაბამისობაში ეკონომიკის ზრდასთან”, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც ქვეყანაში დასაქმების დინამიკას აფასებს.

ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველომ წარმატებით განახორციელა ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფის პოლიტიკა. თუმცა, პოლიტიკური არასტაბილურობა კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება კომპანიებისთვის.

“სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სიღარიბის შემცირებას, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნა არ არის შესაბამისობაში ეკონომიკის ზრდასთან. ქვეყანაში კარგად ვითარდება მრეწველობა, რაც ნიშნავს რომ წარმოებული პროდუქციის წილი გაიზარდა ერთ სულზე მშპ-ში, მაგრამ სამუშაო ადგილების ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობის სექტორში”, – ვკითხულობთ კვლევაში.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, 17,000-მდე ახალი კომპანია შეიქმნა 2014 წელს, რაც ნიშნავს თითქმის 6 კომპანიას 1,000 სამუშაო ასაკის მოზრდილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ახალი კომპანიების სიმჭიდროვე მნიშვნელოვნად მაღალია რეგიონულ საშუალოზე – 2,3 კომპანია 1,000 სამუშაო ასაკის მოზრდილზე, ასევე უსწრებს მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების ამავე მაჩვენებელს.

“ვლავაც არსებული გამოწვევები და გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობა მნიშვნელოვან სირთულეს უქმნის კომპანიებს. 2013 წელს, კომპანიების 42-მა პროცენტმა პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის წარმოებისთვის მთავარ წინააღმდეგობად დაასახელა, როდესაც ეს მაჩვენებელი 2008 წელს 17 პროცენტს შეადგენდა. საქართველო არ ქმნის იმდენ სამუშაო ადგილს რამდენსაც მისი ეკონომიკური ზრდა წინასწარმეტყველებს. მიუხედავად მშპ-ს 5.7 პროცენტიანი ზრდისა 2005 – 2015 წლებში, დასაქმება მხოლოდ 2,9 პროცენტით გაიზარდა, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილების 5%- იანი ზრდის ელასტიურობას. მთელ მსოფლიოში, სამუშაო ადგილების ზრდის ელასტიურობა 34 პროცენტია, რაც ყოველი პროცენტით მშპ-ს ზრდას ნიშნავს, დასაქმება იზრდება 0.34 პროცენტით. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში ეს ელასტიურობა 16 პროცენტი იყო 2000 – 2010 წლებში, ხოლო ევროკავშირის და ცენტრალური ევროპის და აზიის ქვეყნებისთვის იმავე პერიოდში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 32 პროცენტი შეადგინა. ეს სვამს მნიშვნელოვან კითხვას: რატომ ვერ ქმნის საქართველო იმდენივე სამუშაო ადგილს რამდენსაც დანარჩენი მსოფლიო?”, – ვკითხულობთ კვლევაში.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მცირე და ინდივიდუალურ საწარმოებს გარკეეული წვლილი შეაქვთ სამუშაო ადგილების შექმნაში, თუმცა ვერ ახერხებენ ზრდას საშუალო საწარმომდე; რომლებიც ასევე ხშირად ხდებიან წარუმატებელი. რესურსები სწორად არ ნაწილდება, რაც ნიშნავს რომ ყველა სექტორში მეტისმეტად ბევრი ადამიანი არის დასაქმებული ნაკლებად პროდუქტიულ საწარმოებში.

“მიუხედავად ახლად გახსნილი კომპანიების რაოდენობის შთამბეჭდავი ზრდისა, მთლიანი დასაქმების ზრდა დაბალია, რადგან ინდივიდუალური და მცირე საწარმოები ხშირად იხურება. საქართველოში პოლიტიკის მესვეურთა შეშფოთების მიზეზი რესურსების არასწორი განაწილებაა, როგორც ეკონომიკურ სექტორებს შორის ისე თავად სექტორების შიგნით. წარმოების ფაქტორების ეფექტურად განაწილების შემთხვევაში, ფაქტორის მთლიანი პროდუქტიულობა სავარაუდოდ 70 პროცენტამდე გაიზრდება. არასწორი განაწილება ვლინდება სამუშაო ადგილების კონცენტრირებით დაბალი პროდუქტიულობის სექტორებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, საჯარო და სოციალური სერვისები”, – ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ კონკურენციის და ზრდის მთავარი შემაფერხებელი პოტენციურად კლებადი სამუშაო ძალაა. სამუშაო ასაკის მოსახლების და ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც ასაკოვანი მოსახლეობის რიცხოვნობა ოდნავ იზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *