სახლი, რომელიც გიყვარს

სახლი, რომელიც გიყვარს

ახალგაზრდა ოჯახი, სადაც ცოლიც და ქმარიც მუშაობს. ჰყავთ შვილები. უყვართ სიახლეები, ეწევიან ცხოვრების აქტიურ სტილს – აი, ასე ახასიათებს ჩემი რესპონდენტი იმ ოჯახებს, რომლებიც კომპანია m²-ის სახლებში ცხოვრობენ ან იცხოვრებენ. უფრო ზუსტად კი ის ფიქრობს, რომ კომპანიის ბინები სწორედ ამ, საშუალოშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

ლირიკულ-რეალური გადახვევა საბურთალოს ქუჩისკენ

ვერ დაგრჩება შეუმჩნეველი იპოდრომის ტერიტორიაზე, ყაზბეგიდან საბურთალოს ქუჩის ჩასახვევში მდგარი მუქ აგურისფერსა და რძისფერში გადაწყვეტილი აივნიანი, მაღალი საცხოვრებელი კომპლექსი. ორი წლის მანძილზე, ყოველდღე, დილასა და საღამოს ვადევნებდი თვალს მის მშენებლობას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კომპლექსი გზად ჩემი სამსახურისკენ და პირიქით, სახლისკენ, აშენდა. და ერთ დღესაც, შებინდებისას, როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, მესამე სართულზე სინათლეც აინთო. შუშის აივანზე გამომდგარ საშრობზე ჭრელი სარეცხი შრებოდა…

სხვადასხვა ფორმით, თუმცა ერთი და იმავე შინაარსით რამდენჯერმე დასმულ შეკითხვას, თუ რაში მდგომარეობს კომპანია m²-ის წარმატების რეცეპტი, დეველოპერული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურდილაძე მტკიცედ და თავდაჯერებით პასუხობს: “გუნდი, ადამიანები, რომლებიც m²-ს ქმნიან – ეს არის კომპანიის წარმატების მთავარი საიდუმლო, რეცეპტი და მიზეზი”. პირადად თქვენ რას აკეთებთ იმისათვის, რომ კომპანია წარმატებული იყოს? ისევ ვეკითხები ირაკლის. ის ისევ მპასუხობს: “m²-ის წარმატება მისი თანამშრომლებია და არა ერთი რომელიმე პიროვნება”, – თუმცა მიუხედავად მისი ასეთი პასუხისა, რომელიც შეიძლება საკმაოდ თავმდაბლურ პასუხადაც კი ჩაითვალოს, უნდა ითქვას, რომ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 40 წლის ხელმძღვანელი ხანდახან დღეში 12 საათსა და კვირაში 7 დღეს მუშაობს იმისათვის, რომ კომპანია m² ლიდერი კომპანია იყოს უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე. კომპანია, რომელიც თავის ოფიციალურ ვებგვერდზე წერს, რომ m² საქართველოში ქმნის ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების ახალ სტანდარტებს ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს…

ირაკლი ბურდილაძე თითქმის 10 წელია, რაც “საქართველოს ბანკის” გუნდის წევრია და ხუთი წელია, რაც დეველოპერული კომპანია m²-ის სამეთვალყურეო საბჭოს უდგას სათავეში. პროფესიით დიპლომატს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვერც კი წარმოედგინა, რომ კარიერას ბიზნესში გააგრძელებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-ში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მიიღო, მიხვდა, რომ მისი საქმე სწორედ ბიზნესი და ფინანსები იყო. საქართველოში დაბრუნებულმა უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის GMT Group-ის ფინანსურ დირექტორად დაიწყო მუშაობა. 2006 წელს კი  “საქართველოს ბანკის” მაშინდელი მენეჯმენტისგან შეთავაზება მიიღო და  “საქართველოს ბანკში” ფინანსურ დირექტორად გადავიდა. 2010 წლიდან ირაკლი ბურდილაძემ კომპანია m² ჩაიბარა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო საქართველოს ბანკმა საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარება.

როგორ დაიწყო m²

მოდი, მივყვეთ ქრონოლოგიურად. და დავიწყოთ ამბავი იმით, თუ რატომ გადაწყვიტა საქართველოს ბანკმა დეველოპერული კომპანიის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საცხოვრებელი სახლების ბიზნესის წამოწყება და განვითარება. 2008 წლის ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოში მოქმედ ბანკებს პორტფელში არცთუ ცოტა პრობლემური სესხების უზრუნველყოფაში არსებული მიწები დარჩათ. მათ შორის იყო საქართველოს ბანკიც. ირაკლი ბურდილაძის თქმით, მართალია, საქართველოს ბანკი სხვა ბანკებისგან განსხვავებით, ნაკლებად იყო ჩაბმული დეველოპერული კომპანიების დაფინანსების საკითხში, მაგრამ მათ პორტფელში 2008 წლის შემდეგ მაინც დარჩა მიწის ნაკვეთები: “მივხვდით, რომ ამ მიწის ნაკვეთების რეალიზაცია 2010 წელს წარმოუდგენელი იყო. საქართველოში არ არსებობდა არც ერთი დეველოპერული კომპანია, რომელიც მიწის ნაკვეთებს იყიდდა. იმ დროს ფული არავის ჰქონდა, ამიტომ ბაზრის შესწავლა დავიწყეთ და გავარკვიეთ, რომ თბილისში ახალ ბინებზე მოთხოვნა იყო. კომპანია m² ჯერ კიდევ 2006 წელს დაარსდა, თუმცა ის პატარ-პატარა კომერციულ უძრავ ქონებაზე მუშაობდა და გადავწყვიტეთ, რომ m²-ის ბაზაზე გვეცადა და ამ დასაკუთრებულ მიწის ნაკვეთებზე აგვეშენებინა საცხოვრებელი კომპლექსი. ასე აშენდა პირველი, 123-ბინიანი საცხოვრებელი სახლი ჩუბინაშვილის ქუჩაზე, რომელიც კლიენტებს სრულად გარემონტებული ჩავაბარეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი ტიპის სახლებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო”, – იხსენებს კომპანია m²-ის პირველი სახლის მშენებლობის პროცესს ირაკლი ბურდილაძე.

სწორედ ამ პროექტის დასრულების შემდეგ გადაწყდა გაცილებით დიდი, მასშტაბური პროექტის, “იპოდრომის კომპლექსის” წამოწყება, რომელიც დღეს უკვე დასრულებულია. კომპლექსი 525 ბინისგან შედგება. პროექტის ღირებულებამ კი საერთო ჯამში 40 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიამ კომპლექსის ასაშენებლად საკრედიტო რესურსი 20 მილიონი დოლარის ოდენობით ჰოლანდიის განვითარების ბანკიდან მოიზიდა, დღეის მდგომარეობით კი ბინების 99% გაყიდულია.

კომპანია, რომელიც ახალ სტანდარტებს ნერგავს

“ეს არის კომპანია, რომელმაც საზოგადოებას დეველოპერების მიმართ ნდობა დაუბრუნა”, – მეუბნება ირაკლი, რომელიც კომპანიის მუშაობის სტილზე მიყვება. მისი სიტყვებით, კომპანია დაფუძნებულია მართვის თანამედროვე სისტემებზე, სადაც ძალიან კარგად არის გაწერილი რისკების მართვის პოლიტიკა.  “მეორე ნიშანი, რომელიც ჩვენს კომპანიას სხვა კომპანიებისგან გამოარჩევს, პროფესიონალიზმის მაღალი მაჩვენებელია. საქმე აუცილებლად უნდა გაკეთდეს – ეს არის ჩვენი კომპანიის დევიზი და ამისათვის 24-საათიან რეჟიმშიც რომ მოგვიწიოს მუშაობა, უკან არ ვიხევთ. ვცდილობთ, დავნერგოთ ახალი სტანდარტები და ვიყოთ ინოვაციურები ბაზარზე”, – მეუბნება ირაკლი.

სწორედ ინოვაციური ხედვები დაედო საფუძვლად m²-ის საცხოვრებელ კომპლექსებს, რომლებიც საშუალოშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი და რომლებიც კლიენტებს დასრულებული რემონტით, სამზარეულოს ავეჯითა და ჩაშენებული ტექნიკით ბარდება. ამ წამოწყებას თავის დროზე ბევრი ადამიანი სკეპტიკურად შეხვდა. როგორც ირაკლი იხსენებს, ცოტას სჯეროდა, რომ მსგავსი ტიპის პროექტის წარმატებით განხორციელება შესაძლებელი იყო, მაგრამ, მისი თქმით, ფაქტი სულ სხვა რამეზე მეტყველებს, დღეს m²-ის სახლების უმეტესობა მშენებლობის პროცესშივე იყიდება:  “საკმაოდ დიდ რისკზე წავედით, რადგან ამ სფეროში, იმ დროს, ასეთი მასშტაბის პროექტი არავის ჰქონდა. რთულია რემონტის პროცესი. ეს მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას, მოითხოვს კოორდინაციის ძალიან მაღალ დონეს ერთი მხრივ მყიდველს, მეორე მხრივ ჩვენს კომპანიასა და მესამე მხრივ სამშენებლო კომპანიას შორის. ერთი შეცდომაც კი საკმაოდ ძვირად უჯდება ან მშენებელს, ან კომპანიას. სწორედ ამიტომ არის, რომ ასეთ  “თავის ტკივილს” საქართველოში ბევრი კომპანია ერიდება, მაგრამ ჩვენ ეს გადაწყვეტილება იმდენად გვეხმარება გაყიდვებში, რომ ამ შრომატევად საქმეზე უარს ნამდვილად არ ვიტყვით”, – ამბობს ირაკლი ბურდილაძე.

რატომ უნდა ავირჩიო m²?

ვეკითხები ირაკლის. ის არც კი ფიქრობს, ისე მპასუხობს: “პირველი და მთავარი, იმიტომ უნდა აირჩიო, რომ ის ხარისხი და სტანდარტი, რა სტანდარტითაც m² აშენებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველასგან გამორჩეულია. ჩვენ ამ ბიზნესში არ მოვსულვართ ერთი ან ორი დღით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული, გრძელვადიანი გეგმები და ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანის უსაფრთხოება და კომფორტია. შესაბამისად, კონსტრუქციების დაპროექტებისას ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროკოდებით. ასევე საინჟინრო ტექნიკური ნაწილის დაპროექტებისას ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტებით, ე.წ. IBC (International Building Code)-ის ნორმებით, უპირველეს ყოვლისა, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო ექსპერტებთან. ასე, მაგალითად, ახალ პროექტზე, რომელიც საკმაოდ მასშტაბურია, საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მომზადებასა და პროექტირების პროცესის მართვაში ჩართული გვყავს ცნობილი ამერიკული კომპანია აეკომი (AECOM), რომელიც ბაზრის ლიდერია ამ მიმართულებებით. მე არ ვამბობ, რომ სხვა კომპანიები არ აკეთებენ ამას, მაგრამ ასეთი მასშტაბით, დღესდღეობით, საქართველოში ასეთ მშენებლობებს არავინ აწარმოებს”, – ამბობს ირაკლი ბურდილაძე და აგრძელებს: “ამ კუთხით გაცილებით წინ წავედით, ვიდრე ადგილობრივი მოთხოვნებია. და ვაკეთებთ უფრო მეტს, ვიდრე ადგილობრივი ნორმებით არის განსაზღვული”.

ენთუზიაზმით აგრძელებს საუბარს კომპანია m²-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის ხარისხზე. ამ შემთხვევაში ის ორ ელემენტს გამოყოფს. ესენია შენობის კონსტრუქციული მდგრადობა და რემონტის ხარისხი. კონსტრუქციული მდგრადობა ეს არის ის, რაზეც კომპანია არანაირ კომპრომისზე არ მიდის. m²-ის ყველა საცხოვრებელი სახლი ერთი და იმავე სტანდარტით შენდება. სანამ მშენებლობის ხარისხზე გავაგრძელებდეთ საუბარს, უნდა ვახსენოთ ის მიმდინარე პროექტები, რომლებსაც დღესდღეობით კომპანია ახორციელებს. ესენია საცხოვრებელი სახლი ყაზბეგის გამზირზე, თამარაშვილის ქუჩაზე და ნუცუბიძეზე. ამათ გარდა, საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ისანში. პროექტს  “ოპტიმა ისანი” ჰქვია. ეს არის საცხოვრებელი სახლი, სადაც მყიდველი ერთი კვადრატული მეტრი გარემონტებული ფართის შეძენას 800 დოლარად შეძლებს. ყველაზე ძვირად ღირებულ კომპლექსად კი დღესდღეობით სახლი ყაზბეგზე ითვლება. იქ კვადრატული მეტრის ფასი 1500 დოლარსაც აღწევს. ირაკლი პროექტების ფასში განსხვავების მიზეზებზე გველაპარაკება: “პირველი მიზეზი – მიწის ღირებულებაა, რა თქმა უნდა, ცენტრიდან მოშორებულ ტერიტორიაზე ბინების ფასი შედარებით იაფია და მეორე, ეს არის მოსაპირკეთებელი მასალის წარმომავლობა და არჩევანი. ცენტრალურ უბნებში მდებარე კომპლექსებში მოსაპირკეთებელი მასალების არჩევანი უფრო დიდია და ძირითადად ევროპული წარმოებისაა, რაც ფასითაც განსხვავდება. ხოლო მათ, ვისაც სურს უფრო ხელმისაწვდომ პროექტში შეიძინოს ბინა, ვთავაზობთ მასალების უფრო მოკრძალებულ არჩევანს. თუმცა ორივე შემთხვევაში სარემონტო სამუშაოების შესრულების ხარისხი მაღალია. უკეთ რომ ავხსნათ, მაგალითად, თუკი ყაზბეგის გამზირზე მდებარე სახლში ვაყენებთ ფინური კომპანიის მიერ დამზადებულ ლიფტებს, ისანში ვაყენებთ თურქული კომპანიის ლიფტებს, რომლებიც მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს. ეს ლიფტები ხარისხიანი და სერტიფიცირებულია, რათა ისინი მწარმოებელმა კომპანიამ ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებშიც გაიტანოს.

რა სურს მყიდველს?

“ჩვენთვის ფასეულია ის, რაც ჩვენი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია”, – ამბობს ირაკლი და მიყვება იმას, თუ როგორ იწყება, როგორ ვითარდება და როგორ სრულდება თითოეულ პროექტზე მუშაობა. ეს რომ მარტივი პროცესი არ იქნება, ისედაც ცხადია, თუმცა ირაკლი უფრო დეტალურად ყვება ამ შრომატევად და საპასუხისმგებლო პროცესზე: “პირველ ყოვლისა, იქმნება კონცეპტუალური პროექტი, მუშავდება კონცეფცია და დგება გენერალური გეგმა, ანუ ის, თუ როგორ და რა ტერიტორიაზე იქნება განლაგებული შენობები, სად მოეწყობა სათამაშო მოედნები, სკვერი, როგორ მოხდება მანქანების შესვლა- გამოსვლა, სად იქნება პარკინგის შესაძლებლობა, ასევე მუშავდება სართულების გეგმა და ბინების განლაგება. ამ პროცესის დასრულების შემდეგ ვქირაობთ კომპანიას, რომელიც სპეციალურად ჩვენთვის აკეთებს ბაზრის ანალიზს, ანუ კონცეფციის ტესტირებას. ეს ძირითადად ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით ხდება. დგება ძირითადი სეგმენტის ფოკუს-ჯგუფი და მათთან მუშაობის შემდეგ ვიღებთ შეფასებას, რა მოეწონათ და რა არა ჩვენს პოტენციურ კლიენტებს და იმის მიხედვით ვხვეწთ პროექტს არქიტექტორთან ერთად, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს პოტენციური კლიენტების გემოვნებას. ამის შემდეგ უკვე ტენდერის გზით ვარჩევთ სამშენებლო კომპანიას და ვიწყებთ მშენებლობას. ამ პროცესს უკვე ადგილზე აკვირდება ჩვენი საკუთარი გუნდი, მაღალპროფესიული გუნდი, რომელიც ამოწმებს მშენებლობის ხარისხსა და ტემპებს. უნდა ითქვას, რომ ამ პროცესში არასდროს გვქონია კლიენტების მხრიდან უკმაყოფილება. და რაც მთავარია, რემონტის პროცესში კლიენტებს აუცილებლად ვაძლევთ არჩევანის საშუალებას, ანუ მათ ვთავაზობთ სარემონტო მასალების საკმაოდ დიდ სპექტრს. ამის შემდეგ კი ისინი უკვე ჩვენს დიზაინერებთან ერთად იწყებენ მუშაობას და არჩევენ მათთვის სასურველი ინტერიერის დიზაინს.

კომპანიის დამსახურებად მიიჩნევს ირაკლი ბურდილაძე იმას, რომ პროექტის კონცეფციის შემუშავება ე.წ. ბრეინსტორმინგის პროცესის დახმარებით ხდება. ამ პროცესში კი კომპანიის ყველა რგოლი მონაწილეობს. მათ შორის არიან გაყიდვების მენეჯერები, ანუ ადამიანები, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ პოტენციურ მყიდველებთან და ყველაზე უკეთ იციან, რა სურთ მათ: “ჩვენ განვიხილავთ ისეთ დეტალებსაც კი, მაგალითად, სად უფრო კომფორტულია ჩამრთველების განლაგება და რა სიმაღლეზე უნდა იყოს ისინი განთავსებული. ბუნებრივი განათების მაქსიმალური ეფექტის მისაღებად როგორი უნდა იყოს ბინის ორიენტაცია და მზის სხივები როგორ უნდა შემოდიოდეს. პროექტის დამუშავების პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე თვეს გრძელდება. არასდროს ვჩქარობთ. აქ თუ შეცდომა დაუშვი, ჩათვალე, რომ პროექტი დაღუპულია. ჩვენ არ გვაქვს შეცდომის უფლება”, – ამბობს ირაკლი.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც m²-ის სახლებს გამოარჩევს, ეს შენობის ენერგოეფექტურობაა. კომპანიას მიაჩნია, რომ ამ ტიპის მშენებლობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს: “ჩვენ ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყანა ვართ და შენობების დათბუნება, მით უმეტეს საცხოვრებელი შენობების, გამოიწვევს იმას, რომ ნაკლები ელექტროენერგიისა და გაზის მოხმარება იქნება საჭირო და, შესაბამისად, ქვეყანას მოუწევს ნაკლები ენერგომატარებლების იმპორტი. ყველა ჩვენი შენობა ენერგოეფექტურია, რაც ჩვენს კლიენტებს კომუნალური გადასახადების 20-25 %-ის დაზოგვის საშუალებას აძლევს”, – მეუბნება ირაკლი.

კონკურენცია და კონკურენტები

ირაკლი ბურდილაძის თქმით, m²-ის ძირითადი კონკურენტები დღეს ე.წ. ინდივიდუალური ბინათმშენებლობებია. მათი გათვლებით, ასეთი ტიპის მშენებლობებზე დაახლოებით 60% მოდის:  “თუმცა ბოლო ხანებში ბაზარზე გამოჩნდნენ ახალი ტიპის დეველოპერები, რომლებიც ახორციელებენ უფრო მცირე ზომის პროექტებს, მაგრამ მათ უკვე კარგად მოიკიდეს ბაზარზე ფეხი და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით კონკურენცია სულ უფრო და უფრო იზრდება. იზრდება ნდობა ამ დეველოპერების მიმართაც. მაგრამ ეს ჩვენს კომპანიას ნამდვილად არ აშინებს. კონკურენცია გაიძულებს, ფორმაში იყო. ჩვენი პასუხი კონკურენციაზე კი მუდმივი ინოვაცია და ახალი პროდუქტების დანერგვაა. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური გადაწყვეტილება იყო სწორედ “ოპტიმა ისანი”. შევეცადეთ, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე, დაგვეპროექტებინა ისეთი ბინა, რომელსაც მოვაშორეთ ზედმეტი კვადრატული მეტრები და ოპტიმალური და ეფექტური პროდუქტი შევთავაზეთ მყიდველს. პროექტი სექტემბერში დავიწყეთ და დღეის მონაცემებით ნახევარი უკვე გაყიდულია”, – ამბობს ირაკლი.

მისივე თქმით, m²-ის გამოჩენამ სამშენებლო ბაზარი გამოაცოცხლა. და რაც მთავარია, აღდგა დეველოპერების მიმართ დაკარგული ნდობა: “ეს ჩვენი წარმატებაა, რომ ნდობის აღდგენის პროცესს ბიძგი მივეცით. გარდა ამისა, ჩვენ, როგორც შედეგზე ორიენტირებული კომპანია, ვირჩევთ შეჯიბრებითობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ ყველა ჩვენი მომწოდებელი, ექსპერტი თუ კონსულტანტი ლიდერია თავისი მიმართულებით. მათი შერჩევა კი გამჭვირვალობის პრინციპების სრული დაცვით ხდება”, – მეუბნება m²-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ის, რაც იქნება ანუ გეგმები

კომპანია m² დღეს ხუთწლიან სტრატეგიაზე მუშაობს. ირაკლი მეუბნება, რომ ძნელია იმის თქმა, თუ სად იქნება კომპანია 5 წლის თავზე, მაგრამ უნდა ითქვას, რომ m²-ს საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. პირველ რიგში, კომპანიის ხელმძღვანელობის გეგმებში შედის m²-ის გაყვანა ლონდონის საფონდო ბირჟაზე და მისი ლისტინგი, როგორც ეს თავის დროზე, 2006 წელს, საქართველოს ბანკის შემთხვევაში განხორციელდა. რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, კომპანია უახლოეს თვეებში, ქალაქის სხვადასხვა უბანში იწყებს რამდენიმე ახალ პროექტზე მუშაობას: “ეს გეგმები პროექტირების საკმაოდ აქტიურ ფაზაშია. ვგეგმავთ სამი მშენებლობის დაწყებას საბურთალოს ტერიტორიაზე, გარდა ამისა, დიღომში იგეგმება უბნის მშენებლობა, რომელიც პროექტირების ადრეულ ეტაპზეა. კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება სოლოლაკში. ეს იქნება პრემიუმ-კლასის ოთხსართულიანი საცხოვრებელი, სადაც მხოლოდ 19 ბინა იქნება განთავსებული”, – ამბობს ირაკლი ბურდილაძე.

* * *

თუკი ამ საღამოს ან ხვალ საღამოს საბურთალოზე, იპოდრომის ტერიტორიაზე მოხვდებით, m²-ის საცხოვრებელი კომპლექსის 300-ზე მეტ ბინაში სინათლეს დაინახავთ. სწორედ ამდენი ოჯახი ცხოვრობს დღეს იქ, 200-ზე მეტი ოჯახი კი გადასასვლელად ემზადება. ან თუ  “ოპტიმა ისნის” მიდამოებში მოხვდებით, ან ნუცუბიძეზე, ან თამარაშვილზე, ან ყაზბეგზე, იქ ყველგან აქტიურ სამშენებლო პროცესს წააწყდებით… მშენებლობა გრძელდება… სახლები ადამიანებს ელიან, ადამიანები – სახლებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *