58 პარლამენტარი ბიზნესთან კავშირით – დეპუტატების არადეკლარირებული კომპანიები

58 პარლამენტარი ბიზნესთან კავშირით – დეპუტატების არადეკლარირებული კომპანიები

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობაა. თუმცა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის მოთხოვნები არ ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ საკუთრების უფლებას – პარლამენტის წევრს შეუძლია ფლობდეს აქციებს, წილსა და სხვა ქონებას.

მაგრამ მან საწარმოში თავისი წილი მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამართავად სხვა პირს უნდა გადასცეს. განსაზღვრულია პარლამენტის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული აკრძალვები. კერძოდ, მას უფლება არა აქვს:

  • უშუალოდ განახორციელოს არაერთჯერადი საქმიანობა მოგების მიზნით მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების სამართავად;
  • უშუალოდ განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან/და საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებანი.

წილის საკუთრებაში ფლობა კანონის დარღვევა არ არის, მაგრამ პარლამენტის წევრი ვალდებულია არა მხოლოდ თავის საკუთრებაში, არამედ თავისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია ზუსტად მიუთითოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მონაცემებით, სხვადასხვა სახის ბიზნესთან კავშირი IX მოწვევის პარლამენტის 58 წევრს ჰქონდა. მათგან ნაწილს უფიქსირდებათ საწარმოო საქმიანობიდან დეკლარირებული შემოსავალიც.

ასე მაგალითად:

· უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა, რომელიც შპს ბეღელის 33% წილის პარტნიორია საქმიანობიდან ერთ წელში 31 600 ლარი მიიღო.

· იოსებ მაკრახიძემ, რომელიც ასევე უმრავლესობის წევრია და შპს იბოლიას პარტნიორია (40%) საქმიანობით 84 993 ლარი მიიღო.

· სამველ მანუკიანი, ასევე უმრავლესობის წევრია და ის 50%–იან წილს სამ კომპანიაში ფლობს: შპს გრანდში, შპს კრისტალში და შპს გეოფუდში. ამ უკანასკნელიდან მან წლიურად 200 000 ლარის შემოსავალი მიიღო.

· 15 კომპანიაში აქვს წილი კახა ოქრიაშვილს. აქედან შემოსავალი მან ორის შემთხვევაში მიიღო. კერძოდ – პსპ ფარმადან 22 114 737 ლარი და სს ელექტრონიკა 94–დან 79791 ლარი.

· უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ნინო წილოსანი წილს 5 კომპანიაში ფლობს. მან შემოსავალი მხოლოდ ერთისგან – შპს მკურნალი 2002–სგან აიღო – 39 000 ლარი.

დანარჩენ დეპუტატებს დეკლარაციებში სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდებათ.

დეპუტატებს შორის, ვინც სხვადასხვა კომპანიებში ფლობენ წილებს უმეტესობა – 45 უმრავლესობის წევრია.

ამასთან, გამჭვირვალობის კვლევაში იმ დეპუტატებსაც ვხვდებით, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესებთან არიან დაკავშირებულები, მათ შორის წილის ფლობის კუთხით, თუმცა ამაზე ინფორმაცია მათ დეკლარაციაში შეტანილი არ აქვთ.

ასე მაგალითად:

დეკლარაციაში მითითებული არ აქვს უმრავლესობის წევრ ანზორ ბოლქვაძეს, რომ ის შპს გოდერძი დეველოპმენტის 50%–ის წილის მესაკუთრეა.

უმრავლესობის წევრს ოთარ დანელიას დეკლარაციაში ვხვდებით კომპანიებს Sky Morots-ს და მეგა ქონსტრაქშენს, დეპუტატს წილის ფლობაზე 0% აქვს მითითებული, თუმცა არასამთავრობოს კვლევით, ერთგან ის 25%–ს, ხოლო მეორეგან კი 50%–ს ფლობს.

უმრავლესობის წევრ ლევან კობერიძეს საანგარიშო პერიოდში დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა, რომ შპს ალი ჯორჯიან მოტორსის 25%–ს ფლობს, და ის ასევე შპს კ 3–ის 100% მეწილეა.

უმრავლესობის წევრს ნავერიან თამაზს დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა შპს კავკასუს ავტო რესორსის 15%–იანი წილი.

სიმონ ნოზაძეს კი რომელიც ასევე უმრავლესობის წევრია მითითებული არ ჰქონდა, რომ ის შპს ქართული წითელი ღვინოები–ს 50% მეწილეა.

ასევე არ ჰქონდა მითითებული ერეკლე ტრიპოლსკს შპს წყარო–ში 20% მეწილეობა.

დამოუკიდებელ დეპუტატს დავით ჭიჭინაძეს მითითებული არ ჰქონდა, რომ ის ბათუმტრანსგაზის 20% მეწილეა.

ლერი ხაბელოვის დეკლარაციაში არ იყო მითითებული, რომ ის შპს სამეგობროს 20% მეწილე იყო, ასევე შპს საბურთალო პალასის 65% მეწილე და შპს თაკვერის 26% მეწილე.

ანალოგიურად არ ჰქონია დეკლარირებული ვიქტორ წილოსანს შპს სეტი +–ის 33%–იანი მეწილეობა.

დეპუტატების ბიზნესებთან კავშირის შესახებ დოკუმენტის სრულად ნახვა შეგიძლიათ ბმულზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *