ინტერვიუ ბრაიან ტრეისისთან

ინტერვიუ ბრაიან ტრეისისთან

ექსკლუზიური კონტრაქტორის, “სითი კონსალტინგის” ორგანიზებით, 21 თებერვალს თბილისში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერი და გაყიდვების კონსულტანტი სტუმრობდა. 71 წლის, წარმოშობით კანადელი, ამერიკელი სპიკერისა და ტრენერის სახელი კარგადაა ცნობილი მათთვის, ვინც გაყიდვებისა და მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს. მას მსოფლიოს გარშემო 1000-ზე მეტი კომპანიისთვის გაუწევია კონსულტაცია და ცხოვრების განმავლობაში 5 მილიონი ადამიანის წინაშე წარმდგარა 5 ათასი სემინარით. აგრეთვე მან შექმნა 1000-ზე მეტი სასწავლო ვიდეო- და აუდიოპროგრამა. Forbes Georgia ბრაიან ტრეისის – წარმატების შესახებ 42 ენაზე თარგმნილი 66 წიგნის ავტორს – მის საყვარელ თემაზე ესაუბრა.

ვენს მუდმივ მკითხველს კარგად მოეხსენება, ვინ არის ბრაიან ტრეისი, მაგრამ მსურს, თავად მოგვითხროთ, როგორ იქეცით იმად, ვინც ხართ.

როცა ათეულობით წლების წინ ბიზნესსაქმიანობა წამოვიწყე, მაშინ არაფერი ვიცოდი. დაბნეული ვიყავი. ძალიან ბევრს ვშრომობდი, მაგრამ სანაცვლოდ მცირე შედეგს ვიღებდი. შემდეგ აღმოვაჩინე ის, რამაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა: რომ ყველა ბიზნესუნარი შემეცნებადია, როგორც მანქანის, ან ველოსიპედის მართვა. ყველაფრის სწავლა შეიძლება! ნებისმიერი უნარის, რომელიც გჭირდება, რათა ბიზნესში წარმატებული იყო. ამან განმაცვიფრა.

დავიწყე გაყიდვების სფეროს შესწავლა, შემდეგ – ბიზნესმენეჯმენტის და საბოლოოდ უძრავი ქონების დეველოპინგის. აურაცხელ საათებს ვუთმობდი თითოეული იმ საქმის შესწავლას, რომელსაც ხელს ვკიდებდი, რათა მკაფიოდ გამეგო, როგორ მიმეღწია წარმატებისთვის ამა თუ იმ სფეროში. შედეგსაც არასოდეს დაუხანებია. ამის შემდეგ გადავწყვიტე, სხვა ადამიანებისთვისაც მესწავლებინა. ისინი მეკითხებოდნენ – კი მაგრამ, როგორ ვიქნები წარმატებული, თუკი ამ ბიზნესში არასდროს ვყოფილვარ? მე ვპასუხობდი – ისწავლეთ! – და ვუხსნიდი ძირითად პრინციპებს. გარკვეული დროის შემდეგ ისინი აღწევდნენ წარმატებას.

 ესაა, რამაც ტრენინგებისა და სემინარების გაძღოლისკენ მიბიძგა 33 წლის წინ. დღეისათვის დაახლოებით 5 ათასი სემინარი მაქვს ჩატარებული 69 ქვეყანაში.

უდავოა, თქვენ წარმატებულობის ცნობილი მენტორი ხართ რამდენიმე ინდუსტრიის დიაპაზონში. საინტერესოა, არსებობს წარმატების ერთი გასაღები, რომელიც ყველა ინდუსტრიას ერგება?

ყველა ინდუსტრიას სხვადასხვანაირი მიდგომა სჭირდება, რადგან არათუ ინდუსტრიებია განსხვავებული, არამედ კომპანიებიც კი რომელიმე ერთ ინდუსტრიაში, ხშირად, ძალიან განსხვავებულია. თუმცა ერთი კანონი მაინც არსებობს: განავითარეთ გამორჩეული პროდუქტი ან სერვისი და შემდეგ ძალიან აგრესიულად გაყიდეთ იგი. ყოველგვარი ბიზნესწარმატება იწყება შესანიშნავი პროდუქტით ან სერვისით და გრძელდება ძალიან კარგი მარკეტინგით, რათა პროდუქტი ბევრ ადამიანს გააცნოთ.

წამიკითხავს, რომ თქვენ არ გჯერათ იღბლის, მხოლოდ ალბათობის. შესაძლებელია იმგვარი გავლენის მოხდენა ბიზნესპროცესზე, რომ ალბათობამ “ჩვენთვის იმუშაოს”?

ეს ადვილია. თუკი სამიზნეს ბევრჯერ ესვრი, ბოლოს და ბოლოს ზუსტად ცენტრში გაარტყამ. ცხოვრებაშიც იმავენაირად ხდება. წარმატებულია ადამიანი, რომელიც რამდენიმეჯერ ცდის და რამდენიმეჯერ გაწბილდება, სანამ სწორ გზას მიაგნებდეს. წარმატება არის ამბავი გაწბილებისა და ამის ხარჯზე შემეცნების შესახებ. სწორედ ამგვარად ზრდი წარმატების ალბათობას. წესი ასეთია: სწრაფად გაწბილდი, უფრო სწრაფად ისწავლე და მერე რამე ახალი სცადე.

თქვენს წიგნში – “ჯერ მწარე!” [Berrett-Koehler Publishers, 2007] – ამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება ყველაზე ძნელ საქმეზე, ნაცვლად პატარა და შედარებით მარტივი წამოწყებებისა. გამონაკლისები არც ერთ ცხოვრებისეულ თუ ბიზნესსფეროში არ არსებობს? 

არა! ყველას ბევრი სამუშაო და არასაკმარისი დრო აქვს. წარმატებული ადამიანები არიან ისინი, ვინც სწორად აანალიზებენ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც ძალუძთ. შემდეგ კი იმ ერთ საქმეზე ფოკუსირდებიან, რომელსაც სხვებთან შედარებით უდიდესი პოტენციური ღირებულება გააჩნია. წარმატების მთავარი წინაპირობა არის ფოკუსი, ფოკუსი და კიდევ ერთხელ ფოკუსი! გაწბილების მთავარი წინაპირობა არის დიდი დროის დახარჯვა დაბალი ღირებულების, ან სულაც ღირებულების არმქონე საქმეებზე.

თქვენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწევით სხვადასხვა კულტურული ბექგრაუნდის ადამიანთა ქოუჩინგს. ოდესმე თუ აღმოგიჩენიათ, რომ ერთ რომელიმე კულტურაში წარმატება სხვა რამეა და მეორეში –  სხვა? კულტურათა განსხვავებულობა ადამიანების მხრიდან “წარმატების” აღქმაზე გავლენას ახდენს? იმავე საქართველოს შემთხვევაში, ხომ არ შეგინიშნავთ რაიმე საინტერესო “წარმატების” ქართულ აღქმაში?

კულტურას, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს, მაგრამ უმნიშვნელო. მაქსიმუმ 80/20, სადაც ბიზნესის, წარმატებისა და ბედნიერების პრინციპების 80% ზოგადსაკაცობრიოა, ხოლო 20%-ს განაპირობებს კულტურა, რელიგია, ფილოსოფია, ისტორია, ეკონომიკა და სხვა.

ვფიქრობ, წარმატების ქართული აღქმა არაფრითაა განსაკუთრებული. ადამიანებს სურთ, ჰქონდეთ მეტი ფული, იყვნენ ჯანსაღები, ცხოვრობდნენ ბედნიერად საკუთარ ოჯახთან ერთად, ჰქონდეთ მოგზაურობის შესაძლებლობა… საბოლოოდ ყველას ერთი რამ უნდა. ერთადერთი განმასხვავებელი პიროვნების შესაძლებლობებია – ცოდნის, უნარების, მიზნების თვალსაზრისით. წარმატება ხომ სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ შენს ნებაზე გაატარო ცხოვრება და მიაღწიო საკუთარ მიზნებს, რაც არ უნდა იყოს ისინი. ამიტომაა, რომ პიროვნებები, რომლებმაც მკაფიოდ იციან, რა უნდათ, გაცილებით მეტს აღწევენ, ვიდრე ისინი, ვისაც საკუთარი მიზნები ნათლად არ ჩამოუყალიბებია.

რადგან მიზნებზე ჩამოვარდა საუბარი, გკითხავთ, “პენსიაზე გასვლაზე” ჯერ არ გიფიქრიათ? მინდა, სწორად გამიგოთ, თქვენ შეძელით ეს! თქვენ რამდენიმე სფეროში მიაღწიეთ თვალსაჩინო წარმატებას. არას- დროს გაგჩენიათ სურვილი, დაგესვენათ და უბრალოდ დამტკბარიყავით თქვენს ოჯახთან ერთად რამდენიმე ათეულწლიანი მძიმე შრომის შედეგებით?

მესმის, რასაც მეკითხებით. ასე გიპასუხებთ: თუკი თქვენ მოგწონთ, რასაც აკეთებთ და წარმატებულიც ხართ, უბრალოდ არ გინდათ “გადადგეთ”. საპენსიო ასაკი კულტურული ფენომენია, რომელიც აგრარულ ერაში გაჩნდა და ინდუსტრიულ ერაში განვითარდა. მაშინ ადამიანები მანქანებივით იყვნენ. ისინი მთელი ცხოვრება მუშაობდნენ და ცხოვრების ბოლოს, როცა 60, ან მაქსიმუმ 65 წლისანი შეიქნებოდნენ, მათი “მანქანა” მთლიანად გაცვეთილი იყო. მათაც რა უნდა ექნათ – მუშაობას წყვეტდნენ და ცოტა ხანში კვდებოდნენ კიდეც. დღეს ჩვენ გონებით ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ცოდნისა და ინფორმაციის გადამუშავების ერაში. ჩვენ ვმუშაობთ ტვინით! ეს კი სულ სხვა რამეა – რაც მეტს მუშაობ ტვინით, მით უფრო ჯანსაღი და ენერგიული ხარ. თანაც, ცხოვრებაც მეტად გაინტერესებს. სწორედ Forbes-ში წავიკითხე კვლევა, რომელიც ცხადყოფდა, რომ უმრავლესობა იმ ადამიანებისა, ვინც პენსიაში გავიდა, ნანობს ამას. ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი აღარაფრით არიან დაკავებულნი. მე ძალიანაც მომწონს, რომ დაკავებული ვარ.

ოჯახთან დროის გატარებას რაც შეეხება, კარიერასა და ოჯახს შორის ბალანსიც დროის მენეჯმენტის საკითხია. მე წელიწადში მინიმუმ 150 დღეს ვატარებ საკუთარ ოჯახთან. ეს ძალიან ბევრია. წესი ასეთია: როცა ვმუშაობ, ვმუშაობ ძალიან ინტენსიურად. როცა არ ვმუშაობ, მაშინ მთელ დროს ოჯახთან ვატარებ.

მინდა, კვლავ საქართველოს დავუბრუნდე. მოგეხსენებათ, საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც ღირებული ბუნებრივი რესურსების დიდი მარაგი არ გააჩნია. ასეთ შემთხვევებში, წარმატება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყნის მთავარ რესურსად თავად ხალხი და ანტრეპრენიორობისადმი მათი მისწრაფება იქცევა. საქართველოსთვის ეს პერსპექტივა რამდენად ხელშესახებია?

აბსოლუტურად ვეთანხმები თქვენს შეფასებას, ხოლო რაც შეეხება შეკითხვას – დიახ, პოტენციალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ამისთვის მეტი შრომაა საჭირო. გაცილებით ძნელია, მიაღწიო უფრო დიდ წარმატებას საქართველოში, ვიდრე გერმანიაში, ინგლისში, ან სინგაპურში. ეკონომიკურ სიტუაციაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ყოველწლიურად მიდის წინ. ქვეყანა დაწინაურდა ბიზნესის დაწყების სიადვილის მსოფლიო რეიტინგში. აქ ძალიან სწრაფად შეგიძლია წამოიწყო საკუთარი საქმე. ზოგიერთ ქვეყანაში ამას 6 თვე, ან სულაც წელიწადი სჭირდება, მაშინ როცა საქართველოში – მაქსიმუმ 2 დღე. ამის შედეგად, რეიტინგში წარმოდგენილ 128 ქვეყანას შორის საქართველო 22-ეა. ევროკავშირის ქვეყნების ფონზე ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

მთავარია, სახელმწიფომ გააგრძელოს ადამიანებისთვის ბიზნესის დაწყების გაადვილება და აგრეთვე, უცხოური ინვესტიციებისთვის ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახადოს, რათა მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და მეტი სიმდიდრე გენერირდეს.

ახლახან დასრულდა კვლევა წარმატებული ეკონომიკისა და ბიზნესის მიზეზთა შესახებ. 10 წლის განმავლობაში ფასდებოდა 20 ათასი წარმატებული ბიზნესის 50 წამყვანი თავისებურება. 150-ზე მეტმა მკვლევარმა დაასკვნა, რომ წარმატებას სამი რამ განსაზღვრავს: პირველია სიცხადე – ქვეყანას, კომპანიას ან ინდივიდს ძალიან მკაფიო მიზნები უნდა ამოძრავებდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რა არის მისი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. მეორეა გათვლა – როგორ ზომავ საკუთარ წარმატებას და რა ვადებს განუსაზღვრავ საკუთარ თავს. ყველა კარგ კომპანიაში ცხადად აქვთ ჩამოყალიბებული საკუთარი მიზნები და იციან, როგორ გაზომონ ისინი. მესამეა ჯილდო – აუცილებელია, იყოს გამორჩეული ჯილდო გამორჩეული მუშაობისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ადამიანი წარმატებულია, ის მეტს გამოიმუშავებს და, მაშასადამე, მეტად მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო წარმატებული იყოს. სხვები კი მოტივირებულები არიან, რომ მისი წარმატება გაიმეორონ. ეს ის დიდი სამეულია, რაც საქართველოს მომავალს განაპირობებს – მკაფიო მიზნები, მკაფიო დედლაინები და, ბოლოს, ჯილდო.

დაბოლოს, რა იქნება თქვენი რჩევა საქართველოს ბაზრის მოთამაშეებისადმი?

მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისებისკენ წარმატება ისევე მოედინება, როგორც წყალი დაღმართში. მაშინაც, როცა რეცესიას ან ეკონომიკის შენელებას განიცდით, თქვენი საუკეთესო რესტორნები ყოველთვის სავსეა. რა შეგვიძლია დავასკვნათ აქედან? – რომ ხარისხი საუკეთესო სტრატეგიაა. ბევრი კვლევა მიგვითითებს, რომ საკუთარი პროდუქტის გაუმჯობესება დროისა და ფულის საუკეთესო ინვესტიციაა. მეტის გაყიდვას უკეთესის გაყიდვა სჯობს, რადგან ადამიანებს არჩევანის სიყვარული ახასიათებთ. ისინიც წყალივით მიედინებიან საუკეთესო ხარისხის პროდუქტებისაკენ.

აი, მაგალითად, Forbes-ი, ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესჟურნალია. 40 წელზე მეტია, რაც მე Forbes-ს ვკითხულობ და სწორედ ხარისხია ის, რაც მას წარმატებულად აქცევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *