თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული უბნები

წლის პირველ კვარტალში, 2017 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად არ გააქტიურებულა, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა (27.2%) დაფიქსირდა გასულ წელთან შედარებით. უძრავი ქონების გაყიდვების ჯამურმა რაოდენობამ 27,495 ერთეული შეადგინა.  

უძრავი ქონების ბაზრის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურებას უკავია. თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის კვლევის მიხედვით, პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების წლიურმა ზრდამ 37.1% შეადგინა, მაშინ როდესაც თბილისის გარეთ უძრავი ქონების გაყიდვები 21.0%-ით არის გაზრდილი. უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით, პირველი კვარტალი განსაკუთრებით აქტიური გამოდგა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთისათვის (წლიური ზრდის ტემპი 105.0%) , გურიისა (66.9%) და კახეთისთვის (31.7%). 

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ ვაკე, საბურთალო და სამგორი დომინირებს. პირველ კვარტალში უძრავი ქონების ყველაზე მეტი გაყიდვა დაფიქსირდა:  

  • საბურთალო –  2924 ერთეული 
  • ვაკე – 1978 ერთეული 
  • სამგორი – 1286 ერთეული 

პირველ კვარტალში თბილისს 148 ახალი უძრავი ქონება შეემატა, რომლის ჯამური ფართობი 200.2 ათას კვ.მ. შეადგენს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია როგორც ახალი უძრავი ქონების რაოდენობა (-23.7%), ისე მათი ჯამური ფართობიც (-33.5%). შემცირება ფიქსირდება როგორც ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების, ისე ახალი კომერციული უძრავი ქონების მიწოდებაში. 

2018 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გაზრდილია საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის (5.1%),  ისე გაქირავების ფასის (1.4%) ინდექსი.  აღნიშნულ პერიოდში, 1 კვ.მ. საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 860 აშშ დოლარსა და 906 აშშ დოლარს შორის მერყეობდა, გაქირავების საშუალო ფასი კი 6.7 აშშ დოლარსა და 7.7 აშშ დოლარს შორის იყო.  

მთაწმინდა კვლავ რჩება დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად საცხოვრებელი უძრავი ქონების როგორც გაყიდვის საშუალო ფასის, ისე გაქირავების საშუალო ფასის მიხედვით; საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის ფასი ყველაზე დაბალია სამგორში, გაქირავების კი – გლდანში. 

თბილისის უბნების მიხედვით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი საშუალო ფასი შემდეგია:  

  • მთაწმინდა – $1078 (კვ.მ) 
  • ვაკე – $998 (კვ.მ) 
  • დიდუბე – $$754 (კვ.მ) 
  • ნაძალადევი – $609 (კვ.მ) 
  • გლდანი – $551 (კვ.მ) 
  • საბურთალო – $874 (კვ.მ)
  • სამგორი – $529 (კვ.მ)
  • კრწანისი – $831 (კვ.მ)
  • ისანი – $669 (კვ.მ)
  • ჩუღურეთი – $737 (კვ.მ) 

სამი კვარტლის განმავლობაში სტაბილური შემცირების შემდეგ, 2018 წლის პირველ კვარტალში, კომერციული უძრავი ქონების გაყიდვების ფასის ინდექსი გაიზარდა 12.2%-ით, წინა კვარტალთან შედარებით, გაქირავების ფასის ინდექსი კი ისევ კლებას განაგრძობს. აღნიშნულ პერიოდში, 1 კვ.მ. კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1,099 აშშ დოლარსა და 1,182 აშშ დოლარს შორის მერყეობს, ხოლო გაქირავების საშუალო ფასი – 8.7 აშშ დოლარსა და 9.6 აშშ დოლარს შორის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *