ელიტური ბროკერი

ელიტური ბროკერი

“რენტალსი” 10 წელია, ქვეყანაში პრემიუმ-კლასის მსურველთა მისამართებს განსაზღვრავს, თუმცა 50 საერთაშორისო კომპანია და 25 საელჩო ზურაბ ერისთავისთვის მხოლოდ დასაწყისია.

კომპანია, რომელზეც დღეს მოგიყვებით, საბინაო და კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე გამოკვეთილი ლიდერია, თუმცა ის ფართო საზოგადოებისთვის აქამდე ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ჩრდილში ყოფნასაც და ჩრდილიდან პირველად ქართული “ფორბსის” ფურცლებზე გამოსვლასაც თავისი მიზეზები აქვს.

“ჩვენი მუშაობის სპეციფიკა საკმაოდ განსხვავებულია”, – ასე იწყებს კომპანია “რენტალსის” საქმიანობის ახსნას მისი დამფუძნებელი ზურაბ ერისთავი. ყველა სიტყვაზე ეტყობა, რომ ამ საქმეში დიდი დრო, ენთუზიაზმი და ინვესტიცია აქვს ჩადებული, ამიტომ მთელი მონდომებით ცდილობს, ამ საქმის არსში გამარკვიოს ისე, რომ მერე მე შევძლო თქვენამდე ყველა დეტალის უზუსტესად მოტანა.

კომპანია “რენტალსი” 2008 წლის ბოლოს პარტნიორთან, ნანა დვალთან ერთად დააფუძნა და თავისი საქმიანობის არეალად პრემიუმ- კლასის უძრავი ქონების (ბინების, სახლების, ოფისების, კომერციული ფართების) გაქირავება დაისახა. “აშკარა იყო, რომ ამ დარგში ხარისხიანი, გამჭვირვალე და სამართლიანი მომსახურების დეფიციტი არსებობდა, ამიტომ ვეძებდი ადამიანს, რომლის არსებულ ბაზაზეც განვავითარებდი ჩემს მიდგომებს და ძალიან გამიმართლა, რომ ნანა დვალს შევხვდი”, – ამბობს ზურაბ ერისთავი და ამატებს: “ასე შეიქმნა კომპანია “რენტალსი”.

“რენტალსი” თავისი მომხმარებლისთვის არ არის მხოლოდ უძრავი ქონების აგენტი – ის, პირველ რიგში, სანდო კონსულტანტია და თამაშს მას შემდეგაც არ ტოვებს, რაც ბინა, სახლი, ოფისი თუ კომერციული ფართი უკვე ნაპოვნია – გარიგება მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა ამ ფართის მართვას სხვა ჩაიბარებს, მანამდე კი ყველა წვრილმან დეტალს ისევ კომპანია “რენტალსი” მართავს.

“ჩვენ პრაქტიკულად მხოლოდ კორპორაციული კლიენტები გვყავს”, – ამბობს ზურაბ ერისთავი. ეს ერთ–ერთი მიზეზია, რატომაც ქართული საბროკერო კომპანია ამ 10 წლის მანძილზე თავის საქმეს ჩუმად და ყურადღების ზედმეტი მიპყრობის გარეშე აკეთებდა.

კომპანიის კლიენტურა შეგვიძლია ორ მსხვილ ჯგუფად დავყოთ: დიპლომატიური კორპუსი და საერთაშორისო კომპანიები.

დიპლომატიური კორპუსის ნაწილში, კომპანიას თავისი სახელი უკვე კარგა ხანია, დამკვიდრებული აქვს: ორით დაიწყო, მაგრამ დღეს უკვე 25-მდე სხვადასხვა საელჩოსთან გრძელვადიანი, სტაბილური თანამშრომლობა აკავშირებს – მათ შორისაა ევროკავშირის, გერმანიის, აშშ- ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, შვეიცარიის, შვედეთის, ავსტრიის, იტალიის, პოლონეთის, ნორვეგიის, თურქეთის, ბრაზილიისა და იაპონიის საელჩოები.

ბაზარზე 10-წლიანი საქმიანობის მანძილზე ბიზნესასოციაციებთან (AMCHAM, DWV, BAG, EBA, GNARE) მჭიდრო კავშირებიც დაამყარა და ამასაც ერთ-ერთ მიღწევად მიიჩნევს. 

განსაკუთრებულ სიამაყეს კომპანიაში მისი ბოლო გარიგება იწვევს. ხელშეკრულება ევროკავშირის ახალ ოფისთან დაკავშირებით უკვე ხელმოწერილია და ევროკავშირის საელჩო უახლოს მომავალში ახალ ოფისში, CH64-ში დაიდებს ბინას. CH64 ჭავჭავაძის გამზ. 64-ში განთავსებული “ა” კლასის ბიზნესცენტრია. ეს სრულიად ახალი, 14.000-კვ/მეტრიანი, 20-სართულიანი ბიზნესცენტრი “რენტალსის” ექსკლუზიური საბროკერო ხელშეკრულების საგანია. მანამდე იყო ევროკავშირის დაბინავებაზე დახარჯული რვა წელი და ოთხი უშედეგო მცდელობა. თუმცა გარიგება მაინც შედგა: ევროკავშირის საელჩო ამ შენობის მე-6, მე-7 და მე-8 სართულებს დაიკავებს. ამასთან, “რენტალსი” ამავე შენობაში კიდევ ხუთ სხვადასხვა საელჩოსა და რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

ევროკავშირის ოფისის გარდა “რენტალსის” მიერ სხვადასხვა დროს დაბინავებულთა სიაში არიან პოლონეთის, ყატარის, ლატვიისა და ჰოლანდიის საელჩოები.

რაც შეეხება საერთაშორისო კომპანიების სეგმენტს, “რენტალსი” აქაც ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. “რენტალსი” 50-ზე მეტ ბიზნესს უწევს კონსულტაციას. “ჩვენ პრატიკულად ყველა “ა” და “ბ” კლასის ბიზნესცენტრისთვის დამქირავებლების ერთ- ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი ვართ. კორპორაციულ სექმენტზე განხორციელებული გარიგებებიდან შეგვიძლია გამოვყოთ KPGM-ის, LG-ის, Bosch-ის, HeidelbergCement Caucasus-ის, Clean Energy Georgia-ს, “Majorel”-ის, “MDLZ Georgia”-სთან დაკავშირებული ტრანზაქციები”, – ამბობს ზურაბ ერისთავი.

ქართული საბროკერო კომპანიის დამფუძნებელი საერთაშორისო კომპანიას აღიქვამს არა მხოლოდ კლიენტად, რომელსაც სერვისი უნდა მიჰყიდოს, არამედ ამ ქვეყანაში დასაქმების ერთ- ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ. “საქართველო ნელ- ნელა იპყრობს დიდი საერთაშორისო დამსაქმებლების ყურადღებას. ჩვენ ერთ- ერთი პირველები ვართ, ვისთანაც ამ კომპანიების წარმომადგენლებს შეხება აქვთ, ამიტომ შემუშავებული გვაქვს სრული ციკლი – კომპანიის დარეგისტრირებიდან, საოფისე ავეჯის შეძენამდე. საქმიანი მიმართულების გარდა, ვცდილობთ, სწორად მივაწოდოთ მათ ქართული ღირებულებები, სტუმართმოყვარეობა, მთავარი ღირსშესანიშნაობები ჩვენვე გავაცნოთ, ჩვენი სერვისის დამატებულ ღირებულებად ვაქციოთ იმისთვის, რომ პირველი შთაბეჭდილება დადებითი იყოს და ამით ამ ქვეყანაში ბიზნესის სტაბილურად წარმოების სურვილი განვუმტკიცოთ”, – ამბობს ზურაბ ერისთავი.

კომპანია “რენტალსის” დამფუძნებელს კონკრეტული მაგალითები არც ამ მიმართულებით ელევა – მაგალითად, ორი წლის წინ გერმანულ კომპანია “არვატოს” (დღეს უკვე “მეიჯორელს”) დაეხმარნენ საქართველოში დაფუძნებაში. “განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ამ შემთხვევაში საქართველო რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ერთ- ერთ ალტერნატივად განიხილებოდა და ჩვენ გავიმარჯვეთ. ამ კომპანიის საქართველოში შემოსვლის შედეგად 1000-მდე ადამიანი დასაქმდა მხოლოდ თბილისში, თუმცა უფრო მეტად გვახარებს ის, რომ “არვატომ” ქუთაისშიც იქირავა ოფისი და ასე შეიქმნა ერთ დღეში 300 სამუშაო ადგილი ამ ქალაქში. “თუ პრიორიტეტი ახალგაზრდა ადამიანების დასაქმებაა – მაშინ ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს. ეს კომპანიები ამ კუთხით მნიშვნელოვან ამინდს ქმნიან, და არა მხოლოდ დიდ, პატარა ქალაქებშიც.

ოფიციალური სტატისტიკით, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში უმუშევრობა ყველაზე მაღალი 20-34 წლის ასაკშია – ანუ მაშინ, როცა ადამიანი ყველაზე პროდუქტიულია, ყველაზე ღიაა  ახალი ცოდნისა და უნარების ასათვისებლად. ამდენად, სრულიად მესმის, რატომ აფასებს ასე სერიოზულად – მათ შორის, თავის წვლილსაც ამ კუთხით გარდატეხის შემძლე კომპანიებისთვის კარის გახსნის საქმეში ზურაბ ერისთავი: “ვერც ერთი წარმოება ვერ მოგვცემს ახალგაზრდების ისეთი სწრაფი და ეფექტიანი დასაქმების შესაძლელობას, როგორსაც ეს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც დღეს ჩვენი პარტნიორები არიან”.

“რენტალსის” მენეჯმენტისთვის კლიენტებთან სწორი კომუნიკაცია, მომხმარებლის მოსმენა, მათი საჭიროებების გააზრებაა მთავარი. “ხშირად, როდესაც კლიენტების პირველად მოთხოვნებს ვისმენთ, ხოლო შემდეგ საფუძვლიანად ვსწავლობთ მათ, მივდივართ დასკვნამდე, რომ საწყის შეხედულებას ძირეული ცვლა სჭირდება. ჩვენ ვთავაზობთ გადაწყვეტილებას თანამშრომლების რაოდენობის, სამუშაოს სპეციფიკის, უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით”. კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, ეს მთავარი მიზეზია, რატომაც ქართულმა კომპანიამ, საკმაოდ კონკურენტულ გარემოში, თავის დამკვიდრება და გრძელვადიანი პარტნიორების შემოკრება მოახერხა.

თუ ერთხელ მაინც გიძებნიათ ბინა ან ოფისი, ზუსტად იცით, რამდენ კითხვას სვამდით გზადაგზა: სად მდებარეობს, რამდენი კვადრატული მეტრია, ფანჯრები აქვს თუ არა, მზიანია თუ არა, აივანი აქვს თუ არა და ა.შ. და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი შეგვიძლია საერთაშორისო მასშტაბებს მოვარგოთ, დიპლომატიური კორპუსის შემთხვევაში, უსაფრთხოების ზომებიც დავამატოთ და დაახლოებით წარმოვიდგენთ, რა დრო და ენერგია შეიძლება დასჭირდეს ამ სტანდარტების შესაბამისი ბინის ან ოფისის მოძებნას, შემდეგ ალტერნატივების ჩამონათვალის კლიენტთან გავლას და, საბოლოოდ, ერთ რომელიმე არჩევანზე ჩამოყალიბებას. თან იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება კლიენტისთვის სასურველი ალტერნატივა ვერც იპოვოთ და მთელი ეს ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი ფუჭი აღმოჩნდეს. კომპანია “რენტალსის” დამფუძნებელი გვეუბნება, რომ, საბედნიეროდ, ასეთი შემთხვევები კლიენტებთან ურთიერთობის მათ უკვე 10-წლიან ისტორიაში თითზე ჩამოსათვლელია: “ჩვენთვის არასდროს უთქვამთ – თქვენ დრო დაგვაკარგვინეთო”.

საქართველოს სამშენებლო სექტორის ბრუნვა ბოლო პერიოდში სტაბილურად მზარდია. მართალია, 2016 წლის შემდგომ გარკვეული შენელება შეინიშნება, მაგრამ რიცხვები ცალსახად ამ დარგის განვითარებაზე მიუთითებს. სადაც გაიხედავ, ან მშენებარე საცხოვრებელი სახლია, ან – საოფისე შენობა, ანდაც – ორივე ერთად, ერთ სივრცეში. ერთი შეხედვით, “რენტალსისთვის” არჩევანი ფართოვდება და ახალ, უფრო თანამედროვე უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა იზრდება, მაგრამ, როგორც ზურაბ ერისთავი გვიხსნის, ბევრი მშენებლობა საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ მისი კომპანიის საქმე მარტივდება. “რიგ შემთხვევებში, პირიქით”, – მეუბნება კომპანიის დამფუძნებელი და სახეზე დაწერილ კითხვის ნიშანს რომ მატყობს, იქვე განმარტავს: “ჩვენი მომხმარებელი სხვა სტანდარტს ითხოვს. ქაოსური მშენებლობა მისთვის ხმაურის, მტვრის, მყუდროების დარღვევის, ხედის გაფუჭების, მოკლედ რომ ვთქვათ, დისკომფორტის შექმნის ტოლფასია. ამიტომ ბევრი მშენებლობა სულაც არ ნიშნავს იმ ნიშის გაფართოებას, რომელიც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მომხმარებლებისთვის”.

ბაზრის კიდევ ერთი საინტერესო კომპონენტი, რომელსაც საუბრის დროს ვეხებით – ეს  კომპანია “რენტალსის” ბიზნესზე მიმდინარე რეგულაციების, უძრავ ქონებაზე ფასის ცვლილებისა და სხვა ტენდენციების გავლენაა. აქაც საინტერესო პასუხი აქვს – გლობალურ ბიუჯეტებზე გლობალური ტენდენციები უფრო ახდენს გავლენას. “მაგალითად, 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა საქართველოზე 2009 წელს პოვა ასახვა. მაშინ საელჩოებსა და უცხოურ კომპანიებს “ქამრების შემოჭერა” მოუწიათ – ეს ნამდვილად რთული პერიოდი იყო ჩვენი ბიზნესისთვის”, – იხსენებს ზურაბ ერისთავი.

დღევანდელი გადმოსახედიდან, “რენტალსის” დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ რთული პერიოდი კომპანიას მაშინაც და ყველა ეტაპზეც მთავარმა კონკურენტულმა უპირატესობამ გადაალახვინა. “რენტალსის” წარმატების გასაღები სწორედ ის გახლავთ, რომ ჩვენ არასდროს ვამბობთ ტყუილს. ყოველთვის ვამბობთ ფაქტს ისე, როგორც არის. ჩვენს რეპუტაციას არასდროს ვდებთ სასწორზე. შესაბამისად, ასეთი მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიაზე დადებითად აისახება: მადლიერი კლიენტი ისევ ჩვენ გვიბრუნდება”, – ამბობს ზურაბ ერისთავი. მადლიერება ზოგჯერ საკმაოდ სოლიდური ბონუსის სახესაც იძენს.

ზურაბ ერისთავისთვის პრობლემა ის არის, რომ ბაზრის ყველა მოთამაშე ამ სულისკვეთებას არ იზიარებს. “ამ ჩვენი მიდგომებით მივედით იმ წერტილამდე, სადაც დიდი ხანია, მისულია განვითარებული სამყარო. ეს არის ექსკლუზიური კონტრაქტები უძრავი ქონების მეპატრონეებთან. ძალიან რთულია, დღეს საქართველოში ვინმეს აუხსნა და დაარწმუნო, რატომ არის მოგებიანი ერთ კომპანიასთან საქმის დაჭერა. მაგრამ ჩვენ ამას ვახერხებთ. დღეს შეგვიძლია თამამად და ამაყად ვთქვათ,  რომ 90% იმ ექსკლუზიური კონტრაქტებისა, რომლებიც ჩვენ გვქონია, გარიგებით დასრულდა”, – ამბობს “რენტალსის” დამფუძნებელი და კონკრეტული მაგალითიც მოჰყავს: “ჰილსაიდ რეზიდენსი” – 8800 კვადრატული მეტრის შენობა სოლოლაკში, “პროკრედიტბანკის” შენობის ორი სართული, შვეიცარიის საელჩოს მიწა დავაკონტრაქტეთ ექსკლუზიური კონტრაქტის პირობებში. “რენტალსის” ექსკლუზიურ პროექტებში აუცილებლად ვრთავთ ჩვენს კოლეგებსაც და სინერგიის ეფექტით ვცილობთ მიზნის მიღწევას”.

ზურაბ ერისთავი განსაკუთრებით ამაყობს იმ შემთხვევებით, როდესაც მის ძალისხმევას აფასებენ და ეს დაფასება კონკრეტულ ჯილდოშიც გამოისახება. “საქართველოში არსებობს “საქართველოს ეროვნული უძრავი ქონების ასოციაცია”, რომელიც აერთიანებს დარგში მომუშავე საბროკერო კომპანიებს. ამ ასოციაციამ გადაწყვიტა, ყოველწლიურად ჩაატაროს და დარგში გამოავლინოს სხვადასხვა მიმართულებით წარმატებული კომპანიები. “რენტალსმა” 2017 და 2018 წლებისთვის, ზედიზედ “წლის საუკეთესო კომპანიის პრიზი” მოიგო. შეფასება სამი მიმართულებით ხდებოდა: პირველი პარამეტრი იყო ფინანსური ნაწილი, ანუ შემოსავლები; მეორე – თავად დარგში მომუშავე საბროკერო კომპანიების მიერ მიცემული რეიტინგი, ანუ რამდენად კომფორტულად გთვლიან შენი კოლეგები, ხოლო მესამე – ხმის მიცემა სოციალური ქსელით. ამ სამი კომპონენტით გამოვლინდა საუკეთესო კომპანია. 2017 წელს “საუკეთესო ბროკერის” ტიტულიც ჩვენ გვერგო”, – ამბობს “რენტალსის” დამფუძნებელი.

თუმცა ადგილობრივი ბაზარი იცვლება და ეს ერთ- ერთი მიზეზია, რატომაც დღეს ზურაბ ერისთავი, შეიძლება ითქვას, გადაწყვეტილების გზაგასაყარზეა, თან ისე, რომ იცის: ეს გადაწყვეტილება დროულად მისაღებია და მის გარეშე მომავალში განვითარების სწორი ხაზის მოძებნა გაჭირდება. არ მიკითხავს, მაგრამ შეიძლება ამიტომაც დაგვთანხმდა ინტერვიუზე, ამიტომაც დადგა მისთვის ის დრო, როცა ღირს, კომპანია “რენტალსი” უფრო ფართო აუდიტორიას გააცნოს.

“ახლა ჩვენი კომპანიის ძირითადი გამოწვევა და ფიქრი არის, დავრჩეთ წმინდა ქართულ კომპანიად (რითაც გულწრფელად ვამაყობთ) თუ შემოვიყვანოთ რომელიმე საერთაშორისო ბრენდი?” – ამბობს ზურაბ ერისთავი. ერთი მხრივ, ქართული ბრენდი “რენტალსი” ბაზარზე უკვე დამკვიდრებულია იმ კონკრეტული სეგმენტისთვის, ვისაც თავი გააცნო და ხარისხიან მომსახურებას შეაჩვია: “ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს. ჩვენით ყველა კმაყოფილია. არ ვართ შეზღუდულები ჩვენს გადაწყვეტილებებში. ეს უდავოდ დადებითი მხარეა”. თუმცა, მეორე მხრივ, ზურაბ ერისთავი იმასაც აცნობიერებს, რომ დიდ საერთაშორისო ბრენდებს თავიანთი უპირატესობაც აქვთ – გლობალურ ბაზარზე დამკვიდრებულ სახელს საკუთარი მომხიბლაობა აქვს. “ამ ბაზარზე ბრძოლა სულ უფრო მეტად კონკურენტულ გარემოში გვიწევს”. ამ ტენდენციას კომპანია “რენტალსის” დამფუძნებლები დადებითად აფასებენ. ზურაბ ერისთავი ამბობს, რომ გაზრდილი კონკურენცია კარგია: კარგია უფრო ხარისხიანი ბაზრის მისაღებად, კარგია თავად კომპანიის განვითარებისთვის.

განვითარება კი, როგორც ჩანს, საქართველოს ფარგლებს გასცდება და რეგიონულ მასშტაბზე გავა. პარტნიორ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად უკვე გადავიდა მეზობელი სომხეთის ბაზარზე. “პირველი სერიოზული ნაბიჯები გადადგმულია”, – ამბობს “რენტალსის” დამფუძნებელი. იმავე ტიპის შემოთავაზება მწიფდება ბელარუსთან მიმართებითაც. ყველაზე მეტად ამ პერსპექტივაშიც იმით ამაყობს, რომ ინიციატივა პარტნიორისგან წამოვიდა. ამბობს, რომ კომპანიაში გააზრებული რისკის გასაღებად ყოველთვის მზად არიან და რომ ბიზნესში ასეთი რისკების გარეშე, გადარჩენაც და განვითარებაც წარმოუდგენელია. “სულ იმას ვამბობ, ყველა ახალ პოტენციურ პარტნიორთან ნახევარსაათიანი გასაუბრების შანსი რომ მქონდეს, აუცილებლად დავარწმუნებდი, რომ არჩევანი “რენტალსის” სასარგებლოდ გააკეთონ – მაგრამ დრო ფულია და ამიტომ ვფიქრობ, რა ჯობია: შევინარჩუნო ქართული კომპანია “რენტალსი” თუ საერთაშორისო ბრენდებს კიდევ ერთი საერთაშორისო კონკურენტი დავუპირისპირო” – ასე, პერსპექტივის მოხაზვით ვაჯამებთ ინტერვიუს.

ფაქტია, Forbes Georgia–მ ზურაბ ერისთავს ნახევარი საათი დაუთმო. ამ სტატიის მკითხველს კი ბევრად მეტი დრო აქვს, კომპანიის შესახებ საკუთარი აზრი შეიქმნას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *