თბილისის მოზარდი კინოფესტივალი

თბილისის მოზარდი კინოფესტივალი

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 15 წლის გახდა. იგი მოზრდილია, თუმცა ზრდასრულობამდე კიდევ ბევრი უკლია. ვინ უნდა აღზარდოს ის?

წელიწადში ერთხელ, 7 დღის განმავლობაში თბილისი კინოდ, ადამიანები კი პერსონაჟებად იქცევიან. როგორც წესი, ასე წლის ბოლოს, დეკემბერში ხდება, მაგრამ სულაც არ გახლავთ წინასაახალწლო ჯადოქრობა – ეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალია, უდიდესი კინოდღესასწაული, რომელიც წელს 15 წლის გახდა და კიდევ ერთი წლით გაიმყარა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელოვნებო მოვლენის სტატუსი. წლევანდელი ფესტივალი 1-7 დეკემბერს ჩატარდა – გაიხსნა, დაიხურა, წარმოადგინა 130-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური თუ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, დააჯილდოვა საუკეთესოები, მაყურებელი კი მთელი ერთი კვირის განმავლობაში კინოდარბაზებში აცხოვრა – ზუსტად ისე, როგორც ფილმის პერსონაჟები.

ხელოვნების ფესტივალ „საჩუქართან“ ერთად 2000 წელს დაბადებული კინოფესტივალი ბოლო რამდენიმე წელია, დამოუკიდებელი და უკვე შემდგარი მოვლენაა. მას წლიდან წლამდე ელიან, წლიდან წლამდე კი მთავარი – მაყურებლის რაოდენობა მატულობს ანუ ძლიერდება სწორედ ის სეგმენტი, ვისთვისაც თავად ფესტივალი არსებობს და ვისთვისაც ეს ერთი კვირა მართლაც უტოლდება დღესასწაულს. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო. ფესტივალის ერთგულ მაყურებელს უთუოდ ახსოვს წლები, როდესაც ზოგ სეანსზე, უმეტესად კი დილის ან უცნობი რეჟისორის ფილმზე შესვლა საკუთარი რისკის ფასად უჯდებოდათ – მანათობელი ეკრანის წინ ბნელ დარბაზში 2 საათის მარტო გატარება არც ისე სასიამოვნოა, მით უფრო, რომ კინო კოლექტიური ხელოვნებაა – იქმნება ადამიანების ჯგუფის მიერ და იქმნება ადამიანებისთვის. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ვითარება საგრძნობლად შეიცვალა, მაყურებლები კინოდარბაზებს დაუბრუნდნენ , აღარ იზარებენ ერთი კვირის განმავლობაში დილით ადრე ადგომასა და თუნდაც სრულიად უცნობი რეჟისორების ფილმების ნახვას. ეს, ცხადია, ფესტივალის, უფრო კონკრეტულად, მისი პროგრამის დამსახურებაა, რომელიც სულ უფრო საინტერესო და ხარისხიანი ხდება; მეტ-ნაკლებად დაიხვეწა ფილმების გაშვების ტექნიკური მხარეც, ქართული სუბტიტრები ადრინდელივით გაუმართავი და ზოგჯერ სასაცილო აღარაა. მოკლედ, კინოფესტივალი გაიზარდა, მოზარდი გახდა, ახლა კი ზრდასრულ ცხოვრებაში გადასანაცვლებლად ემზადება.

იმისთვის, რომ მოზარდის მომავალი უზრუნველყოფილი იყოს, მხოლოდ სურვილი და მონდომება არ კმარა. მარტივად რომ ვთქვათ, ამისთვის ფულია საჭირო, რისი უზრუნველყოფაც ერთნაირად შეუძლია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურებს. 2014 წლის ჩათვლით 15 წლის განმავლობაში ფესტივალს დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი აქვს დახარჯული. მსოფლიოს უმაღლესი კატეგორიის კინოფესტივალებისთვის ეს თანხა ზღვაში წვეთია, კანსა და ბერლინში მილიონი ლარის ეკვივალენტ თანხას ალბათ ერთი ფესტივალის ბიუჯეტის გაუთვალისწინებელ ხარჯებში წერენ. ცხადია, თბილისის კინოფესტივალს არა აქვს მათთან გაჯიბრების პრეტენზია – ეს არის მცირე მასშტაბისა და შედარებით მოკრძალებული პრეტენზიების მქონე კინოფორუმი, მაგრამ ის ჩვენია, კავკასიაში უდიდესი კინომოვლენაა (შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კინოფესტივალს რეგიონში მხოლოდ ერევანი ატარებს), ამიტომ ერთმნიშვნელოვნად იმსახურებს ჯეროვან ფინანსურ მხარდაჭერას.

გადავხედოთ ფესტივალის დაფინანსების სტატისტიკას: წლების განმავლობაში მისი ყველაზე მსხვილი დამფინანსებლები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და ეროვნული კინოცენტრია. ამ სახელმწიფო სტრუქტურებზე ყოველწლიურად ბიუჯეტის 60-70% მოდის, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორმა, კინოხელოვნების ცენტრმა „პრომეთემ“, ფაქტობრივად, არასდროს იცის, სადამდე გასწვდება საბანი, რადგან სახელმწიფო ვერა და ვერ ჩამოყალიბდა, ბოლოს და ბოლოს რამდენი ემეტება მისთვის. არასტაბილური დაფინანსება კი ფესტივალს რეალურად აზარალებს, რთულდება პროგრამის შედგენა, სტუმრების მოწვევა და სხვა. მაგალითად, 2007 და 2008 წლებში კულტურის სამინისტრომ ფესტივალს მხოლოდ 20-20 ათასი ლარი გადაურიცხა, 2009 წელს კი შესაშური გულუხვობა გამოიჩინა და 120 ათასი ლარით დააფინანსა. მომდევნო წელს, ალბათ „ქამრის შემოჭერის“ კამპანიის მორიგი ტალღის გამო, ფესტივალისთვის გადარიცხული თანხა მხოლოდ 40 ათასი ლარი იყო, 2011-ში კი „პრომეთეს“ სამინისტროსგან თეთრიც არ მიუღია (ამის მიზეზი მაშინდელ მინისტრ ნიკა რურუასა და „პრომეთეს“ დირექტორ გაგა ჩხეიძეს შორის არსებული პროფესიული შეუთანხმებლობა იყო, რაც ფესტივალის დაუფინანსებლობის ნამდვილად ძალიან ბავშვური მიზეზია). 2012 წლიდან სამინისტრო კვლავ დაუბრუნდა ფესტივალის პარტნიორების რიგებს და 80-90-100-ათასლარიანი დაფინანსებაც გამოიმეტა. როგორც ხედავთ, დაფინანსების დინამიკა არათანმიმდევრობითია, ზოგჯერ კი ალოგიკურიც, ასეთ პირობებში კი გარკვეულ სტანდარტამდე მისვლა და მისი შენარჩუნება ძალიან რთულია.

ვნახოთ, რაში იხარჯება ფესტივალის წლიური ბიუჯეტი, მაგალითად ავიღოთ წლევანდელი 350 ათასი ლარი (245 ათასი კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიისა და ეროვნული კინოცენტრისგან, დანარჩენი კერძო სექტორზე მოდის). 7-დღიანი საერთაშორისო კატეგორიის კინოფესტივალის ჩატარება არ არის მარტივი. ამისთვის გჭირდება არა მხოლოდ უზარმაზარი ადამიანური და ტექნიკური რესურსი, არამედ მთავარი სეგმენტი – პროგრამა. როგორც წესი, ფესტივალის აფიშაში 100-ზე მეტი ფილმის სახელწოდება იკითხება, ყველა მათგანის საჩვენებლად, მარტივად რომ ვთქვათ, უნდა გადაიხადო. ერთი შეხედვით, თითო ფილმი ძვირი არ ჯდება – 500-1000-1600 ევრო, თუმცა თუ ამ თანხას ფილმების რაოდენობაზე გადავამრავლებთ, ვნახავთ, რომ ფესტივალის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი სწორედ ფილმების შეძენაში იხარჯება. ამას ემატება კინოდარბაზების დაქირავების ხარჯი, რაც კვლავ რჩება ღონისძიების ყველაზე დიდ თავსატეხად.

თბილისში მოქმედი კინოთეატრები კერძო საკუთრებაა. ისინი ძირითადად კომერციულ ფილმებზე მუშაობენ, ამიტომ მთელი ერთი კვირით სეანსების შეჩერება მხოლოდ დიდ თანხად უღირთ. არადა, წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარებაც შეიძლებოდა და ჯერ კიდევ შესაძლებელია: ქალაქს არ გააჩნია მუნიციპალური კინოთეატრი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ფესტივალი, მასთან ერთად კი კულტურის სამინისტრო, მერია და ეროვნული კინოცენტრი ამავე ფესტივალისთვის მისაცემი თანხის დიდ ნაწილს დაზოგავდა ან ეს თანხა ღონისძიების უკეთ ორგანიზებასა და გაცილებით კარგი პროგრამის შედგენის საშუალებას გააჩენდა. აქ ძალიან მარტივი არითმეტიკაა – გაქვს საკუთარი სივრცე, შესაბამისად, არ გიწევს რამდენიმე ათასი ლარის კერძო კინოთეატრებისთვის გადახდა და სულ ესაა.

ამის შესახებ თავად ფესტივალი დიდი ხანია საუბრობს. საუბრობს კინოთეატრ „აპოლოზე“, ქალაქის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ ნაგებობაზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე, რომელიც მსოფლიოს იმ რამდენიმე კინოთეატრს შორისაა, რომლებსაც არასდროს შეუცვლიათ პროფილი. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობამ მისი პროფილის ცვლილება ბუნებრივად გამოიწვია – დღეს „აპოლო“ მხოლოდ ფასადად ქცეული ძეგლია.

ჩვენ კი ასეთ სურათს ვიღებთ: კინოდარბაზების სიძვირე და ნაკლებობა ფესტივალის განვითარების უპერსპექტივობას განაპირობებს – საფესტივალო ფილმების რაოდენობა იმიტომ არ იზრდება, რომ მათი საჩვენებელი სივრცე არ არსებობს! ეს ამ ისტორიის ყველაზე სევდიანი მომენტია – იმაზე სევდიანი, ვიდრე „აპოლოს“ შელამაზებული ფასადის მიღმა დამალული ნანგრევები…

თუმცა ფესტივალი სხვა მიმართულებით მაინც ვითარდება, მეტიც, ბევრისთვის ის დასაქმების (დროებითი, მაგრამ მაინც) საშუალებადაც იქცა. ყველამ იცით, რომ უცხოენოვან ფილმებს ქართული სუბტიტრები სჭირდება, რისთვისაც ფესტივალი უამრავ მთარგმნელს, ტიტრების ამწყობს, მათ გამშვებს და სხვა პოზიციებზე დასასაქმებელ კონტინგენტს ქირაობს. საქმე გამოუჩნდა ახალგაზრდა კინომცოდნეებსაც. წლევანდელ ფესტივალზე ფილმის შემდგომ დისკუსიებს სწორედ ისინი უძღვებოდნენ. ეს მათი პროფესიული ზრდისთვის მცირე, თუმცა აუცილებელი, ცოცხალ კინოპროცესში ჩართვის საშუალებაა. იქნებ სწორედ მათი დამსახურებაა, რომ წელს მაყურებელი უფრო აქტიურად ერთვებოდა დისკუსიაში, უფრო თამამად სვამდა კითხვებს და მანამდე ნანახი ამბავი ფილმის დასრულების შემდეგაც გრძელდებოდა.

ზოგადად ფესტივალის პრესტიჟულობაზე აკრედიტებულთა რაოდენობაც მეტყველებს. უკვე ნახსენებ კანსა და ბერლინში მათი როდენობა 20 ათასამდე ადის. ჩვენსას ამდენი მაყურებელიც არ ჰყავს (უკანასკნელი ორი წლის მონაცემებით, გაყიდული ბილეთების რაოდენობის მიხედვით ფესტივალს ყოველწლიურად 9-10 ათასი მაყურებელი ესწრება). თუმცა ყველაფერი შედარებითია – თუ შარშან აკრედიტებულთა რაოდენობა 300-მდე მერყეობდა, წელს 400 აკრედიტაცია გაიცა. მათში შედიან ჟურნალისტები, კინომცოდნეები, კინოპროფესიების წარმომადგენლები და უცხოელი სტუმრები, მათ შორის ისინი, ვინც მასტერკლასებს ატარებს – საგანმანათლებლო სეგმენტი ხომ კინოფესტივალის განუყოფელი ნაწილია.

15-წლიანი ისტორია, 130-ზე მეტი ფილმი, მასტერკლასებისა და ინდუსტრიული შეხვედრების სერია, მსოფლიოს საუკეთესო კინოფესტივალების გამარჯვებული ფილმები და სხვა – ეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი პროგრამის ზედაპირული მიმოხილვაა. ზემოთაც ითქვა და კიდევ ვიმეორებთ, რომ წლების განმავლობაში ფესტივალი რეალურად გაიზარდა, უფრო პროფესიონალური და პრესტიჟული გახდა, თუმცა ყველაზე კარგი, რაც წლევანდელ ფესტივალს ახლდა, ის გახლავთ, რომ ქართულ კინოს საკუთარი, დამოუკიდებელი საკონკურსო პროგრამა ჰქონდა.

რამდენიმე წლის წინ ეს ოცნების სფეროს წარმოადგენდა, მეტიც, ქართულ კინოს (იმას, რა ფორმითაც ის არსებობდა) მაყურებელი საერთოდ არ ჰყავდა. რეალურად არც სანახავი იყო რამე. თუ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ვებგვერდს გადავხედავთ, სადაც კარგად ჩანს ქართული ფილმწარმოების გაზრდის დინამიკა (როგორც წესი, კინოცენტრი არაკომერციულ და საფესტივალო პროექტებს აფინანსებს, ამრიგად, მის სტატისტიკაში არ მოხვედრილა კერძო კომპანიების მიერ დაფინანსებული და ფართო მაყურებელზე გათვლილი პროდუქტი), დავრწმუნდებით, რომ ამჟამად არათუ 10, არამედ ორი-სამი წლის წინანდელზე უკეთესი ვითარებაა.

მაგალითად, 2011 წელს კინოცენტრის თანადაფინანსებით სულ ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი გადაიღეს – ირაკლი ჩხიკვაძის „გული +“ და გიორგი მასხარაშვილის „მესაათე“; მომდევნო წელს ეკრანებზე მიგელ ანხელ ხიმენესის „ჩაიკა“ და რუსუდან ჭყონიას „გაიღიმეთ“ გამოვიდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის „გრძელი ნათელი დღეები“, ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“ და ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი“. მანამდე იყო რუსუდან პირველის „სუსა“, იმავე კოღუაშვილის „ქუჩის დღეები“, ქეთი მაჭავარიანის „მარილივით თეთრი“ და სხვა.

მოკლედ, თუ აქამდე ქართული ფილმები მხოლოდ გამონაკლისის სახით გამოდიოდა, კინოფესტივალის წლევანდელმა პროგრამამ ვითარების რადიკალური ცვლილება დაგვანახა: გარდა იმისა, რომ ქართულ ფილმებს ცალკე კონკურსი ჰქონდა, საერთაშორისო კონკურსშიც ორი ჩვენი ფილმის სახელწოდება იკითხებოდა: სალომე ალექსის (ნუცა ალექსი-მესხიშვილი) „კრედიტის ლიმიტი“ და ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესო“. ორივე ფილმი ეროვნულ კონკურსშიც მონაწილეობდა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო ზაზა რუსაძის „ჩემი საბნის ნაკეცი“, თეონა მღვდელაძისა და ტიერი გრენადეს „ძმა“, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“, გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“ და ლევან თუთბერიძის „ცხრა მთას იქით“.

ეროვნულ კონკურსს ოთხი ნომინაცია ჰქონდა: საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და მსახიობების. ფესტივალის დიდი ხნის მეგობრებმა, კონკურსის ჟიურის წევრებმა, კინომცოდნე ულრიხ და ერიკა გრეგორებმა მამაკაცის როლის საუკეთესოდ თამაშისთვის „სიმინდის კუნძულის“ მსახიობი ილიას სალმანი დააჯილდოეს, ხოლო ქალ მსახიობებს შორის, როგორც მოსალოდნელი იყო, „პატარძლებში“ მთავარი როლის შემსრულებელმა მარი კიტიამ გაიმარჯვა. მას უკვე მოპოვებული აქვს სარაევოს კინოფესტივალის ჯილდო და, თავადვე დავრწმუნდით, რომ სრულიად სამართლიანადაც.

მარი კიტია კინოეკრანზე პირველად გამოჩნდა და მართლაც ღირსეული დებიუტი ჰქონდა. ფილმში ის არის პატიმრის ცოლი, მარტოხელა დედა, სასურველი ქალი და ქარაფშუტა შვილი, ხოლო ძალიან სასიამოვნო და სახასიათო გარეგნობის წყალობით ამ ყველა კომპონენტის არაჩვეულებრივ მიქსს გვაძლევს. ზოგადად თინათინ ყაჯრიშვილის სადებიუტო „პატარძლებიც“ საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც, პირველ რიგში, ეკრანიდან წამოსული ემოციისა და დამაჯერებლობის ნაკადის დამსახურებაა. ამას კი ყაჯრიშვილი ბუნებრივად აღწევს – როგორც ირკვევა, ფილმის სიუჟეტი მისი ცხოვრების ერთგვარი გამეორებაა, მარი კიტიას გმირის გზა მასაც გამოუვლია.

საუკეთესო რეჟისორის წოდება „კრედიტის ლიმიტის“ ავტორმა სალომე ალექსიმ მოიპოვა, ხოლო ეროვნული კონკურსის პირველი გამარჯვებული ლაშა ცქვიტინიძის „მე ვარ ბესოა“.

ფილმამდე ბესო მხოლოდ ხმა იყო – ინტერნეტში ჩაკარგული ჰიპ-ჰოპის სამოყვარულო აუდიოჩანაწერი. გავიდა დრო და ბესომ სახე, მეგობარი, ოჯახის წევრები და მთელი სამყარო შეიძინა, თავისი სოროსავით სახლიდან გამოვიდა, ტალახიან გზაზე გაიარა, ცივ არხში იბანავა, ნანგრევებში იხეტიალა, მეგობარს გაურეპა, ბოლოს კი ხმამაღლა გვითხრა: „შემომხედეთ, მე ვარ ბესო!“.

ლაშა ცქვიტინიძის ნამუშევარი იმ ფილმების კატეგორიაში გადის, რომლებიც პირველივე კადრებიდან არ იწვევს ნდობას: ათასჯერ ნანახი სიღატაკე, უბედური დედა, აგრესიული მამა, გარიყული ძმა და დაჩაგრული, საკუთარ თავში გაურკვეველი მთავარი გმირი – ეს ყველაფერი თითქოს უკვე ზეპირად იცი, მაგრამ სცენა სცენას ებმის, კადრს კადრი ცვლის და მოულოდნელად ყველაზე ავთენტურ, ხელშესახებ, ყველაზე ნამდვილ სამყაროში ინაცვლებ, რაშიც არაპროფესიონალი მსახიობების საოცარი გულწრფელობა, ნაივური ემოციურობა და მათ მიმართ რეჟისორის იოლად შესამჩნევი სიყვარული გეხმარება. უყურებ ფილმს და ნელ-ნელა ხვდები, რომ ბესო თავადაც გიყვარდება, შენიც ხდება, რადგან ასეთია შენ გარშემო არსებული სამყაროც: მამები ყვირიან, დედები ტირიან, ძმები გარბიან, მეგობარს უყვარხარ და შენ ხარ ბესო და არ ლაპარაკობ ბევრსო, მხოლოდ ასრულებ შენს მოვალეობებსო… კი, სწორედ ასე ვცხოვრობთ ჩვენს უზღვო ზღვისპირა ქვეყანაში, სწორედ ჩვენ ვართ ბესო!..

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *