ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენები: ვინ ფლობს ტერმინალებს ფოთის პორტში

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანაკლიის პორტის გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმოხილვას აქვეყნებს.

29 მაისს მოულოდნელად გახდა ცნობილი, რომ 2019 წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-მა, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ,  სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ 2018 წლის 11 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დაამტკიცა. მეორე დღეს, 30 მაისს, ეკონომიკის სამინისტრომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირობების დოკუმენტი გააუქმა და მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საკითხი მასთან ან სხვა მთავრობის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა.

TI-ში განმარტავენ, რომ იმ დროს, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტში ამ ეტაპზე ყველზე საკვანძო საკითხი გარანტირებული ტვირთბრუნვაა, ბუნებრივია, მეორე პორტის მშენებლობა აღნიშნულ საკითხს ართულებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ტერმინალის აშენება შეჩერდა, საკითხი არ დახურულა და სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ იმედოვნებს, რომ ახალი ტერმინალის მშენებლობას შეძლებენ”.

„სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ მფლობელი ჰოლანდიური კომპანია - „ეიპიემ ტერმინალს ფოთია“, რომელმაც ფოთის პორტი 2011 წელს შეიძინა.

„2018 წლის 12 იანვარს, „ეიპიემ ტერმინალს ფოთს“ და „ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმს“ (PNTC) შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ახალი ნაყარი ტვირთების ტერმინალის მშენებლობაში. ახალი ტერმინალის აშენება „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კუთვნილ მიწაზე განიხილება.

„ფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმში“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები არიან გაერთიანებული. საქართველოს მხრიდან თამაზ ჩხიკვიშვილია ჩართული, რომელიც 2005 წლიდან დღემდე ფოთის საზღვაო ნავსადგურის მე-5 ტერმინალის გრძელვადიანი იჯარის მფლობელი ფირმის პარტნიორია.

მიმდინარე წლის 7 ივნისს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კლაუს ლოურსენმა განაცხადა: „არავინ ფიქრობს, რომ ქვეყანას ორი ღრმაწყლოვანი ნავსადგური სჭირდება. ამისთვის საკმარისი ტვირთი არ არსებობს“. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ „ეიპიემ ტერმინალსმა“ რამდენიმე წლის წინ სწორად ვერ გათვალა ტვირთბრუნვის პერსპექტივა.

2017-2018 წლებში საქართველოს ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების წონა (ტონებში) 14%-ით შემცირდა, თუმცა, ამავე პერიოდში, გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა (TEU[1) 38%-ით გაიზარდა და 454 ათას TEU-ს მიაღწია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში, 2018 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით კონტეინერების რაოდენობა 37%-ით არის გაზრდილი. 10%-ით არის გაზრდილი წონაში გამოხატული გადამუშავებული ტვირთის მოცულობა.

ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების ტერმინალებს კომპანია „პეტროკასი” ფლობს, რომლის 49%-ის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანია „როსნეფტია”. „როსნეფტი” ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზეც საქმიანობს, რითაც იგი, სავარაუდოდ, არღვევს საქართველოს კანონს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".

ფოთის პორტში 8 ნავმისადგომს და ტერმინალს „პეის ჯგუფი“ ფლობს. „პეის ჯგუფში“ 9 კომპანია ერთიანდება, რომლებიც სხვადასხვა სახის მომსახურებას წევენ. „პეის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა - ირაკლი კერვალიშვილმა ყურადღება გასულ წელს მიიქცია, როდესაც ყოფილი გენერალური პროკურორიდან - ოთარ ფარცხალაძესგან 2 მილიონ ლარად  შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილი შეიძინა. ირაკლი კერვალიშვილი (ფლობს შპს „პეის ჯორჯიას“ 38%-ს) და ასევე „პეის ჯგუფის“ კომპანიების სხვა პარტნიორები პარტია „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველები არიან. 2017 წელს ირაკლი კერვალიშვილმა „ქართულ ოცნებას“ 60 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს შესწირა 60 ათასი ლარი. „პეის ჯორჯიას“ 38%-ის მფლობელმა ლაურა ლარიონიმ ასევე 60-60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ და სალომე ზურაბიშვილს 2017-2018 წლებში. ანალოგიური შემოწირულობა განახორციელა კერვალიშვილის კიდევ ერთმა პარტნიორმა - ირაკლი თათეიშვილმა („პეის ჯორჯიას“ 10%). თეიმურაზ კერვალიშვილმა („პეის ჯორჯიას“ 10%) 60 და 50 ათასი ლარი შესწირა. თამაზ კაპანაძემ („პეის ჯორჯიას“ 4%) 60 ათასი ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას’ 2017 წელს. შპს „პეის ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიის შპს „ტრანსფორდის“ დირექტორმა აპოლონ ბჟალავამ 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს შესწირა 20 ათასი ლარი. შპს „პეის ტერმინალის“ დირექტორმა დავით ნადირაშვილმა 2017 წელს „ქართულ ოცნებას“ 30 ათასი ლარი, ხოლო 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს 10 ათასი ლარი შესწირა.

მთლიანობაში, კომპანიის ყველა მეწილემ 2017-2018 წლებში სახელისუფლებო პარტიას და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს 620 ათასი ლარი შესწირეს.

ფოთის პორტში წარმოდგენილია ჩინური კომპანიის ინტერესებიც. 2017 წელს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75%-იანი წილის მფლობელი ჩინური კომპანია CEFC China Energy გახდა. ინდუსტრიული ზონის მუშაობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ფოთის პორტის ტვირთბრუნვაზე. 2014-2016 წლებში CEFC სწრაფად მზარდი კომპანია იყო, რომლის ბრუნვამ 2016 წელს 40 მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა, 2017 წელს CEFC-ის ერთ ერთი ხელმძღვანელი პირი პატრიკ ჰო ნიუ იორკში დააპატიმრეს. მას ბრალად ჩინური კომპანიის სასარგებლოდ აფრიკის ქვეყნების თანამდებობის პირების მოქრთამვა წაუყენეს. ასევე, CEFC-ის იარაღით ვაჭრობასა და ირანის სანქციებისთვის თავის არიდებას ედავებიან. ძებნაშია კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი იუ ჟიანმინგი, რომელიც 2016 წელს საქართველოშიც იყო ჩამოსული და პრემიერ მინისტრს შეხვდა.

მაშინ როდესაც, CEFC უკვე იყო გახვეული საერთაშორისო კორუფციულ სკანდალებში, 2018 წლის თებერვალში საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი CEFC Energy Company Limited-ის რეგიონული პროექტების მართვის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა. მიმდინარე წლის 5 მარტს კი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის თანამდებობაზე.

CEFC-ის საქართველოში შემოსვლის მოლაპარაკებებში ჩართული იყო ქართველი ბიზნესმენი ივანე ჩხარტიშვილი. ჩხარტიშვილი 2016 წლის 3 ოქტომბერს დაფუძნებული „საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული განვითარების ცენტრის’ აღმასრულებელი დირექტორია. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული განვითარების ცენტრმა ერთობლივი ინიციატივით დაარსეს „საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია’, რომლის საპატიო პრეზიდენტად 2016 წლის 18 ოქტომბერს CEFC China Energy-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯიანჯუნ ზანგი აირჩიეს - ვკითხულობთ არასამთავრობოს მიმოხილვაში.

ჩვენ გირჩევთ

მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 632 მილიონი ლარით გაიზარდა

შემცირდა თუ არა, 2012 წლის შემდეგ, ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 400 000-ით?

მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 632 მილიონი ლარით გაიზარდა

მაისში საქართველოს სახელმწიფო ვალი 632 მილიონი ლარით გაიზარდა

წინა სტატია

Gürcistandan geçerek Azerbaycan doğalgazı AB sınırına ulaştı
18 ივნისი, 2019

შემდეგი სტატია

Shilda Winery: Energy Efficient Winery in Georgia
19 ივნისი, 2019
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | ივლ, 20, 2020
"ან მდიდარი უნდა იყო, ან მდიდრის მეზობელი" – უმსხვილესი თურქი ინვესტორის, გალიფ ოზთურქის გეგმები საქართველოში
ინტერვიუ | ივლ, 07, 2020
ბათუმის ახალი პერსპექტივა
ბიზნესი | ივლ, 21, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker