რატომ ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები მსხვილ კომპანიებს?

რატომ ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები მსხვილ კომპანიებს?

გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს, Yahoo იქნება, Homo Depo თუ მსოფლიოს ნებისმიერი სხვა მსხვილი კომპანია. ბოლო პერიოდში ნათლად ჩანს, რომ საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნება თითქმის ყველა მათგანს უჭირს. რამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა?

კომპანიის ბიუროკრატია

თუ იმედგაცრუებულ თანამშრომლებს დავუჯერებთ, ჩამოთვლილი მიზეზებიდან მსხვილ კომპანიებში არსებული ბიუროკრატია ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს. მათი აზრით, ეს არის უაზროდ დადგენილირუტინა, წესები, რომელთაც ადამიანები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უნდა დაემორჩილონ, ამიტომაც დიდი პოტენციალის მქონე პიროვნებები იძულებულები ხდებიან, ამგვარ კომპანიებთან თანამშრომლობა შეწყვიტონ.

კომპანიაში არსებული არახელსაყრელი პირობები ნიჭის გამოსავლენად

ფაქტია, რომ ნებისმიერი მსხვილი კომპანია მრავალმხრივ საქმიანობას ეწევა, ამიტომაც უფროსებისთვის ადვილი არ არის სათითაოდ გამოკითხონ თანამშრომლები, თუ რამდენად კმაყოფილი არიან თავიანთი საქმითა და დაკავებული თანამდებობით. არც ადამიანის რესურსების განყოფილების თანამშრომლებს აქვთ იმდენი დრო, რომ ამის შესახებ მთელ კომპანიაში გამოკითხვა ჩაატარონ, რაც საბოლოო ჯამში ნიჭიერ და ახალი იდეებით აღსავსე პირებში უკმაყოფილების განცდას იწვევს. დირექტორებმა არ იციან, რომ სინამდვილეში განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანები მაღალ ანაზღაურებაზე მეტად უპირატესობას სხვა რამეს ანიჭებენ, კერძოდ, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია ბოლომდე გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროდუქცია შექმნან. სამწუხაროდ, მსხვილი კომპანიები ამ საკითხზე ფიქრით თავს არ იღლიან, რის გამოც დიდი პოტენციალის მქონე თანამშრომლებს ადრე თუ გვიან სამუდამოდ კარგავენ.

წლიური გეგმის შესრულების არასწორი მიმოხილვა

გაოცდებით, როცა შეიტყობთ, წლიური გეგმის შეჯამებისას რამდენი მსხვილი კომპანია უშვებს შეცდომას. გარდა ამისა, უფროსებს ყოველთვის ცოტა დრო აქვთ იმისთვის, რომ ვრცლად გაეცნონ მონაცემებს, წლიური გეგმა ყველაზე ნაყოფიერად რომელმა თანამშრომელმა შეასრულა. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ტიპის კომპანიები ნაკლებად ინტერესდებიან თანამშრომლების ეფექტიანი მუშაობითა და, მით უმეტეს, მათი დაწინაურებით. თუ პერსპექტივა არ ჩანს, პროფესიონალიზმით გამორჩეულ თანამშრომელს უჩნდება კითხვა: “სხვა სამსახური ხომ არ მომეძებნა?!”

უპერსპექტივო კარიერა

თითქმის ყველა უფროსისთვის მოულოდნელი ამბავი იქნება, როცა გაიგებს, რომ მათი თანამშრომლების უმეტესობამ არ იცის, ხუთი წლის შემდეგ მათ კარიერას რა ელოდება. ჩვენი გამოკითხვებით, მხოლოდ 5% შეუძლია თამამად განაცხადოს, რომ მათ აუცილებლად დააწინაურებენ. დირექტორები არასოდეს ინტერესდებიან თანამშრომლის მომავლით, თუნდაც საქმე გამორჩეულად ნიჭიერს ეხებოდეს. თუ ნებისმიერ პროფესიონალს ეცოდინება, რას ფიქრობს მის საქმიანობასა და შესაძლებლობებზე უფროსი, აღნიშნულ კომპანიაში მუშაობას იგი მეტი მონდომებით განაგრძობს.

სტრატეგიული პრიორიტეტები

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მსხვილი კომპანიები თანამშრომლების შესაძლებლობებს გარკვეულწილად ზღუდავენ. ეს არის ერთგვარი ინკუბატორი პროფესიონალებისთვის, რომელთაც დამოუკიდებლად მუშაობა სურთ. ნიჭიერ ადამიანებს არ უყვართ, როდესაც მათ საქმიანობას არასათანადოდ აფასებენ. დირექტორებო, მიეცით თქვენს საუკეთესო თანამშრომლებს პროექტზე მუშაობისას მეტი თავისუფლება, თუ გსურთ, რომ მიიღოთ ის, რასაც მისგან ელით – საუკეთესო შედეგი!

უპასუხისმგებლო მიდგომა თანამშრომლებისადმი

ჩვეულებისამებრ, უფროსები ახალ პროექტებზე მუშაობისას თანამშრომლებს თითქმის არასოდეს უხსნიან, თუ რა ევალებათ მათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა დეტალურად უნდადაიგეგმოს . წინა პუნქტში სწორედ ამაზე ვსაუბრობდით. უფროსი ვალდებულია აქტიურად იყოს ჩაბმული პროექტზე მუშაობის პროცესში. ნამდვილ პროფესიონალებს უყვართ, როცა უფროსები მათი საქმიანობით ინტერესდებიან.

არახელსაყრელი პირობები გუნდური მუშაობისთვის

მსხვილი კომპანიების ყოფილი თანამშრომლების გარკვეული ნაწილი აღნიშნავს, რომ სამსახური კოლეგებთან უთანხმოების გამო დატოვეს. იმისთვის, რომ კომპანიამ მისი საუკეთესო თანამშრომლების შენარჩუნება შეძლოს,აუცილებელი პირობაა, კადრები სწორად იქნეს შერჩეული. დარწმუნდით, რომ გამორჩეულად ნიჭიერი და შრომისმოყვარე თანამშრომლები ღირსეული ხალხით არიან გარემოცული!მსხვილი კომპანიების წარმატება სწორედ გუნდურად მუშაობის პრინციპს ემყარება!

რას ემსახურება თქვენი კომპანია?

თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ რა არის სინამდვილეში თქვენი კომპანიის მიზანი? დირექტორებო, დაუსვით ეს კითხვა თქვენს თანამშრომლებს და თუ მათ პასუხის გაცემა გაუჭირდებათ, სასწრაფოდ იმოქმედეთ!

აზრთა სხვადასხვაობის ნაკლებობა

ნიჭიერ ადამიანებს სურთ იდეები თავიანთ ხელმძღვანელებს გაუზიარონ. ყველაზე მსხვილ კომპანიებშიც კი მათ არ ეძლევათ ამის საშუალება. კომპანიებს თავისი სტრატეგია აქვს, რის გამოც დირექტორები იშვიათად იზიარებენ საწინააღმდეგო აზრს. ყოველთვის მოუსმინეთ სხვა თანამშრომლებს, ვინაიდან თქვენთვისაც და კომპანიისთვისაც მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ისინი!

ვინ არის უფროსი?

თუ რომელიმე კომპანიიდან საკუთარი ნებით წამოსული პიროვნებები მიზეზად უფროსს ასახელებენ, ეს უბრალო შემთხვევითობა არ გეგონოთ. თუ თქვენ უფროსი ხართ, ეცადეთ სწორად შეაფასოთ თანამშრომლების პოტენციალი და მათ შესაფერისი საქმე მოუძებნოთ, ნაცვლად იმისა, რომ მუდამ კონტროლის ქვეშ გყავდეთ!

თუმცა ამ მოვლენებში კომპანიის ერთმნიშვნელოვნად დადანაშაულება არამართებული იქნება. დიდი პოტენციალის მქონე თანამშრომლები, ისევე როგორც მსხვილი კომპანიები, ვალდებულნი არიან ზემოთ ჩამოთვლილი ათივე პუნქტი ერთნაირად გაითვალისწინონ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *