სწრაფად მზარდი ეკონომიკების ათეული

სწრაფად მზარდი ეკონომიკების ათეული

ორი წლის წინ FORBES-ში გამოვაქვეყნე სტატია, რომელიც 2015-2016 წლებში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს ეხებოდა. ამჯერად 2017-2018 წლებში ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკებს განვიხილავ.

წინა სტატიაში მოყვანილი ათი ქვეყნიდან ოთხი 2017-2018 წლებშიც ტოპ-10-ში ხვდება, ესენია: ეთიოპია, კოტ-დ’ ივუარი, ინდოეთი და კამბოჯა.

სტატიაში მონაცემთა წყაროდ გამოყენებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბაზები, სადაც 2018 წლისთვის საპროგნოზო მაჩვენებლებია მოყვანილი.

2017-2018 წლებში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 3.7%-ია, განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა საშუალოდ 2.3%-ით იზრდება, ხოლო განვითარებადის – 4.7%-ით. ყველაზე სწრაფად მზარდი რეგიონი აზიის განვითარებადი ქვეყნებია – წელიწადში საშუალოდ 6.5%-ით.

დღეს ქვეყნის ეკონომიკა მინიმუმ 7%-ით თუ იზრდება, ის მსოფლიოს 10 ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყნების ჯგუფში ხვდება. თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ე.წ. საბაზისო მდგომარეობაც თამაშობს, ანუ ღარიბ ქვეყანაში უფრო იოლია მაღალი ზრდის მიღწევა (გამოუყენებელი რესურსებისა და ერთ მოსახლეზე მცირე ეკონომიკის გამო), ვიდრე მდიდარ ქვეყანაში.

1. ლიბია

მოსახლეობა: 6.5 მილიონი

მშპ: $43 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $6 600

2017 წელს ლიბიის ეკონომიკა 64%-ით გაიზარდა, ხოლო 2018-ში 11%- ით გაიზრდება. სავალუტო ფონდი 2019 წლისთვისაც 11%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ლიბიის მაღალ ეკონომიკურ ზრდას ძალიან სპეციფიკური მიზეზი აქვს. 2011-2016 წლებში ქვეყნის შიგნით შეიარაღებული დაპირისპირება იყო, რაც მუამარ კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხებით დაიწყო. სამოქალაქო ომისა და ნავთობზე ფასის შემცირების გამო, ლიბიის ეკონომიკა 2010 წელს არსებული 69 მილიარდი დოლარიდან 2016 წლის ჩათვლით 19 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ერთ მოსახლეზე შემოსავალი 12 000 დოლარიდან 3 000 დოლარამდე დაეცა. 2017 წლიდან ლიბიაში წინა წლებთან შედარებით მშვიდობა დამყარდა და ეკონომიკამ, ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო აღდგენა. ამას თან დაერთო ნავთობზე ფასის მატებაც. თუმცა, 2018 წელსაც კი ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ 25%-ია, ხოლო წლიური ინფლაციის დონე – 24%. ეს ნიშნავს, რომ ლიბია ჯერ არ გამოსულა კრიზისიდან და მაღალ ეკონომიკურ ტემპს ხელოვნური ჩარევებით აღწევს.

2. ეთიოპია

მოსახლეობა: 94 მილიონი

მშპ: $84 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $890

ეთიოპიის ეკონომიკა ზრდის ტემპით მსოფლიოში მეორეა. ბოლო ორი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9.2%-ია, ხოლო ბოლო რვა წლის – 10%. მიუხედავად ამისა, ეთიოპია მსოფლიოს ერთ- ერთ უღარიბეს ქვეყნად რჩება ერთ სულ მოსახლეზე წლიური 890 დოლარის შემოსავლით. ეკონომიკის ზრდის პარალელურად, ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი კაცით იზრდება. მაგალითად, 2011 წელს მოსახლეობა 84 მილიონი კაცი იყო, 2018 წელს კი 94 მილიონს მიაღწია.

ეთიოპიის სწრაფი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი იაფი სამუშაო ძალაა. მოსახლეობის 70% 30 წლამდე ასაკისაა. ყავის წარმოებით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. მდიდარია ჰიდროენერგორესურსებით, რაც ქმნის საფუძველს, რომ ელექტროენერგიის ერთ- ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდეს აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში.

3. კოტ-დ’ივუარი

მოსახლეობა: 25.6 მილიონი

მშპ: $46 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 800

2017-2018 წლების ეკონომიკური ზრდის მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე კოტ- დ’ ივუარია 7.6%-ით. კოტ- დ’ ივუარში სწრაფი ეკონომიკური ზრდა 2012 წლიდან დაიწყო და 2012-2018 წლების საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 8.7%-ია. სხვა აფრიკული ქვეყნების მსგავსად, დემოგრაფიული ბუმი კოტ- დ’ ივუარსაც ახასიათებს, 2011 წლის შემდეგ მოსახლეობა 20%-ით გაიზარდა.

კოტ- დ’ ივუარი ფრანგულად მოსაუბრე აფრიკის დასავლეთ სანაპიროს ქვეყანაა. 2011 წლამდე, თითქმის ათი წელი, ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, სიღარიბის დონე მატულობდა. 2011 წლიდან პოლიტიკური სტაბილურობა დამყარდა, მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო, რამაც ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად დააჩქარა.

როგორც სხვა ღარიბი ქვეყნები, ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დიდი წილით გამოირჩევა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის მიმართ 23%-ია.

4. ბანგლადეში

მოსახლეობა: 165 მილიონი

მშპ: $286 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 700

2017-2018 წლებში ბანგლადეშის ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 7.4%-ია. ბოლო რვა წელიწადში ბანგლადეშში ერთ მოსახლეზე შემოსავალი გაორმაგდა, თუმცა ისევ ღარიბ ქვეყნად რჩება უკიდურესი სიღარიბიდან დაწყებისა და დემოგრაფიული ბუმის გამო. მოსახლეობის რიცხოვნობით ბანგლადეში მსოფლიოში მე-8 ადგილზეა და ქალაქ-სახელმწიფოების გამოკლებით, მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა.

ბანგლადეშში მთავრობის ზომა მშპ-ის 15%-ია. ქვეყანას დაბალი სახელმწიფო ვალი აქვს, ექსპორტი და იმპორტი კი თითქმის თანაბარია.

ბანგლადეში მაღალ ეკონომიკურ ზრდას პირველ რიგში მრავალრიცხოვანი იაფი სამუშაო ძალით აღწევს. ეს ყველაზე კარგად ტანსაცმლის წარმოებაში გამოიხატება. დღეს ბანგლადეში ტანსაცმლის ექსპორტით მსოფლიოში მეორეა და მხოლოდ ჩინეთს ჩამორჩება.

5. განა

მოსახლეობა: 29 მილიონი

მშპ: $52 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 800

2017-2018 წლებში 7.4%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდით განა მსოფლიოში მე-5 ადგილზეა. განაც ღარიბი ქვეყანაა, საქართველოზე დაახლოებით ორჯერ ღარიბი. ბოლო შვიდ წელიწადში მოსახლეობა 20%-ით გაიზარდა, ეკონომიკა კი 51%-ით.

განა მაღალი ინფლაციით (წლიურად 10%), ბიუჯეტის დეფიციტით და მზარდი სახელმწიფო ვალით ხასიათდება, რაც მიღწეული ეკონომიკური ზრდის ტემპს არასაიმედოს ხდის.

განა დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ოფიციალური სასაუბრო ენაინგლისურია. მთავარი საექსპორტო საქონელი კაკაო, ოქრო და ნავთობია – ექსპორტის 75% მათზე მოდის. ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპს პირველ რიგში ნავთობის ინდუსტრია განაპირობებს, 2011 წლიდან ნავთობის მოპოვება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

6. ნეპალი

მოსახლეობა: 29.5 მილიონი

მშპ: $29 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $971

2017-2018 წლებში ნეპალის ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 7.1%-ია, თუმცა წინა წლებში ნეპალს საკმაოდ დაბალი ზრდის ტემპი ჰქონდა. ის მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანათა ჯგუფშია. მოსახლეობის რიცხოვნობა აქაც სწრაფად იზრდება.

პირველ რიგში, ეკონომიკური ზრდის ამაღლება იმან განაპირობა, რომ 2015 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ნეპალმა მნიშვნელოვანი საგარეო დახმარებები მიიღო.

ნეპალის ყველაზე სტრატეგიული სექტორი ტურიზმია. მიუხედავად იმისა, რომ დასამუშავებელი მიწა ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 20%-ს შეადგენს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. ნეპალისთვის მნიშვნელოვანია ემიგრანტთა ფულადი გზავნილები, რაც მშპ-ის 29%-ს აღწევს.

7. სენეგალი

მოსახლეობა: 16.3 მილიონი

მშპ: $24 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 500

უკვე ხუთი წელია, სენეგალის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 6.7%-ით იზრდება, ბოლო ორ წელიწადში კი ზრდა 7.1%-ია. აფრიკის სხვა განვითარებადი ქვეყნების მსგავსად სენეგალის მოსახლეობის რიცხოვნობა სწრაფად იზრდება – ბოლო ხუთ წელიწადში 15%-ით გაიზარდა. თავის მხრივ, ღარიბ ქვეყნებში სწრაფი დემოგრაფიული ზრდა იაფი სამუშაო ძალის წყაროა, რაც ეკომიკურ ზრდას უწყობს ხელს.

სენეგალი ინფლაციის დაბალი დონით არის გამორჩეული, ბოლო ხუთი წლის საშუალო წლიური ინფლაცია 0.4%-ია. მთავრობის ზომა (ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის მიმართ) 23%-ია, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი – 3%-ის ფარგლებში.

ქვეყანა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საერთაშორისო დახმარებებზე, რომლებზეც ბიუჯეტის ხარჯების მესამედი მოდის. სენეგალი აფრიკის ქვეყნებს შორის ერთ- ერთი ყველაზე სტაბილური პოლიტიკური გარემოს მქონე ქვეყანაა.

8. გვინეა

მოსახლეობა: 13.3 მილიონი

მშპ: $11.5 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $865

2017-2018 წლებში გვინეის ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 7%-ია, რაც კარგი მაჩვენებელია. თუმცა გვინეამაც უკიდურესი სიღარიბიდან დაიწყო განვითარება და ეკონომიკურ წინსვლას თან დემოგრაფიული ბუმი ახლავს – ბოლო რვა წელიწადში მოსახლეობა 2.4 მლნ-ით (22%-ით გაიზარდა). შედეგად, გვინეამ ჯერ ვერ დააღწია თავი უღარიბესი ქვეყნების რიგს. ერთ მოსახლეზე შემოსავლის მიხედვით, ის მსოფლიოს ყველაზე ღარიბ 20 ქვეყანას შორის ხვდება.

გვინეა ძალიან მდიდარია სხვადასხვა ლითონის მადნით. რკინის ბოქსიტის მსოფლიო მარაგის მეოთხედი გვინეაშია თავმოყრილი. გვინეის ექსპორტის 80% ლითონების მადანზე მოდის. სწორედ ექსპორტის ზრდა არის ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. გვინეას ხელსაყრელი პირობები აქვს სოფლის მეურნეობისთვისაც. მნიშვნელოვანი თანხა იდება ინფრასტრუქტურის განვითარებაში. გაუმჯობესდა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.

9. ინდოეთი

მოსახლეობა: 1 334 მილიონი

მშპ: $2.7 ტრილიონი

მშპ ერთ მოსახლეზე: $2 000

მოსახლეობის რიცხოვნობით ინდოეთი ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში. თუმცა, ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთის მოსახლეობის რიცხოვნობა ისევ სწრაფად იზრდება. მაგალითად, 2017 წელს 17 მლნ-ით გაიზარდა. რომ არა მოსახლეობის ასეთი ტემპით ზრდა, ინდოეთი გაცილებით სწრაფად დააღწევდა თავს სიღარიბეს. 2018 წელს ინდოეთში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2 000 დოლარია, 2010 წელს კი 1 400 დოლარი იყო. ბოლო ორი წელიწადია, ინდოეთის ეკონომიკა საშუალოდ 7%-ით იზრდება.

ინდოეთმა ეკონომიკის ლიბერალიზაცია 1980-იანი წლებიდან დაიწყო და 2000-იანი წლებიდან ის უკვე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. ინდოეთის ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი მომსახურების სექტორის სწრაფი ზრდაა. შეიძლება ითქვას, ინდოეთმა ინდუსტრიალიზაციის ეტაპი გამოტოვა და სოფლის მეურნეობიდან პირდაპირ მომსახურების სექტორის განვითარებაზე გადავიდა. ინდოეთი სტაბილური პოლიტიკური გარემოს მქონე, დემოკრატიული ქვეყანაა. დემოკრატიის ინდექსში 42-ე ადგილს იკავებს და უსწრებს, მაგალითად, სლოვაკეთს, ბულგარეთს, პოლონეთსა და ხორვატიას.

10. კამბოჯა

მოსახლეობა: 16.5 მილიონი

მშპ: $26 მილიარდი

მშპ ერთ მოსახლეზე: $1 600

2017-2018 წლებში კამბოჯის ეკონომიკის ზრდის ტემპი დაახლოებით 6.9%-ია. კამბოჯა უკიდურესი სიღარიბისგან გამოსვლის გზას გადის და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რვა წელიწადში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 2.2-ჯერ გაიზარდა, 2018 წლის მონაცემებით ის 1600 დოლარს შეადგენს. (საქართველოზე 2.5-ჯერ ნაკლები). სწრაფად იზრდება ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაც.

კამბოჯის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს იაფი სამუშაო ძალა, სასოფლო- სამეურნეო ტექნოლოგიების გაუმჯობესება და საგარეო დახმარებები. სწრაფად იზრდება ექსპორტი და ტურიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ქვეყნის მშპ-ის მიმართ 24%-ია, ხოლო სახელმწიფო ვალი – მშპ-ის 32%.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *