ქართული საექსპორტო ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

ქართული საექსპორტო ღვინის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 60 მლნ-მდე ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 13%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 142 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22% შეადგინა. 

American Association of Wine Economists-ის (AAWE) მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, 2014-16 წლებში, ექსპორტზე გატანილი 1 ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი – საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებს. AAWE – “ღვინის  ეკონიმისტების ამერიკული ასოციაცია” პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით პირველ ადგილს საფრანგეთი იკავებს ($6.59), მას მოსდევს ახალი ზელანდია ($5.39), მესამე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია ($3.68). საქართველოს ერთი ადგილით ავსტრია უსწრებს, რომელიც რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს ($3.51). საქართველოს რეიტინგში ჩამორჩებიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ხორვატია ($3.41), არგენტინა ($3.11), პორტუგალია ($3.07), გერმანია ($3.06), იტალია ($3.06) და ა.შ. 

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 68% (172 673 ბოთლი), პოლონეთი – 32% (2 465 541) და დიდი ბრიტანეთი – 22% (67 310); ასევე ევროპისა და ამერიკის მიმართულებით: რუმინეთი – 390% (84 654), ჩეხეთი – 69% (310 50)), ნიდერლანდები – 47% (60 309), გერმანია – 22% (349 216), ლიეტუვა – 18% (331 620), ესტონეთი – 16% (420 704), კანადა -13% (119 418), საფრანგეთი – 11% (107 126), ლატვია – 9% (1 245 324) და ა.შ.; ასევე ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: თურქმენეთი –  80% (120 294), ყირგიზეთი – 54% (179 610), ყაზახეთი – 30% (2 658 224), მონღოლეთი – 44% (162 390), უკრაინა – 27% (6 746 598), ბელარუსი 13% (1 188 822), რუსეთი – 11% (37 064 677) და სხვა. 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (37 064 677), უკრაინა (6 746 598),  ჩინეთი  (4 821 937), ყაზახეთი  (2 658 224) და პოლონეთი (2 465 541).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *