საქართველო გლობალური ინოვაციების ინდექსში დაწინაურდა

საქართველო გლობალური ინოვაციების ინდექსში დაწინაურდა

საქართველო გლობალური ინოვაციების ინდექსში დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 59-ე ადგილი დაიკავა. 

საქართველოს სარეიტინგო ქულა 100-დან 35.05-ია. რეგიონის ქვეყნებში კი საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს. 

გასულ წელთან შედარებით, საქართველოს მაჩვენებელი 9 კოეფიციენტით არის გაუმჯობესებული. 

GII-ის რეიტინგი მსოფლიოს 126 ქვეყნის ინოვაციურობას ზომას 80 განსხვავებული კრიტერიუმის მეშვეობით. აღნიშნული ქვეყნები მსოფლიო მშპ-ს 96.3%-ს ქმნიან.  კრიტერიუმებს შორისაა პოლიტიკური გარემო, განათლება, ინფრასტრუქტურა და ბიზნეს გარემო. 

საქართველოს საუკეთესო შედეგი ინსტიტუტების კრიტერიუმში აქვს, – 100 სარეიტინგო ქულიდან 71.9 ქულა და მსოფლიოში 39-ე ადგილი. სწორედ ამ კრიტერიუმში ერთიანდება ქვეყნის პოლიტიკური გარემო, რეგულაციების გავლენა მასზე და ბიზნეს გარემო.

ყველაზე ცუდი შედეგი კი საქართველომ „ბიზნესის დახვეწილობის“ (Business sophistication) კრიტერიუმში მიიღო, – 25.7 ქულით ქვეყანა 91-ე ადგილზეა. მიზეზი კი შემდეგია: აღნიშნული კრიტერიუმი ზომავს ერთის მხრივ სამუშაო ძალის შესაძლებლობებს, მეორეს მხრივ კი იმას, თუ რამდენად ხდება კომპანიების მხრიდან თანამშრომელთა გადამზადება. ამ ქვეკრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში 88-ე ადგილზეა, რადგან ფირმების მხოლოდ 10.5% სთავაზობს თანამშრომლებს გადამზადებას. 105-ე ადგილზეა საქართველო სასწავლებლებისა და სხვადასხვა სექტორების კოლაბორაციის კრიტერიუმში სამეცნიერო მიმართულებით. 82-ე ადგილზეა საქართველო ქვეკრიტერიუმში, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების მაჩვენებელს ასახავს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში. საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების გადასახადები მთლიანი ვაჭრობის მხოლოდ 0.2%-სშეადგენს.  ე.წ. ICT სერვისების იმპორტის ქვეკრიტერიუმში კი საქართველო 86-ე ადგილზეა. 

ადამიანური კაპიტალის კრიტერიუმში საქართველო 100 სარეიტინგო ქულიდან 30-ის მფლობელია და ის 67-ე ადგილზეა. ინფრასტრუქტურის კომპონენტში ქვეყანას 41 ქულა აქვს და მსოფლიოში 71-ე ადგილს იკავებს. 

მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ქვეყანა კი შვეიცარია გახდა, მას ნიდერლანდების სამეფო და შვედეთი მოსდევს. 

საქართველო გლობალური ინოვაციების ინდექსში გასულ წელს 4 საფეხურით ჩამოქვეითდა, თუმცა მანამდე ზედიზედ 4 წლის განმავლობაში ქვეყნის პოზიცია უმჯობესდებოდა. 

გლობალური ინოვაციების ინდექსი 2012 წლიდან ქვეყნდება. მისი მიზანია, ინოვაციების მიმართულებით მსოფლიო ტენდენციების გამოვლენა. ის ასევე ცდილობს აჩვენოს და გამოავლინოს მექანიზმები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია გრძელვადიანი ზრდის, პროდუქტიულობისა და სამუშაო ადგილების ზრდის მიღწევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *