ვისწავლოთ დამოუკიდებლობა დამოუკიდებლად

ვისწავლოთ დამოუკიდებლობა დამოუკიდებლად

უცვლელად სუსტი ევროპისა და პასიური ამერიკის ფონზე, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ საქართველომ საკუთარი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაში უფრო აქტიური როლი უნდა შეასრულოს. ოლანდს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, მიჰყიდოს თუ არა პუტინს მისტრალი. აშშ-ში მაქკეინის სურვილს, უკრაინას სრულფასოვანი სამხედრო დახმარება გაეწიოს, ბებერი კაცის ბუზღუნად უფრო აღიქვამენ, ვიდრე რეალურ ალტერნატივად. ამ ფონზე, არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ საქართველოში პრორუსული ძალების მომძლავრებას დასავლეთი გამორიცხავს. ამ ძალების იდეოლოგია კი, არსებითად, დამოუკიდებლობაზე უარის თქმასა და რუსეთის პროვინციად გადაქცევას გულისხმობს.

ცხადია, ატომური “დერჟავისთვის” სრულფასოვანი სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა საქართველოს ძალებს აღემატება. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენს მიღებას უფრო მეტი წევრი ქვეყანა ეწინააღმდეგება, ვიდრე მხარს უჭერს. სამხედრო საკითხებისგან დისტანცირებულ ევროკავშირთანაც კი ურთიერთობები პესიმისტური სცენარით ვითარდება: რადიო თავისუფლების ევროპულმა ბიურომ უკვე გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც რიგის სამიტი საქართველოს (ასევე უკრაინისა და მოლდოვის) იმედგაცრუებას მოასწავებს.

ასეთი მოცემულობა უაღრესად ნოყიერ ნიადაგს ქმნის ყველა ჯიშის პრორუსული ძალის აღმოცენებისთვის. ერთნი — “ერთმორწმუნეობის” მედროშეები — რუსეთთან დაახლოებას თავისთავად სიკეთედ განიხილავენ: ეს არის ქართველობის შენარჩუნებაც, სულიერების გადარჩენაც, მსოფლიო გარყვნილების გველეშაპთან ბრძოლაც და ეროვნული მეცნიერებისა თუ კოსმონავტიკის აღორძინებაც. მეორენი — გარდაუვალი მორჩილების საძმო — მორცხვად აღიარებენ, რომ დღევანდელი რუსეთი არც მთლად მისაბაძია და წაუოკუპანტებს კიდევაც, მაგრამ დასავლეთის სისუსტიდან მაინც ჩრდილოური გეზის ფორმულა გამოჰყავთ. პარლამენტარმა გოგი თოფაძემ ორივეთა ნიშნები შეითავსა, როდესაც რუსეთთან დიალოგის პრაგმატული საჭიროებით დაიწყო, ნატოს ღია ლანძღვით გააგრძელა და “სამშობლოსთვის ძირის გამომთხრელი” არასამთავრობოების აკრძალვის იდეით დაასრულა.

რა შეიძლება დავუპირისპიროთ ამ ტენდენციებს? პირველ რიგში, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის საკითხი არ დაიყვანება დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობებზე. უმთავრესი არჩევანი არა ნატოსა და ევრაზიულ კავშირს, არამედ გლობალური სივრცის წევრობასა და რუსეთის პროვინციობას შორისაა. ევრაზიულ კავშირში არშესვლა მნიშვნელოვანია არა ნატოში შესვლის იმედის ხათრით, არამედ სრულფასოვან სახელმწიფოდ და საზოგადოებად ჩამოყალიბებისთვის. მაშინაც კი, თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის სრული გეოპოლიტიკური თანხმობა იქნება, დარჩება ბევრი რამ, რისი დაცვაც საკუთარი ძალებით შეგვიძლია. განზოგადებულად, ეს მენტალური დამოუკიდებლობაა – რასაც ბალტიისპირელები საბჭოთა ოკუპაციის პირობებშიც კი ინარჩუნებდნენ და ჩვენშიც, საზოგადოების ნაწილს რომ არ ჰქონოდა, დღეს სახელმწიფო საერთოდ არ გვექნებოდა. ოღონდ, ჩვენ სსრკ-მ იმდენად შეგვარყია, რომ მეორე მსგავს ექსპერიმენტს შესაძლოა ვეღარ გავუძლოთ.

ახლებური აქცენტების დასმაში რუსეთთან დასავლეთის ურთიერთობის უკეთ გააზრება დაგვეხმარება. დავიწყოთ იმით, რომ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში დერჟავას უბრალოდ გაცილებით ნაკლებად იცნობენ, ვიდრე უშუალო სამეზობლოში. შორიდან გაცილებით იოლია “ბოლშოის” ბალეტსა და ვასილი ნეტარის ტაძარს იცნობდე, ვიდრე კრემლის გებელსურ პროპაგანდასა და კრიმინალურ-კორუფციული მმართველობის ნიუანსებს. პუტინის არსში გარკვეული პოლიტიკოსებიც კი, ძალების თანაფარდობისა თუ მანძილის გამო, ხშირად რუსეთს სერიოზულ საფრთხედ ვერ აღიქვამენ (სხვა საკითხია, რამდენად სწორია მათი აღქმა — ისტორიამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ უდიდესი დემოკრატიული ქვეყნების ელიტა შეიძლება ღრმად ცდებოდეს საფრთხეების შეფასებაში). შედეგად, ბევრი პოლიტიკოსის დამოკიდებულება გულუბრყვილოსა და დამკიდებლურს შორის მერყეობს. ერთი ნათელი მაგალითი კლინტონების ფონდთან დაკავშირებული სკანდალის განხილვისას ამოტივტივდა. აღმოჩნდა, რომ 2009-2013 წლებში ობამას ადმინისტრაციის უმაღლესი პირები არაფრით შეეწინააღმდეგნენ ურანიუმის მოპოვებაზე რუსული “როსატომის” სრული კონტროლის დამყარებას.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ამავე სკანდალის მთავარ მიზეზს გავყავართ: რუსული წყაროებიდან კლინტონების ფონდში მილიონობით დოლარი შეედინებოდა. ვერასოდეს დავადგენთ, რამდენად იმოქმედა შემოწირულობებმა ჰილარი კლინტონის კონკრეტულ ნაბიჯებზე. ფაქტი ისაა, რომ რუსეთი დიდ რესურსებს ხარჯავს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში გავლენის ზრდაზე, თანაც ეს რესურსები ნებისმიერი რანგის პოლიტიკოსებამდე აღწევს. ჭარბი ირონიზება თემაზე “ესეც გაზპრომის ნაყიდი ხომ არაა”, რაც ბოლო წლებში საქართველოში მოდაშია, უპასუხისმგებლო სისულელეა. “გაზპრომის ნაყიდი” გაცილებით მეტია, ვიდრე პირველი შეხედვით ჩანს. რუსული ფული შესაძლოა დიდად არ ცვლიდეს დასავლელი პოლიტიკოსების საშინაო პრიორიტეტებს, მაგრამ მისი გავლენა საქართველოსა და რეგიონის მიმართ დამოკიდებულებებზე სრულიად რეალურია.

ასეთი “ჩახლართული” მდგომარეობა კიდევ უფრო ზრდის მედიის პასუხისმგებლობას. პრობლემები არ შემოიფარგლება იმ მედიით, რომელიც ღიად ემსახურება პუტინის პროპაგანდას, ან გაუაზრებლად იკვებება რუსული წყაროებიდან. ერთ-ერთი გავრცელებული შეცდომაა, თითქოს წყაროებად დასავლელი პოლიტიკოსების გამოყენება თავისთავად გამორიცხავს კრემლისთვის სასურველი ხაზის გატარებას. ბოლო პერიოდში, ქართული მედიის ნაწილმა, სააკაშვილის მიმართ კრიტიკული პოზიციის ხათრით, განსაკუთრებული ენთუზიაზმით აიტაცა აშშ-ის ყოფილი ელჩის, რიჩარდ მაილსის ინტერვიუები. შევხედოთ, რას ამბობს მაილსი ერთ-ერთ ქართულ საიტზე გავრცელებულ, Вечерний Бишкек-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. “მომწონს ყოფილი სახელმწიფო მდივანი… მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰილარის ყოველთვის ვეთანხმები”,-პასუხობს დიპლომატი შეკითხვაზე იმ განცხადების შესახებ, სადაც კლინტონმა პუტინი საბჭოთა კავშირის აღდგენის სურვილში დაადანაშაულა. მისი აზრით, პუტინი “უბრალოდ, ცდილობს გააუმჯობესოს და განამტკიცოს რუსეთის კავშირები ირგვლივ სახელმწიფოებთან”. საქართველოში შემოჭრაზე? “ეს მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხი იყო. არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოს რომელიმე სახელმწიფოს, ვთქვათ, ყაზახეთის სუვერენიტეტის შელახვა სურს”.

რამდენად ზუსტიც უნდა იყოს თავდაპირველი წყარო ან თარგმანი, გამოდის, რომ მედია “სწორად შერჩეული” ამერიკელი დიპლომატის უკრიტიკო ციტირებით გვაწვდის რუსული პროპაგანდის მესიჯებს. მაილსი თვით “გადატვირთვის” ავტორ ჰილარი კლინტონს ადანაშაულებს პუტინის მიმართ ზედმეტ სიმკაცრეში. მაილსი აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე გვარწმუნებს, რომ რუსეთი არავის სუვერენიტეტს არ ემუქრება. მეტიც, მაშინ როცა რუსეთის ლიდერები ღიად გამოთქვამენ წუხილს სსრკ-ს დაშლის გამო და სსრკ-ს ჰიმნის მელოდიაზე დგებიან, სსრკ-ს აღდგენის სურვილს ისე უარყოფს, როგორც ორღობის ჭორს.

რა არის პროგრამა მინიმუმი ქართველების იმ ნაწილისთვის, ვისაც არ სურს მთელი ქვეყანა გალის რაიონის მდგომარეობაში აღმოჩნდეს? ჯერ ერთი, სათანადო პასუხის გაცემა “შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის” მინისტრ ზაქარეიშვილისთვის, რომელმაც გალში სავალდებულო ორენოვან (რუსულ-ქართულ) სწავლებაზე გადასვლას უპასუხა ფრაზით: “თუკი ადამიანს ორი ენა ეცოდინება, ამაში უარესი რა არის?!” ზაქარეიშვილი უნდა მიხვდეს, რომ მისი კვაზიდიპლომატიური, ენობრივად გაუმართავი წიაღსვლები აღარავის ხიბლავს. მეორეც, შიდაპოლიტიკური ღრღნა არ უნდა დავაყენოთ ქვეყნის საერთო, სტრატეგიულ ინტერესებზე მაღლა. ვისთვისაც ყოფილი ხელისუფლების შავი პიარია უპირველესი სასიცოცხლო ამოცანა, ინებოს და როგორმე კრემლის პროპაგანდის კოპირების გარეშე ემსახუროს თავის უმაღლეს იდეალს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *