თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების მიუხედავად, ჩინეთში ექსპორტი მცირდება

თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების მიუხედავად, ჩინეთში ექსპორტი მცირდება

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შედეგად, ჩინეთში იმპორტისას, ქართული პროდუქციის 94% გათავისუფლდა ნებისმიერი საბაჟო გადასახადისგან. საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი, ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული, ასევე, სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა უკვე წელიწადნახევარია ამოქმედდა, ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი მცირდება. კერძოდ, თუკი 2018 წელს, ხელშეკრულების ამოქმედებიდან პირველ წელს, საქართველოდან ჩინეთში 198 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 201.7 მლნ დოლარი იყო. 

ექსპორტი შემცირებულია მიმდინარე წელსაც. კერძოდ, 2019 წლის იანვარ–მაისში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 10 მლნ დოლარით შემცირდა და 49.2 მლნ დოლარი შეადგინა. 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 58.8 მლნ დოლარი იყო. 

ჩინეთთან ექსპორტის შემცირება ძირითადად ერთ პროდუქციაზე – სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის, რომელიც ჩინეთში მთავარი საექსპორტო პროდუქციაა. 

კერძოდ, თუკი 2018 წლის პირველ ხუთ თვეში, საქართველოდან ჩინეთში 43.8 მლნ დოლარის ღირებულების სპილენძის მადანი გავიდა, მიმდინარე წელს ის 29.3 მლნ დოლარამდე შემცირდა. გასულ წელს კი საქართველოდან ჩინეთში 9 მლნ დოლარით ნაკლები სპილენძის მადნები გავიდა და მისმა ექსპორტმა 155 მლნ დოლარი შეადგინა. 

გარდა ამისა, შემცირებულია სხვა ძირითადი საექსპორტო პროდუქციის მოცულობაც. ასე მაგალითად, 2018 წელს ნომერ მეორე საექსპორტო პროდუქტი ჩინეთში ღვინო იყო, რომლის ექსპორტმაც გასულ წელს 19,8 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წელს კი ეს მაჩვენებელი 20.4 მლნ დოლარი იყო. 

7.5 მლნ დოლარიდან, 1.3 მლნ დოლარამდე შემცირდა ჩინეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი/რეექსპორტი.  

რაც შეეხება იმ პროდუქციებს, რომელთა ექსპორტიც გაზრდილია, წელს საექსპორტო ათეულის ჩამონათვალში მოხვდა კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები, რომელთა ექსპორტმაც წლის პირველ 5 თვეში 1.2 მლნ დოლარი შეადგინა. გაზრდილია თხილისა და კაკლის ექსპორტიც და მან 454 000 დოლარი შეადგინა, გასული წლის 224 ათასი დოლარის ნაცვლად. 

გასული წლის პირველ 5 თვეში ჩინეთში მთავარი საექსპორტო პროდუქციის ათეულში შედიოდა ლუდიც. კერძოდ, 2018 წლის იანვარ–მაისში საქართველოდან ჩინეთში 76 ათასი დოლარის ღირებულების ლუდი გავიდა, თუმცა წელს ეს პროდუქცია ათეულში ვერ მოხვდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *