უინსტონ ჩერჩილი

უინსტონ ჩერჩილი

ამ შემოდგომაზე 75 წელი შესრულდა მეორე მსოფლიო ომის, ისტორიაში ყველაზე სისხლიანი და ფართოდ გავრცელებული კონფლიქტის, დაწყებიდან. ცივილიზაციის ბედი სასწორზე ეკიდა, როდესაც 1940 წლის გაზაფხულზე ნაცისტური გერმანია გამარჯვების მწვერვალზე მოექცა. მხოლოდ დიდი ბრიტანეთი, უინსტონ ჩერჩილის ხელმძღვანელობით, არ წყვეტდა ომს, მაშინ როდესაც სხვა ლიდერები დაბნეულები ჩანდნენ იმის შემხედვარე, თუ როგორ იღუპებოდა საფრანგეთი, რომელსაც ყველა, გერმანიის გენერალური შტაბისა და საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის ჩათვლით, დედამიწის ზურგზე საუკეთესო ჯარის მფლობელად თვლიდა. ჩვენ გვავიწყდება, რაში მდგომარეობდა ჩერჩილის დამსახურება: მისმა აზრმა გაიმარჯვა, როდესაც მას ამის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა. ამ აზრს კი, ვატერლოოს ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ჰერცოგ ველინგტონის მიერ ნათქვამი ცნობილი ფრაზა შესანიშნავად გამოხატავს: „ეს ისეთი ბრძოლა იყო, რომლის მოგებაც ორივე მხარეს თანაბრად შეეძლო“.

1940 წლის 10 მაისს, როდესაც ჩერჩილმა თანამდებობა დაიკავა – ზუსტად ამ დღეს დაიწყო ჰიტლერმა შეტევა ბელგიაზე, ჰოლანდიასა და საფრანგეთზე – მისი პოლიტიკური პოზიცია პარლამენტში სუსტი იყო. ამ დროს ნევილ ჩემბერლენს დატოვებული ჰქონდა პრემიერ-მინისტრის პოსტი, მაგრამ რჩებოდა War Cabinet-ში („საომარი დროის მთავრობა“) და ის და მისი მომხრეები კონსერვატიული პარტიის მოქმედებებს აკონტროლებდნენ. ჩერჩილს უაღრესად არ ენდობოდა Tory-ის („ინგლისის პოლიტიკური პარტია, რომელიც მე-17 საუკუნეში შეიქმნა, ხოლო მე-19 საუკუნეში კონსერვატიულ პარტიად გადაკეთდა) ბევრი რიგითი წევრი. ჩემბერლენს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის გადაწყვეტილებას მიიღებდა და ძველ თანამდებობაზე აღარ დაბრუნდებოდა, ჩერჩილის დამარცხების ძალა გააჩნდა.

ჩერჩილის უმაღლესი გამოცდის დღე ძალიან მალე დადგა. 24 მაისს, ჰიტლერის მიერ განხორციელებული შეტევიდან ორი კვირის თავზე, ლორდ ჰალიფაქსმა, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და კონსერვატიული პარტიის გავლენიანმა ფიგურამ, War Cabinet-ს განსაცვიფრებელი წინადადებით მიმართა: ბრიტანეთმა ნაცისტებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ის ამ განცხადებას იმით ასაბუთებდა, რომ რაც უფრო დიდხანს მოიცდიდნენ, ბრიტანეთის პოზიცია მით უფრო დასუსტდებოდა, რადგან, როგორც ჩანდა, ბრიტანეთის არმიას საფრანგეთში განადგურება ემუქრებოდა. ჩერჩილმა უჩვეულო წინდახედულებით უპასუხა, რადგან იცოდა, რომ ჰალიფაქსისთვის პირდაპირი წინააღმდეგობის გაწევისა და მისი დამარცხების პოლიტიკური ძალა არ გააჩნდა. მას დრო უნდა მოეგო და მოეხერხებინა, რომ ჩემბერლენისთვის, რომელიც ჰალიფაქსის ანალიზს ეთანხმებოდა, საშუალება არ მიეცა, საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მხარი ოფიციალურად დაეჭირა.

ეს შიდა დაპირისპირება, რომელიც კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავად ომი, ათწლეულების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა. ის ხუთი უჩვეულო, დაძაბული და დრამატული დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჩერჩილმა გამარჯვებას მიაღწია და მასთან ერთად, საბოლოოდ ჯამში, „დასავლურმა“ ცივილიზაციამაც. (ეს განსაცვიფრებელი ისტორია, რომელზეც ამდენი რამ იყო დამოკიდებული, კარგად არის მოთხრობილი ჯონ ლუკაქსისა და სხვა ისტორიკოსების მიერ.)

მაგრამ ეს ნათელს ხდის, თუ ჰიტლერი გამარჯვებასთან რამდენად ახლოს იმყოფებოდა. ვერც ერთი სხვა ბრიტანელი ლიდერი, 1940 წლის გაზაფხულზე, ომისას ბრიტანეთის დაკავებას ვერ შეძლებდა. პირველი მსოფლიო ომის გმირი, ლიდერი დევიდ ლოიდ ჯორჯი, რომელიც ჰიტლერის ძლიერ გავლენას განიცდიდა, უკვე მზად იყო კოლაბორაციონისტულ მთავრობას სათავეში ჩასდგომოდა, ზუსტად ისევე, როგორც საფრანგეთის გმირმა, ანრი პეტენმა გააკეთა ეს, როდესაც ივნისის თვეში გერმანიას მშვიდობას შეევედრა.

როდესაც ჰიტლერი რუსეთს თავს დაესხა, ბრიტანეთი ომში რომ არ ჩაბმულიყო, აშშ მოსკოვს დახმარებას, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო, ვერ აღმოუჩენდა, რადგან ეს პოლიტიკურად შეუძლებელი იქნებოდა.

გერმანია და, ნაკლები მასშტაბით, იაპონია, მსოფლიოს მმართველები გახდებოდნენ. როგორც ჩერჩილმა განაცხადა: „თუ ჩვენ დავმარცხდებით, მაშინ მთელი მსოფლიო, აშშ-ის ჩათვლით, მათ შორის ყველაფერი, რაც ოდესმე ვიცოდით და რაზეც ვზრუნავდით, ახალ, კიდევ უფრო ბოროტ „შუა საუკუნეების“ მსგავს უფსკრულში ჩაინთქმება გაუკუღმართებული მეცნიერების შუქით განათებული“. აშშ ეკონომიკურ სტაგნაციაში გაეხვეოდა და იძულებული იქნებოდა, ისეთი პოლიტიკა გაეტარებინა, რომელიც მსოფლიოს ახალი პატრონების სიმშვიდეს არ დაარღვევდა.

ნაციზმისა და ფაშიზმის გამარჯვების გლობალური პოლიტიკური შედეგები მეტისმეტად შემზარავია იმისათვის, რომ აქ განვიხილოთ.

ჩარლზ კრაუტჰამერს თავის წიგნში, Things That Matter-ში („ის, რასაც მნიშვნელობა აქვს“) (Crown Forum, 2013) – მისი საგაზეთო სვეტებისა და ნარკვევების კოლექცია – ერთი პატარა თავი აქვს, რომლისთვისაც ოსტატურად დაურქმევია „უინსტონ ჩერჩილი – შეუცვლელი ადამიანი“. მასში ის ასაბუთებს, რატომ უნდა ამოერჩია ჟურნალ Time-ს ჩერჩილი 1999 წლის „საუკუნის ადამიანის“ ნომინაციაში. „იმიტომ რომ მხოლოდ ჩერჩილს გააჩნია ის აბსოლუტურად აუცილებელი კრიტერიუმი – შეუცვლელობა. ჩერჩილის გარეშე მსოფლიო დღეს სრულიად უცხო, ძნელად საცნობი იქნებოდა – ბნელი, გაუბედურებული, გატანჯული… უპირველეს ყოვლისა, გამარჯვებას ესაჭიროებოდა ერთი ადამიანი, რომლის გარეშე ბრძოლა დასაწყისშივე წაგებული იქნებოდა. მას ესაჭიროებოდა უინსტონ ჩერჩილი“.

(გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს დეკემბრის ნომერში).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *