OECD-მ საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით წარმატებულ ქვეყნად დაასახელა

OECD-მ საქართველო მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით წარმატებულ ქვეყნად დაასახელა

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის და შესაბამისი გეგმით განსაზღვრული ღონისძიებები, აგრეთვე ორგანიზაციის მიერ გაწეული რეკომენდაციები განსაკუთრებით წარმატებით შესრულებულად შეაფასა და საქართველო ამ კუთხით სამოდელო წარმატებულ ქვეყნად დაასახელა. 

აღნიშნული განცხადება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა პარიზში, OECD ევრაზიის კვირეული 2018-ის ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გააკეთეს, რომელსაც საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ესწრება. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე ხელმძღვანელობს. 

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. “ბიზნესის სექტორი და განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში და იმავდროულად, ხელს უწყობს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას დიდი როლი ენიჭება სამუშაო ადგილების შექმნისა და დასაქმების ზრდის თვალსაზრისით და ეკონომიკური ზრდის დაჩქარების კუთხით. მთავრობა მუდმივად მუშაობს ახალი ინსტრუმენტების შემუშავებაზე ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდისათვის საკრედიტო – საგარანტიო მექანიზმი და მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროგრამა წარმოადგენს ყველაზე გავრცელებულ და ეფექტურ მექანიზმს. მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმი ხელს შეუწყობს დაკრედიტების ზრდას, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზე. მიგვაჩნია, რომ საკრედიტო გარანტიის მექანიზმი მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებისა და ფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ასევე მინდა ყურადღება გავმახვილო იმ ფაქტზე, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემა ითვალისწინებს ქალ მეწარმეთა წახალისებას” – განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *