გაქცეული მილიარდერი

გაქცეული მილიარდერი

ბილ ოსტინი სამედიცინო ხელსაწყოების წყალობით გამდიდრდა, მერე კი მისიონერად მოგეველინა, რათა გაჭირვებულებს სმენის პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს.

მაგრამ მანამ კინო-ვარსკვლავებსა და როკის ღმერთებთან დროს ატარებდა, მისი კომპანია თაღლითობის, ქურდბაცაცობისა და ღალატის მორევში გადაეშვა. ამდენად, ეს ამბავი ერთგვარ გაფრთხილებას წარმოადგენს, თუ როგორაა შესაძლებელი, კარიერის მეორე ფაზაში წამოწყებულმა კეთილმა საქმეებმა სავალალო გეზი აიღონ.  

სენტ პოლში (მინესოტა) წითელი ხალიჩები იშვიათობას წარმოადგენს. მაგრამ გასულ ზაფხულს, ბენ აფლეკმა, ქეიტლინ ჯენერმა, ზამბიის პირველმა ლედიმ და სხვა 1,500-მა კეთილისმქმნელმა Saint Paul RiverCentre-ში მოიყარეს თავი, რათა, მაგალითად, მალაიზიაში, განასა და ელ სალვადორში მცხოვრებთათვის, ყურის სასმენი აპარატების უზრუნველყოფის მიზნით, ფული მოეზიდათ. Aerosmith-ის სტივენ ტაილერმა Dream On-ი შეასრულა, თუმცა გალას ნამდვილი თავკაცი მაინც მილიარდერი ბილ ოსტინი იყო. იდგა გაჭაღარავებული სცენაზე, თავდაუზოგავად იღიმოდა და მადლობას უხდიდა მეოთხე ცოლს, ტანის: “შენ მე უფრო მაღლა ამწიე. შენ საშუალება მომეცი, უფრო დიდი მადლის ნაწილი გავმხდარიყავი – მეტი ადამიანის ცხოვრებას შევხებოდი, ვიდრე ამას ოდესმე მარტო შევძლებდი”.   

ბოლო 50 წლის მანძილზე, ოსტინმა $1.6 მილიარდის ქონება მოაგროვა Starkey Hearing Technologies-ის საშუალებით; სასმენი აპარატების პატარა საწარმო მან აშშ-ის უმსხვილეს მწარმოებლად აქცია, სადღაც $850 მილიონად შეფასებული შემოსავლებით. მისი წარმატების გასაღები, ნაწილობრივ, დაუღალავ შრომაში უნდა ვეძიოთ: ის ლამის გაუჩერებლად მუშაობდა ისეთი ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად (და გასაყიდად), როგორიც ინდივიდზე მორგებული ყურს-შიდა სასმენი აპარატებია. Starkey-ს მომხმარებელთა რიგებში კი პლანეტის ყველაზე ცნობადი ადამიანები იყვნენ, მათ შორის, ხუთი პრეზიდენტი, ორი პაპი და დედა ტერეზა.   

მაგრამ ოსტინის ახალი ამბიციები კიდევ უფრო მსუყეა: მას სურს, მსოფლიოს ღარიბი ადამიანები სმენის უნარით აღჭურვოს. ბოლო თორმეტი წელია, ის თვეში 25 დღეს მოგზაურობაში ატარებს თავის არაკომერციულ Starkey Hearing Foundation-თან ერთად და უპოვართ მოსასმენ აპარატებს აძლევს. მისი თქმით, ეს მისია ღმერთის მიერაა ნაკარნახევი. მართლაც ღირებული მისიაა: მთელ მსოფლიოში 466 მილიონ ადამიანს (და 65 წელს გადაცილებულთა მესამედს) მნიშვნელოვნად აქვს სმენა დაქვეითებული. ამასთან, ეს მისია Starkey-ს 76 წლის აღმასრულებელ დირექტორს საშუალებას აძლევს, საკუთარი თავი გარდაქმნას: სამედიცინო ხელსაწყოების  ერთფეროვანი შუა დასავლელი მწარმორებლიდან – კოსმოპოლიტურ, სამყაროს გაუმჯობესებაზე მზრუნველ მილიარდერად.      

მაგრამ ოსტინის კარიერის ამ მეორე, ღვთიურ ფაზას ნაკლებ ღვთაებრივი შედეგები მოჰყვა მინესოტაში. წლების მანძილზე, ერთადერთი სტაბილური რამ, რაც კომპანიის სათავო ოფისში მის ყოფნაზე მიგანიშნებდათ, გახლდათ ერთ-ერთ შესასვლელთან აღმართული მისი ქანდაკება (მისივე ზომის). თავად, ამასობაში, პოპულარულ ხალხთან, მაგალითად, ჯონი დეპსა და კეტი პერისთან, ითქვიფებოდა. ჰუმანიტარული ოცნებების ასრულების გამო მუდამ სხვაგან მყოფმა, ოსტინმა Starkey-ს ყოველდღიური ოპერაციები კომპანიის სტაჟიან წევრს გადააბარა, რომელიც მარტში არაერთი თაღლითობისთვის დამნაშავედ იქნა ცნობილი, მოგვიანებით კი ეს საქმე ოსტინმა გერს მიანდო, რომელსაც არაკვალიფიციურად იხსენიებენ და სექსუალური შევიწროებაც დაბრალდა. Starkey-ს ზრდა შენელებულია. 2014-ის მერე, ჰიტი პროდუქტი არ გამოუშვია და მისი საბაზრო წილიც იკლებს. ამ ყველაფერს კი ემატება “ოსტინის, როგორც ლიდერის, ხანგრძლივი და სერიოზული კრიტიკა”, ამბობს მინესოტას სამართლის პროფესორი პოლ ვაალერი. ,,ეს თაღლითობისა და ქურდბაცაცობის ისტორიაა, მაგრამ, ამავე დროს, არის ისტორია, თუ როგორ წაუვიდა კორპორატიულ მმართველობას სავალალოდ საქმე”. ეს არის ქრესტომათიული მაგალითი, თუ რა შეიძლება, მოხდეს, როცა დამფუძნებელი იქამდე ცდილობს კარიერის მეორე ფაზაში გადასვლას, სანამ ჯერ პირველში არ აქვს თავი ამოწურული.        

გასულ ზამთარს, მინესოტას ცივ სასამართლო დარბაზში, Starkey-ს ყოფილი პრეზიდენტის თაღლითობისა და ქურდბაცაცობის საქმეზე მჯდარი ოსტინი (რომელმაც ჩვენების მიცემისას განაცხადა, ერთხელ ანგელოზს შევხვდიო) სულაც არ ჩანდა სინანულით სასვე, თავის ბიზნესს რომ დასცილდა. “მე ღმერთთან დავდე გარიგება”, თქვა მან. “და სიტყვა უნდა შევასრულო”. 

1942 წელს ნიქსაში (მისური) – ოზარკსში მდებარე 370-მოსახლიან პუნქტში – დაბადებული ოსტინი ალბერტ შვეიცერობაზე ოცნებობდა; ამ მისიონერ ექიმად ქცეულ მღვდელს ნობელის მშვიდობის ჯილდო აეღო. 1961-ში, ოსტინმა მინესოტას უნივერსიტეტში ჩააბარა; შთაგონებად ადგილობრივი სამედიცინო მიღწევები, მათ რიცხვში, 1952 წელს, უნივერსიტეტში ჩატარებული გულის ღია ოპერაცია, და ბიძის დანაპირები ექცა, ჩემს სასმენი აპარატების მაღაზიაში გამუშავებო. 

ამ სამსახურმა მისი ცხოვრების გეზი შეცვალა. ერთ დღესაც, ოსტინის თანახმად, ბიძამისის მაღაზიაში მოხუცი კაცი შევიდა. მისი სასმენი აპარატი ისეთ ხმაურიან უკუკავშირს იძლეოდა თურმე, რომ სმენა გაუუარესდა, აპარატის შეკეთება კი ვერავინ შეძლო. ოსტინმა შეუკეთა და დაეხმარა კიდეც მოხუცს სმენის აღდგენაში. მას არასდროს დაავიწყდება ამ კაცის გაბრწყინებული სახე, როცა მწყობრში მოყვანილი სასმენი აპარატი დაიბრუნა.   

კოლეჯში გატარებული სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ, ოსტინმა სწავლა მიატოვა და მთელი ენერგია სასმენი აპარატებისკენ მიმართა. “როგორც ექიმი, ალბათ დღეში 20-25 ადამიანის დახმარებას შევძლებდი”, ამბობს ის. “მაგრამ ვხვდებოდი, რომ სასმენი აპარატების ბიზნესი მეტი ადამიანის დახმარების საშუალებას მომცემდა” (ამ სტატიისთვის Forbes-ს ოსტინთან არ უსაუბრია. მისი ყველა ციტატა ან სასამართლო მასალებიდან, ან საჯარო გამოსვლებიდანაა). მან მართლაც გახსნა სასმენი აპარატების სახელოსნო, 1970-ისთვის კი უკვე შეძლო $13,000-ად (სადღაც დღევანდელ $86,000-ად) პაწაწინა ლაბორატორიის ყიდვა, რომელიც სასმენი აპარატების პლასტიკურ ნაწილებს ამზადებდა. მას Starkey Labs-ი ერქვა. ბიზნესი აყვავდა, რაც ოსტინის ისეთი ინოვაციების დამსახურება იყო, როგორიცაა 90-დღიანი უსასყიდლო საცდელი პერიოდისთვის განკუთვნილი და ინდივიდზე მორგებული ყურს-შიდა სასმენი აპარატი – პროდუქტი, რომლითაც Starkey-ს დღემდე ყველაზე კარგად იცნობენ. პიარის მხრივაც მალევე გაუმართლათ: 1983 წელს, თეთრმა სახლმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ პრეზიდენტი რონალდ რეიგანი Starkey-ს სასმენ აპარატს ატარებდა. 

1992-ისთვის, Starkey-ს გაყიდვებს თითქმის $200 მილიონისთვის მიეღწია. მაგრამ იმავე წელს, ოსტინის უსიამოვნო განქორწინებამ მესამე ცოლთან, სინთია დოუსონთან (ოსტინის მტკიცებით, ამ უკანასკნელმა მას ერთხელ ცეცხლი გაუხსნა; დოუსონი უარყოფს), კიდევ უფრო უსიამოვნო სასამართლო საქმეს მისცა დასაბამი. დოუსონის მიხედვით, ოსტინი მას Starkey-ს მომავალ მოგებათა ნაწილს დაჰპირებოდა, მაგრამ პირობა მაშინ დაერღვია, როცა ამჟამინდელი ცოლი, ტანი, გაეცნო. მოსამართლემ დოუსონის სასარგებლო განაჩენი გამოიტანა 1998 წელს და ქალს $62 მილიონი არგუნა. სულ ცოტა ერთმა მსესხებელმა Starkey უარით გაისტუმრა. ოსტინი სწრაფად უნდა დახმარებოდა თავის ბიზნესს ფინანსურად, ჰოდა, სესხისათვის მილიარდერ მეგობარს, Minnesota Twins-ის მფლობელს, აწ განსვენებულ კარლ პოჰლადს დაუკავშირდა.         

ფინანსურმა პრობლემებმა ისედაც წნეხის ქვეშ მოქცეული კომპანია უარეს მდგომარეობაში ჩააგდო. ბაზარზე ციფრული სასმენი აპარატების შემოტანით, მის მეტოქეებს, Widex-სა და Oticon-ს, დანარჩენი ინდუსტრია დაეჩაგრათ. იმავე წელს, ოსტინმა კომპანიის ახალ პრეზიდენტად ჯერი რუჟიჩკა დანიშნა. ამ უკანასკნელს კომპანიაში უკვე 21 წელი გაეტარებინა – ჯერ შემკეთებელ-ტექნიკოსი იყო და საათში $4.50-ს შოულობდა, მერე კი წარმოების ვიცეპრეზიდენტად დაწინაურებულიყო. იმ დროისთვის, Starkey-ს, როგორც იქნა, გამოეშვა სასმენი აპარატების ციფრული ხაზი. “თამაში შეიცვალა, ისინი კი ჩამორჩენილები იყვნენ. ჯერის სასიქადულოდ, უნდა ითქვას, რომ მან ისინი პრობლემებიდან ამოიყვანა და, სხვა თუ არაფერი, იმგვარ ტექნოლოგიურ კომპანიად აქცია, რომელმაც სხვების მსგავსი ტემპით იწყო მოძრაობა”, ამბობს დულუთში (მინესოტა) დაფუძნებული სავაჭრო გამოცემის, Hearing Review-ს სტაჟიანი რედაქტორი, კარლ სტრომი. ახლა, როცა საქმეს რუჟიჩკა თაოსნობდა, ოსტინს მიეცა დრო, თავისი გმირის, ალბერტ შვეიცერისთვის მიებაძა და კეთილი საქმეებისთვის მსოფლიოში ემოგზაურა. “მან [ბილმა], პირდაპირი მნიშვნელობით, გადააბარა კომპანიის სადევეები ჯერის და ჯერიც მართავდა კომპანიას”, ამბობს სტრომი. “ბილი ტრაბახობდა კიდეც, ყოველდღიურ ოპერაციებში რომ არ იყო ჩართული.”          

2006-ისთვის, თავისი ფონდის საქმიანობის გამო, ოსტინი ლამის სულ მოგზაურობდა, თუმცა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს კვლავ ინარჩუნებდა. ოსტინის ნდობა რუჟიჩკასადმი იმ დონეზე მივიდა, რომ ამ უკანასკნელს მინდობილობით თავისი სამი პირადი ტრესტი გადასცა. რუჟიჩკას სტატუსს დამატებით ის სარფიანი ათ-წლიანი კონტრაქტი აძლიერებდა, რომელსაც ვადა 2016-ის იანვრამდე ჰქონდა. ნახევარ მილიოზე მეტის ტოლფას კომპენსაციასა და ეფექტიანობის ბონუსთან ერთად, ოსტინი რუჟიჩკას Starkey-ს საბაზრო ღირებულების 10%-ის გადახდას დაპირდა იმ შემთხვევაში, თუ თავად აღარ იქნებოდა ცოცხალი ან ვეღარ შეძლებდა მუშაობას, ან კი თუ Starkey სხვა კომპანიასთან გაერთიანდებოდა ან გაიყიდებოდა.

ოსტინი საქმეს ბოლომდე მაინც არ ჩამოცილებულა. მგზავრობის დროს ის რეგულარულად ელაპარაკებოდა რუჟიჩკასა და ფინანსურ დირექტორს, სქოტ ნელსონს, და, განსაკუთრებით, რამდენიმე საკვანძო დოკუმენტზე ამახვილებდა ყურადღებას: სახელფასო ოქმებზე, Starkey-ს საკრედიტო ლიმიტებზე ბანკებში და საწარმოო ანგარიშებზე. თუმცა, არც ბოლომდე იყო საქმეში ჩართული. ფინანსური განაცხადები? ბიუჯეტი? აუდიტის ანგარიშები? – ოსტინს სასამართლოზე ნათქვამი აქვს, რომ ისინი არც ერთხელ არ შეუმოწმებია. “მაგრამ ასეც რომ მექნა, – ვინმეს რომ ოდესმე მოეცა ჩემთვის, – მაინც ვერ წავიკითხავდი, იმიტომ რომ, არ ვიცოდი, როგორ უნდა წამეკითხა”. – განაცხადა მან აუდიტის ანგარიშებთან დაკავშირებით (რუჟიჩკას ადვოკატი ამას აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ ოსტინმა სულ იცოდა, რა ხდებოდა Starkey-ში).   

2015-ის ზაფხულში,ოსტინმა თანდათან შეიტყო, რომ საქმე მთლად კარგად არ მიდიოდა მინესოტაში: გაიგო, რომ რუჟიჩკა – როცა იანვარში მის კონტრაქტს ვადა გაუვიდოდა – ინდუსტრიაში ახალი კომპანიის წამოწყებას გეგმავდა. ჰოდა, ოსტინმა Starkey-ს ინფორმაციულ დირექტორს, რობ დიუშერს, სთხოვა, რუჟიჩკასა და რამდენიმე სხვა აღმასრულებლის ი-მეილის ანგარიშებზე მიეცა მისთვის წვდომა. ოსტინის ჩვენების თანახმად, ამ ძიებამ ის Starkey-ს გარკვეული თანამშრომლებისთვის გამზადებულ სამუშაო კონტრაქტებამდე მიიყვანა, რომელთა მიხედვითაც, Starkey მათ მაშინაც კი გადაუხდიდა ხელფასს, თუ ისინი რუჟიჩკასთვის დაიწყებდნენ მუშაობას. “ისე ჩანდა, რომ ახალ კომპანიას ვუხდიდი ფულს, ამავე დროს კი Starkey-ზე საბოტაჟი ხორციელდება”, თქვა ოსტინმა.

ოსტინი რუჟიჩკას საკონფერენციო ოთახში დაუპირისპირდა, ეს შეხვედრა ფარულმა კამერამ გადაიღო და, მოგვიანებით, ვიდეო სასამართლოზე გაუშვეს. ოსტინმა რუჟიჩკას უთხრა, რაც გაეგო, ამ უკანასკნელმა კი ეს მყისვე უარყო. “პირდაპირ გეტყვი: მე არაფერს ვაკეთებ არც შენი დროით, არც შენი ფულით და არც შენი ადგილით” – იყო რუზჟჩკას პასუხი. თუმცა, ამას გარდა, დააყოლა, რომ “მისი გზავნილი გასაგები იყო”, ანუ ის, რომ ოსტინს კონტრაქტის დასრულებისთანავე მისი გაშვება უნდოდა. “ველოდი, როდის მეტყოდი, მინდა, დარჩეო”, უთხრა მან ოსტინს. “შენ ეს არ ქენი.”      

“ბრენდონს დავპირდი, რომ პრეზიდენტი გახდებოდა”, თქვა ოსტინმა იმხანად 40 წლის გერზე მეოთხე ქორწინებიდან. “არ მინდა სიტყვის გატეხვა”.     

“ბრენდონს არ შეუძლია ამ კომპანიის მართვა. არანაირად. არანაირად. და თუ ფიქრობ, რომ კი, მაშინ ბრიყვი ხარ, ბრიყვი კი არასდროს ყოფილხარ”. – უთხრა რუჟიჩკამ ოსტინს.       

ოსტინმა რუჟიჩკა იმავე დღეს გაანთავისუფლა.

ამასობაში, დიუშერსა და მის კოლეგას რუჟიჩკასა და სქოტ ნელსონის კომპიუტერების ჩხრეკვა ჰქონდათ დავალებული. სწორედ ამ დროს აღმოაჩინეს ნელსონის საგადასახადო ფორმა – W-2, რაც აჩვენებდა, რომ მას ერთ წელიწადში $4 მილიონი გაეკეთებინა – საკმაოდ მეტი იმაზე, რასაც Starkey-ს აღმასრულებლები ტიპურად გამოიმუშავებდნენ.   

ოსტინმა კომპანიის კიბის სათავეში მყოფები ერთიანად ამოძირკვა, მათ რიცხვში, ნელსონი, ოპერაციების უფროსი ვიცე პრეზიდენტი კით გუგენბერგერი და ადამიანური რესურსების უფროსი ვიცე პრეზიდენტი ლარი მილერი (კონტრაქტების ნაადრევად დასრულების გამო, რუჟიჩკამ, მილერმა და გუგენბერგერმა ცალ-ცალკე აღძრეს Starkey-ს წინააღმდეგ სარჩელი). ოსტინი FBI-საც დაუკავშირდა. 

2015-ის ნოემბერში, ფედერალურმააგენტებმა რეიდები მოაწყვეს ნელსონისა და რუჟიჩკას სახლებში. ადგილობრივმა პრესამ დაინახა, როგორ გამოჰქონდათ აგენტებს რუჟიჩკას სახლიდან კომპიუტერი და დოკუმენტებით სავსე ყუთები. შემდეგ, 2016-ის სექტემბერში, იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა რუჟიჩკას, ნელსონს, მილერსა და კიდევ ორს – Starkey-ს მომმარაგებლის ყოფილ პრეზიდენტს, ჯეფრი ტეილორს, და ლოურენს ჰაგენს – Starkey-ს ყოფილ თანამშრომელს, რომელსაც ერთხელ ოსტინისთვის კომპანია მიეყიდა. პროკურორები მათ იმ სქემაში სდებდნენ ბრალს, რომელიც Starkey-სა და ოსტინისგან $20 მილიონზე მეტის მოპარვას გულისხმობდა, ხოლო ამისათვის Starkey-სთან აფილირებულ ორგანიზაციაში საკუთარი თავები თაღლითურად დაეჯილდოვებინათ აქციებით, მერე კი იმავე აქციებისთვის საკუთარი თავებისთვის $15 მილიონი გადაეხადათ და, ყალბი სესხების, ბონუსებისა და ფარული შენაძენების სახით, მილიონები მოეხაპათ. მეტიც, რუჟიჩკას კომპანიის მანქანის, 2011-ის Jaguar-ის მოპარვაშიც ედებოდა ბრალი, ნელსონს კი აპარტამენტების ყიდვაში Starkey-ს ფონდებით, რათა თანამშრომელთან “საიდუმლო პირადი ურთიერთობა” გაეგრძელებინა (ოპერაციების დირექტორსა და Starkey-ს შვილობილის პრეზიდენტს, ჯეფრი ლონგტეინს ცალკე წარედგინა ბრალი 2017-ის მარტში ყალბი საგადასახადო დეკლარაციის შევსებისთვის; მან ბრალი აღიარა).  

რუჟიჩკა რომ წავიდა, ოსტინმა, რაღაც მომენტში, სადავეები გერს, ბრენდონ სავალიჩს გადაულოცა, რომელიც 2017-ის ივლისში პრეზიდენტი გახდა. სავალიჩმა Starkey-ში 19 წლისამ დაიწყო მუშაობა, 2010-ისთვის კი კომპანიას უფროს ვიცე პრეზიდენტად მოევლინა.

მაგრამ ამ აღზევების მიუხედავად, სავალიჩს ბლომად კრიტიკა ხვდა წილად. FBI-ს აგენტებთან ინტერვიუში, ყოფილმა ტექნიკურმა დირექტორმა ტიმ ტრაინმა თქვა, რომ სავალიჩს “ყურადღების მწირი მოცულობა” ჰქონდა და არ ფლობდა კომპანიის სამართავად საჭირო “ტექნოლოგიურ კომპეტენციას”. მას მერე, რაც ნელსონმა თაღლითურ სქემაში მონაწილეობა აღიარა, ჩვენება მისცა, რომ სადღაც 2011 წლამდე, სავალიჩი კომპანიას არაერთი პირადი ხარჯისთვის ახდევინებდა თანხებს – ჩეკებს იწერდა საციგურაო მოედნისთვის, საქათმისთვის, ბაღის მომსახურებისთვის, ძაღლის სკოლისა და აკვარიუმის გაწმენდვისთვისაც კი. ნელსონმა ისიც განაცხადა, რომ მე-40 დაბადების დღის წვეულება სავალიჩს ვერნონში (ვირჯინია), ჯორჯ ვაშინგტონის სახლში აღენიშნა, ჩეკი კი Starkey-სგან აეღო.       

სავალიჩს სექსუალურ შევიწროებაშიც დასდეს ბრალი: “[გაყიდვათა] წარმომადგენლები უნდა გამეფრთხილებინა ხოლმე, შესაძლოა, [სავალიჩმა] შებმა დაგიწყოთ-თქო, ჰოდა, როცა ნახავთ, რომ თქვენკენ მოდის, გაეცალეთ, უბრალოდ ოთახიდან გადით-თქო”, იხსენებს რეგიონალური გაყიდვების ყოფილი დირექტორი მაიქლ შმიტი. ხოლო ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა Forbes-ს უამბო, რომ როცა კომპანიაში ახალი მისული იყო და სასტუმროში, სათავო ოფისთან ახლო, რჩებოდა, სავალიჩმა მას არაერთხელ სთხოვა სასმელზე შეხვედრა საღამოს 10 საათის შემდეგ. ამასთან, Starkey-ს კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა სარჩელი შეიტანა სავალიჩის წინააღმდეგ იმის გამო, რომ 2001-ში, ოსტინის სახლში გამართული კორპორატიული წვეულების შემდეგ, ეს უკანასკნელი მასზე სექსუალურად ძალადობდა სასტუმროს ნომერში; ქალი მაშინ 21 წლის იყო და ამ ამბიდან ხუთ დღეში მომხმარებელთა მომსახურების დეპარტამენტიდან გაანთავისუფლეს. სავალიჩმა ბრალდებები უარყო და დავაც მოგვარდა 2003-ში. 2018-ის სასამართლოზე კი ნელსონმა, მოწმის რანგში, თქვა, რომ სავალიჩს ქალი თანამშრომლების “სერიული შემვიწროებლის” რეპუტაცია ჰქონდა, ზოგიერთი იმ ქალის დაწინაურებას ცდილობდა, რომლებიც მასთან იწვნენ, და ერთ-ერთი თანამშრომელი საერთოდ დააორსულა.      

პრესასთან ურთიერთობის წარმომადგენლის მეშვეობით, Starkey სავალიჩის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ეს ბრალდებები “ყალბი იყო და აკლდა მტკიცებულებები” და მოსამართლის ყურადღების გადასატანად იქნა შეთხზული. სავალიჩმა, რომელსაც სასამართლოზე ჩვენება არ მიუცია, ამ სტატიისთვის კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. 

რუჟიჩკასა და დანარჩენი სამი ბრალდებულის სასამართლო პროცესი წელს, იანვარში დაიწყო. ჯამში, ექვსი კვირის მანძილზე, 30-ზე მეტი მოწმე დაიბარეს. ზუსტად სანამ პროცესი დასრულდებოდა, სასამართლომ აღმოაჩინა, რომ ოსტინს ყალბი ჩვენება მიეცა რუჟიჩკას სამუშაო კონტრაქტთან დაკავშირებით. მოსამართლემ დაწერა, რომ ოსტინის ცრუ განცხადებები ,,შესაძლოა, იმას მიუთითებდეს, რომ ოსტინმა მეტი იცოდა რუჟიჩკას სამუშაო კონტრაქტის – და ალბათ სხვა საქმიანობათა – შესახებ, ვიდრე ეს მისი ჩვენებიდან ჩანს”. ოსტინს ცრუ ჩვენებისთვის ბრალი არ წარდგენია, თუმცა მისი ჩვენების ოქმიდან შესაბამისი განცხადებები ამოიღეს. და მაინც, მარტში, სასამართლომ რუჟიჩკა 25 ბრალიდან 8-ში დამნაშავედ სცნო, ტეილორი კი 3-ში. ორივეს, შესაძლოა, 20 წლამდე პატიმრობა დაემუქროს. მილერი და ჰაგენი გაამართლეს.   

სანამ ეს სამართლებრივი დრამა მიდიოდა, Starkey-მ ვარდნის სიმპტომების გამოვლენა დაიწყო. Bernstein Research-ის ანალიტიკოსის მიხედვით, ვეტერანთა დეპარტამენტში, 2017 წელს, კომპანიის საბაზრო წილი 24%-იდან (2014-ში) 16%-ზე ჩამოვარდა. UBS-ის გამოკითხვის თანახმად, რომელშიც სადღაც 2,600 აუდიოლოგი მონაწილეობს და რომელიც 2016-ის ოქტომბრიდან 2017-ის დეკემბრამდე პერიოდში არის ჩატარებული, მომხმარებელთა მიერ ყველაზე ხშირად დაბრუნებული პროდუქტები Starkey-ს სასმენი აპარატები იყო.  

სამართლებრივი დავა ამით, შესაძლოა, არ დასრულდეს. მართალია, ოსტინი, შეფასებათა თანახმად, Starkey-ის 93%-ს პირადად ფლობს, დანარჩენი 7%, თანამშრომელთა აქციონერული მფლობელობის (ESOP) მეშვეობით, თანამშრომლებს ეკუთვნით. ამ უკანასკნელთ კი შეუძლიათ, ოსტინსა და რუჟიჩკას უჩივლონ, რომლებიც ESOP-ის ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ, და თავიანთი წილების დაზიანებული ღირებულების კომპენსირება მოითხოვონ. “კლიენტების მაძებარი ადვოკატი რომ ვიყო, ეს მიმზიდველი შესაძლებლობა იქნებოდა”, ამბობს National Center for Employee Ownership-ის დამფუძნებელი ქორი როზენი. სარჩელები ჯერ თითქოს არავის შეუტანია სასამართლოში. ამასობაში, რუჟიჩკა უკან არ იხევს. აპრილში, მისმა ადვოკატმა ახალი სასამართლო პროცესი მოითხოვა, რის მიზეზად ოსტინის “ცრუ ჩვენებასა” და სამართლებრივ არაკეთილსინდისიერებას ასახელებს.      

Starkey-მ ახალი აღმასრულებლები დაიქირავა, მათ შორის, ოპერაციების დირექტორი GE Healthcare-იდან და ტექნოლოგიური დირექტორი Intel-იდან. ამ ზაფხულისთვის, სასმენი აპარატების ახალი ხაზის გამოშვებას გეგმავენ, რომელშიც, Fitbit-ის მსგავსად, ფიზიკური აქტივობებისთვის თვალის მიდევნების მიზნით, სენსორები იქნება ჩაშენებული. მაგრამ იქამდე, სანამ კომპანიას კვლავ სავალიჩი თაოსნობს, ოსტინი კი მსოფლიოს გარშემო დამოგზაურობს, არ არსებობს ბერკეტი, ისტორიის განმეორებას რომ შეუშალოს ხელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *