VINTED - შეაბიჯეთ მეორეული მოდური საქონლის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე

VINTED - შეაბიჯეთ მეორეული მოდური საქონლის მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე

თქვენ გძულთ ეს მაისური და ვერც კი იხსენებთ, ბოლოს როდის გეცვათ, მაგრამ რადგან მაისური კარგ მდგომარეობაშია, ის კვლავ თქვენს კარადაში იქნება ჩამოკიდებული.

დამშვიდდით, თქვენ მარტო არ ხართ: ლიტველი მეწარმე მილდა მიტკუტეც ოდესღაც ამ პრობლემის წინაშე იდგა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გარდერობი ყოველთვის გადავსებული იყო ტანსაცმლით, მე სულ მაწუხებდა იმის განცდა, რომ ტანისამოსი არ მქონდა,” – უყვება მილდა მიტკუტე ჟურნალ Forbes-ს.

“ზოგიერთ ჩემს ბლუზას ჯერ კიდევ იარლიყი ეკრა ზედ, რადგან ფასდაკლების დროს განურჩევლად ყველაფერს ვყიდულობდი – ერთ კვირაში ჩემი ხელფასის 80%-ს ვხარჯავდი ტანსაცმელში, რადგან მინდოდა, ყოველდღე განსხვავებული ვყოფილიყავი”.

როდესაც მისი ოჯახის კუთვნილი დიდი ბინიდან სტუდენტური საერთო საცხოვრებლის პატარა ოთახში გადავიდა, მიტკუტე მიხვდა, რომ ასეთი ტემპით შოპინგის გაგრძელება შეუძლებელი იყო – მის ოთახში უბრალოდ არ იყო საკმარისი სივრცე, რომ ამდენი უცმელი ტანისამოსი დატეულიყო.

ასე დააარსა მილდა მიტკუტემ 2008 წელს საიტი Vinted-ი, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მეორეული მოდური ტანისამოსის ონლაინმაღაზიაა.

როგორ შენდებოდა VINTED

დღეს 4 მილიონი ქალბატონი ყოველთვიურად აქტიურად არის დაკავებული Vinted-ის საიტიდან ნივთების შეძენა/გაყიდვითა და გაცვლით.

“ეს არის პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს ყველა კარადას ხელმისაწვდომს ხდის,” – ამბობს მიტკუტე.

საიტის ფანები – იგივე “ვინტიზ”, როგორც მათ მოფერებით მოიხსენიებენ – უბრალოდ საიტზე განათავსებენ გასაყიდი ნივთების ფოტოებს.

თქვენთვის სასურველი ნივთის მოძებნა შეგიძლიათ გამყიდველის, ბრენდის, ზომის ან ფერის მიხედვით – იქნება ეს წითელი კოქტეილის კაბა თუ ფეხსაცმელი ლეოპარდის პრინტით.

“ჩვენი წევრები ამბობენ, რომ Vinted-ზე შოპინგი განძზე ნადირობას ჰგავს”, – აღნიშნავს მიტკუტე.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ცოტათი eBay-ს წააგავს, თქვენ არ ცდებით. მაგრამ განსხვავება ისაა,რომ Vinted-ი უფრო მეტად არის ფოკუსირებული სოციუმზე, რის წყალობითაც საიტს ბევრი ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

“ჩვენი გოგონები არ ყიდიან ავტომობილებს ან სარეცხ მანქანებს, ჩვენ მხოლოდ მოდა და სტილი გვაინტერესებს, – განმარტავს მიტკუტე.

რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საიტი უფრო მჭიდროდ შეკრული გუნდის სოციალური ქსელია, ვიდრე ელექტრონული ვაჭრობის სხვა საიტი”.

ბიზნესის აყვავება

დღესდღეობით საიტი Vinted-ი ცხრა ქვეყანაში ოპერირებს (მათ შორისაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ავსტრია, პოლონეთი და ლიტვა), ხოლო ყველაზე მსხვილი ბაზარი გერმანიასა და საფრანგეთშია.

დაარსების პირველივე წლებში Vinted-მა ჯამში €55 მილიონის (დაახლოებით $68 მილიონი) ოდენობის ინვესტიცია მიიღო, მაგრამ 2016 წელს კომპანიამ მოგების გაზრდის მიზნით თავისი სტრატეგია შეცვალა. ტომას პლანტენგას რჩევით (რომელიც იმ პერიოდში კომპანიის სტრატეგიული მრჩეველი იყო, ხოლო ამჟამად აღმასრულებელი დირექტორია), Vinted-ის პლატფორმა შეიცვალა და გაყიდულ საქონელზე სავალდებულო საკომისიო გადასახადის ნაცვლად, დაწესდა უფასო პროდუქციის პრინციპი, ხოლო დამატებით მომსახურებებზე საიტის მომხმარებელი გარკვეულ გადასახადს იხდის (დამატებითი მომსახურებების ერთ-ერთი სახეობა საკუთარი გარდერობის რეკლამირება გახლავთ).

ის გარემოება, რომ Vinted-ი ამჟამად სრულიად უფასოა და გაყიდულ საქონელზე გადასახადი არა აქვს დაწესებული, კიდევ უფრო განასხვავებს მას eBays-სა და მსოფლიოს სხვა მსგავსი საიტებისგან.

ბიზნესმოდელის შეცვლის დღიდან, კომპანიის ყოველთვიური გაყიდვები 230%-ით გაიზარდა და გასულ წელს პირველად ნულოვანი მოგების წერტილს მიაღწია. 2017 წლის იანვრიდან დეკემბრამდე საიტზე $360 მილიონის ღირებულების საქონელი გაიყიდა, კომპანიის შემოსავალი 5-ჯერ გაიზარდა და $14 მილიონს მიუახლოვდა.

წელს გაყიდვები კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით მიტკუტე ვარაუდობს, რომ 2018 წელს გაყიდვები $500,000,000-ს მიუახლოვდება.

“პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს ნაკლებს ახდევინებს, ხოლო პროდუქციის ღირებულებას ზრდის, აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამბობს ტომას პლანტენგა ჟურნალ Forbes-თან საუბრისას. – იმისათვის, რომ გლობალური დონის წამყვანი მოთამაშე გახდე, აუცილებელია გქონდეს და შეინარჩუნო ყველაზე ეფექტიანი პლატფორმა. სწორედ ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა”.

რა ელის VINTED-ს მომავალში?

მიტკუტე იმედოვნებს, რომ პირდაპირ პოდიუმებიდან გადმოღებული მოდური საქონლისადმი მომხმარებლის მზარდი ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს კომპანიის წარმატებას.  

“ჩვენს კარადაში დაკიდებულ ტანსაცმელს თავისი ისტორია აქვს, რაც Vinted-ზე ვაჭრობას უფრო მეტ შინაარსს მატებს” – აღნიშნავს მიტკუტე.  იგი ასევე იმედოვნებს, რომ გაზრდის მამაკაც მომხმარებელთა რიცხვს და ძალისხმევას არ იშურებს, რომ Vinted-მა განავითაროს უნისექსი აპლიკაციები და მარკეტინგი.  “ბუნებრივია, რომ მამაკაცების ტანისამოსის მოდა ქალების მოდის პარალელურად ვითარდება, უბრალოდ კაცების შემთხვევაში ტემპი უფრო ნელია, – განმარტავს მიტკუტე. – ჩვენ ვიცით, რომ მამაკაცები ყიდულობენ და ატარებენ მოდურ ტანისამოსსა და აქსესურებს, ამიტომაც დიდია ალბათობა იმის, რომ მამაკაცებიც მოისურვებენ მეორეული ნივთების შეძენას”.  მიტკუტემ საკუთარ თავზე აიღო მისია, რომ “მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეორეული გახადოს ყველაზე მოთხოვნადი”.  მგონი დროა, თქვენი კარადაც გამოასუფთაოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *