როგორ შევქმნათ უკეთესი ტესლა?

როგორ შევქმნათ უკეთესი ტესლა?

თუკი ელონ მასკი ტონი სტარკია, მაშინ Rivian-ის დამფუძნებელი რ. ჯ. სქერინგი არის კლარკ კენტი. გაიცანით ჩუმი ანტრეპრენიორი, რომლის აკუმულატორზე მომუშავე ჯიპები და პიკაპები ელექტრობით მუხტავენ საავტომობილო ინდუსტრიას.

ლოს-ანჯელესის ნოემბრის ავტოშოუს განხილვის მთავარი საგანი არ იყო Mercedes-Benz-ი, Porsche, BMW ან სხვა რომელიმე ცნობილი ლუქს-კლასის მანქანა. ხმაური ატყდა ელექტრომობილების ნაკლებად ცნობილი მწარმოებლის, მიჩიგანის შტატის ქალაქ პლიმუტში ბაზირებული Rivian Automotive-ის გარშემო. ელექტრომობილების ტექნოლოგიაზე მუშაობის თითქმის ათი წლის შემდეგ კომპანიამ წარმოადგინა თავისი აკუმულატორზე მომუშავე პირველი ორი ავტომობილი: R1S – 7-ადგილიანი სპორტული ყველგანმავალი და R1T – პიკაპის ტიპის სატვირთო ავტომობილი.

აქტიური ადამიანებისთვის შექმნილი ეს ეგრეთ წოდებული სათავგადასავლო ავტომობილები გამოირჩევა რეინჯ როვერის ესთეტიკით: გამძლეობით, მოხერხებულობითა და მდიდრულობით – და ამასთან აღჭურვილია ისეთი მაღალტექნოლოგიური რესურსებით, როგორიცაა ინტერნეტი და მძღოლის უსაფრთხოების ავტონომიური ფუნქციების მთელი სპექტრი.

“თავგადასავალი სიცოცხლეა, – ამბობს რ. ჯ. სქერინგი, Rivian-ის 36 წლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. – თქვენ შეიძლება მიდიოდეთ სათევზაოდ ან გოლფის სათამაშოდ, ან შეიძლება ოჯახი გაგყავდეთ ქალაქგარეთ ლანჩზე”.

სქერინგის სასიყვარულო რომანი, როგორც თავად ეძახის “საგნებთან, რომლებიც გადაადგილდება”, მის ბავშვობაში დაიწყო. როგორც კი ხელსაწყოების ხელში დასაჭერად საკმარისად წამოიზარდა, მეზობელს დაეხმარა Porsche 356s-ის აღდგენაში, ფლორიდის ქალაქ მელბურნში მდებარე თავის ავტოფარეხში. “ჩემი რჩეული იყო 1950-იანი წლების ბოლოს Speedster”, – ამბობს სქერინგი. საშუალო სკოლაში იგი უკვე შეპყრობილი იყო იდეით, შეექმნა ავტომობილების საკუთარი ბრენდი და შეიძინა კიდეც ამისათვის საჭირო ცოდნა, როდესაც ინჟინერ-მექანიკოსის დოქტორის ხარისხი დაიცვა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პრესტიჟულ სლოუნის საავტომობილო ლაბორატორიაში. 

თუმცა იმედისმომცემი ავტომწარმოებელი მალე შევიდა საკუთარ თავთან კონფლიქტში. “იმედგაცრუებაა, როდესაც იცი, რომ ის, რაც გიყვარს, ამავდროულად აბინძურებს ჰაერს და იწვევს ყველა სახის პრობლემას, გეოპოლიტიკური კონფლიქტებით დაწყებული, სმოგითა და კლიმატის ცვლილებით დამთავრებული”, – ამბობს სქერინგი. ამიტომ მან კურსი შეცვალა და ფოკუსირება ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომანქანებზე გადაწყვიტა.

ნელა დაძრული სტარტაპი Rivian-ი, 2009 წელს დაფუძნდა და სპორტული ელექტრომობილი კუპეს შემუშავება დაიწყო, “რომელიც ძალიან ჰგავდა Tesla-ს როდსტერს”, აღიარებს სქერინგი. თუმცა რამდენიმე წელიწადში ეს გეგმაც თაროზე შემოდეს. “ჩვენ არ ვქმნიდით რაღაცას, რაც მსოფლიოს მართლაც სჭირდებოდა, რაიმე განსხვავებულს იმისგან, რაც უკვე იყო ბაზარზე”, – ამბობს იგი. ახალგაზრდა მეწარმემ კიდევ ერთხელ უშიშრად შეცვალა მიმართულება, გადახედა კომპანიის მისიას მობილობის მომავალთან მიმართებით და აქცენტი ლუქს-კლასის ყველგანმავლის შექმნაზე გადაიტანა.

მაინც რატომ სჭირდება ნებისმიერი მანქანის შექმნას თითქმის ათწლეული?

“მწკრივში ვალაგებდით ყველა რგოლს”, – ამბობს სქერინგი. რგოლებში იგულისხმება ეტაპები, როგორიცაა ტექნოლოგიის შემუშავება, ძლიერი ბიზნესგეგმის შეკვრა, ორგანიზაციის შექმნა, მიწოდების ჯაჭვისა და წარმოების სისტემის ჩამოყალიბება. ასევე წლები დასჭირდა ინჟინრებისა და დიზაინერების ოცნების გუნდის შეკვრას, რომელთა შორის არის მარკ ვინელზი, Rivian-ის საინჟინრო დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც McLaren-დან მოვიდა (იქ მან შექმნა ძალზე პოპულარული 720S და MP4-12C) და ჯეფ ჰამუდი, Jeep-ის დიზაინის ვიცე-პრეზიდენტი და ვეტერანი, სადაც მას გრანდ ჩეროკისა და რანგლერის ზედამხედველობა ევალებოდა.

თავისი ელექტროოცნებების დასაფინანსებლად სქერინგმა $450 მილიონი მოიზიდა სამი მსხვილი ინვესტორისგან, ესენია: Abdul Latif Jameel საინვესტიციო ჯგუფი საუდის არაბეთიდან, რომელსაც აქვს ძლიერი კავშირები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან; იაპონური კორპორაცია Sumitomo და ლონდონის Standard Chartered Bank-ი.

Rivian-ი 700-მდე ადამიანს ასაქმებს. მათგან ნახევარზე მეტს – პლიმუტის საინჟინრო ცენტრში; დანარჩენების უმრავლესობას – კალიფორნიაში, სან-ხოსესა და ირვინის ტექნიკურ ცენტრებში, ხოლო რამდენიმე ადამიანი დასაქმებულია დიდ ბრიტანეთში მდებარე საინჟინრო ოფისში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მუშახელის რაოდენობა კიდევ გაიზრდება, ვინაიდან კომპანია წარმოების მოცულობის გაზრდას აპირებს თავის ახალ ობიექტზე დაბა ნორმალში (ილინოისი), Mitsubishi-ს ყოფილ ქარხანაში, რომელიც Rivian-მა 2017 წელს $16 მილიონად შეიძინა.

ტექნიკური თვალსაზრისით, R1T და R1S ძალიან მსგავსია. ორივე ეფუძნება ერთსა და იმავე სკეიტბორდის სტილის შასის (რაც ნიშნავს, რომ ყველა მექანიკური კომპონენტი – აკუმულატორი, ტრანსმისია, დაკიდება მასში არის ინკორპორირებული). ამ მანქანებს აქვთ პრეტენზია, შემოგვთავაზონ გამორჩეული საექსპლუატაციო მახასიათებლები, მათ შორის გარბენის მანძილი 400 მილი, რაც თითქმის 75 მილით მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ელექტრომობილისა, რომლებიც ამჟამად მოძრაობს გზაზე ან კონვეიერის ხაზიდან აპირებს ჩამოსვლას უახლოესი ორი წლის განმავლობაში. ორივე გპირდება მართვის განსაკუთრებულ მახასიათებლებსა და სპორტული მანქანის სიჩქარეს – ორივეს შეუძლია, აჩქარდეს ნულიდან 100 კილომეტრამდე 3 წამში. უპირველეს ყოვლისა, Rivian-ი გვპირდება ნამდვილი ყველგანმავლის შესაძლებლობებს. აბა სცადეთ, ატაროთ თქვენი ტესლა სანაპიროს დიუნებზე ან კლდოვან გორაკებზე.

პიკაპის საბაზისო ფასი დაახლოებით $68,000 იქნება, ხოლო ჯიპისა _ $72,500 (საგადასახადო შეღავათი ორივეს ეხება). მართალია, Rivian-ი არ ამხელს წინასწარი შეკვეთების ციფრებს, მაგრამ ცნობილია, რომ კომპანიას აქვს ამბიციური გეგმა, 20,000 ერთეული გამოუშვას (ყველგანმავლები და სატვირთო მანქანები ერთად) 2021 წელს და 40 ათასი – 2022 წელს, რაც გაყიდვებისას შეადგენს დაახლოებით $1.4 მილიარდსა და 2.8 მილიარდ დოლარს შესაბამისად. შედარებისათვის, Tesla-მ გაყიდა 22,000 ერთეული S მოდელი თავისი პირველი წლის განმავლობაში და დაახლოებით 25,000 ერთეული X მოდელი, ამ უკანასკნელის დებიუტისას.

როდესაც მომავალ წელს დაბა ნორმალში პროდუქციის გამოშვება დაიწყება, კომპანია Tesla-ს მსგავსად აპირებს მიჰყიდოს პროდუქცია პირდაპირ მომხმარებელს და ასევე სტრატეგიულად განათავსოს რამდენიმე სადემონსტრაციო მაღაზია ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე, რათა Rivian-ის სახელი თვალში ხვდებოდეს პოტენციურ მომხმარებელს. მეტი ვარიანტის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ხუთადგილიანი ყველგანმავლის გამოსაშვებად. კიდევ მეტი სათავგადასავლო მოდელები მოგვიანებით გამოვა, ამბობს სქერინგი, რომელიც ფრთხილობს, რათა დაპირებებით არ გადააჭარბოს: “მე, როგორც წესი, არ ვუყვები უცხოს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. მოდი, შედეგებს მივანდოთ საუბარი”.

პოტენციურად უფრო მეტი შემოსავლის ნაკადს შემოიტანს Rivian-ის ტექნოლოგიების მიყიდვა ავტომწარმოებლებისა და ტექნიკური კომპანიებისათვის. “ჩვენ შეგვიძლია ლევერიჯით გავყიდოთ ჩვენი სკეიტბორდ ტექნოლოგია – მთლიანად ან ცალკეულ ნაწილებად, როგორიცაა, მაგალითად, აკუმულატორის ბლოკი”, – ამბობს სქერინგი. მართალია, რაიმე პარტნიორობის შესახებ ოფიციალურად არაფერი გაცხადებულა, Rivian-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს ცნობილ ბრენდთან, რომელიც არ არის ტრადიციული ავტომწარმოებელი _ მაგრამ არ გამორიცხავს რომელიმესთან თანამშრომლობას უახლოეს მომავალში და Rivian-ს 2019 წლის პირველ კვარტალში ახალი ინვესტიციების მიღების იმედი აქვს.

“რ.ჯ-მ შექმნა კომპანია, რომელსაც შეუძლია იმუშაოს ათ ცენტზე”, – განმარტავს ჯონ შუკი, Rivian-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და ტოიოტას ყოფილი წარმოების მენეჯერი აშშ-სა და იაპონიაში.

ახლა, როდესაც მისი ოცნება, გამხდარიყო ავტომწარმოებელი, რეალობად იქცა, სქერინგს სჯერა _ მისი, როგორც აღმასრულებელი დირექტორის პრიორიტეტებია: უზრუნველყოს, რომ კომპანიის განვითარების მიმართულება იყოს ნათელი, რომ შერჩეულია სწორი გუნდი, რომ საწარმოო კულტურა ხალხს საშუალებას აძლევს, იმუშაონ იზოლირებისა და ბიუროკრატიის გარეშე. თუმცა გასაჭირის ჟამს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულ ინჟინერს ურჩევნია, ლაბორატორიაში იყოს: “მე ნამდვილად ვიღებ სიამოვნებას ქსელის არქიტექტურაზე ან ჩვენს სკეიტბორდ პლატფორმაზე მუშაობით”. სხვა სიტყვებით, რ.ჯ. სქერინგმა ახლახან დაიწყო მოძრაობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *