დაგროვებითი პენსია საქართველოში. ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოწვევები

დაგროვებითი პენსია საქართველოში. ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოწვევები

საქართველო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლას იწყებს. ამაზე საუბარი ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა დღესდღეობით ის უკვე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტში – “საქართველო 2020”-ში არის ასახული. მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენგანს ნათლად ჰქონდეს გაცნობიერებული, რას გულისხმობს დაგეგმილი რეფორმა და მოგვიტანს თუ არა ის რეალურ კეთილდღეობასა და უზრუნველ სიბერეს. ამ თემაზე შესაძლოა მრავალი სტატია ან ბლოგი ვნახოთ, თუმცა მათი უმრავლესობა ვიწრო პროფესიულ ჯგუფზეა გათვლილი და არა მოქალაქეთა დიდ ნაწილზე.

იმისთვის, რომ გავაანალიზოთ არსებული საპენსიო სისტემა და დაგეგმილი რეფორმის ეფექტიანობა, მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ იმ მოდელებს, რომელთა მიხედვითაც უზრუნველყოფილია პენსია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თითოეულ ქვეყანას საპენსიო უზრუნველყოფის განსხვავებული სისტემა აქვს, თუმცა მათი უმრავლესობა შეგვიძლია სამ ძირითად კატეგორიაში გავაერთიანოთ. პირველი, ტრადიციული მოდელი ჩვენთვის ყველაზე მეტად ნაცნობია. მას სხვადასხვა წყაროში მოიხსენიებენ როგორც სოლიდარულ და ასევე, როგორც სოციალურ საპენსიო სისტემას. ეს მოდელი გულისხმობს შრომის ბაზარზე მყოფი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებიდან საპენსიო ხარჯების უზრუნველყოფას. სხვანაირად რომ ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც ვმუშაობთ და ვიბეგრებით, ავტომატურად ვარჩენთ ქვეყნის ასაკოვან მოსახლეობას. საქართველოში, შეზღუდული რესურსებიდან გამომდინარე, არსებული სისტემა მიმართულია მოხუცებულთათვის მხოლოდ მინიმალური სოციალური დახმარების აღმოჩენისკენ და ვერ უზრუნველყოფს მათ რეალურ კეთილდღეობას.

ტრადიციული საპენსიო მოდელის პრობლემურობაზე საუბარი 90-იან წლებში დაიწყო. ამ მხრივ პირველი სიღრმისეული ანალიზი 1994 წელს წარმოადგინა მსოფლიო ბანკმა პუბლიკაციაში Averting The Old Age Crisis: Policies to Protect the Old and Promote Growth. ამავე ნაშრომში დაისვა საკითხი არსებული სისტემის რეფორმირების აუცილებლობასთან დაკავშირებით. მას შემდეგ არაერთმა ქვეყანამ განახორციელა საპენსიო რეფორმა. შესაბამისი ცვლილებები საქართველოშიც სწორედ მსოფლიო ბანკის რეკომენდაციის საფუძველზე და მისი მხარდაჭერით იგეგმება.

დღეს არსებული, ტრადიციული მოდელის კრიტიკისთვის ადგილობრივ დონეზე გამოდგება ის არგუმენტიც, რომ თანაფარდობა შრომისუნარიან მოსახლეობასა და პენსიონერებს შორის დღითი დღე იცვლება. ყოველწლიურად იზრდება პენსიონერების რაოდენობა და, გაეროს პროგნოზების გათვალისწინებით, საქართველოში ეს რიცხვი 2030 წლისთვის დაახლოებით მილიონს მიაღწევს, 2050 წლისთვის კი მოსახლეობის მეოთხედს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ათწლეულში არსებული მოდელით პენსიონერთა უზრუნველყოფა მხოლოდ საბიუჯეტო სახსრებით ყველაზე “გულუხვ” მთავრობასაც კი ძალიან გაუჭირდება.

გასათვალისწინებელია, რომ პენსიის ზრდა არათუ კეთილდღეობის ზრდისთვის, არამედ მისი შენარჩუნებისთვისაც კი აუცილებელია – მზარდი ინფლაციის (ფულის გაუფასურების) პარალელურად, საჭიროა მსყიდველუნარიანობის შენარჩუნებაზე ზრუნვა. მარტივად რომ ვთქვათ, წლევანდელი 100 ლარი საგრძნობლად ნაკლებია შარშანდელ 100 ლარზე, მომავალ წელს კი ამ თანხით, სავარაუდოდ, კიდევ უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენას შევძლებთ. პენსიის ფაქტობრივი მატება ხშირად მის რეალურ მატებას და ზოგჯერ შენარჩუნებასაც კი არ ნიშნავს. თუკი საპენსიო უზრუნველყოფა არსებული მოდელით გაგრძელდება, პენსიონერების რაოდენობის ზრდასთან ერთად, რამდენიმე წლის შემდეგ პენსიის მატება, დიდი ალბათობით, შეუძლებელი გახდება. ცხოვრების შეცვლილ პირობებთან პენსიის ადეკვატურობა უზრუნველყოფილი ვერ იქნება, რაც პენსიონერთა კეთილდღეობის კიდევ უფრო შემცირებას გამოიწვევს. ასეთი სცენარის საშიშროება მით უფრო იზრდება შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, რომელიც წელიწადში რამდენიმე პროცენტსაც ვეღარ აღწევს.

ამასთანავე, საპენსიო უზრუნველყოფის მხოლოდ სახელმწიფო სექტორის გადასაწყვეტ პრობლემად დატოვება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ტვირთს ნიშნავს და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის (ან გაუმართლებელი და საზიანო სახელმწიფო ვალების აღების) საფრთხეს შეიცავს.

საპენსიო უზრუნველყოფის არსებული სისტემის ალტერნატივაა დაგროვებით პრინციპზე დამყარებული მოდელი, რომელიც მოქალაქის მიერ პენსიის ინდივიდუალურ დაგროვებას გულისხმობს. წინა მოდელისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში შრომისუნარიანი ადამიანი, რომელიც იბეგრება, აცნობიერებს, რომ მას წვლილი შეაქვს საკუთარი უზრუნველი სიბერის დაგეგმვაში. შესაბამისად, მას პენსია განესაზღვრება იმის მიხედვით, თუ ცხოვრების განმავლობაში რამდენი იმუშავა, რამხელა იყო მისი ანაზღაურება და ამ ანაზღაურების რა წილი შეჰქონდა საპენსიო ფონდში.

ერთი შეხედვით, ჩანს, რომ აღნიშნული მოდელი ბევრად უფრო სამართლიანია, რადგან ის ითვალისწინებს ინდივიდუალურ ფაქტორებს – წვლილს, რომელიც ადამიანმა შეიტანა საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. რაც მთავარია, ამ შემთხვევაში ადამიანის სიბერე ნაკლებად არის დამოკიდებული კონკრეტული მთავრობის ხედვასა და შეფასებაზე პენსიის ოდენობასთან დაკავშირებით. თუმცა სისტემის გარეთ რჩება ადამიანი, რომელიც ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე ვერ მოხვდა შრომით ბაზარზე და, შესაბამისად, მას არც პენსიის დაგროვების შესაძლებლობა მისცემია.

ბუნებრივია, რომ დაგროვებით მოდელზე გადასვლა მარტივად ვერ მოხერხდება და რომ გარდამავალ ეტაპზე მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოხდეს არსებული რისკების დაზღვევა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ოპტიმალურად შეიძლება მივიჩნიოთ საპენსიო უზრუნველყოფის შერეული მოდელი, რომელიც გულისხმობს პენსიის უზრუნველყოფას როგორც საბიუჯეტო სახსრებიდან, ასევე დაგროვებითი მექანიზმებით. როგორც ჩანს, საქართველოში დაგეგმილი საპენსიო რეფორმა სწორედ აღნიშნულ მოდელზე გადასვლას გულისხმობს. საპენსიო რეფორმის სამსახურის უფროსის, ოთარ ძიძიკაშვილის განმარტებით, ახალ მოდელზე გადასვლა, შენატანების ნაწილში, დაიწყება 2017 წლიდან, რაც, თავის მხრივ, ახალი თაობის პენსიონერების პენსიაზე დაახლოებით 20 წლის შემდეგ აისახება.

ახალი მოდელი გულისხმობს სისტემაში ჩართული დასაქმებული პირის მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტში კვლავ 20%-ის გადახდას, საიდანაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ვალდებულებას, 2% მიმართოს პირის დაგროვებითი ანგარიშისკენ. ამის პარალელურად, მოქალაქე დამატებით 2%-ს რიცხავს საპენსიო ფონდში, დამსაქმებელი კი, თავის მხრივ, კიდევ 2%-ს. შესაბამისად, ვიღებთ მოდელს, სადაც ხელფასის 6% ტოლფასად დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მხრიდან მიემართება დასაქმებულის დაგროვებითი ანგარიშისკენ, რომელსაც კერძო საფინანსო ინსტიტუტები მართავენ. სხვაგვარად შეიძლება ასეც ითქვას: დასაქმებულს ავტომატურად ჩამოეჭრება ხელფასის 22%, თუმცა ეცოდინება, რომ აქედან 4% მის დაგროვებით ანგარიშზე აისახება, რასაც დამატებით დამსაქმებლის მიერ ჩარიცხული 2%-იც დაემატება.

ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია, რომ ამ სისტემაში ჩართვა დასაქმებულისთვის ნებაყოფლობითია და, ამავდროულად, დამსაქმებლის ფინანსურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. როგორც მოდელი გვიჩვენებს, დამსაქმებლის ფინანსური დატვირთვა, ახალ საპენსიო მოდელში ჩართული თანამშრომლის შემთხვევაში, იზრდება მინიმუმ 2%-ით (4%-ით, თუ თანამშრომლის მიერ გადასარიცხი 2%-იც ირიბად მას აწვება, იწვევს რა დამატებით მოთხოვნას ხელფასის ზრდაზე). ბუნებრივია, რომ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, დამსაქმებელი დაინტერესებული იქნება, შეეწინააღმდეგოს მისი თანამშრომლის აღნიშნულ მოდელში ჩართვას.

მექანიზმის პოზიტიური მხარეა ის, რომ თითოეულ დასაქმებულს შეუძლია თვალი ადევნოს თავის პორტფოლიოს. ეს ამ პროცესში მონაწილეობის დამატებით მოტივაციასაც ქმნის.

დაგროვებითი საპენსიო სისტემის კონცეფცია ითვალისწინებს ასევე გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც დაგროვებული თანხის გამოყენება შესაძლებელი იქნება საპენსიო ასაკის მიღწევამდე. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახის წევრის გარდაცვალება და შვილის განათლების დაფინანსება. ეს სისტემის მეორე რისკ-ფაქტორადაც შეიძლება მივიჩნიოთ, რადგან არაერთ მოქალაქეს შესაძლებელია გაუჩნდეს სურვილი, არამიზნობრივად გამოიყენოს ეს მექანიზმი არაკანონიერი გარიგებებისა თუ დოკუმენტაციის გაყალბების საშუალებით. იმისთვის, რომ სისტემამ წარმატებით იფუნქციონიროს, მის ამოქმედებამდე ამ და სხვა რისკ-ფაქტორების სიღრმისეული გაანალიზება და პრევენციაა საჭირო.

როგორც ზემოთ აღინიშნა, რეფორმა ითვალისწინებს არა პირდაპირ დაგროვებით, არამედ შერეულ მოდელზე გადასვლას, რასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს. დღესდღეობით შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით 20% არის დასაქმებული ფორმალურ სექტორში, დანარჩენი კი ან უმუშევარია, ან თვითდასაქმებულია (რეპეტიტორი, ძიძა, სოფლის მეურნეობის სფერო და ა.შ.). აღურიცხავი შემოსავლების მქონენი დაგროვებით საპენსიო სისტემაში ვერ ჩაერთვებიან. აქედან გამომდინარე, გრძელვადიან პერსპექტივაშიც, სახელმწიფო პირდაპირი სუბსიდირების გარეშე ვერ შეძლებს პენსიონერთა სრული შემადგენლობის უზრუნველყოფას. ამდენად, იარსებებს ორი ტიპის პენსია: სოციალური და დაგროვებითი. სოციალური პენსია პირდაპირ დაიფარება საბიუჯეტო სახსრებით, დაფუძნებული იქნება საარსებო მინიმუმზე და მინიმალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იქნება მიმართული. ხოლო დაგროვებითი პენსია შესაბამის ბენეფიციართა უფრო მაღალ კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

მთავრობის წარმომადგენლების თქმით, რეფორმის მნიშვნელოვანი სარგებელი იქნება, რომ ის ხელს შეუწყობს დანაზოგების მოცულობის ზრდას ქვეყანაში და შექმნის დამატებით წყაროს ინვესტირებისათვის, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება. თუმცა, მოსახლეობის მხრიდან, ეს ფაქტორი შესაძლებელია ერთგვარ რისკადაც განიხილებოდეს, ვინაიდან ბუნდოვანია, თუ რა მექანიზმებით და ვინ უნდა მართოს ეს თანხები. შესაბამისად, ჩნდება შეკითხვა, თუ რამდენად დაზღვეული იქნება ეს რესურსი: მაგალითად, ხომ არ გამოიყენებენ მას სხვა მიზნებისთვის კრიზისულ ვითარებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *