ისლამის მიმდინარე სპაზმი

ისლამის მიმდინარე სპაზმი

კონვულსია, რომელიც ამჟამად ისლამში შეინიშნება – და, რომელიც მეოთხედი საუკუნის წინათ დაიწყო – უაღრესად ჩახლართულია. სამწუხაროა, რომ იმ დასავლელ მიმომხილველთა შორის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკაზე წერენ, მხოლოდ მცირეოდენს გააჩნია ცოდნა ან მოთმინება, რომ ეს სირთულეები დღის სინათლეზე გამოიტანონ.

სირიაში, სადაც უკვე ორი წელია, სამოქალაქო ომი გრძელდება, რომელმაც 100 ათასი ადამიანი იმსხვერპლა და მოსახლეობის ნახევარზე მეტი უსახლკაროდ დატოვა, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ “აჯანყებულების” მხარდაჭერა ინსტინქტურად ხდება. ყოველ შემთხვევაში ასეთია ზოგიერთი დასავლელი ლიდერის ამ საკითხისადმი დამოკიდებულება. ძალიან უხერხული ფაქტია ის, რომ ასადი ქრისტიანებს იცავს (ანუ დასავლურ ელემენტებს), მაშინ როდესაც ზოგიერთი აჯანყებული – სირიაში უამრავი სხვადასხვა მოძრაობაა, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის – მათი დახოცვისაკენ არის მიდრეკილი.

მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძალადობრივი უწესრიგობები ისლამის ისტორიის ნაწილია და გრძელვადიან პერსპექტივაში, დასავლეთის ყველაზე გონივრული პოლიტიკა – მოთმინებაა. ეს უწესრიგობანი ნელ-ნელა ჩაცხრება. ამჟამინდელი სირთულეები ორი ძირითადი ფაქტორითაა გამოწვეული: პროცესში დასავლეთის მოუქნელი ჩართულობა და რუსეთის გამიზნული, პრობლემების შექმნაზე ორიენტირებული პოლიტიკა. სირიასა და ნებისმიერ სხვა რეგიონში შეიარაღებისა და ფულის შეტანა სამოქალაქო ომის სისასტიკეს ხელს უწყობს და აძლიერებს. ცხადია, ერთ-ერთი მექანიზმი, რომელიც დასავლეთმა ამ პრობლემატურ რეგიონებში შეიძლება გამოიყენოს, იარაღის გაყიდვისა და მიწოდების აკრძალვაა. ამჟამად დასავლეთის პოლიტიკა და დამოკიდებულება უცნაური და ურთიერთსაწინააღმდეგოა. საბრძოლო მასალების უდიდესი ნაწილი საფრანგეთიდან, აშშ-სა და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნებიდან მიედინება, რა თქმა უნდა, რუსეთიდანაც, რომელიც ცალკე აღებული, იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.

და რაც შეეხება მოთმინებას? მე ყოველთვის ვამტკიცებ, რომ არსებული კონვულსიის შესუსტების პროცესი შეგვიძლია ამოვიცნოთ. ამის მთავარი ნიშანია ის, რომ კონფლიქტი აღარ არის, უწინარეს ყოვლისა, ქსენოფობიური ან ანტიდასავლური და ის მხოლოდ, ერთი მხრივ, დაჯგუფებებს შორის წარმოქმნილ და, მეორე მხრივ, ისლამის დოქტრინათა არსებულ განსხვავებებს ეფუძნება.

და ამჟამად იმის ნიშნები იკვეთება, რომ მინელების პროცესი მიმდინარეობს. ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს შექმნის მცდელობა, რომელიც ფორმალურად და დოქტრინით სუნიტურია და რომელიც საკუთარი ხალიფატის შექმნას ცდილობს, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. აქამდე, ისლამის ყველაზე უფრო აქტიური და შეურიგებელი მებრძოლები იყვნენ შიიტები, რომელთაც იდეოლოგიურად და ფინანსურად ირანი მართავს. ირანის მუსლიმანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიიტია და ეს ქვეყანა ყოველთვის გამძაფრებული ექსტრემიზმის ცენტრი იყო. სუნიტები, რომლებიც ისლამის ორთოდოქსულ ელემენტს წარმოადგენენ და მექას ირგვლივ და საუდის არაბეთში არიან ბაზირებული, აქამდე მოვლენებზე ყოველთვის რეაგირებდნენ და მათ ინიცირებას არ ახდენდნენ.

თუმცა ერაყისა და სირიის ისლამურ სახელმწიფოს, სხვადასხვა სუნიტური სახელმწიფოსაგან განსხვავებით,  იარაღისა და ფულისადმი ფართო ხელმისაწვდომობა გააჩნია. თუკი ირანი შიიტი აჯანყებულების მხარდაჭერასა და მომარაგებას გააგრძელებს, ხოლო პარტიზანები, საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს მხარდაჭერას, მაშინ მთელი რეგიონის მასშტაბით რელიგიური ომი გარდაუვალია. მსგავსი რამ მოხდა მე-16 საუკუნეში, როცა რომანელმა კათოლიკეებმა და მებრძოლმა პროტესტანტებმა მთელი ქრისტიანული სამყარო ევროპაზე ბატონობისათვის გაჩაღებულ ომში ჩაითრიეს.

ჩემი ვარაუდით, როდესაც ისლამური სამყაროს ავტორიტარული ფიგურების საკმაო რაოდენობა გააცნობიერებს, რომ მსგავსი ომი მთელ ისლამურ საზოგადოებას ანაწევრებს და ამ დროს არაკეთილმოსურნენი ცეცხლზე ნავთს ასხამენ, ისინი თავიანთ დესტრუქციულ რიტორიკას შეარბილებენ და რაციონალური ადამიანებივით დაიწყებენ მოქცევას. სწორედ მაშინ ისლამური მღელვარების ის ეპოქა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ნელ-ნელა დასრულდება.

მხარდასაჭერი ამბოხი

ამავე დროს დასავლეთმა რა უნდა მოიმოქმედოს? იქნებიან ისეთები, ვისი აზრითაც, აჯობებს “შერჩევითი ჩარევის” გამოყენება – დახმარების აღმოჩენა იმ მხარისათვის, რომელიც პოზიციებს კარგავს, შესაბამისად, მუსლიმანების მიერ სხვა მუსლიმანების განადგურებაში ხელის შეწყობა. ეს უგუნური პოლიტიკაა, რომელიც არასოდეს არავინ არ უნდა გამოიყენოს. რაც უნდა გავაკეთოთ, გარდა რეგიონში იარაღის მიყიდვის აკრძალვისა, არის ის, რომ წავახალისოთ ის სეკულარისტული ელემენტები, რომლებიც ისლამურ ტერიტორიებზე აშკარად არსებობენ და რომელთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი დოქტრინის შესახებ კამათი ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.

კონკრეტულად, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ პროგრამები, რომლებიც გამიზნული იქნება მუსლიმანი ქალებისთვის, რომელთა ტანჯვა უკანასკნელი მოვლენების ჩუმი თანამგზავრია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რომ ეს ქალები წავახალისოთ, უაზრო რელიგიური ხოცვა-ჟლეტის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატონ. დავეხმაროთ მათ გავლენიანი პოზიციების დაკავებაში, რომელშიც ისინი ამ ბრძოლის მსხვერპლნი კი არ იქნებიან, არამედ ამ ბრძოლაში აგენტები გახდებიან. მსგავსი რევოლუცია არის ისლამური ამბოხის ის ფორმა, რომელსაც დასავლეთის მხრიდან სრული და უპირობო მხარდაჭერა უნდა გააჩნდეს.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *