არიანა ჰაფინგტონის (მ)შვიდი ცხოვრება

არიანა ჰაფინგტონის (მ)შვიდი ცხოვრება

“ასე მგონია, რომ ერთი სიცოცხლის მანძილზე რამდენიმე სხვადასხვა ცხოვრებით ვიცხოვრე”, – განაცხადა რეინკარნაციის ნამდვილმა დედოფალმა, არიანა ჰაფინგტონმა, ბრიტანულ გამოცემა Gurdian-თან ინტერვიუში. 63 წლის ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა მსოფლიო მასშტაბით აღიარება რამდენიმე წლის წინ საკუთარი ბლოგის, The Huffington Post-ის მეშვეობით მოიპოვა, რომელიც 2005 წლის შემდეგ ნულოვანი ნიშნულიდან ამერიკის ყველაზე უფრო ხშირად მონახულებულ ბლოგად იქცა (80 მილიონი ადამიანი თვეში). მანამდე არიანა არა მარტო პროფესიას, არამედ ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკურ შეხედულებებსაც იცვლიდა, ასევე მამაკაცებსაც, რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ ჰგავდნენ. ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში და არაერთხელ შეიცვალა საკუთარი მსოფლმხედველობაც.

თავისი ცხოვრების მანძილზე ჰაფინგტონმა 15 წიგნი გამოსცა, მუშაობდა წამყვანად რადიოში, იუმორისტად, თავდაპირველად მხარს უჭერდა აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას, ხოლო მოგვიანებით თავად მოგვევლინა გუბერნატორობის კანდიდატად კალიფორნიის შტატში თვით რესპუბლიკელი არნოლდ შვარცენეგერის წინააღმდეგ. მან მოახდინა საკუთარი ბლოგის, უფრო სწორად კი პორტალის, The Huffington Post-ის, როგორც ლიბერალური გამოცემის, პოზიციონირება. ბლოგი ორიენტირებული იყო იმ მკითხველზე, რომელიც ბუში უმცროსის მმართველობით იყო უკმაყოფილო 2000-იანი წლების დასაწყისსა და შუა პერიოდში. 2008 წელს ჰაფინგტონი პრეზიდენტის პოსტზე ბარაკ ობამას კანდიდატურას ღიად უჭერდა მხარს და ბლოგერის სტატუსით საკუთარ პორტალზეც კი მიიწვია.

2000-იანი წლების შუა პერიოდში Huffington Post-ი ნამდვილი რევოლუციონერი გახდა. სარგებლობდა რა საინფორმაციო სფეროში, ფაქტობრივად, უფასო მასალებით, ბლოგის შემქმნელმა თავის პორტალზე უზარმაზარი აუდიტორიის გადაბირება მოახერხა.

2011 წელს ჰაფინგტონმა ყველაზე მნიშვნელოვან გარიგებას გამოჰკრა ხელი და თავისი ქმნილება ამერიკულ ინტერნეტკომპანიას, AOL-ს, მიჰყიდა. გარიგების ღირებულებამ 315 მილიონი დოლარი შეადგინა – რაც ზღაპრული თანხაა პორტალისთვის, რომელსაც იმ დროისათვის თვეში 26 მილიონი ადამიანი სტუმრობდა.

რამდენიმე ბლოგერი (სულ იმ დროისათვის ბლოგერთა რიცხვი 9000 შეადგენდა) სასამართლოს საშუალებით შეეცადა იმ თანხიდან, რომელიც საიტის შემქმნელმა მათი „მონური შრომის” შედეგად დააგროვა, გარკვეული ნაწილი მიეღო. თუმცა სასამართლომ სარჩელის განხილვაზე უარი იმ მიზეზით განაცხადა, რომ Huffington Post-ის ავტორები თავის დროზე უფასო შრომას თავად დათანხმდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰაფინგტონმა მოახერხა უამრავი არაკეთილმოსურნე გაეჩინა, მისი წარმატების მთავარ საიდუმლოდ ითვლება მისი უნიკალური უნარი, გააბას ნაცნობობა, დამეგობრდეს და ეწეოდეს ნეტვორკინგს. ჟურნალისტების წრეში გავრცელებულია ჭორი, რომ მას სატელეფონო კონტაქტების სიაში 19,000 ადამიანი ჰყავს შეყვანილი. ამ ქალს ერთნაირად კარგი ურთიერთობები აქვს ორი ამერიკული, ერთმანეთის ანტიპოდი ქალაქის – ნიუ-იორკისა და ლოს-ანჯელესის – ელიტასთან. თავის ბლოგერთა შემადგენლობაში მან გადაიბირა ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორიც არის, მაგალითად, ალეკ ბოლდუინი ან ყველასათვის უცნობი ექიმები, რომელთანაც იგი თავად მკურნალობდა. ყოველ თავისუფალ წუთს, იქნება ეს საგრიმიოროში, მორიგი სატელევიზიო ინტერვიუს წინ, თუ ტაქსის უკანა სავარძელზე, გზად მორიგი ელიტარული მიღებისკენ, ჰაფინგტონი ერთ-ერთი თავისი სმარტფონის მეშვეობით, მუდმივად იმყოფება ონლაინსივრცეში, ხოლო სმარტფონები, თავისივე აღიარებით, მას სამი ცალი აქვს.

მაშ ასე, Forbes Woman-ის გალერეაში წარმოგიდგენთ არიანა ჰაფინგტონის თავბრუდამხვევ კარიერას, რომლის ცხოვრება რამდენიმე ადამიანსაც კი ეყოფოდა.

1. საბერძნეთი

ჰაფინგტონს უწოდებენ „იკაროსის შემდეგ ყველაზე უფრო გავლენიან ბერძენს”. საქმე ისაა, რომ ჰაფინგტონი საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დაიბადა, 1950 წელს. მისი ქალიშვილობის გვარი, სტასინოპოულუ მან მამამისისგან მიიღო, რომელიც საბერძნეთში ჟურნალისტად მუშაობდა. ამასთანავე, მისი „პირველი ცხოვრება” შორს იყო დღევანდელისაგან, რადგან, ჰაფინგტონისავე სიტყვებით, დიდ წარმატებებს კარიერაში მამამისმა ვერ მიაღწია. მისი მშობლების საქორწინო კავშირი დაიმსხვრა და 16 წლის ჰაფინგტონი დედასა და უმცროს და ელისთან ერთად ლონდონში გადაბარგდა. ოჯახს ფული არ ჰქონდა, ამიტომ ისინი ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდნენ.

2. კემბრიჯი

ინგლისში გამგზავრების ერთ-ერთი მიზეზი არიანას ოცნება იყო – განათლება კემბრიჯში მიეღო. დედამისი მას მხარს უჭერდა და რეპეტიტორების მომსახურების თანხას იხდიდა, ყველაფერ დანარჩენზე ოჯახი ეკონომიას სწევდა. „ერთხელ დედას უკანასკნელი ოქროს საყურეების გაყიდვა მოუხდა”, – იხსენებს ჰაფინგტონი. „მეორე ცხოვრება” კემბრიჯის გირტონის კოლეჯში, ეკონომიკის ფაკულტეტზე მოხვედრით დაიწყო, სადაც მან სტიპენდიაც დაიმსახურა. სწორედ ამ სასწავლებლის მთავარმა შენობამ, რომელიც შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს ჰგავს, მოაჯადოვა ახალგაზრდა არიანას წარმოსახვა, როდესაც ერთ-ერთ ჟურნალში იგი პირველად ნახა. ბერძენი ემიგრანტი ძლიერი ბერძნული აქცენტით საუბრობდა, რის გამოც მისი კურსელები მას მწარედ დასცინოდნენ. დღეს კი, როგორც მისი ნაცნობები ეჭვობენ, მსუბუქ ბერძნულ აქცენტს იგი მიზანმიმართულად იყენებს, როგორც მის მთავარ განმასხვავებელ შტრიხს.

სტუდენტებს შორის გოგონამ აღიარება ძალიან სწრაფად მოიპოვა. ჰაფინგტონის მთავარ გატაცებად იქცა დისკუსიები დებატების კლუბ Cam­bridge Union-ში, სადაც იგი სიტყვით რეგულარულად გამოდიოდა. 1970-იანი წლების დასაწყისში სტუდენტები განიხილავდნენ ფემინიზმს, რასობრივ დისკრიმინაციას, აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირებას, ბჭობდნენ. „მე მაოცებდა, თუ როგორ შეეძლო ზოგიერთ ორატორს მხოლოდ სიტყვებით ვიღაცის ძლიერ განაწყენება ან გაშმაგება”, – იხსენებს ჰაფინგტონი. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სადისკუსიო კლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს.

3. მწერალი

ერთხელ, Cambridge Union-ის სადისკუსიო კლუბის თავმჯდომარის ამპლუაში იგი ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც ბერნარდ ლევინი გაიცნო, მამაკაცი, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში უდიდეს როლს ითამაშებს. ჰაფინგტონი იმ დროს 21 წლის იყო, ხოლო ლევინი – 41. იგი იყო გაზეთ The Times-ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცინიკური და პატივსაცემი ავტორი. ამ ურთიერთობით ჰაფინგტონის მესამე ცხოვრება დაიწყო. არიანამ წიგნების წერას მიჰყო ხელი, რომლის რედაქტირებასაც ლევინი ახდენდა. მისი პირველივე წიგნი – „ქალური ქალი”, რომელშიც იგი იმ დროის ფემინისტებს აკრიტიკებდა, რომლებიც, მისი აზრით, ქალებს სქესთა შორის ურთიერთობის საკუთარ შეხედულებებს თავს ახვევდნენ, ბესტსელერად იქცა. მისი მეოთხე წიგნი გაზეთ The Sunday Times-ში იბეჭდებოდა. ის გაიყიდა რეკორდული ჰონორარის სანაცვლოდ, რომელიც 150,000 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

„ბერნარდ ლევინი ჩემთვის ნამდვილი მენტორი იყო. მისი დამსახურებით მე თეატრის, ვაგნერის ოპერისა და მაღალი დონის ფრანგული რესტორნების სამყაროში ჩავიძირე”, – ჰყვება ჰაფინგტონი. კონფლიქტი მათ შორის მაშინ წარმოიშვა, როდესაც ჰაფინგტონს, 30 წლის ასაკში, შვილის გაჩენა მოუნდა, ხოლო ლევინმა ოჯახის შექმნის იდეა კატეგორიულად უარყო. ჰაფინგტონმა მასთან ურთიერთობის დასრულება გადაწყვიტა და 1980 წელს ნიუ-იორკში გადავიდა, თან დედა და და წაიყვანა. „ლონდონში ცხოვრებისას ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიყავით ერთმანეთთან დაკავშირებული”, – განმარტავს იგი.

4. აშშ

ამერიკაში ბერძენი ემიგრანტისა და ახალგაზრდა მწერლის ბედი სრულიად მოულოდნელად შეიცვალა. აქ მან მაიკლ ჰაფინგტონი გაიცნო, რესპუბლიკელი კონგრესმენი და მეწარმე. არიანა და მაიკლი 1986 წელს დაქორწინდნენ. მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ. მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსვლისას ჰაფინგტონი სრულიად უჭერდა მხარს კონსერვატიულ შეხედულებებსა და რესპუბლიკურ პარტიას. ჭკვიანი და განათლებული ქალბატონი ვაშინგტონის კონსერვატიულ ისტებლიშმენტს ძალიან მოეწონა. იმ დროისათვის მან პირველად გამოსცადა საკუთარი თავი ინტერნეტის სივრცეში, შექმნა რა გვერდი resignation.com, რომელზედაც აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს, მოუწოდებდა, უფლებამოსილება თავად მოეხსნა.

მაგრამ ქორწინება მაიკლ ჰაფინგტონთან თანაცხოვრების 11 წლის შემდეგ დაინგრა – ქმარმა მას საკუთარი ბისექსუალობის შესახებ განუცხადა. მეუღლეები ყოველგვარი სკანდალის გარეშე 1997 წელს დაშორდნენ (მოგვიანებით მაიკლ ჰაფინგტონი Huffington Post-ისათვის სტატიებსაც კი დაწერს), მაგრამ გამოცემის მომავალმა დამფუძნებელმა მაინც მიიღო გადაწყვეტილება დედასთან, უმცროს დასა და შვილებთან ერთად ლოს-ანჯელესში, ქვეყნის მეორე ბოლოში გამგზავრებულიყო.

5. კალიფორნია

მზიან კალიფორნიაში ჰაფინგტონმა სრულიად გამოიცვალა არა მარტო ნაცნობთა წრე, არამედ პოლიტიკური შეხედულებებიც. თავის ინტერვიუებში იგი ამ ფერისცვალებას იმით ხსნის, რომ ყოველთვის უფრო მეტად ლიბერალი რესპუბლიკელი იყო. ხოლო შემდეგ, როდესაც პარტიამ კონსერვატიული მიმართულებით მოძრაობა დაიწყო, ჰაფინგტონი დემოკრატების მხარეზე გადავიდა. კალიფორნიის ელიტაში მის ერთ-ერთ გზამკვლევად Comedy Central-ის არხის წამყვანი, ელ ფრანკენი, დემოკრატი და ცნობილი მემარცხენე იქცა. გადაცემაში, „უცნაური წყვილი”, ისინი ერთ საწოლში იწვნენ და პოლიტიკურ თემებზე ხუმრობდნენ. სცენარი ფრანკენისა და მისი მეწყვილის განსხვავებულ, ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებებზე იგებოდა, მაგრამ ძალიან მალე ისინი დამეგობრდნენ. მოგვიანებით ფრანკენიც გახდება Huffington Post-ის ერთ-ერთი ბლოგერი. 90-იანი წლების ბოლოს ჰაფინგტონი უკვე ღიად გამოდის ნატოს წევრი ქვეყნების თვითმფრინავების მიერ სერბეთის დაბომბვის წინააღმდეგ, ხოლო 2003 წელს – ირანში ომის წინააღმდეგ.

იმავე წელს იგი შეეცადა კალიფორნიის გუბერნატორი გამხდარიყო. თავის კონკურენციას ცნობილ მსახიობსა და რესპუბლიკელ არნოლდ შვარცენეგერთან იგი აღწერს, როგორც შედარებას „ჰიბრიდი ჰამერის წინააღმდეგ”, მიანიშნებს რა საკუთარ პროგრესულ შეხედულებებზე გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებით, რაც მას მისი კონსერვატორი მოწინააღმდეგისაგან განასხვავებდა. თუმცა ჰაფინგტონის საარჩევნო კამპანია ჩავარდა. გამოკითხვის მონაცემებით, მას შეეძლო ხმების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობის იმედი ჰქონოდა, ამიტომ გადაწყვიტა, საკუთარი კანდიდატურა ფინიშის ხაზამდე დიდი ხნით ადრე მოეხსნა. შედეგად, შვარცენეგერმა „მზიური შტატის” სათავეში შვიდი წელი დაჰყო.

6. THE HUFFINGTON POST

შესაძლებელია კალიფორნიის შტატის არჩევნებში დამარცხება გახდა კიდევაც მთავარი მიზეზი იმისა, რომ არიანას მასობრივი საინფორმაციო საშუალების საკუთარი არხები შეექმნა. 2005 წლისათვის ჰაფინგტონმა ინვესტორთა ჯგუფს თავი მოუყარა და დაახლოებით 1 მილიონ დოლარად შექმნა პლატფორმა, რომელიც ბევრი ლიბერალი კომენტატორისა და ავტორისათვის თავშესაფარი გახდა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უკმაყოფილო იყო იმით, თუ რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში ქვეყანა როგორ ვითარდებოდა.

ბლოგერებისა და სამოქალაქო ჟურნალისტების არმია, რომლებიც უსასყიდლოდ ქმნიან პლატფორმის შინაარსს – სწორედ ასეთი იყო ახალი პორტალის მთავარი იდეა 2005 წელს. მეორე ნაწილი იყო ის სიახლეები და ახალი ამბები, რომლებიც სხვა წყაროებიდან იყო მოძიებული. ყველაფერი ეს ერთად გროვდებოდა თვალში საცემი, მყვირალა სათაურების ქვეშ, რომელმაც შექმნა კიდევაც პორტალის იმიჯი. ამ ნაზავმა პორტალის სულ უფრო მზარდი პოპულარობა უზრუნველყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ ბევრმა ჟურნალისტმა ახალი რესურსი შეიძულა არა მარტო იმის გამო, რომ იგი კლასიკური პრესის წყაროებიდან სიახლეებს უსირცხვილოდ იყენებდა, აქვეყნებდა რა მათ საკუთარ ვებგვერდზე, არამედ თავად ჰაფინგტონიც შეიძულეს იმ წარმატებისათვის, რომლითაც სარგებლობდა პორტალი, რომელიც სახელწოდებად მის გვარს ატარებდა. New York Times-ის ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, ბილ კელერმა, ერთხელ ჰაფინგტონი სომალელ მეკობრეს შეადარა, მიანიშნებდა რა მისი პორტალის ბიზნესმოდელზე. ხოლო Huffington Post-ში პროფესიონალი ჟურნალისტების მოზიდვას კელერი ცინიკურად დასცინოდა, როგორც მცდელობას დაიქირაო სახელოვანი მზარეული, რათა მან იაფფასიანი სასადილოს მენიუში მრავალფეროვნება შეიტანოს.

თუმცა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ჰაფინგტონმა საინვესტიციო ფონდ SoftBank-ისგან დამატებითი 5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო 2008 წელს – 15 მილიონი დოლარი ინვესტორთა ჯგუფისაგან. ეს თანხა საქმიანობის გაფართოებაზე, პროფესიონალი ჟურნალისტების ანაზღაურებასა და საერთაშორისო ექსპანსიაზე დაიხარჯა. AOL-ის მიერ HuffPo-ს შეძენის შემდეგ, გამოცემამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით რვა ვერსია აამუშავა – კერძოდ, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ბრაზილიასა და გერმანიაში. თავად ჰაფინგტონი სათავეში ჩაუდგა AOL-ის ყველა მედიარესურსს, მათ შორის ისეთ ცნობილ ინტერნეტგამოცემებს, როგორიც არის TechCrunch-ი და Engadget-ი.

7. აწმყო

63 წლის ჰაფინგტონი პენსიაზე გასვლას არც კი აპირებს. „AOL-ის მიერ ჩვენი კომპანიის შეძენა უბრალოდ გვაძლევდა უფრო მეტ რესურსს შემდგომი განვითარებისათვის”, – აცხადებს იგი. ჟურნალისტებთან საუბარში იგი მიანიშნებს, რომ HuffPo-ს მთავარი რედაქტორის როლი ის საქმიანობაა, რითაც მას უნდა მთელი ცხოვრება დაკავდეს. თუმცა მისი ბიოგრაფიის გათვალისწინებით, ამ განცხადებაში შეგვიძლია ეჭვი შევიტანოთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *