თანასწორობის სარგებელი

თანასწორობის სარგებელი

Facebook-ის ოპერაციების დირექტორი შერილ სენდბერგი ბესტსელერების ავტორი და ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტია. Forbes Georgia-ს შუამდგომლობით მას ქართველი ქალებისთვის გზავნილი აქვს.

თქვენი წიგნი ოჯახის, მშობლებისა და ქმრისადმი მადლობით იწყება – იმ ადამიანებისადმი, ვინც თქვენი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენენ. რა როლი მიუძღვით მათ იმ პიროვნების ჩამოყალიბებაში, ვინც დღეს ხართ?

მშობლებისგან ძალიან ვარ დავალებული. ისე გამზარდეს, რომ დამაჯერეს – გოგონებს ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლიათ, რაც ბიჭებს, და რომ ნებისმიერი კარიერის კარი ჩემთვის ღია იქნებოდა. ერთნაირი მოლოდინი ჰქონდათ ჩემი დის, ჩემი და ჩემი ძმის მიმართ. ყველაფერი ქნეს, რომ კარგი განათლება მიმეღო. ჩემთვის დღემდე ყველაზე მაგარი ჩემპიონები არიან და იმის ყურება, როგორ უყვართ მათ ჩემი შვილები და როგორ უყვართ ისინი ჩემს შვილებს, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიხარულია.

“გადაიხარეში” (Lean In) ერთი თავი დავწერე: “აქციე შენი პარტნიორი რეალურ პარტნიორად”. სწორედ ეს როლი ჰქონდა ჩემს ქმარს, დეივს, ჩემთვის. ჩვენი კარიერა და ქორწინება მუდმივად ურთიერთგადაჯაჭვული იყო. ძალისხმევას არ ვიშურებდით, შეძლებისდაგვარად საუკეთესო მშობლები და მეუღლეები რომ ვყოფილიყავით, პარალელურად კი სამსახურსაც მთელ ენერგიას ვახმარდით. ორივეს ისეთი სამსახური გვქონდა, რომელიც გვიყვარდა და თავს იღბლიანად ვგრძნობდით ამის გამო. მას ჩემი სჯეროდა, მხარს მიჭერდა, ვეამაყებოდი და ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს მცოდნოდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული გადაწყვეტილება, რასაც ქალი იღებს, ისაა, ეყოლება თუ არა გვერდში ცხოვრების პარტნიორი და ვინ იქნება ის. დეივთან ერთად, სწორედ ეს არჩევანი გავაკეთე. ყოველდღე მენატრება.

როგორ განსაზღვრავდით წარმატებას?

ჩემი მშობლები სულ ხაზს უსვამდნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრების შინაარსიანად გატარება. მამა ექიმი იყო. დედა სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში იყო ჩართული აქ, აშშ-ში. ბავშვობაში, მახსოვს, ის და მამა საღამოობით სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და საბჭოთა კავშირში დევნილ ებრაელებს სწერდნენ წერილებს. მათ ებრაული კონცეფციის, tikkun olam-ის, სწამდათ – რომ ჩვენი ქმედებებით შეგვიძლია, სამყაროს განკურნებაში წვლილი შევიტანოთ.

ჩემთვის წარმატება სამყაროს განკურნებაში საკუთარი წვლილის შეტანას ნიშნავს, განსაკუთრებით, იმ ბარიერების მოხსნით, რომლებიც სხვა ადამიანებს ხელს უშლის, საკუთარი თავი თავისუფლად გამოხატონ, საკუთარი ოცნებების ახდენს მიჰყონ ხელი და თავისი წილი ღირსება და შესაძლებლობა მოიპოვონ.

თქვენი გზავნილი ქალებისთვის შემდეგია: “თქვენ ხართ უფრო თანასწორი სამყაროს იმედი”. როგორ უნდა შეიტანონ ქალებმა თანასწორობაში წვლილი, როცა მუშაობენ, ოჯახს უვლიან და “უთანასწორო სამყაროს” ნაწილს წარმოადგენენ?

პასუხი თქვენივე კითხვაში იმალება. ქალები უკვე ძალიან ბევრს აკეთებენ, ჩვენი ოჯახები, სამუშაო გარემო და სამყარო რომ გააძლიერონ. ჩვენ სამუშაო ძალის სერიოზულ ნაწილს წარმოვადგენთ. ჩვენ ყოველდღიურად ბევრს ვშრომობთ, ჩვენს ოჯახებს რომ დავეხმაროთ. ვმართავთ კომპანიებსა და ქვეყნებს, ვიწყებთ ბიზნესებს, განათლებას ვაძლევთ ბავშვებს, ვუვლით დაავადებულებს, წვლილი შეგვაქვს კულტურაში და ვიცავთ პლანეტას. და ხშირად ამ ყველაფერს საკმარისი მხარდაჭერის გარეშე ვაკეთებთ, იქნება ეს ჩვენი მთავრობების, დამქირავებლებისა თუ შინ, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა.

ქალები თანასწორობისთვის ჩვენს წილ საქმეს უკვე ვაკეთებთ, ახლა გვჭირდება, სხვებმაც თავისი წილი ვალდებულება შეასრულონ. გვჭირდება კანონები, რომლებიც თანაბარ უფლებებსა და ქალებისა და გოგონების ღირსებას დაიცავს. გვჭირდება საჯარო პოლიტიკა, რომელიც ქალებს გაუადვილებს განათლების მიღებას, წვდომას ჯანდაცვაზე, სამუშაოში ჩართვასა და ჯანსაღი ოჯახის შექმნას, თუ ამას მოისურვებენ. გვჭირდება დამქირავებლები, რომლებიც მეტს მოიმოქმედებენ, თანამშრომლებად ქალები რომ დაიქირაონ, გაწვრთნან, დააწინაურონ და მხარში ამოუდგნენ… და გაწეული სამუშაოსთვის სამართლიანად გადაუხადონ. და გვჭირდება მეტი კაცი, ვინც ხმას აღიმაღლებს და თავის წვლილს შეიტანს, დაწყებული იმით, რომ რეალური პარტნიორი იქნება თავისი ცოლისთვის და თანამშობელი – შვილებისათვის.

არის რაიმე კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება, დაუყოვნებლივ გადაიდგას?

უამრავი ნაბიჯის გადადგმა შეიძლება, რასაც მყისიერი ცვლილების გამოწვევა შესწევს. მთელ მსოფლიოში კვლავ უამრავი ადგილია, სადაც ქალები მეორეხარისხოვან მოქალაქეებს წარმოადგენენ, სადაც მათ არა აქვთ ისეთი საგანმანათლებლო და სამუშაო შესაძლებლობები, რაც აქვთ კაცებს, და სადაც არა აქვთ თანაბარი წვდომა სამართალსა თუ ჯანდაცვაზე. უკლებლივ ყველა ქვეყანას შეუძლია გაუმჯობესება. ჩვენი ქვეყანა აიღეთ: შეერთებული შტატები სამყაროში ერთადერთი მდიდარი ქვეყანაა, რომელიც ხელფასიან დეკრეტს არ უზრუნველყოფს ქალებისთვის. ანაზღაურებაში ჯერაც მნიშვნელოვანი სხვაობა გვაქვს კაცების სასარგებლოდ. ამასობაში, არსებობს ქვეყნები, სადაც ქალებს დღემდე არ შეუძლიათ, ქონება მემკვიდრეობით მიიღონ ან განქორწინებას მიაღწიონ, და სადაც გოგონები, რომლებიც ჯერ კიდევ იმ ასაკში არიან, თოჯინებით რომ თამაშობენ, შეიძლება, გათხოვდნენ.

ყოველ ჯერზე, როცა უსამართლო კანონი უქმდება, ეს დიდ წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა დავინახოთ – ქალებისა და გოგონებისთვის, თუმცა, ასევე, კაცებისა და ბიჭებისთვის, ვინაიდან უფრო სამართლიან და თანასწორ სამყაროში ცხოვრებით სარგებელს ყველანი ვიღებთ. ამდენად, თქვენს მკითხველებს – და, ზოგადად, ყველა ადამიანს ნებისმიერ ადგილას – დაბეჯითებით მოვუწოდებ, გამონახონ გზები, რათა თავიანთ საზოგადოებებსა და ქვეყნებში ცვლილებები გამოიწვიონ. არაა აუცილებელი, თანასწორობის განსამტკიცებლად იდეალური გზა იპოვო. მთავარია, რაიმე ერთი პრობლემა აიღო და მასზე დაიწყო მუშაობა. ეს დღესვე უნდა გააკეთო. ცვლილება ისე სწრაფად არ მოდის, როგორც ჩვენ გაგვიხარდებოდა.

რა იქნებოდა თქვენი გზავნილი საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის?

ქართველებს მსოფლიოში თბილი, სტუმართმოყვარე და ოპტიმისტი ხალხის სახელით იცნობენ, რომლებიც ზოგჯერ ყოვლად უჩვეულო სირთულეების წინაშე დგებიან. ჩვენ ყველას შეგვიძლია, თქვენგან შთაგონება მივიღოთ. მე ძალიან გამიმართლა, რადგან გავიცანი ქართველი ქალები და გაოცებული დავრჩი მათი სიძლიერითა და მიზანსწრაფულობით. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ვითარება გააუმჯობესონ და მათ ვერაფერი შეაჩერებს. ასე რომ, ჩემი გზავნილი საქართველოს ქალებისთვის მარტივია: გმადლობთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *