ასე იწრთობოდა ტყავი

ასე იწრთობოდა ტყავი

გრიგორი ადერლხანოვმა თბილისში ტყავის ფაბრიკული დამუშავება დაიწყო და მალევე ქვეყნის ერთ-ერთ უმდიდრეს მეწარმედ იქცა. ორთაჭალაში მდებარე მის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობა რევოლუციის ერთ-ერთმა ბელადმაც კი მოასწრო.

მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში მსხვილი ვაჭრობის განვითარება და ქარხნული მეთოდების შემოღება, იმდროინდელი ევროპისთვის დამახასიათებელ მოვლენას წარმოადგენდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერიული მმართველობა ხელს უწყობდა კაპიტალის დაბანდებას სამხრეთ კავკასიაში. ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად ქვეყანაში შედარებით სტაბილური შიდა პოლიტიკური ვითარება იყო საჭირო. რუსეთმა, გარკვეულწილად, ეს როლი ითამაშა – პირდაპირი თურქული და ირანული შემოსევები საფრთხეს აღარ წარმოადგენდა.

XIX საუკუნის განმავლობაში განმტკიცდა ტფილისის სტატუსი, როგორც კავკასიის სამეწარმეო ცენტრის, რასაც ქალაქის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა (ტფილისი მთელი კავკასიის უშუალო ცენტრში მდებარეობდა) და ტფილისის გარშემო ფართო საგზაო ქსელის არსებობა განაპირობებდა.

ზუსტად ამ პროცესების ამსახველია ცნობილი თბილისელი მეწარმის გრიგორი ადელხანოვის ისტორია, რომლის ორთაჭალაში მდებარე ფეხსაცმლის ქარხანაში ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილი (მომავალი სტალინი) თავის მამასთან – ბესოსთან ერთად მუშაობდა.

გრიგორი ადელხანოვი წარმოშობით თბილისელი არ იყო. ის 1848 წელს მოსკოვში დაიბადა, ხოლო განათლება სანქტ-პეტერბურგის კომერციულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიიღო. სწავლის დასრულების შემდეგ გაემგზავრა ლაიფციგში, ხოლო გერმანიიდან დაბრუნებული შემდეგ უკვე კავკასიაში გაგზავნეს როგორც რუსული იმპერიული ადმინისტრაციის მოხელე. შემდგომ ის იმპერიული ბანკის თბილისის განყოფილების კონტროლიორი, მოგვიანებით კი ამავე დაწესებულების მმართველი გახდა.

თბილისში ადელხანოვის მიერ ტყავის ფაბრიკული დამუშავება ფართო მასშტაბით 1875 წლიდან იწყება. ქარხანაში ძირითადი საწარმოო პროცესები თავიდანვე მექანიზებული იყო. 1885 წლის მონაცემებით, აქ 170 მუშა იყო დასაქმებული, ხოლო პროდუქციის ღირებულება 650 ათას მანეთს შეადგენდა. 90-იანი წლების შუა ხანებში ადელხანოვის მიერ დაარსებული აქციონერული საზოგადოება აერთიანებდა ტყავის ქარხანას, ქეჩის დამამზადებელ საწარმოსა და ფეხსაცმლის ფაბრიკას. ტყავის დამმუშავებელ ქარხანაში 1900 წლისათვის 215 მუშა მუშაობდა. ქარხნის პროდუქციის ღირებულება 750 ათას მანეთს აღემატებოდა. 1879 წელს დადებული კონტრაქტით, ქარხანა კავკასიაში დისლოცირებულ რუსულ ჯარს ტყავის ნაწარმით ამარაგებდა. კონტრაქტი ითვალისწინებდა წლიურად 500 ათასი მანეთის პროდუქციის დამზადებას საინტენდანტო უწყებისათვის. პროდუქციის ნაწილს საკუთრივ ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში მოიხმარდნენ, ან მთელ ამიერკავკასიასა და კასპიის იმიერ მხარეში ყიდდნენ. მოთხოვნილება ადელხანოვის ტყავის ნაწარმზე სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ტყავის ქარხანა ძირითადად ადგილობრივ ნედლეულს ამუშავებდა. ქარხანასთან არსებობდა ჩემოდნებისა და უნაგირების საწარმო, სადაც სულ ათი მუშა იყო დასაქმებული, ქარხანაში, ტყავის დასათრიმლავად, ორთქლის მანქანებთან ერთად ელექტროენერგიასაც იყენებდნენ.

XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში რამდენიმე სამრეწველო აქციონერული ამხანაგობა არსებობდა. ისინი პროდუქციის წარმოების გარდა, მისი გასაღებითაც იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, “ტყავისა და ქეჩის მწარმოებელი აქციონერული საზოგადოება”, რომელიც ადელხანოვის საწარმოთა ბაზაზე იყო შექმნილი, წლიურად დაახლოებით 2 მილიონამდე მანეთის პროდუქციას უშვებდა.

ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ფაბრიკული დამზადება წარმოებდა ადელხანოვის ფეხსაცმლის ფაბრიკასა და მის მიერ იჯარით აღებულ სამხედრო ტანსაცმლის სამკერვალო საწარმოში. 1900 წლისათვის ფეხსაცმლის ფაბრიკაში 424 მუშა იყო, პროდუქციის ღირებულება კი 553 ათას მანეთს შეადგენდა. სამკერვალო საწარმოში 140 მუშა ითვლებოდა, პროდუქციის ღირებულება კი 63 ათას მანეთს აღწევდა.

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისი მუშათა გაფიცვებმა მოიცვა. ასე, მაგალითად, 1900 წელს რკინიგზის სახელოსნოებისა და დეპოს მუშები გაიფიცნენ, შემდეგ კი გაფიცვათა ტალღა თბილისის მთელ რიგ ფაბრიკა-ქარხნებს მოედო: ადელხანოვის ტყავის ქარხანას, საფაროვის ფეხსაცმლის სახელოსნოს იარალოვის მექანიკურ ქარხანას, ენფინჯიანცისა და ბოზარჯიანცის თამბაქოს ფაბრიკებსა და სხვ.). თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველო პოლიციის დეპარტამენტისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში აღნიშნავდა ამ გაფიცვების ორგანიზებულ ხასიათს და მიუთითებდა, რომ მართალია, “თბილისში სოციალ-დემოკრატიული საქმიანობის გაჩაღებამდე გაფიცვები ხდებოდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ დამოუკიდებელი ერთეული შემთხვევები ამა თუ იმ ქარხანაში”. 1900 წელს კი, ჟანდარმთა სამმართველოს თქმით, გაფიცვები ერთსა და იმავე დროს ხდებოდა მთელ რიგ ფაბრიკა-ქარხნებში, რაც “სავსებით განსაზღვრავს მუშათა მღელვარების წყაროს”.

გრიგორი ადელხანოვი 1917 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისი ქარხნები ნაციონალიზაციას დაექვემდებარა საქართველოში 1921 წელს ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ. ორთაჭალაში ოდესღაც მდებარე ცნობილი ფეხსაცმლისა და ტყავის ქარხნები დღეს აღარ არსებობს, აღნიშნულ ტერიტორიებზე კი მშენებლობები მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *