საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 41-ე ადგილი დაიკავა

საქართველო კანონის უზენაესობის რეიტინგში ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 41-ე ადგილი დაიკავა

მსოფლიო სამართლის პროექტის ჯგუფმა (World Justice Project) კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის მიზანი შემდეგია: დადგინდეს რამდენად ამცირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაცვა კორუფციას და სიღარიბეს, ასევე რამდენად ზრდის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას და საზოგადოების მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულებას.

საქართველო აღნიშნულ რეიტინგში მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 41-ე ადგილს იკავებს, რაც გასული წლის შედეგებთან შედარებით 3 პოზიციით გაუარესებული შედეგია. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, რეიტინგს 8 ახალი ქვეყანა დაემატა. საქართველოს სარეიტინგო ქულა, რომელიც 0-დან 1-მდე ითვლება, 0,61-ია, რაც წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელია, თუმცა ჩამოუვარდება 2017 წლის სარეიტინგო ქულას.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევრპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, რომელშიც 13 ქვეყანა შედის, საქართველოს პირველი ადგილი აქვს. რეიტინგი 8 კრიტერიუმით შედგა.

მთავრობის სიძლიერის კრიტერიუმში, რომელიც სამთავრობო ინსტიტუტებისა და არასამთავრობო სექტორის სიძლიერეს ზომავს, საქართველომ მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 53-ე ადგილი დაიკავა. გასულ წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 1 ადგილით გაუარესდა.

მეორე კრიტერიუმი კორუფციაა, რომელიც სამი სახის კორუფციას ზომავს: ქრთამის აღების ფაქტები, არასათანადო და არაშესაფერისი გავლენა საჯარო ან კერძო ინტერესებისთვის და საზოგადოებრივი სახსრების ან სხვა რესურსების მითვისება. საქართველოს ამ კუთხით მსოფლიოში 24-ე ადგილი აქვს, 0,70 ქულით. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია კორფციის კრიტერიუმში 1 ადგილი გაუარესდა, სარეიტინგო ქულა კი 0.3-ით.

ღია მმართველობის კრიტერიუმი ზომავს თუ რამდენად საჯაროვდება და რამდენად ხელმისაწვდომია ფართო მასებისთვს ახალი თუ ძველი საკანონმდებლო ცვლილებები და რამდენად ჩართულია ამ პროცესში საზოგადოება. ამ კუთხით საქართველოს 39-ე ადგილი აქვს, 0,59 ქულით. ღია მმართველობის კრიტერიუმში საქართველო ერთ წელში 3 პოზიციით დაწინაურდა.

ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, – 0,62 ქულით საქართველოს მსოფლიოს 126 ქვეყანას შორის 48-ე ადგილი აქვს. წინა წელთან შედარებით საქართველოს პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა.

წესრიგი და უსაფრთხოება – კრიტერიუმი ითვლის კრიმინალის დონეს, პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ ძალადობას – 0,78 ქულით საქართველო მსოფლიოში 36-ე ადგილზეა, რაც 6 პოზიციით გაუარესებული მაჩვენებელია.

რეგულაციების ეფექტურობა – კრიტერიუმი ზომავს ერთის მხრივ თუ რამდენად ეფექტურად ხდება რეგულაციების იმპლემენტაცია და მეორეს მხრივ რამდენად არის ამ პროცესში როგორც კერძო, ასევე საჯარო პირების ინტერესები გათვალისწინებული, – 0.56 ქულით საქართველოს რეიტინგში 42-ე ადგილი აქვს. გასულ წელთან შედარებით, აღნიშნულ კრიტერიუმში საქართველომ 10 პოზიცია დაკარგა.

სამოქალაქო სამართალი – 0,54 ქულით აღნიშნული კრიტერიუმით საქართველო 62-ე პოზიციაზეა, გასულ წელს კი 58-ე ადგილზე იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *