არის თუ არა ტურისტების და მოსახლეობის შეფარდებით, საქართველო ლიდერი ქვეყანა?

არის თუ არა ტურისტების და მოსახლეობის შეფარდებით, საქართველო ლიდერი ქვეყანა?

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო ტურისტებისა და ქვეყნის მოსახლეობის შეფარდებით, ლიდერი ქვეყანაა.

“ყოველწლიურად საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობას 2-ჯერ აღემატება. ამ მაჩვენებლით, დღეს ჩვენ უკვე ლიდერი ვართ მსოფლიოში, ჩვენზე წინ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა, მაგალითად, ხორვატია. ტურისტების და მოსახლეობის რაოდენობის შეფარდების მიხედვით, ჩვენ უფრო წინ ვართ, ვიდრე იტალია, ან საფრანგეთი”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საერთაშორისო შეხვედრების ფორუმზე. 

ფორბსი დაინტერესდა, თუ რომელია ქვეყნები, რომელსაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტი სტუმრობს და რა პოზიცია უკავია ამ კუთხით საქართველოს. 

იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც მოსახლეობაზე მეტი ტურისტი სტუმრობს ყოველწლიურად პორტალი Intrepid აქვეყნებს. 

სიის სათავეში ხორვატია მოხვდა, რომელსაც 2016 წელს 57,587,000 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ქვეყნის მოსახლეობა კი მხოლოდ 4,170,600-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორვატიას საკუთარ მოსახლეობაზე 1380%-ით მეტი უცხოელი სტუმრობს, – თითო მოსახლეზე კი დაახლოებით 14 მოგზაური მოდის. 

რეიტინგის პირველი ათეული შემდეგია: 

ხორვატია – 57,587,000 საერთაშორისო მოგზაური, 4,170,600 ადგილობრივი – 1380.78% 

ისლანდია – 1,891,000 საერთაშორისო მოგზაური, 334,250 ადგილობრივი – 565.74% 

უნგრეთი – 52,890,000 საერთაშორისო მოგზაური 9,817,960 ადგილობრივი – 538.71% 

დანია – 28,692,000 საერთაშორისო მოგზაური. 5,731,120 ადგილობრივი – 500.64% 

საფრანგეთი – 202,930,000 საერთაშორისო მოგზაური, 66,896,110 ადგილობრივი – 303.35% 

ჩეხეთი – 30,915,000 საერთაშორისო მოგზაური, 10,561,630 ადგილობრივი – 292.71% 

სინგაპური – 16,404,000 საერთაშორისო მოგზაური, 5,607,280 ადგილობრივი – 292.55% 

კვიპროსი – 3,286,000 საერთაშორისო მოგზაური, 1,170,130 ადგილობრივი – 280.82% 

საბერძნეთი – 28,071,000 საერთაშორისო მოგზაური, 10,746,740 ადგილობრივი – 261.20% 

ესპანეთი – 115,561,000 საერთაშორისო მოგზაური, 46,443,960 ადგილობრივი – 248.82% 

რეიტინგი მსოფლიოს ყველა ქვეყნის მონაცემეს არ ითვლის, თუმცა თუკი საქართველოს მონაცემებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ გასულ წელს ქვეყანას ადგილობრივ მოსახლეობაზე 204%-ით მეტი (7 554 936) საერთაშორისო მოგზაური ეწვია. თუმცა, ამავე პერიოდში, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,478,932 შეადგინა, რაც საქართველოს მოსახლეობაზე (3.7 მლნ) ნაკლებია. 

მსგავსი მონაცემების ნახვა შეიძლება მსოფლიო ბანკის კვლევებშიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.4 საერთაშორისო მოგზაურო მოდის. ბანკის ბოლო მონაცემების მიხედვით, რომელიც 2014 წელს მოიცავს (ამ წელს საქართველოს  5 493 492 საერთაშორისო მოგზაური ეწვია), საქართველო სიაში 37-ე ადგილზეა. პირველ პოზიციას კი ამ რეიტინგში ანდორა იკავებს, რომლის თითო მოსახლეზე 33 საერთაშორისო მოგზაური მოდის. მეორე პოზიციაზე მაკაოა, – თითო მოსახლეზე 24.7 საერთაშორისო მოგზაურით, სამეულს კი ვირჯინიის კუნძულები ასრულებს, თითო მოსახლეზე 12.8 საერთაშორისო მოგზაურით. 

UNWITO-ს კვლევაზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვნახოთ, თუ რომელ ქვეყნებს სტუმრობს მოსახლეობაზე მეტი ტურისტი და არა მხოლოდ საერთაშორისო მოგზაური: 

ხორვატია – ქვეყანას 2017 წელს 15.5 მლნ ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე 3.7-ჯერ მეტია. 

ისლანდია – ქვეყანას 2017 წელს 2.2 მლნ ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე 6.5-ჯერ მეტია. 

უნგრეთი – ქვეყანას 2017 წელს 15.7 მლნ ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე 1.6-ჯერ მეტია. 

დანია – ქვეყანას 2016 წელს 10.7 მლნ ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე 1.8-ჯერ მეტია. 

საფრანგეთი – ქვეყანას გასულ წელს 86 მლნ ტურისტზე მეტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე 0.7-ჯერ მეტია. 

ჩეხეთი – ქვეყანას 2016 წელს 16.8 მლნ ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე დაახლოებით, 1.6-ჯერ მეტია. 

სინგაპური – ქვეყანას გასულ წელს 16.9 მლნ ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე 3-ჯერ მეტია 

კვიპროსი – ქვეყანას გასულ წელს 3.6 მლნ ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე დაახლოებით 2.1-ჯერ მეტია. 

საბერძნეთი – ქვეყანას გასულ წელს 27.1 მლნ ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე 2.5-ჯერ მეტია. 

ესპანეთი – ქვეყანას გასულ წელს 81 მლნ-ზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც მის მოსახლეობაზე თითქმის 2-ჯერ მეტია. 

თუმცა, ბევრი ტურისტი რომ ბევრ შემოსავალს არ ნიშნავს, ამას ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის, UNWITO კვლევაც მოწმობს. კერძოდ, თუკი 2017 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ტურისტი საფრანგეთს ეწვია (86.9 მლნ), ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია – 210.7 მლრდ დოლარით. ტურისტების რაოდენობით, მეორე ადგილს მსოფლიოში ესპანეთი იკავებს (81.8 მლნ), ქვეყანა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლითაც მეორე ადგილზეა (68 მლრდ დოლარი), მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანა -საფრანგეთი კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა (60.7 მლრდ დოლარი). 

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, საქართველო მსოფლიოში 69-ე ადგილზეა 141 ქვეყანას შორის. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მონაცემებით, საქართველომ გასულ წელს ტურიზმიდან 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *