როგორ იცვლება საწვავის ფასი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

როგორ იცვლება საწვავის ფასი საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში

სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 1.16 დოლარს შეადგენს პორტალის Global Petrol Prices მონაცემებით, ტრადიციულად საწვავის ფასი იმ ქვეყნებშია დაბალი, რომლებსაც ნავთობროდუქტები ექსპორტზე გააქვთ. მსოფლიოში საწვავის ყველაზე დაბალი ფასი ვენესუელაში ფიქსირდება და ის ლიტრზე მხოლოდ 0.01 დოლარს შეადგენს, მას მოსდევს ირანი ლიტრზე 0.29 დოლარით და სუდანი ლიტრზე 0.34 დოლარით.  

მსოფლიოში ყველაზე ძვირი საწვავი ჰონგ-კონგშია და ის ლიტრზე 2.19 დოლარს შეადგენს. ამასთან ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საწვავია ისლანდიაშია – ლიტრზე 2.08 დოლარი და ნორვეგიაში 2.06 დოლარი.  

რაც შეეხება საქართველოს: პორტალის მონაცემებით, საქართველოში 1 ლიტრი საწვავის საშუალო ღირებულება 10 სექტემბრის მონაცემებით 0.93 დოლარს (2.43 ლარი) შეადგენს. ქვეყნების მონაცემები აღებულია როგორც ოფიციალური სახლმწიფო უწყებებიდან, ასევე კერძო კომპანიებისგან. 

საქართველოში ბოლო 3 თვეში ერთი ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 9 თეთრით (0.03 დოლარით) გაიზარდა და თუკი ივნისში ის ლიტრზე 0.9 დოლარს შეადგენდა, ივლისში 0.92 დოლარამდე, აგვისტოში კი 0.93 დოლარამდე გაიზარდა.  

საქართველოში საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე (აგვისტოს მონაცემებით მთლიანი მოცულობის 29%), რუმინეთზე (22.7%), თურქმენეთზე (15.9%), ბულგარეთზე (13%), აზერბაიჯანზე (12.8%) და საბერძნეთზე (6.3%) მოდის.  

როგორ შეიცვალა საქართველოში ბენზინის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებში ფასი ბოლო სამ თვეში?  

რუსეთში ბოლო 3 თვეში საწვავის ფასი მცირედით შემცირდა. თუკი ივნისის დასაწყისში ერთი ლიტრი ბენზინის ფასი ქვეყანაში 0.67 (45.4 რუსული რუბლი) დოლარს შეადგენდა, ივლისში ის 0.66 დოლარამდე შემცირდა, აღნიშნული ფასი შენარჩუნდა აგვისტოსა და სექტემბერშიც.  

რუმინეთში ერთი ლიტრი საწვავის ფასი საშუალოდ 1.43 დოლარს (5.7 რუმინული ლეი) შეადგენს, აღნიშნული ფასი ფიქსირდებოდა ივნისის დასაწყისშიც, თუმცა აგვისტოში ფასი 1.4 დოლარამდე შემცირდა, სექტემბერში კი კვლავ მცირედით გაიზარდა. 

თურქმენეთში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 0.43 დოლარს შეადგენს.  

საწვავის ფასი გაზრდილია ბულგარეთში და თუკი ივნისის დასაწყისში ის ლიტრზე საშუალოდ 1.3 დოლარს (2.18 ბულგარული ლევი) შეადგენდა, ივლისში 1.32 დოლარამდე, ხოლო სექტემბერში კი 1.33 დოლარამდე (2.23 ბულგარული ლევი) გაიზარდა.  

აზერბაიჯანში ერთი ლიტრი საწვავის საშუალო ფასი 0.47 დოლარს შეადგენს და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს იმ ქვეყნების ათეულში შედის, სადაც ბენზინი ყველაზე იაფია.  

საბერძნეთში კი ივნისი-სექტემბრის პერიოდში საწვავის საშუალო ფასი ლიტრზე 1.92 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასი 18 ივნისს დაფიქსირდა და ის 1.91 დოლარი იყო, ყველაზე მაღალი კი 9 ივლისს – 1.93 დოლარი. 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *