ქართული ჯანმრთელობა ფრანგული სახელით

ქართული ჯანმრთელობა ფრანგული სახელით

რძისა და მისი პროდუქტების მწარმოებელი პირველი და ბაზარზე ლიდერი კომპანია “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” არსებობის 21-ე წელს და ბალანსზე 120 სხვადასხვა ტიპისა და დასახელების პროდუქტს ითვლის. პირველი იყო რძე, ბოლო – დასალევი მაწონია, რა იქნება შემდეგი, ჯერ ინტრიგად რჩება, თუმცა “120 რომ 120-ად არ დარჩება” – ეს “სანტეს” გენერალურმა დირექტორმა, ერეკლე გამყრელიძემ, Forbes Georgia-ს უკვე უთხრა.

პროდუქციის მაღალი ხარისხი და არჩევანის მრავალფეროვნება – ბაზარზე ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად მთავარი აღმოჩნდა, თუმცა ბოლო 20 წელი “სანტემაც” იგივე გზა გაიარა, რაც ქვეყანამ, თავისი სირთულეებითა თუ სიკეთეებით – ეკონომიკური კრიზისი, შემდეგ სწრაფი განვითარება და მისი თანამდევი არაჯანსაღი კონკურენცია… კომპანიამ გაყიდვების გასაზრდელად და ბაზარზე პოზიციების შესანარჩუნებლად რებრენდინგი რამდენიმე ეტაპად განახორციელა, მუდმივმა ინოვაციებმა კი მუდმივ წარმატებასთან დააკავშირა და დღეს “სანტე ჯი ემ თი პროდუქტები” ქართული ბაზრის 45%-ს ემსახურება.

ადგილი, სადაც “სანტე” იწყება, თავად “სანტემდე” დაიწყო – ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში. რვა ჰექტარ მიწის ფართობზე განლაგებული ქარხანა საბჭოთა საქართველოში რძის შემგროვებელი, მწარმოებელი და გადამმუშავებელი ყველაზე დიდი საწარმო იყო, სახელწოდებით “თბილრძე”, რომელიც “საქრძის” შემადგენლობაში შედიოდა. ქვეყნის დამოუკიდებლობამ ბიზნესის დამოკიდებულებები შეცვალა და 1991-97 წლებში ქარხნის მუშაობა წარუმატებელი აღმოჩნდა, წარმოებაც შემცირდა და მასშტაბიც. 1997 წელს მისი პრივატიზება მოხდა – ქარხანა ქართველმა და ამერიკელმა ინვესტორებმა შეიძინეს და მას შემდეგ საბჭოთა “თბილრძის” ისტორიას თანამედროვე “სანტე” აგრძელებს.

ძველი საბჭოთა ქარხნისგან ტერიტორიის გარდა დღეს აღარაფერი დარჩა. აღმოსავლეთით თბილისის გასასვლელისკენ მიმავალს თანამედროვე, მოდერნიზებული, ამერიკულ-ევროპული სტანდარტებით, სიმძლავრეებითა და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა დამხვდა. მასპინძელი მომიყვა, რომ გადაიარაღების პროცესი არც მარტივი იყო და არც ხანმოკლე. პირველი ინვესტიციის პირველი რამდენიმე მილიონი სწორედ საწარმოს გათანამედროვებას დასჭირდა. “იდეალურობამდე პერსპექტიული ადგილი იყო და კომპანიის მფლობელებმა განვითარებისათვის საუკეთესო გარემო ამ ტერიტორიაზე დაინახეს”, – მიყვება ერეკლე გამყრელიძე, რომელიც ჯერ მხოლოდ 32 წლის არის, მაგრამ უკვე ათი წელია, “სანტეს” გუნდის ნაწილია.

“სანტეს” შექმნა “ჯი ემ თი” ჯგუფს უკავშირდება. კომპანიის სრული სახელი “სანტე ჯი ემ თი პროდუქტებიც” აქედან მოდის. თუმცა თავად ბრენდის სახელს ცალკე ისტორია აქვს.

როცა ფიქრი რძის პროდუქტებთან ასოციაციებს ეძებდა, პირველი ნაპოვნი ასოციაცია “ჯანმრთელობა” იყო. საინტერესო ჟღერადობის ძიებამ კი შემქმნელები ფრანგულ ენამდე მიიყვანა და ასე დაერქვა ქართული რძის პროდუქტე  ბის მწარმოებელ კომპანიას სახელი: ქართულად – “ჯანმრთელობა”, ფრანგულად – “სანტე”. კომპანიის ლოგოც საფრანგეთის სახელმწიფო დროშის ფერებში “გადაწყდა” და წლების მერე, როგორც აღმოჩნდა, კომპანიის ბედიც.

სიმბოლური დამთხვევა იყო, დამსახურებული შედეგი თუ, უბრალოდ, ბედის ამბავი, 2016 წელს “სანტე” მსოფლიოში ყველაზე მსხვილმა რძის პროდუქტების მწარმოებელმა ფრანგულმა კომპანია “ლაქტალისმა” შეიძინა. ასე შეხვდნენ ერთმანეთს ფრანგული სახელი და ფრანგი მფლობელები. “სანტეს” 85 პროცენტს ახლა სწორედ “ლაქტალისი” ფლობს, რომელსაც წელიწადში E18-მილიარდიანი ფინანსური ბრუნვა უფიქსირდება.

კომპანია “ლაქტალისი” 1933 წელს საფრანგეთში, ანდრე ბენიემ დააარსა. დღეს ჯგუფი ბევრი წარმატებული საერთაშორისო ბრენდის მფლობელია. მათ შორისაა “პრეზიდენტი”, “პარმალატი” და ახლა უკვე ქართული “სანტე”.

“ჩვენც გავხდით მსოფლიოში ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიის საამაყო ნაწილი”, – ამბობს ერეკლე გამყრელიძე, რომელიც “სანტეში” 2009 წელს, მას შემდეგ მივიდა, რაც შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში, კვების წარმოების მიმართულებით ბიზნესმენეჯმენტი შეისწავლა, პროფესიული კარიერის მომავალზე ფიქრში “სანტეს” შეთავაზება წამოეწია და სამშობლოში დაბრუნებული, შეიძლება ითქვას, პირდაპირ პროფესიითაც დასაქმდა. კონკრეტული პროექტის მენეჯერობიდან გზა ჯერ გენერალური დირექტორის მოადგილეობამდე მივიდა, შემდეგ კი თავად გენერალური დირექტორის სავარძლამდე. ასე რომ “სანტე” ერეკლე გამყრელიძისთვის საქართველოში პირველი და ჯერ ერთადერთი სამსახურია.

“ჯი ემ თი ჯგუფში” მის მისვლას ის პერიოდი დაემთხვა, როცა 2010 წელს “სანტეში” “ოპეკმა” 10-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა – განვითარებაზე ორიენტირებული კრედიტი. ერეკლე გამყრელიძეს ამ პროექტის ხელმძღვანელობა დაევალა. სწორედ ამ პერიოდში გაიზარდა “სანტეს” ასორტიმენტი, გაუმჯობესდა რძის შეგროვების სისტემა, მხოლოდ 2 მილიონი დოლარი რეგიონებში რძის მოსაგროვებელი პუნქტების გასახსნელად დაიხარჯა და საბოლოო ჯამში მომავალზე ორიენტირებული ხედვითა და უზუსტესი შეთავაზებებით პროექტმა გაამართლა. “სანტემ” კი ოპეკისგან მსოფლიოში საუკეთესოდ განხორციელებული პროექტის- თვის სპეციალური ჯილდო მიიღო.

კომპანიისა და საკუთარი ისტორიის თხრობის პარალელურად ერეკლე გამყრელიძე ქარხნის მუშაობის ნიუანსებს მაცნობს. რძის შეგროვება, ჩაბარება, მოტანა და გადამუშავება აქ ყოველდღიური პროცესია. შეგროვებული რძე ქარხანაში მისვლამდე რამდენიმე ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, შემდეგ ხდება მისი პასტერიზაცია, დამუშავება და სხვადასხვა დედოების დამატებით რძისგან მაწონი, იოგურტი, კარაქი, ყველი, ხაჭო თუ არაჟანი ჩნდება, ძირითადად ტრადიციული ქართული მეთოდოლოგიით – მაგალითად, მაწონი ენდემურად ქართული დედოთი ქართულად მზადდება. “ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად ყველაფერი, რაც კი გამოიყენება წარმოებაში, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, ქართული იყოს”, – ამბობს ერეკლე გამყრელიძე და მაგალითად “სანტეს” ერთ- ერთი ბოლო ნაწარმი, ბოთლის დასალევი მაწონი მოჰყავს, რომელიც, ფაქტობრივად, აღდგენილი ტრადიციაა. საბჭოთა პერიოდის შემდეგ თაროებზე ძველი გემო დაბრუნდა.

რეგიონებში განთავსებული რძის შემგროვებელი 15 პუნქტიდან “სანტე” ყოველწლიურად 10 მილიონ ლიტრზე მეტ რძეს იბარებს. კომპანიის ინფრასტრუქტურაც და თანამედროვე სადისტრიბუციო ქსელიც მალფუჭებად პროდუქტზე იდეალურადაა მორგებული: საწყობები, მანქანები, მაცივრები და ადამიანური რესურსი იმაზეა ორიენტირებული, რომ რძის მიღებიდან რამდენიმე დღეში წარმოებული პროდუქტი მაღაზიამდე სწრაფად და შეუფერხებლად მივიდეს. ამაზე კი “სანტეს” 500-კაციან გუნდთან ერთად 2000-ზე მეტი კონტრაქტორი ზრუნავს. “არა აქვს მნიშვნელობა, სად ვართ, ძროხის მოწველიდან მესამე დღეს პროდუქტი უკვე თაროზე უნდა იდოს. მთავარია, რომ ცივი მიწოდების ციკლი იყოს დაცული”, – ამბობს ერეკლე გამყრელიძე.

როგორც ირკვევა, “სანტეს” ძირითადი შემადგენლობა კომპანიასთან ერთად გაიზარდა და განვითარდა. ქართული ბაზრის სირთულეებს და კონკურენციას ფეხი ერთად აუწყვეს. მაღალი ხარისხი, საინტერესო შეთავაზება, მისაღები ფასი და მუდმივი სიახლეები – ბაზარზე “სანტეს” დომინანტობას განაპირობებს, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება. ერთ-ერთი ასეთი – არარეგულირებადი ბაზარია. “ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მოგებული რჩება ყველა – როგორც კომპანია, ისე მომხმარებელი, თუმცა დღეს ჩვენი მთავარი კონკურენტები არაკეთილსინდისიერი მეწარმეები არიან, რომლებიც რეგულაციებს არ ექვემდებარებიან”, – ამბობს ერეკლე გამყრელიძე და მაგალითად ყველის ბაზარი მოჰყავს. ყველის, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი პროდუქტია. ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 19 კგ-ს ითვლიან და ამ ფონზე ბრენდირებული ყველის წილი ბაზარზე ძალიან მცირეა.

ასე რომ, კომპანიის პრიორიტეტი ჯერ ისევ ქართული ბაზარი და ქართველი მომხმარებელია. თუმცა “სანტეს” შორს მიმავალი გეგმა უკვე აქვს და უნიკალური ქართული სულგუნისა და გუდის ყველისთვის ალტერნატიულ ბაზარს საზღვრებს გარეთაც ეძებს. “ორიენტირი გვაქვს, რომ ქართული ყველი გავხადოთ პოპულარული, მივცეთ მას მაღალი ხარისხი, დავნერგოთ ადგილობრივ ბაზარზე და შემდეგ საზღვარგარეთ გავიტანოთ. ისევე როგორც ქართული ღვინო, ქართული ყველიც პოპულარული უნდა გახდეს”, – ამბობს ერეკლე გამყრელიძე.

“სანტეს” გენერალურმა დირექტორმა საუბრისას “საქართველოს ბანკი” არაერთხელ ახსენა. გაირკვა, რომ ოცწლიანი ისტორიის ათი წელი სწორედ “საქართველოს ბანკთან” ერთად გამოიარა. საქმიანი ურთიერთობა წლებმა პარტნიორობაში გადაზარდა და ფინანსებთან ერთად აზრებისა და რჩევების გაზიარებამდე მიიყვანა. “ეს უფრო ორი პარტნიორის ურთიერთობაა, ვიდრე მხოლოდ გამსესხებლისა და მსესხებლის”, – ამბობს ერეკლე გამყრელიძე, რომელსაც საბრუნავი კაპიტალის გარდა ბანკისგან დღეს უკვე დამტკიცებული აქვს გარკვეული ლიმიტი, რომელსაც კომპანია საკუთარი შეხედულებისამებრ იყენებს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროის ნებისმიერ მომენტში, ძალიან მარტივად და მომენტალურად მიუწვდება ხელი საკმაოდ მსხვილ კაპიტალზე.

“ჩვენთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, “სანტე” საკმაოდ საინტერესო პარტნიორია. გარდა იმისა, რომ ამ ორგანიზაციაში ბანკი ხედავს სტაბილურ, სანდო და მზარდ კომპანიას ინვესტირებისათვის, ასევე შეიძლება ითქვას, რომ “სანტე” დღესდღეობით არის ინოვაციური კომპანია, რომელიც სხვადასხვა საბანკო პროდუქტით სარგებლობს. მათთან თანამშრომლობისას აქტიურად ვიყენებთ სავაჭრო დაფინანსების პროდუქტებს, რაც საკმაოდ მიმზიდველი ფინანსური ინსტრუმენტია კომპანიისთვის, ასევე აქტიურად მივმართავთ სავალუტო რისკებისგან დაცვისთვის სხვადასხვა პროდუქტს, რაც ბანკისთვისაც საინტერესო მიმართულებაა”,- ამბობს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ვასილ ხოდელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ “სანტეს” მუდმივი განახლების პროცესში “საქართველოს ბანკი” მომავალშიც ჩართული იქნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *