შევიყვაროთ გვიან დაწინაურებულები

შევიყვაროთ გვიან დაწინაურებულები

ბოლო თვის სუპერბოულში (ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ფინალი) არც New England Patriots-ის და არც Seattle Seahawks-ის სასტარტო შემადგენლობაში არ იყო ხუთვარსკვლავიანი ახალწვეული. ანუ 44 სასტარტო მოთამაშიდან არც ერთი არ იყო ისეთი, რომელსაც უფროსკლასელობისას უმაღლესი რეიტინგი მიენიჭა.

ვინც გვიან დაწინაურებულებს გულშემატკივრობს, მისთვის სურათი ჩაძიებისას კიდევ უკეთესი ხდება. 247sports-ის (ვებსაიტი, რომელიც ინახავს ინფორმაციას, თუ ვინ ვინ არის უფროსი კლასების სპორტში) მონაცემებით, Seahawks-საც და Patriots-საც სასტარტო შემადგენლობაში სულ ოთხი ოთხვარსკვლავიანი ახალწვეული ჰყავდათ. CBS Sports-ის რეპორტაჟის თანახმად, Seahawks-ის სასტარტოს საშუალო რეიტინგი 2.4 იყო, Patriots-ის კი – 2.3.

ახლა ქვორტერბექებს გადავხედოთ. რასელ უილსონი სამვარსკვლავიანი იყო, როდესაც რიჩმონდში, ვირჯინიაში Collegiate High School-ი დაამთავრა. მან თავისი საკოლეჯო კარიერა ამერიკულ ფეხბურთში North Carolina State-ში დაიწყო, შემდეგ University of Wisconsin-ში გადავიდა და 2012-ში NFL-ის (ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ასოციაცია) დრაფტის მესამე რაუნდში აირჩიეს. ტომ ბრეიდი სწავლის ბოლო წლამდე University of Michigan-ის სასტარტო შემადგენლობაშიც კი არ მოხვედრილა. ის NFL-ის დრაფტის მეექვსე რაუნდში აირჩიეს.

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მტკიცება, თითქოს ამერიკაში მეორე აქტის გმირები არ არსებობენ, სინამდვილეს არ შეეფერებოდა. მაგრამ ფიცჯერალდი ადრე დაწინაურებულთაგანი იყო: ის პრინსტონში სწავლობდა და ცხოვრების მესამე ათწლეულში მიაღწია ლიტერატურულ წარმატებას, თუმცა ეს მისი შემოქმედებითი პიკი გახლდათ. 30 წლის შემდეგ მისი კარიერული დაღმასვლა უკვე აშკარა იყო. წარმოიდგინეთ აღმავლობის გზაზე მყოფი გვიან დაწინაურებულებისა და “მეორე აქტის ვარსკვლავების” მთელი ჯარი, რომელიც მან ცხოვრების ბოლო წლებში იხილა. სრულიად სასოწარკვეთილი ფიცჯერალდი გულის შეტევით 44 წლის ასაკში გარდაიცვალა – იმავე ასაკში, რომელშიც რეიმონდ ჩენდლერმა დეტექტივების წერა დაიწყო. ჩენდლერი 51 წლის იყო 1939-ში, როდესაც მისი პირველი წიგნი, “ძილქუში” გამოქვეყნდა.

ალგორითმების ველი სილიკონის ველს ანაცვლებს

მე ეს ისტორიები შთამბეჭდავად და შთამაგონებლად მეჩვენება. აშშ სხვა განვითარებულ ქვეყნებზე მეტად უწყობს ხელს გვიან დაწინაურებულებს. ყოველ შემთხვევაში, წარსულში ასე იყო. მაგრამ ვშიშობ, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მოძრაობს. დღესდღეობით ჩვენს კულტურაში ძლიერდება ადრე დაწინაურებულთა გმირებად აღქმა. სიუჟეტი დღეს უკვე თითქმის შაბლონურია: ვუნდერკინდი, რომელიც უმაღლეს ქულებს იღებს SAT-ში (ამერიკული უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა), 20 წლის ასაკში სტენფორდს ამთავრებს, ქმნის კომპანიას, შოულობს მილიონებს და ორიოდე წლის შემდეგ ამ საქმეს მილიარდებად ყიდის Google-ზე ან Facebook-ზე.

ადრეული წარმატების დაფასება სწორია. Forbes-ში ჩვენ ამას ყოველწლიურ “30 30-მდე” გამოცემაში და 30-წლამდელთა წარმატებულ კონფერენციებზე ვაკეთებთ. მაგრამ ჩნდება თანამდევი ეფექტი – გვიან დაწინაურებულისთვის ადგილი აღარ რჩება. ის ქრება ამერიკული წარმოსახვიდან, განსაკუთრებით კი ბიზნესთან და, მით უფრო, ტექნოლოგიებთან მიმართებით. ამერიკა საკუთარი ნარატივის ღირებული ნაწილის დაკარგვის საფრთხის წინაშეა და შედეგები არაა ტრივიალური.

იანვარში მე გახლდით პანელ STEM 2.0-ის მოდერატორი კონფერენციაზე, რომელიც ვაშინგტონური ორგანიზაციის, STEM Connector-ის სპონსორობით ჩატარდა. STEM-ი ნიშნავს მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიასა და მათემატიკას. STEM-ის პოპულარიზაციის უკან დგას იდეა, რომ ინდივიდების კარიერებისა და ქვეყნების წარმატება მათი STEM-კომპეტენციის პროპორციული იქნება. ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ეკონომიკის პირობებში ეს საფუძვლიანი მოსაზრებაა, რომელსაც ფაქტები ამყარებს და მათ ცოტა თუ შეედავება.

STEM-კომპეტენციის, როგორც ინდივიდუალური და ეროვნული წარმატების წინაპირობის შესახებ წარმოდგენა ახალი არაა. მაგრამ ბოლო დროს პროგრესი ნულოვანი თუ არა, ნელი ნამდვილად იყო. აშშ საშუალო სკოლის STEM-კომპეტენციის მაჩვენებლით ბევრ ქვეყანას ჩამორჩება. ამერიკული კულტურა არ აფასებს STEM-ის გმირებს ისევე, როგორც ათლეტებს, მსახიობებს ან პოპმომღერლებს. მარკ ცუკერბერგმა ვერ დაიკავა ქვეყნის წარმოსახვაში ისეთი ადგილი, როგორიც სტივ ჯობსმა, ბილ გეიტსმა, ჰენრი ფორდმა და თომას ედისონმა.

რატომ ხდება ასე? ჩემი თეორიაა, რომ დღევანდელობის ტექნოლოგიური ბიზნესის გმირები იმდენად გაუგებრობამდე ჭკვიანები და, ამავდროულად, ახალგაზრდები არიან, რომ ჩვენ შთაგონებას ვერ ახერხებენ. არ იქნება ზედმეტი, ვიკითხოთ, რატომ. ჩემი ვარაუდი: ათწლეულების მანძილზე, სილიკონის ველს მისაბაძ გმირებს შორის გვიან დაწინაურებულებიც, ცხოვრების გზაზე წაბორძიკებულებიც ჰყავდა. მაგალითად, ბილ ჰიულეტი კოლეჯში ძლივს მოხვდა; სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი კოლეჯიდან წავიდნენ; ენდი გროუი ნიუ-იორკში არაპრესტიჟულ კოლეჯში სწავლობდა.

დღესდღეობით სილიკონის ველზე სახიფათო იდეამ გაიდგა ფესვი. კერძოდ: თუ 800 ქულა არ მოაგროვე შენს მათემატიკურ SAT-ში და Harvard-ში, Stanford-ში, CalTech-ში ან MIT-ში არ მოხვდი, ესე იგი იქ შენი ადგილი არაა. შენ არ ხარ ელიტაში. ცხადია, შეიძლება დააარსო ხვალინდელი დღის კომპანია, მილიარდების მოპოვების პოტენციალით, მაგრამ დიდი ალბათობით ვენჩურული კაპიტალი ვერ გიპოვის. სილიკონის ველი ალგორითმულ ველად გარდაიქმნა, რაც ნიშნავს, რომ, თუ იდეალური SAT ქულა არ დააგროვე, ეს გზა უნდა დაივიწყო. არის კი ეს კარგი გზავნილი, თუ ჩვენი მიზანი STEM-კომპეტენციის გაზრდაა?

რიჩ კარლგაარდი FORBES-ის გამომცემელია. მისი ბოლო წიგნი,”რბილი უპირატესობა: სად პოულობენ დიდი კომპანიები გრძელვადიან წარმატებას”, აპრილში გამოქვეყნდა. მისი ადრინდელი სვეტებისა და ბლოგების წასაკითხად ეწვიეთ  WWW.FORBES.COM/KARLGAARD

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *