შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს ფინანსური ცენტრი?

შეუძლია თუ არა საქართველოს გახდეს ფინანსური ცენტრი?

საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს უწოდებენ ადგილს, რომელიც ფინანსური ინსტიტუტების, საფონდო ბირჟებისა და სხვა კომერციული ინსტიტუტების კონცენტრაციით გამოირჩევა. თანამედროვე მსოფლიოში სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი შეიძლება გამოიყოს: ლონდონი, ნიუ-იორკი და ჰონკონგი. ლონდონი იყო პირველი ფინანსური ცენტრი, რომელიც ჯერ კიდევ ბრიტანეთის იმპერიის ჰეგემონიის პერიოდში შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააზიანა როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურა, ისე ბრიტანეთის ეკონომიკა, რის შედეგადაც ესტაფეტა ნიუ-იორკს გადაეცა. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კი, აზიის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ჰონკონგი იქცა მსოფლიოს მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრად და ჩინეთის მზარდ ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების ერთგვარ პლაცდარმად. 

საქართველოს შედარება თანამედროვე მსოფლიოს ძირითად ფინანსურ ცენტრებთან, რასაკვირველია, აზრს მოკლებულია, რადგან ჩვენი ქვეყანა ეკონომიკური განვითარების აბსოლუტურად განსხვავებულ ეტაპზე იმყოფება და მასშტაბებიც გაცილებით მცირეა. მიუხედავად ამისა, საქართველო უნდა შეეცადოს გამოიყენოს არსებული პოტენციალი და შექმნას რეგიონალურ დონეზე კონკურენტული ფინანსური ცენტრი.

2008 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შეიცავდა კანონს „საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ“. აღნიშნული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 14 მარტს მიიღო, შეფასდა როგორც რევოლუციური ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. კანონის მიზანი გახლდათ საქართველოს გადაქცევა გლობალურ ფინანსურ ცენტრად, ფინანსური სისტემის ინტეგრაცია მსოფლიო ფინანსურ სისტემაში და სახელმწიფოს კონკურენტუნარიანობის ამაღლება. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კანონი ითვალისწინებდა პროფიციტური ბიუჯეტის დაგეგმვის ვალდებულებას, საგადასახადო რეფორმას (საშემოსავლო გადასახადის ეტაპობრივი შემცირება, დივიდენდსა და პროცენტზე გადასახადის გაუქმება, მოქნილი საგადასახადო რეჟიმი ფინანსური ინსტიტუტებისათვის და ა.შ.), კოლექტიური დაგროვების სქემების ხელშეწყობასა და სხვა. 2008 წლის აგვისტოს ომმა და მსოფლიოს ფინანსურმა კრიზისმა სრულად შეცვალა ხელისუფლების დღის წესრიგი და 2009 წელს კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა. რამდენიმე თვის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კვლავ გაამახვილა ყურადღება აღნიშნულ თემაზე და საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს, რათა თბილისი გახდეს რეგიონის ფინანსური ცენტრი.

ამა თუ იმ ქვეყანაში ფინანსური ცენტრის არსებობა კაპიტალის აკუმულაციასა და ინვესტიციების გაზრდას იწვევს. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მულტიპოლარული სისტემის განვითარებასთან ერთად, არაერთი ქვეყანა ცდილობს რეგიონული ფინანსური ცენტრის შექმნას, რომელიც კონკრეტულ რეგიონში მოიზიდავს ფინანსურ ინსტიტუტებს და იქცევა ჰაბად მეზობელ ქვეყნებში ინვესტიციების განსახორციელებლად. ამგვარი კონკურენციის კარგი მაგალითია ახლო აღმოსავლეთი, სადაც ფინანსური ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად დუბაი, აბუ-დაბი, ყატარი და ერ-რიადი ეცილებიან ერთმანეთს. აღმოსავლეთ აზიაში ასევე აქტიური კონკურენციაა ჰონკონგს, სინგაპურს, ტოკიოს, სეულსა და სხვა ცენტრებს შორის ფინანსური ინსტიტუტების მოსაზიდად.

ტექნოლოგიური წინსვლის, გაიაფებული კომუნიკაციებისა თუ ტრანსპორტირების პირობებში კომპანიებს აქვთ საკმაოდ დიდი არჩევანი, რომ იმ ქვეყანაში დაფუძნდნენ, სადაც მათ ბიზნესის კეთების ხელსაყრელ და კონკურენტუნარიან გარემოს სთავაზობენ. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელთაც თანამედროვე ფინანსური ცენტრი უნდა აკმაყოფილებდეს. აღნიშნული კრიტერიუმები შეიძლება 4 დიდ ჯგუფად დაიყოს, კერძოდ:

1. სტაბილური პოლიტიკური რეჟიმი და ღია ეკონომიკა ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. პოლიტიკურ სტაბილურობაში უნდა მოვიაზროთ როგორც საგარეო, ისე შიდა საფრთხეები და ხელისუფლების მიერ ეფექტიანი საჯარო მმართველობის უზრუნველყოფა. ამასთანავე, სახელმწიფოში უნდა არსებობდეს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური კურსი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს ღია ეკონომიკური სივრცის შექმნას და მინიმალურ რეგულაციებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: უცხოური კაპიტალის მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკაში, ოპერაციების განხორციელება უცხოურ ვალუტაში და ა.შ.

2. ეფექტური და განჭვრეტადი საგადასახადო და სამართლებრივი რეჟიმი ერთ–ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს თანამედროვე ფინანსური ცენტრის ჩამოსაყალიბებლად. ფინანსური ინსტიტუტები თუ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები, განიხილავენ რა ამა თუ იმ რეგიონში თავდაპირველი ინვესტიციისა თუ არსებული ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობებს, უპირატესად რეგიონის იმ ქვეყანაში ფუძნდებიან, რომელიც მათ რეგულირების ყველაზე ხელსაყრელ, სტაბილურ და განჭვრეტად რეჟიმს სთავაზობს.  საგადასახადო სისტემის გამჭვირვალობა, სიმარტივე, შემცირებული ბიუროკრატია, კონკურენტუნარიანი განაკვეთები, შემოსავლის ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა და სხვა მსგავსი ინსტრუმენტები უცხოური კომპანიების მოზიდვის კარგ მექანიზმს წარმოადგენს.

ინგლისური სამართალი, რომელსაც კომპანიები საერთაშორისო კომერციული ტრანზაქციების აბსოლუტურ უმრავლესობაში იყენებენ, ლონდონის ფინანსური ცენტრის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. აღნიშნული რეალობის გათვალისწინებით დუბაის ფინანსურ ცენტრში ინგლისური სამართალი მოქმედებს, მიუხედავად იმისა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სამართლებრივი სისტემა შარიათსა და ფრანგულ სამართალს ეფუძნება. დუბაიში ასევე შეიქმნა სპეციალური სასამართლო სისტემა, სადაც მოსამართლეებს ინგლისური სამართლის ცოდნის ნიშნით არჩევენ და სამართალწარმოებაც ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

წარმატებული ფინანსური ცენტრის ფუნქციონირებისათვის ასევე მნიშვნელოვანია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებაც. ისეთი ფინანსური ცენტრები, როგორიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი, ჟენევა, ჰონკონგი თუ სინგაპური, ასევე წარმოადგენენ საერთაშორისო მნიშვნელობის საარბიტრაჟო ცენტრებს. დუბაი კი ახლა ცდილობს განვითარებული საარბიტრაჟო ინფრასტრუქტურის შექმნას.  დუბაის ფინანსურ ცენტრში უკვე  ფუნქციონირებს ორი საარბიტრაჟო ინსტიტუტი, რომელთაგან ერთი ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში დაფუძნდა.

3. განვითარებული ინფრასტრუქტურის არსებობა წარმოადგენს ერთ-ერთ აუცილებელ კრიტერიუმს ფინანსური ცენტრის შესაქმნელად. იგი საკმაოდ ბევრ ელემენტს მოიცავს, როგორიცაა: თანამედროვე საოფისე სივრცე, განვითარებული ტელეკომუნიკაციებისა და ტრანსპორტირების სისტემა, მაღალი ხარისხის განათლება და ჯანდაცვა, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო და სხვა. ჩინეთის სიდიდით მეორე ქალაქ შანხაიში, რომელიც ცდილობს განვითარებულ ფინანსურ ცენტრად იქცეს, დაბინძურებული ჰაერი ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბრკოლებლად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე თვის წინ ქალაქის მმართველობამ უპრეცედენტო ზომებს მიმართა და ხუთჯერ გაზარდა ჯარიმა ჰაერის დაბინძურებისათვის.

4. განვითარებული ადამიანური რესურსები და შრომის ბაზარზე კვალიფიციური კადრების არსებობა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა თუ მსხვილი კომპანიების მოსაზიდად. ფინანსური ცენტრის წარმატება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და მუდმივ ინოვაციაზეა დაფუძნებული, რისი მიღწევაც შეუძლებელია კვალიფიციური კადრების გარეშე. ფინანსური ცენტრის ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალი ფინანსისტების, აუდიტორების, იურისტების არსებობა. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ცენტრს ასევე უნდა შეეძლოს კვალიფიციური კადრების მოზიდვა უცხოეთიდან და მათთვის მისაღები სამუშაო თუ საცხოვრებელი პირობების შეთავაზება.

ბაზარზე არსებული კადრების პროფესიულ კვალიფიკაციასთან ერთად, წარმატებული საერთაშორისო ფინანსური ცენტრის შესაქმნელად, ენობრივი ფაქტორიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ინგლისური არის თანამედროვე საერთაშორისო ბიზნესის ენა, თუმცა რეგიონალური ცენტრების განვითარებასთან ერთად, სხვა ენებზეც კეთდება აქცენტი. როდესაც 2010 წელს მაროკოს  მთავარ ინდუსტრიულ ქალაქ კასაბლანკაში ფინანსური ცენტრის შექმნა გადაწყვიტეს, თავიდანვე პრიორიტეტულად განისაზღვრა კონცენტრაცია ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკის რეგიონებზე, სადაც ძირითადად ფრანგულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. საქართველოს შეუძლია წარმატებით გამოიყენოს აღნიშნული მაგალითი და შექმნას ფინანსური ცენტრი, რომელიც აქცენტს გააკეთებს დსთ-ის ქვეყნებზე, უფრო კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე, სადაც ძირითადად რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. კასაბლანკას ფინანსური ცენტრი ჯერჯერობით ჩამოყალიბების სტადიაზეა, თუმცა მას წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი სამ ძირითად მიმართულებაზე აკეთებს აქცენტს: საკონსულტაციო მომსახურების განვითარება, ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიების სათავო ოფისების მოზიდვა. მიუხედავად იმისა, რომ კასაბლანკას ფინანსური ცენტრი ჯერჯერობით აქტიურად არ ფუნქციონირებს, მან უკვე შეძლო 25-მდე ისეთი მსხვილი კომპანიის მოზიდვა, როგორიცაა: საერთაშორისო ბანკი BNP Paribas-ი, სადაზღვევო გიგანტი AIG-ი, ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Boston Consulting Group-ი, ბრიტანული იურიდიული ფირმა Clifford Chance-ი და სხვა. აღნიშნული კომპანიები დაინტერესებული არიან აფრიკული ბაზრით და კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას სწორედ კასაბლანკის ფინანსური ცენტრის მეშვეობით გეგმავენ. მიუხედავად იმისა, რომ მაროკოს ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკას რამდენჯერმე აღემატება, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით ჩვენი ქვეყნები დაახლოებით ერთ დონეზე არიან, რაც მნიშვნელოვან მსგავსებად შეიძლება ჩაითვალოს.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს რეგიონში დღევანდელი მდგომარეობით არ არსებობს გამოკვეთილი ფინანსური ცენტრი, თუმცა რამდენიმე ქვეყანა აღნიშნული ნიშის დაკავებას ცდილობს. ვარშავა, ვენა, პრაღა და ბუდაპეშტი ერთმანეთს ეცილებიან ცენტრალური ევროპის მთავარი ფინანსური ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად. თითოეული აღნიშნული ქვეყანა დსთ-ის რეგიონის დაფარვაზეც აკეთებს აქცენტს, თუმცა ისინი ძირითადად ევროპულ ქვეყნებზე არიან კონცენტრირებულნი. 2009 წელს თურქეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი და ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდა ინიციატივით, რომ სტამბულში შეიქმნას მსოფლიო დონის ფინანსური ცენტრი. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ბიზნესცენტრის მშენებლობას სტამბულის აზიურ ნაწილში, სადაც ბინას დაიდებენ ძირითადი სახელმწიფო და კერძო ფინანსური ინსტიტუტები. ბიზნესცენტრმა ასევე უნდა მოიზიდოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშეები. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწორი რეფორმების განხორციელების შემთხვევაში თურქეთს აქვს შანსი გახდეს მაღალი დონის ფინანსური ცენტრი.

დსთ-ის ქვეყნებიდან ფინანსური ცენტრის შექმნის ამბიცია რუსეთსა და ყაზახეთს აქვთ.  უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და დასავლეთის სანქციების შემდეგ, რამაც უკვე გამოიწვია რუსეთიდან კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება, როგორც მინიმუმ, რამდენიმე წლით გადადო მოსკოვის ფინანსური ცენტრის შექმნისა და განვითარების პერსპექტივა. გარდა ამისა, რუსეთში, ისევე როგორც ყაზახეთში, კორუფციის მაღალი დონე და არსებული ბიუროკრატია ფინანსური ცენტრის ჩამოყალიბების პროცესში მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.

თანამედროვე მსოფლიოს ეკონომიკაში ცენტრალური აზიის რეგიონი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. საქართველოს სურს გახდეს სატრანზიტო კვანძი, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონს. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლიდან აბრეშუმის გზის ფორუმის ინიციირება, რომელიც სწორედ აღნიშნულ ისტორიულ მარშრუტზე გააკეთებს აქცენტს. სატრანზიტო დერეფნისა და ზოგადად ვაჭრობის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული ფინანსური ცენტრის შესაქმნელად, რადგან შესაძლებელი ხდება კაპიტალის აკუმულირება. ამასთან, თავად ვაჭრობა საჭიროებს ბაზარზე სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის არსებობას და ფინანსური შუამავლობის განვითარებას.

წარმატებული ფინანსური ცენტრის შესაქმნელად მნიშვნელოვანია საფონდო ბირჟის განვითარება, რომელიც ქართულ ბიზნესთან ერთად, რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც მოიზიდავს კომპანიებს. განვითარებული საფონდო ბირჟა კომპანიებში კაპიტალის მოზიდვის ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება იქცეს და ასევე უზრუნველყოს კორპორაციული მართვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. თუმცა ფასიანი ქაღალდების ლიკვიდური ბაზრის შესაქმნელად მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის აკუმულირება. სახელმწიფოს აღნიშნული პროცესის სტიმულირება სხვადასხვა მექანიზმით შეუძლია, მათ შორის კი განსაკუთრებით აღსანიშნავია საპენსიო რეფორმა და დაგროვების სქემა, რომელიც ქვეყანაში გრძელვადიან ფულად რესურსს გააჩენს. რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა საქართველოს საფონდო ბირჟის მენეჯმენტი და მნიშვნელოვანია, რომ ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ, რომელიც ძირითადად კომერციული ბანკებისა და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რეფორმები აღნიშნული მიმართულებით დაგეგმოს და განახორციელოს.

ახლახან ცნობილი გახდა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს თბილისში რეგიონალური ოფისის დაფუძნებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უდავოდ წარმოადგეს პოზიტიურ ნაბიჯს, რომელიც მიუთითებს საქართველოს კონკურენტულ უპირატესობაზე რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი აქვს ევროკავშირთან, თურქეთსა და დსთ-ის ქვეყნებთან. ასევე ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კორუფციის დაბალი დონე, ბიზნესის კეთების სიმარტივე, განვითარებული საბანკო სისტემა და ცხოვრების სიიაფე მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს ფინანსური ცენტრის შესაქმნელად. მიუხედავად ამისა, დღევანდელი მდგომარეობით საქართველო ძალიან შორს არის თუნდაც რეგიონალური ფინანსური ცენტრის ფუნქციის შესრულებისაგან. საქართველოს ხელისუფლებამ ამ პროცესში პროგრესის მისაღწევად მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს. საქართველო უნდა დარჩეს მაქსიმალურად ღია იურისდიქციად, სადაც მოხვედრა თუ ბიზნესის დაწყება იოლია. რამდენიმე თვის წინ დაწყებული სავიზო რეფორმა, როგორც მინიმუმ, გაუგებარ დაბრკოლებებს ქმნის აღნიშნულ პროცესში. ნაცვლად გამკაცრებული საიმიგრაციო პოლიტიკისა, საქართველო უნდა შეეცადოს იქცეს რეგიონის სხვადასხვა, ხშირად დაპირისპირებული, ქვეყნის, მათი მოქალაქეებისა თუ კომპანიების ინტერაქციისა და ბიზნესის კეთების ადგილად. საქართველომ უნდა შეინარჩუნის დასავლური კურსი, გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რათა განვითარებულმა  ქვეყნებმა დაინახონ ბუნებრივი პარტნიორი რეგიონში, რომელთანაც ღირებულებითი თანხვდენა არსებობს. ეს პროცესი კი ავტომატურად წაახალისებს დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისა თუ მსხვილი კომპანიების  დაინტერესებას, რომ რეგიონში ბიზნესის დასაწყებ პლაცდარმად საქართველო აირჩიონ.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კერძო ინიციატივებთან ერთად სახელმწიფოს აქვს მნიშვნელოვანი რესურსი, ხელი შეუწყოს ფინანსური ცენტრისთვის საჭირო გარემოს შექმნას. ხელისუფლების არასწორ ნაბიჯებს კი შესაძლებელია მოჰყვეს არათუ პროგრესი, არამედ არსებული კონკურენტული უპირატესობების დაკარგვა. თუ სახელმწიფო მიზნად დაისახავს ქვეყნის ფინანსურ ცენტრად ქცევას და საჭირო რეფორმების განხორციელებით ბიძგს მისცემს კერძო ინიციატივებს, შესაძლებელია, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს, როგორც რეგიონის ფინანსური ცენტრის, როლი უფრო და უფრო გამოიკვეთოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *