სამჯერ გაზრდილი იმპორტი - რას პასუხობს საქართველო "ენერგეტიკულ ზამთარს"

სამჯერ გაზრდილი იმპორტი - რას პასუხობს საქართველო "ენერგეტიკულ ზამთარს"

წყლის რესურსებით მდიდარი საქართველოს ენერგეტიკა კვლავ სხვა ქვეყნებზეა დამოკიდებული.

27 მილიონი დოლარი – სწორედ ეს თანხა დახარჯა ქვეყანამ 5 თვეში ელექტროენერგიის შესაძენად მეზობელი ქვეყნებიდან.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 614.1 მილიონი კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 4.8%-ით მეტია.

ენერგოდამოუკიდებლობა იზრდება როგორც რუსეთზე, ასევე აზერბაიჯანზე. წლის პირველ ხუთ თვეში იმპორტი სწორედ ამ ორი ქვეყნიდან განხორციელდა. კერძოდ, იანვარ-მაისში რუსეთიდან 74.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა, რაც 2018 წლის 5 თვის მაჩვენებელზე 138.7%–ით მეტია. რაც შეეხება აზერბაიჯანს,ამ ქვეყნიდან 2019 წლის იანვარ-მაისში 539.67 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შევიძინეთ. ეს რიცხვი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.7%-ით მეტია.

“იმპორტდამოკიდებულების ზრდა სერიოზული გამოწვევაა. ელექტროენერგიის იმპორტი 2017 და 2018 წელს 2016 წელთან შედარებით, სამჯერ გაიზარდა. იმპორტდამოკიდებულება ნიშნავს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის სერიოზული პრობლემის შექმნას, რადგან ჩვენ ვართ დამოკიდებული მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ რესურსებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზით და ნებისმიერი მინიმალური ავარიის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება დავრჩეთ ელექტროენერგიის გარეშე. საქართველო იმპორტს ახორციელებს ზამთრის თვეებში. ე.წ. “ენერგეტიკული ზამთარი” იწყება აგვისტოს ბოლოდან და შეიძლება აპრილის ჩათვლის გაგრძელდეს. კრიტიკულ თვეებში – იანვარში, თებერვალსა და მარტში –ეს დამოკიდებულება 25%-30%-მდე იზრდება” – ამბობს ირინა მილორავა, სემეკის თავმჯდომარე.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ადგილობრივი ჰესების სიმძლავრეები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, სწორედ ამიტომ, ქვეყანას ელექტრონეერგიის იმპორტი უწევს. ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ერთის მხრივ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების გამოცოცხლებასაც უკავშირდება, როგორიც ტურიზმის ინდუსტრიაა. ასევე, კრიპტოვალუტების მაინინგსაც, რომლითაც საქართველო მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხუთეულში შედის. მსოფლიო ბანკი ასევე, ჯერ კიდევ გასულ წელს მიუთითებდა თავის დასკვნაში, რომ ქვეყანამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გაზრდილ ენერგომოხმარების დაბალანსებას.

“ბათუმი არის ერთ-ერთი კრიტიკული კვანძი ჩვენთვის, ამას ვხედავთ უკვე ერთი წელია. ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება არანორმალურადაა გაზრდილი, რომელსაც სჭირდება ძალიან სწორი პასუხების გაცემა. კერძოდ, დამატებითი სიმძლავრის შეტანა ბათუმში, ამიტომ აუცილებელია, რომ დაგეგმილი პროექტები განხორციელდეს”. – ამბობს ირინა მილორავა.

გარდა იმისა, რომ საქართველო სულ უფრო მეტად ხდება ენერგოდამოკიდებული ისეთ ქვეყანაზე როგორიც რუსეთია, რომელსაც საკუთარი ენერგორესურსები არაერთხელ გამოუყენებია სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენების მოსაპოვებლად. გაზრდილი იმპორტი აწვება ლარის კურსსაც.

საქართველო ელექტროენერგიას დოლარში ყიდულობს, არასტაბილური ლარის კურსის პირობებში კი, ეს ენერგოკომპანიების ტარიფებზე აისახება – ზრდის მიმართულებით.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და თუკი მას ადგილობრივი გენერაცია ვერ დაეწევა, ქვეყანას სულ უფრო მეტი იმპორტი დასჭირდება.შესაბამისად,მეტად გავა ვალუტა საქართველოდან და გაიზრდება ზეწოლა ისედაც მუდმივად ტურბულენტურ ლარზე. გაურესდება მცირედით, მაგრამ მაინც გაუმჯობესებული ქვეყნის საგადამხდელო ბალანსი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიანი დოკუმენტის მიხედვით, მოხმარების ზრდის ზომიერი პროგნოზი 5%-ია, ოპტიმისტური კი – 7%.

იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ელექტროსადგურები დროულად აშენდება, დღეს თუ საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4166 მგვტ-ია, სახელმწიფო ელექტროსისტემაში ვარაუდობენ, რომ 10 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდება და 8700 მეგავატს გადააჭარბებს. აქ ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 73%-მდე გაიზრდება, მზის და ქარის ენერგიები კი 10%-ით იქნება წარმოდგენილი ენერგოსისტემაში.

ხელრა, იფარი, მტკვარი, ნაკრა, ქვედი,ზეკარი, ანდეზიტი, საშუალა ჰესი ერთი და საშუალა ჰესი ორი, – ეს იმ ობიექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც გასულ ან მიმდინარე წელს უნდა ამუშავებულიყო. ამ პროექტების ნაწილი რამდენიმე თვით, ნაწილი კი, რამდენიმე წლით გადავადდა. მათგან საერთო ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *