რა დაგვანახვა თიბისის საქმემ

რა დაგვანახვა თიბისის საქმემ

ბოლო რამდენიმე კვირაა, საქართველოში ბევრს საუბრობენ თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლების გარშემო განვითარებულ სკანდალზე. სიტყვა “სკანდალი” ტყუილად არ მიხმარია. ეს მოვლენები სერიოზულ უკანონობასა და ხელისუფლებაში მყოფთა დანაშაულზე მიგვითითებს.

ვიცი, ეს მძიმე სიტყვებია. შევეცდები ავხსნა, თუ რატომ ვფიქრობ ასე. თუმცა მანამდე რამდენიმე დაშვების გაკეთებას ვერ ავცდები. დაშვებები დაგვჭირდება, რადგან ამ ამბის ობიექტური გამოძიება არ ჩატარებულა და, დიდი ალბათობით, არც ჩატარდება. ამავე დროს ჩვენი, როგორც დამკვირვებლის, წყაროები მხოლოდ დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები და გამოქვეყნებული დოკუმენტებია. მათი მტკიცებულებითი ღირებულება კი უფრო თითოეული ჩვენგანის რწმენის საკითხია, ვიდრე სასამართლოში ნაჩვენები, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული რამ.

ჩემი რწმენით და იმაზე დაყრდნობით, რაც ვნახე და მოვისმინე, შემდეგი რამ მოხდა:

რაღაც მომენტში მამუკა ხაზარაძესა და ბიძინა ივანიშვილს  ურთიერთობა მკვეთრად გაუფუჭდათ. დიდი ალბათობით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ივანიშვილის ოდესღაც ფავორიტი და მოულოდნელად “ფავორიდან” გადავარდნილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ხაზარაძის სიახლოვე იყო. კვირიკაშვილის გადადგომიდან მალევე თიბისი ბანკზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა. ამ შეტევის წარმომავლობა სამთავრობო სტრუქტურებიდან (შენობიდან, სადაც ერთ დროს კავშირგაბმულობის სამინისტრო იმყოფებოდა) ჩანს. ამ შეტევის გამოძიება, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს, რაც ეჭვს მის წარმომავლობაზე კიდევ უფრო ამყარებს. მოგვიანებით ამას დაემატა ივანიშვილის აღქმა, რომ ხაზარაძემ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპოზიციის დახმარება დაიწყო. არჩევნების მეორე ტურამდე რაღაც დროს “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ მამუკა ხაზარაძე ალიანსშია “ტვ პირველის” დამფუძნებელთან, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელთან. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგით შეშინებულმა ივანიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას საშუალებით (ან თვითონ გახარიამ) ხაზარაძეს “ქართული ოცნებისადმი” მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირება და “ტვ პირველის” “იმედიზაცია” მოსთხოვა. ხაზარაძეზე მრავალფრონტიანი შეტევის გასაძლიერებლად პროკურატურასა და ეროვნულ ბანკს დაევალათ “რამე ეპოვნათ” თიბისისა და “ტვ პირველის” დამფუძნებლებზე და მათ შორის კავშირზე. პროკურატურა და ეროვნული ბანკი მორჩილად შეუდგა ამ დავალების შესრულებას და 11 წლის წინანდელი ბანკის რეკაპიტალიზაციის ტრანზაქციას მიაგნო. მოუქნელად ჩატარებული ეს საკმაოდ უვნებელი გარიგება პროკურატურამ, არც მეტი, არც ნაკლები, ფულის გათეთრებად მოიხსენია. ამ ბრალდების აბსურდულობა აშკარაა, რადგან თანხების წყარო ამ გარიგებისთვის თვით თიბისი ბანკია, რაც გამორიცხავს ფულის “სიშავეს” და, შესაბამისად, მისი გათეთრების ქმედებასა თუ მცდელობას. ნებსით თუ უნებლიეთ, “ქართული ოცნების” ბრძოლა მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სერიოზულ ზიანს აყენებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. ამ პროექტისათვის ფინანსირების მოძიების პროცესის ზუსტი დეტალები უცნობია, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ მოსაზიდი თანხა უპროცედენტოდ დიდია ($500 მილიონს აღემატება) და პროექტის წარმატების წინაპირობა ტვირთგადაზიდვების რეგიონალური ბიზნესის დრამატული ცვლილებაა. ასეთი პროექტისათვის საქართველოს პირობებში ფულის მოძიება მხოლოდ მთავრობისაგან ასპროცენტიანი მხარდაჭერის პირობებშია შესაძლებელი. ამის ნაცვლად ჩვენ, და რაც მთავარია, პოტენციური დამფინანსებლები, ვხედავთ მთავრობის მტრობას პროექტის ლოკომოტივის, მამუკა ხაზარაძის მიმართ. და თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან აქა-იქ ამ პროექტისადმი ნელთბილი მხარდაჭერის სიტყვებიც ისმის, ჭკვიანი ინვესტორები ქმედებებს გაცილებით მეტ წონას ანიჭებენ, ვიდრე სიტყვებს.

შეუძლებელია იმის თქმა, რომ მოვლენები ზუსტად ისე განვითარდა, როგორც მე ზემოთ აღვწერე. თუმცა ჯერჯერობით არაფერი მომხდარა ისეთი, რაც ამ სცენარისადმი ჩემს რწმენას შეარყევდა.

ამ ამბების ჩემი შეფასება ასეთია:

1.  ”ქართული ოცნების” კორპორაციული კულტურა ძალიან ჰგავს სამეფო კარისას.

 ”მეფეს”, ბიძინა ივანიშვილს, განუზომელი გავლენა აქვს მის “ქვეშევრდომებზე”. ეს “ქვეშევრდომები” ერთმანეთთან მუდმივ კონკურენციაში არიან “მეფის” კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამ კონკურენციაში წარმატების კრიტერიუმები ბუნდოვანია და ცვლადი. ყველაზე საიმედო სტრატეგია “მეფისადმი” სრული მორჩილების ხშირი და თანამიმდევრული დემონსტრირებაა.

“ქვეშევრდომთა” მიერ გამოვლენილი ოდნავი დამოუკიდებლობის ნიშნებიც კი მკაცრად ისჯება და ამ სასჯელისგან ვერც შედარებითი კომპეტენცია ან პოლიტიკური რეიტინგი დაგიცავს. “მეფის” რისხვა, როგორც წესი, ირაციონალური და მოულოდნელია. შერისხული კი ოდნავ კი არ დაქვეითდება, ის პირდაპირ მიწას ენარცხება და პირწმინდად კარგავს გავლენებსა და ძალას. ეს სრული დაკნინება ეხება ყველას, ვინც მასთან ახლობლობდა და პარტნიორობდა და ვისაც ის ლობირებდა. ასე მოუვიდა კვირიკაშვილს, რომლის სიმბოლურ ნანგრევებშიც მამუკა ხაზარაძეც მოჰყვა. 

2. ივანიშვილს მკაცრი კონტროლის ქვეშ ჰყავს მსხვილი ქართული ბიზნესი.

ბატონი ბიძინა სიამოვნებით ასრულებს გამრიგებლის როლს მსხვილ ქართველ ბიზნესმენებს შორის. როგორც ამ ბიზნესმენებს, ისე თვით ივანიშვილს არაერთხელ მოუყოლიათ მის სასახლეში სხვადასხვა საქმიანი საკითხის განხილვის შესახებ. მაგალითად, როგორც ხაზარაძის მონაყოლიდან ჩანს, თვით თიბისიმაც “ბანკ რესპუბლიკის” შესყიდვის ფაქტობრივი უფლება ასეთივე შეხვედრაზე მიიღო (იმ მცირე დამატებითი პირობით, რომ პაკეტში “პროგრესბანკიც” უნდა შეეძინა). ამ ეპიზოდში ჩანს, რომ ეროვნული ბანკი მხოლოდ ფორმალურადაა საბანკო სექტორის მარეგულირებელი და ამ როლსაც ივანიშვილი ითავსებს.

მსხვილი ბიზნესის დამორჩილებას ივანიშვილის შემთხვევაში არასტანდარტული მიზანი აქვს. მე არ მგონია, ის ამას ფინანსური მოგებისათვის აკეთებდეს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, არ გამოეპაროს მოვლენების ისეთი შესაძლო განვითარება, როცა ბიზნესმენები ოპოზიციურ პარტიებს დააფინანსებენ ან თვითონ გადაწყვეტენ პოლიტიკაში წასვლას. მეტიც, ის ალბათ დაცულობასა და ხელშეუხებლობას ჰპირდება მსხვილ ბიზნესს ისე, რომ ვერც კი ხვდება, რომ ეს მოდელი ნამდვილი ეკონომიკური თავისუფლებისაგან ძალიან შორსაა. ჯერ ერთი, რა ქნას საშუალო, წვრილმა ბიზნესმა, რომელსაც ივანიშვილთან აუდიენციაზე არავინ შეუშვებს. მეორეც, ივანიშვილთან ეს იძულებითი სიახლოვე “დიდი ბიჭებისთვისაც” საშიშია – სანამ ბიძინა გწყალობს, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვინ იცის, როდის და რატომ შეიძლება ეს მოწყალება რისხვად გადაიქცეს. ეს ურთიერთობა მთვლემარე ლომთან გალიაში ყოფნას ჰგავს – მის გაღვიძებამდე.

3. მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხის ნაცვლად ივანიშვილს ემსახურება

 ამის შესახებ ადრეც ბევრი თქმულა და დაწერილა. ივანიშვილის მიერ “სახელმწიფოს მიტაცებაზე” უკვე საერთაშორისო არასამთავრობოებიც ალაპარაკდნენ.

თიბისის ეპიზოდმა აჩვენა:

  • საეჭვოდ სწრაფი და ჰარმონიული კოორდინაცია სებ-ის, პროკურატურისა და სხვა სახელმწიფო სააგენტოებს შორის მაშინ, როცა ეს ბატონ ივანიშვილს სჭირდება;
  • კიდევ ერთხელ და ფაქტობრივად დადასტურებული შინაგან საქმეთა მინისტრ გახარიას სრული ჩართულობა საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” მხარეს;
  • ”ქართული ოცნების” მიერ ტროლებისა და ჰაკერების ფართოდ, ხშირად უნიჭოდ და ხანდახან თავხედურად გამოყენება და ამ მიზნით მათთვის სახელმწიფო შენობების დათმობა.

 

მთავარი კი, რაც თიბისის ეპიზოდმა გააკეთა, არის ის, რომ “სამზარეულოში შეგვახედა” და დაგვანახვა, რომ დღევანდელ საქართველოში ცუდი გარემოა ბიზნესის კეთებისთვის. მართვის ასეთი მოდელით სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე ვერც ვიოცნებებთ, სიღარიბიდან ვერ ამოვალთ და სამართლიან საზოგადოებას ვერ შევქმნით.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “სკანდალი” მსუბუქი სიტყვაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *