ბიზნესთან დაკავშირებული 10 ახალი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი 2019 წელს განიხილავს

ბიზნესთან დაკავშირებული 10 ახალი კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი 2019 წელს განიხილავს

მთავრობამ პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის 2019 წლის გეგმა დაამტკიცა. “ფორბსმა” ბიზნესისთვის საყურადღებო იმ ახალ კანონპროექტებს მოუყარა თავი, რომლის განხილვასაც კანონმდებლები საგაზაფხულო სესიაზე გეგმავენ.

1. ელექტრონული კომერციის შესახებ კანონპროქტი

კანონპროექტის თანახმად, დარეგულირდება, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ მომსახურების გამწევი და მიმღები პირების პასუხისმგებლობა და ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული ხელშეკრულების დადების წესი და პირობები; განისაზღვრება საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლის, მიმღებისა და მომხმარებლის საქმიანობის პრინციპები, მათი უფლებები და პასუხისმგებლობები, შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობა ინფორმაციის გატარების, ქეშირების და ჰოსტინგის დროს. კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) შუალედური სერვის ოპერატორების (ISP) უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ აღებული ვალდებულებით.

2. ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ კანონპროექტი

კანონპროექტი ითვალისწინებს ურთიერთგაქვითვის, ფინანსური გირავნობის და დერივატივის დადებისათვის აუცილებელი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებას, ფინანსურ ბაზრებზე განხორციელებული გარიგებებისთვის უფრო მეტი სამართლებრივი გარანტიის შეძენას და რეზიდენტებისთვის რისკების ჰეჯირების კომპლექსური მექანიზმების შეთავაზებას. კანონპროექტში განმარტებულია, რომ ფინანსური ბაზრების განვითარება იმავდროულად ქმნის ახალ, აქამდე არარსებულ რისკებს, რომელთანაც შეხება აქვთ როგორც ინვესტორებს, ასევე პოლიტიკის წარმმართველებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამგვარი რისკების სათანადო აღქმა, შეფასება და მართვა, რის საშუალებასაც დერივატიული ინსტრუმენტები იძლევა; საპროცენტო განაკვეთებს, სავალუტო კურსს, ნედლეულის და საკვების ფასებს, აქციებს, ყველას ახასიათებთ ფასების ცვალებადობა, რომელთა რისკების მართვისათვის აუცილებელია დერივატივების ბაზრის არსებობა.

3. საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი

საინვესტიციო ფონდების განვითარება წარმოადგენს კაპიტალის ბაზრის რეფორმის მნიშვნელოვან კომპონენტს. ამჟამად, არსებული კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ არ ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდების შექმნის, ოპერირების და რეგულირების სხვადასხვა ასპექტს. ახალი კანონით მოხდება არსებული კანონის გაუქმება. კანონის პროექტი ადგენს რეგულირებადი და ალტერნატიული ფონდების სახეებს, ადმინისტრირების წესსა და მისი სახელმწიფო რეგულირების სისტემის საფუძვლებს, აგრეთვე აწესრიგებს ურთიერთობებს ამ სფეროში. კანონპროექტის მიხედვით, საინვესტიციო ფონდების კანონი ემიტენტებს და ინვესტორებს მისცემს საშუალებას მიიღონ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საფინანსო მომსახურების სრული სპექტრი.

4. ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ კანონპროექტი

კანონპროექტით განსაზღვრულია საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღებისა და გამოყენების, ასევე სპეციალური კვლევის განხორციელების ძირითად წესს და კვლევის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტის პირობებში. კანონპროექტი ითვალისწინებს დემპინგურ იმპორტზე წინასწარი და სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფის შემოღებას.

5. რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ კანონპროექტი

კანონპროექტის მომზადების საჭიროება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში არსებულმა ხარვეზებმა განაპირობა. კანონის მოქმედი რედაქციით ერთმანეთისაგან არ არის გამიჯნული რეაბილიტაციის მმართველისა და საწარმოს დირექტორის უფლებამოსილებათა ფარგლები, გაკოტრების მმართველს არ ეკისრება სამეურვეო ქონების მოძიების ვალდებულება, არ არსებობს გაკოტრების პროცესის რეაბილიტაციის პროცესში გარდაქმნის შესაძლებლობა, გაკოტრების შემდეგ დარჩენილი ქონება, პარტნიორების ნაცვლად, სახელმწიფოს ან სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთრებაში მიექცევა, რიგ შემთხვევებში უგულებელყოფილია არაუზრუნველყოფილი კრედიტორების უფლებები.

6. RIA-ს შეხსახებ კანონი

კანონპროექტის მიზანია საქართველოში მიმდინარე კანონშემოქმედებით პროცესში რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემის დანერგვის შესახებ საკანონმდებლო დონეზე განაცხადის გაკეთება. რეგულირების ზეგავლენის შეფასების სისტემამ უნდა უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე საკითხის კომპლექსურად შესწავლა, ხელი შეუწყოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული, სწორი არჩევანის გაკეთებას და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ყველაზე ეფექტიანი გზების მოძიებას. ამ მიზნით, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს ის ინსიტიტუციური ჩარჩო, რომელმაც რეგულირების ზეგავლენის შეფასება კანონშემოქმედებითი პროცესის სავალდებულო ელემენტად უნდა აქციოს.

7. სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ კანონპროექტი

კანონპროექტი ითვალისწინებს ერთი მხრივ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის ტერიტორიასა და ფოთში სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განსხვავებული განაკვეთით დაბეგვრას, ხოლო მეორე მხრივ, დაბა გრიგოლეთში, დაბა ურეკსა და ფოთში სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებას ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის შემთხვევაში, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში. კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკსა და ქალაქ ფოთში აზარტული თამაშების ბაზრის სიმწირის გამოსწორებას.

8. ავტოსადგურების სერტიფიცირების შესახებ კანონპროექტი

კანონპროექტი ითვალისწინებს ავტოსადგურების სერტიფიცირების და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებას. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება – საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს, როგორც საერთაშორისო ისე ქვეყნის შიდა რეგულარული თუ არარეგულარული გადაყვანა/გადაზიდვა.

9. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები

ანონპროექტი გულისხმობს სტარტაპების ალტერნატიული დაფინანსების ახალი მექანიზმის – სახალხო დაფინანსების (Crowdfunding) ინსტიტუტის შემოღებას. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 1. დაფინანსებაზე სტარტაპების წვდომის ხელშეწყობა მსოფლიოში აპრობირებული და პროგრესირებადი მეთოდით. 2. ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

10. კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება

კანონპროექტის მომზადება განპირობებულია კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზირების და კონტროლის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელების აუცილებლობით, რაც მდგომარეობს ლიცენზიის გამცემი და მაკონტროლებელი ორგანოს ახლებურად განსაზღვრაში. აღნიშნული საკითხების ხელახალი მოწესრიგების საჭიროება გამოიწვია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებამ, რითაც არაკონსტიუციურად იქნა ცნობილი “კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის ზოგიერთი მუხლი, რომელიც გულისხმობს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად ორი ფუნქციის, როგორც დაცვითი საქმიანობის განხორციელების, ისე კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლის ფუნქციის, შეთავსებას. ცვლილებების მიხედვით, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად გასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობი სფეროში შემავალი ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *