მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები

მსოფლიოს 1250 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, მხოლოდ ერთი ქართული უმაღლესი მოხვდა: თსუ 435-ე ადგილზეა.

U.S. News & World Report-მა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების განახლებული სია გამოაქვეყნა. ყოველწიურად ორგანიზაცია მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტებს ჯამში 13 ინდიკატორით აფასებს. წლევანდელ რეიტინგში მსოფლიოს 1250 საუკეთესო უნივერსიტეტი მოხვდა.

ამისთვის, ფასდება უნივერსიტეტების აკადემიურ-კვლევითი საქმიანობა, ასევე მათი რეპუტაცია რეგიონსა და მსოფლიოში.

კვლევის ავტორები ასევე ითვალისწინებენ უნივერსტეტის აკადემიურ საქმიანობას პუბლიკაციების, სამეცნიერო წიგნების გამოცემის, კონფერენციების ორგანიზების კუთხით, ციტირების ინდექსს, საერთაშორისო თანამშრომლობას, ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილს. კვლევისას ასევე გამოყენებულია აკადემიური წრეების წარმომადგენელთა და მკვლევართა მოსაზრება მათთვის ნაცნობი უნივერსიტეტების აკადემიურ საქმიანობასა და საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის რაოდენობით აშშ ლიდერობს, – 1250 უნივერსიტეტიდან 227 ამერიკულია. მეორე ადგილზეა ჩინეთი 130 უნივერსიტეტით, მას მოსდევს გაერთიანებული სამეფო 78 უნივერსიტეტით, იაპონია 76 უნივერსიტეტით და გერმანია 62 უნივერსიტეტით.

მსოფლიოს 10 საუკეთესო უნივერსიტეტი კი შემდეგია:

  • Harvard University (აშშ) – 100 სარეიტინგო ქულიდან 100 ქულა
  • Massachusetts Institute of Technology (აშშ) – 100 სარეიტინგო ქულიდან 97.6 ქულა
  • Stanford University (აშშ) – 100 სარეიტინგო ქულიდან 93.8 ქულა
  • University of California–Berkeley (აშშ) – 100 სარეიტინგო ქულიდან 90.8 ქულა
  • University of Oxford (გაერთიანებული სამეფო) – 100 სარეიტინგო ქულიდან 87.6 ქულა
  • California Institute of Technology (აშშ) – 100 სარეიტინგო ქულიდან 85.9 ქულა
  • University of Cambridge (გაერთიანებული სამეფო) – 100 სარეიტინგო ქულიდან 85.8 ქულა
  • Columbia University (აშშ) – 100 სარეიტინგო ქულიდან 85.6 ქულა
  • Princeton University (აშშ) – 100 სარეიტინგო ქულიდან 84.7 ქულა
  • University of Washington (აშშ) – 100 სარეიტინგო ქულიდან 84.6 ქულა

ევროპის TOP 3 საუკეთესო უნივერსიტეტიდან სამივე ბრიტანულია: Oxford; Cambridge და  Imperial College London.

წლევანდელ რეიტინგში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 435-ე ადგილზეა, თსუ-ს სარეიტინგო ქულა 48.7-ია. ამ ეტაპზე, თსუ ერთადერთი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო 1250 უმაღლეს სასწავლებელს შორის სახელდება. სხვადასხვა ინდიკატორებში კი თსუ-ს შეფასება შემდეგია: ყველაზე ციტირებად პუბლიკაციებში უნივერსიტეტის წილი 19%-ია, რაოდენობა კი 802. კონფერენციების ორგანიზების კუთხით, თსუ 1161-ე ადგილზეა, სამეცნიერო წიგნების გამოცემის კუთხით, 915-ზე, პუბლიკაციების კუთხით 1299-ზე. გლობალური რეპუტაციით თსუ 1109-ე ადგილზეა, ხოლო რეგიონალური რეპუტაციით კი 229-ზე. გასული წლის რეიტინგში თსუ 359-ე ადგილზე იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *