მე და ჩემი რობოტი

მე და ჩემი რობოტი

არც ისე შორეულ მომავალში შესაძლოა, თქვენს ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცეს ის, რასაც ახლა აღგიწერთ: სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა ნახოთ, როგორ ასუფთავებს მტვერსასრუტით სასტუმრო ოთახს თქვენი პერსონალური რობოტი. მეორე რობოტი სამზარეულოს იატაკს ხეხავს, მესამე – ქათქათა სარეცხს გიხარისხებთ. ამასობაში მეოთხე რობოტი შეგეგებებათ, დღის განმავლობაში მომხდარ ამბებს გაგაცნობთ, გკითხავთ, რას მიირთმევთ სადილად და თქვენს საყვარელ მუსიკას ჩართავს.

რობოტების მომავალზე ათწლეულებია, ლაპარაკობენ. ეს თემა განხილვის საგანი იყო ჯერ კიდევ მანამდე, სანამ 1962 წელს ამერიკელების საყვარელი ტელესერიალის გმირებად იქცეოდა ჯეტსონების ოჯახი, თავიანთი რობოტი მოახლე როუზით. თუმცა რობოტი მოახლე რეალობად არასდროს ქცეულა, განსაკუთრებით ამერიკაში, სადაც მოსახლეობა მაინც სკეპტიკურად უყურებდა პერსონალური რობოტების შესაძლებლობებს. ახლა კი ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო ხედვა იცვლება. ღია რესურსის რობოტექნიკის, ხელისუფლების მზარდი მხარდაჭერისა და იმ სპეციალისტების დამსახურებით, რომელთაც მედიის შესაძლებლობების ეფექტურად გამოყენება შეუძლიათ, “ავტონომიური სახლი” თანდათან რეალობად იქცევა.

ამ ბოლო რევოლუციის მთავარი სახე დენის ჰონგია, მექანიკური ინჟინერიის პროფესორი, რომელიც ვირჯინიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ჰონგის რობოტექნიკისა და მექანიკის კვლევით ლაბორატორიაში რობოტების ოცამდე სახეობა შეიქმნა. ეს ქმნილებები რას აღარ ჰგვანან: გველს, ობობას და რკინის კაცსაც კი. ჰონგი, რომლის მთავარი გატაცებაც ჯადოქრობაა, ნამდვილი შოუმენია. რობოტექნიკითა და ვიდეოკლიპებით აღჭურვილი, ის უმალ იმსახურებს აუდიტორიის აღტაცებას. მისი ქმნილებები ქვიან ზედაპირზე ხოხავენ, კლავიატურაზე ბეჭდავენ, ფეხბურთს თამაშობენ და მოსაუბრეებს საკუთარ თავს წარუდგენენ. ჰონგს საკუთარ პროექტებზე სასაუბროდ ეპატიჟებიან TED-ის კონფერენციაზე, ნიუ-იორკში ამერიკის საბუნებისმეტყველო მუზეუმში და “დისქავერის” არხზე.

არაა გამორიცხული, რამდენიმე წლის წინ ჰონგის ამბიცია, გაეადამიანურებინა რობოტი, უტოპიად შეერაცხათ. 1960-70-იან წლებში პირველი კომერციულად წარმატებული რობოტების შექმნის შემდეგ სამთავრობო მხარდაჭერა შესუსტდა. ის კომპიუტერული აღჭურვილობა, რომელიც მოახლე როუზის მსგავსი რობოტების შესაქმნელად გახლდათ საჭირო, სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. შესაბამისად, ვირჯინიის უნივერსიტეტში მუშაობის პირველი ორი წლის განმავლობაში ჰონგის ყველა კვლევითი საპროექტო წინადადება უარყვეს.

თუმცა 2006 წელს გამოქვეყნდა ნაციონალური სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამარცხვინოდ ჩამორჩება აზიას ჰუმანოიდი რობოტების დარგში. მას შემდეგ თავდაცვის კვლევითი პროექტების სააგენტოსგან (DARPA), ნაციონალური სამეცნიერო ფონდისგან (NSF) და საზღვაო კვლევების ცენტრისგან ჰონგმა თავისი პროექტების განსახორციელებლად 5 მილიონი დოლარი მოაგროვა.

რობოტექნიკის მიმართ ამ მზარდი ინტერესის გამომწვევი მიზეზი დემოგრაფიული ცვლილებებიც შეიძლება იყოს. iRobot-ის აღმასრულებელი დირექტორი კოლინ ენგლი, რომლის კომპანიაშიც მტვერსასრუტ რობოტებს ამზადებენ, ვარაუდობს, რომ ეტაპობრივად რობოტექნიკა რამდენიმემილიარდიან ბიზნესად იქცევა. ამის მიზეზი კი ნაწილობრივ საზოგადოებაში გაჩენილი მოთხოვნა იქნება ხელმისაწვდომი საშინაო ჯანდაცვის მიმართ. “ეს ინდუსტრია ახლა იდგამს ფეხს და ვითარდება. უამრავ ზემნიშვნელოვან ბიზნესგეგმას, იდეასა და კონცეფციას ცდიან”, – ამბობს ენგლი.

ადრე შექმნილი რობოტებისგან განსხვავებით, ამ ცდების უმრავლესობა ღია რესურსის კომპიუტერული და პროგრამული უზრუნველყოფით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესში გაცილებით მეტ გამომგონებელს შეუძლია ჩართვა. IRobot-მა რობოტების დიზაინერების, პროგრამების შემქმნელებისა და ამ დარგის სხვა სპეციალისტებისთვის სპეციალური პლატფორმაც შექმნა: AVA სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებული რობოტია, ტაბლეტი კომპიუტერი “თავითა” და ბორბლებიანი ტანით და მას იგივე როლი აკისრია რობოტექნიკაში, რაც ლინუქსს – კომპიუტერებში.

AVA-ს “ტვინი” შედგება ან Google-ის ანდროიდ ტაბლეტისგან, ანდა – iPad-ის. ენგლი ფიქრობს, რომ “ინტერნეტიდან ჩამოტვირთვად” რობოტებსა და საშინაო უსაფრთხოებისა და სამედიცინო აპლიკაციებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. “უამრავ ადამიანს შეუძლია შექმნას სპეციალური აპლიკაციები, რაც AVA-ს შესაძლებლობებს გაამრავალფეროვნებს”, – ამბობს ის.
გამოდის, რომ AVA იმავე გზას დაადგება, რასაც PR2-ი. PR2 – ეს გახლავთ ადამიანის ზომის რობოტი, რომელიც სილიკონის ველის კომპანია Willow Garage-მა 2010 წელს გამოუშვა. ორი მხრითა და ბორბლებით აღჭურვილი PR2 ROS-ზე მუშაობს. ROS კი ღია რესურსის რობოტების საოპერაციო სისტემაა, რომლის გავრცელებაც ზემოთ ხსენებულმა კომპანიამ სრულიად უფასოდ 2007 წლიდან დაიწყო. Willow Garage-მა 11 ცალი PR2-ი მსოფლიოს გარშემო სხვადასხვა ინსტიტუტს გადასცა, 5 ცალი კი გაყიდა. კომპანიის მიზანი PR2-ისთვის სპეციალური აპლიკაციების შექმნაა. მაგალითად, ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, შექმნეს პროგრამა, რომელმაც რობოტს წინდებისა და პირსახოცების დაკეცვა ასწავლა.

Willow Garage-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი სტივ კოზინსი პარალელს პერსონალური კომპიუტერების ინდუსტრიის ადრეულ ხანასთან ავლებს. “1970-იანი წლების მეორე ნახევარში შეიქმნა Homebrew Computer Club-ი , ახლა კი Homebrew Robotics Club-ი გვაქვს”. მომავალი PR2-ები შეგვიძლია სერვისინდუსტრიასა და სახლშიც დავასაქმოთ.

ვირჯინიაში კი, ჰონგის ლაბორატორიაში, ცოტა ხნის წინ დაახლოებით 46 სმ სიმაღლის ჰუმანოიდი შექმნეს, რომელიც სტანდარტული ნაწილების მეშვეობით რამდენიმე დღეში შეიძლება აეწყოს. ჰუმანოიდს 1.6 გიგაჰერცის Intel Atom-ის პროცესორი, გიროსკოპი და აქსელერომეტრი აქვს – წონასწორობისთვის და 2- მეგაპიქსელიანი კამერა – საგნების გარჩევისთვის. მზა ვერსია 12 ათასი დოლარი ღირს, რაც აშკარად ხელსაყრელი ფასია იმ კოლოსალურ თანხებთან შედარებით, რასაც კვლევით რობოტებზე ხარჯავენ (Willow Garage-ის PR2 280 ათასიდან 400 ათას დოლარამდე ღირს).

ახლა რობოტი DARwIn-OP გავიცნოთ. მის სახელში აბრევიატურა OP ღია პლატფორმას ნიშნავს, დანარჩენი შემოკლებები კი – ინტელექტის მქონე დინამიკურ ანთროპომორფულ რობოტს. ეს არსება გახლავთ კომპლექსური ძალისხმევის შედეგი იმისთვის, რომ მოხდეს რობოტექნიკული კვლევების უკეთ კოორდინირება ამერიკულ უნივერსიტეტებს შორის. პროექტი ნაციონალური სამეცნიერო ფონდის მიერ გაღებული 1.2 მილიონ დოლარიანი გრანტით ხორციელდება. 35 რობოტი უკვე განაწილებულია 14 ინსტიტუტს შორის, მათ შორისაა ინდიანას საშუალო სკოლაც. ამ სასწავლო დაწესებულებებში DARwIn-OP-ს ისეთი საკითხების კვლევისთვის გამოიყენებენ, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, რობოტების მხედველობა და ენა, შედეგებს კი ერთმანეთს ყოველწლიური ვორქშოფების გარდა, ონლაინ ფორუმებზეც გაუზიარებენ.

DARwIn-ის წინა თაობებისგან განსხვავებით (სულ ამ რობოტის ექვსი თაობა არსებობს), ახალი რობოტი ნებისმიერს შეუძლია იყიდოს, ანდა, თუ ხელმარჯვეობით გამოირჩევა, თვითონვე ააწყოს. სამხრეთ კორეული მწარმოებელი Robotis-ი საჭირო ნაწილებს ონლაინ ჰყიდის, ჰონგის სტუდენტები კი რობოტის წარმოების ილუსტრირებულ სახელმძღვანელოს ადგენენ.

პენსილვანიის უნივერსიტეტში DARwIn-ის მოძრაობის ალგორითმი ისე გადააკეთეს, რომ ახლა მას 30 პროცენტით უფრო სწრაფად სიარული შეუძლია. მას დამატებითი ძრავის მქონე ხელიც დაუმონტაჟეს და ახლა რობოტი ბურთს იღებს და ისვრის. მას შემდეგ რაც ღია რესურსების საშუალებით, DARwIn-ის დასახვეწად სხვადასხვა აპლიკაციების შექმნა ტენდენციად იქცევა, უკვე დადგება დრო, სპეციალისტები უფრო დიდ რობოტებზე გადაერთონ.

RoMeLa-ს მიერ შექმნილი მეტრნახევარი სიმაღლის მქონე CHARLI (კოგნიტური ჰუმანოიდი ავტონომიური რობოტი სწავლის უნარით) გარეგნობით “რკინის კაცისა” და იმ რობოტების ნაზავს ჰგავს, რომლებიც სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან “მე, რობოტი” გვახსოვს. როდესაც შარშან მარტში CHARLI-მ პირველი ნაბიჯები გადადგა, ის გახდა ადამიანის ზომის პირველი მოსიარულე ჰუმანოიდი რობოტი. უფრო მსუბუქი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ვერსიები ახლა დამუშავების პროცესშია. მათი გამოყენება საშინაო საქმეებშიც იქნება შესაძლებელი და ხანდაზმულების, ანდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მოსავლელადაც.

CHARLI-ს უფრო კუნთიანი ბიძაშვილი, სახელად SAFFiR (სრული სახელია Shipboard Autonomous Fire Fighting Robot), აშშ-ს საზღვაო ფლოტის მიერ გაცემული გრანტით, 2.6 მილიონი დოლარით იქმნება და სავარაუდოდ 2013 წელს დასრულდება. SAFFiR-ი ისე აწყობილი, რომ მას ადამიანთან უფრო მიმსგავსებული მოძრაობები აქვს და ვიწრო გემბანზეც კი შეუძლია მანევრირება ხელში ცეცხლჩამქრობით.

SAFFiR-ი წყალგაუმტარიცაა, ასე რომ, თუ სამომავლოდ მის ყიდვას შეძლებთ, ჭურჭელსაც დაგირეცხავთ და თუ რამეა, სარდაფში გახეთქილ წყლის მილსაც მიხედავს.

 

Homebrew Computer Club კომპიუტერების მოყვარულთა არაოფიციალური დაჯგუფება იყო, რომელიც ამ სახეწლოდებით სილიკონ ველიში 1975 წლის 5 მარტიდან 1986 წლის დეკემბრამდე იკრიბებოდა. ამ კლუბიდან შემდეგ რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ჰაკერი და IT სპეციალისტი გამოვიდა, მათ შორის არიან Apple Inc.-ის დამფუძნებლებიც.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *