რატომ უფასურდება ლირა, ლარი და რუბლი?

რატომ უფასურდება ლირა, ლარი და რუბლი?

თურქულმა ლირამ მიმდინარე კვირაში დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულების 12% დაკარგა, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ნიშნულია. წლის დასაწყისიდან კი ლირა 35%-ზე მეტად გაუფასურდა.  მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება სახელდება, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს გადახედოს თურქული პროდუქციის ამერიკის ბაზარზე საბაჟო ნებართვის გარეშე შეტანის საკითხს.  ამ გადაწყვეტილებამ თურქული ექსპორტი, შესაძლოა, 1.7 მილიარდი დოლარით აზარალოს.  თავის მხრივ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თურქეთისთვის საპასუხო გამოდგა, რადგან გასულ კვირას ოფიციალურმა ანკარამ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ტარიფების გაზრდას კი წინ ალუმინსა და ფოლადის იმპორტზე ტრამპის მიერ გაზრდილი გადასახადები უძღვოდა.

უფასურდება რუსული რუბლიც. ამ შემთხვევაში კი მიზეზად აშშ-ს ახალი სანქციები სახელდება.  რუსულმა რუბლმა დოლარის მიმართ საკუთარი ღირებულებულების 4% დაკარგა, რაც ბოლო 21 თვის მაქსიმუმია. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 66.7 რუბლია, რაც 2016 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მეტად გაუფასურებული მაჩვენებელია რუსული ვალუტისთვის.  აშშ რუსეთს ახალ სანქციებს ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის უწესებს. სანქციების შემდეგი ტალღა ძალაში, 22 აგვისტოდან შევა.

ლირასა და რუბლის გაუფასურების პარალელურად უფასურდება ლარიც. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთ დოლარი 15:00 საათისთვის 2.56 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი კი 10 აგვისტოსთვის 2.46 ლარია. რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, აქ 1 დოლარის გაყიდვის ფასი 2.60-2.62 ლარს შორის მერყეობს. დოლარის ყიდვის ფასი კი 2.51 – 2.52 ლარს შორის.

წლის მეორე კვარტალში, წინა წლის (2017) ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური გაცვლითი კურსი რეგიონის და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ შემდეგნაირად შეიცვალა: თურქულ ლირასთან გამყარდა 9.3%-ით;  რუსულ რუბლთან გამყარდა 7%-ით;  უკრაინულ გრივნასთან გაუფასურდა 10.2%-ით; აზერბაიჯანულ მანათთან გაუფასურდა 0.5%-ით; სომხურ დრამთან გაუფასურდა 0.5%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *