ბიზნეს ასოციაციები: ასეულობით კომპანიისთვის იმპორტი გართულდა

ბიზნეს ასოციაციები: ასეულობით კომპანიისთვის იმპორტი გართულდა

საქართველოში მოქმედი 10 ბიზნესგაერთიანება, ე.წ. “ოქროს სიის” წევრი კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათის გაუქმებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ასოციაციები წერენ, რომ 2 ივლისს სრულად ძალაში შესულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება რთული აღმოჩნდა არაერთი კომპანიისთვის.

“მივიღეთ ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური განმარტება საბაჟო შეღავათების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელშიც მთავარ არგუმენტად მოყვანილია ბიზნესსუბიექტების გათანაბრება.

ჩვენი აზრით, წლების განმავლობაში განსხვავებული პირობები ემსახურებოდა მოწესრიგებული გადამხდელების წახალისებას და არა ვინმეს დაუმსახურებელ პრივილეგირებას.

ამიტომ, კიდევ ერთხელ გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უარყოფითი პოზიცია იმპორტის გადასახდელების ვადების მოულოდნელ და მყისიერ შემცირებასთან დაკავშირებით, რითაც გართულდა იმპორტი ასეულობით კომპანიისთვის. ვფიქრობთ, რომ ლარის პერმანენტული გაუფასურებისა და არასტაბილური პოლიტიკური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო კონტრპროდუქტიულია მსგავსი გადაწყვეტილებები. სამწუხაროდ, ჩვენი პროგნოზი გამართლდა და 2 ივლისს სრულად ძალაში შესულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება რთული აღმოჩნდა არაერთი კომპანიისთვის.

აქვე დავძენთ, რომ როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეკონომიკური გუნდი აანალიზებს ზემოხსენებული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობას, რაც გვაძლევს იმედს, რომ მთავრობა გადახედავს ფინანსთა მინისტრის 31 მაისის N162-ე ბრძანების შინაარსსა და ვადებს, რაც ბიზნესისთვის პოზიტიური სიგნალი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

1. გადასახადის გადამხდელთა კავშირი
2. დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
3. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
4. ქართულ მაღაზიათა ასოციაცია
5. საერთაშორისო სავაჭრო პალატა
6. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
7. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი
8. საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
9. საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაცია
10. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია

შეგახსენებთ, რომ ე.წ. “ოქროს სიის” წევრი კომპანიებისთვის, საგადასახადო შეღავათების გაუქმებით, მთავრობა 100 მილიონი ლარის მიღებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებამ საერთაშორისო სავალუტო ფონდს ივნისის დასაწყისში, კერძოდ კი 3 ივნისს გადაუგზავნა, მანამ სანამ ბიზნესის ნაწილი ცვლილებების შესახებ შეიტყობდა.

სსფ–ს პროგრამის მიმოხილვის დოკუმენტში ხელისუფლება წერს, რომ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული დეფიციტის ზღვრული ნორმა შენარჩუნებული იქნება. კერძოდ, კი საუბარია მოდიფიცირებულ წმინდა დაკრედიტების დეფიციტზე, რაც სსფ–ს პროგრამით შემდეგნაირად განისაზღვრება: წმინდა დაკრედიტება/სესხებას გამოკლებული ბიუჯეტის მიერ გაცემული სესხი. “განათლების რეფორმიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების წახალისებას, ასევე კვალიფიციური მასწავლებლებისთვის ანაზღაურების ზრდას ვგეგმავთ. მიზნობრივი სოციალური დახმარებებით ვგეგმავთ არასრულწლოვნებში სიღარიბის დონის აღმოფხვრას. აღნიშნული რეფორმების ფისკალური მხარდაჭერისთვის, ჩვენ გავზარდეთ გადასახადები სიგარეტზე და სამომავლოდ კვლავ ვგეგმავთ გადასახადების გაზრდას სხვა თამბაქოს ნაწარმზე. ჩვენ ასევე ვაუქმებთ გადასახადის გადამხდელთა ე.წ. “ოქროს სიისთვის” შეღავათებს, რაც 100 მილიონი ლარის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს”, – ნათქვამია ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც სსფ–ს პროგრამის მიმოხილვას ერთვის.

ფინანსთა მინისტრის 31 მაისის ბრძანებით, “ოქროს სიის” 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა. “ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება პირს, თუ იმპორტში ან ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი (არანაკლებ 5 მილიონი ლარი) უფიქსირდება. ასევე, მის მიერ გადახდილი იმპორტის გადასახდელების მაღალი მაჩვენებელი (არანაკლებ 900 000 ლარის) ან საქონლის იმპორტის ან ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა უფიქსირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *