ჩაწერილი ხმა მღაღადებლისა

ჩაწერილი ხმა მღაღადებლისა

ზაზა შენგელიას Bravo Records–ი ერთადერთი ნამდვილი ხმისჩამწერი ლეიბლია საქართველოში, რომელმაც ამ ქვეყანაში მუსიკის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს.

“ყველაფერი მუსიკის სიყვარულით დაიწყო. მუსიკალური განათლება მაქვს. სკოლაში ბენდი მყავდა. 1982 და 1987 წლებში თბილისის სტუდენტური როკფესტივალი ჩავატარეთ, სადაც ბევრი ქართველი ვარსკვლავი პირველად გამოჩნდა სცენაზე: ქიშო გლუნჩაძე, დადა დადიანი, ირაკლი ჩარკვიანი და სხვები, – საკუთარი მუსიკალური წარსულის გახსენებით იწყებს ინტერვიუს ზაზა შენგელია. – უნივერსიტეტის ბენდშიც ვუკრავდი კლავიშებზე, მუსიკალურ ჩანაწერებს ვაგროვებდი… ეს იყო ჩემი ჰობი, რომელსაც ძალიან დიდ დროს ვუთმობდი და არ მიფიქრია, რომ ეს ოდესმე ჩემი ბიზნესი გახდებოდა. თუმცა ერთ მშვენიერ დღეს, პროექტ “ვარსკვლავების აკადემიის” დასრულების შემდეგ, მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ნამდვილი ხმისჩამწერი ლეიბლი გაგვეკეთებინა”.

რა არის ხმისჩამწერი ლეიბლი? – ესაა ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს და ყიდის მუსიკას. აწარმოებს ციფრული ან ანალოგური სახით, ყიდის მუსიკალურ მაღაზიებში, რომლებიც ჩვენ არ გვაქვს, ან ინ ტერნეტით. ლეიბლი ასევე ეძებს და ქმნის არტისტებს, ქმნის მათ იმიჯს, ეწევა მათ პოპულარიზაციას, უწყობს ტურნეებს, უხდის ხელფასს და ა.შ. დიდ ლეიბლებს აქვთ თავიანთი სტუდიაც, სადაც არტისტები მუშაობენ, წერენ და არედაქტირებენ საკუთარ მუსიკას. ასევე, ლეიბლის ფუნქციაა მისი კონტრაქტორი არტისტისთვის ვიდეოპროდუქციის შექმნა და მისი გაყიდვა სხვადასხვა არხით.

ამ დამკვიდრებულ მოდელს წყალი შეუდგა მას შემდეგ, რაც ელექტრონული მუსიკა მეინსტრიმულ მიმდინარეობად იქცა. დღეს ლეიბლის გაგება გადასხვაფერებულია. მაგალითად, ბევრ წარმატებულ ელექტრონულ ლეიბლს არაფერი გააჩნია, გარდა მისი მფლობელის ლეპტოპისა და სტაფიც მხოლოდ ერთი ადამიანისგან შედგება. იგი იღებს მუსიკას, არჩევს, მერე ან ვინილებზე დასაბეჭდად უშვებს, ან სულაც Bitport-სა და სხვა საიტებზე ტვირთავს გასაყიდად. თუმცა მუსიკა ჯერჯერობით ერთკაციანი ლეიბლებით ფონს ვერ გადის, ამიტომ ტრადიციული, კონსერვატიული გაგების ლეიბლების საჭიროება ისევ არსებობს.

“კლასიკური ლეიბლის მოდელი ავიღეთ, – მეუბნება ზაზა შენგელია, – Sony-ს, Warner Music-ის, Universal-ის, რაც ყველა მიმართულებას მოიცავს: მუსიკის დაწერა, ჩაწერა, დისტრიბუცია, საავტორო უფლებების დაცვა, კონცერტების ორგანიზება, გახმოვანება. ვიფიქრეთ, რომ საქართველოს სჭირდებოდა ორგანიზაცია, რომელიც ამ ყველაფერს ხარისხიანად გააკეთებდა”.

ძალიან რთულია, იშოვო ფული ქვეყანაში, სადაც ყოველდღე გქურდავენ, თუმცა სამართალდამცავებს ამაზე რეაქცია არა აქვთ. სადაც ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ ქურდობს, რადგან მას არავინ სჯის. საქართველოში ყველაზე რეიტინგული საიტები არალიცენზირებულ მუსიკასა და ფილმებს ავრცელებენ – არც ისინი ისჯებიან. აღქმაშიც პრობლემაა: საქართველოს რიგით მოქალაქეს მიაჩნია, რომ კარტოფილის მოპარვა არ შეიძლება, რადგან კარტოფილი არსებობს. ამავდროულად, მას უყვარს მუსიკა, ფილმები, ტარანტინო და “პინკფლოიდები”, თუმცა ფიქრობს, რომ avoe.ge-დან გადმოწერილი Dark Side-ი ძალიან ნორმალური ამბავია, იმიტომ, რომ ის არ იჭმევა, არ ტყდება და, შესაბამისად, არც არსებობს, რადგან არამატერიალურია. ის იშვიათად ფიქრობს იმაზე, რამდენი ათეული ათასი ან მეტი ევრო დაიხარჯა ერთი პატარა ალბომის შესაქმნელად, რომელიც მან თავის ლეპტოპში თითის მარტივი მოძრაობით, უმტკივნეულოდ მოათავსა.

“საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი რეკორდსმენი ვარ გაყიდვებით, – ამბობს ლექს-სენი, ერისკაცობაში ლექსო ქავთარაძე, ქართული მსუბუქი ჰიპ-ჰოპის მამა, რომელიც ნამდვილად ავსებდა მოედნებს თავის კონცერტებზე. – 10,000 კასეტა გავყიდე, თუმცა მე ვიცნობ ერთ ადამიანს, რომელიც დგას ბაზრობაზე და რომელმაც 30,000 ჩემი კასეტა გაყიდა, საიდანაც მე ერთი თეთრიც არ შემხვედრია”. ლექსო და კიდევ რამდენიმე ქართველი არტისტი Bravo Records-ში ვნახე, სადაც მათ საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის სააგენტოსთან ერთად მუსიკალური მეკობრეების წინააღმდეგ ჯვაროსნული ომი დააანონსეს.

Bravo Records-ის ერთ–ერთი პროდუქტია “ბრავისიმო”, მუსიკალური ინტერნეტმაღაზია, საიდანაც ლიცენზირებული, მაღალი ხარისხის მუსიკის ყიდვაა შესაძლებელი. აქ იყიდება როგორც ქართველი, ისე უცხოელი არტისტების მუსიკა. ერთი ტრეკი საშუალოდ 50 თეთრი ღირს, თუმცა პროდუქტს მოგება ჯერჯერობით მაინც არ მოაქვს. ადმინისტრაცია გამოსავალს ეძებს და მალე “ბრავისიმოს” ფორმატის ადაპტირებას აპირებს: ცოტა ხანში ის მსოფლიოს წამყვან ანალოგებს – Grooveshark-ს, Spotify-სა და Pandora-ს დაემსგავსება, სადაც იხდი საწევროს და შეუზღუდავი რაოდენობის მუსიკას უსმენ.

“რა თქმა უნდა, ვიცოდით, რომ ეს არ იყო სამშენებლო, ან ნავთობპროდუქტების ბიზნესი, სადაც ფული სწრაფად მოდის. თუმცა ბიზნესი იმისთვის არსებობს, რომ განსაზღვრულ დროში მოგება მოიტანოს, – მეუბნება ზაზა შენგელია. – ჩვენ ველოდებით მთავრობის ინიციატივას, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას დაიცავს. მალე გვექნება სასამართლოები იმ კომპანიებთან, რომლებიც არად დაგიდევენ ინტელექტუალურ საკუთრებას და თავხედურად ავრცელებენ მოპარულ პროდუქციას. ეს ელემენტარულად უზრდელობაა მათი მხრიდან”.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მთავრობას საავტორო უფლებების დაცვასაც ავალდებულებს. ცოტა ხანში უნდა ველოდოთ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის რეფორმას, რომელიც დღეს უდავოდ მოძველებულია, თუნდაც იმიტომ, რომ ინტერნეტის არარსებობის დროს დაიწერა. კანონის მიღების შემდეგ Bravo Records-ს შეეძლება, რომ უფრო აგრესიულად შეუტიოს მეკობრე საიტებსა და ბაზრობის გადამყიდველებს, რომელთა სახელიც ლეგიონია. სხვაგვარად ის ინვესტიცია, რომელსაც Bravo სხვადასხვა კომპანიისგან ლიცენზიის ყიდვისას ახორციელებს, წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.

“სკოლიდანვე უნდა ასწავლონ მასწავლებლებმა მოსწავლეებს, რომ მუსიკის ქურდობა ისეთივე ქურდობაა, როგორიც მანქანის ქურდობა, ამ სფეროშიც არაფერი არ გვეშველება სწორი განათლების გარეშე”, – აღნიშნავს ზაზა შენგელია.

ინტერნეტმა ლეიბლის ჯაჭვიდან ერთი წამყვანი რგოლი A&R (არტისტი და რეპერტუარი – ადამიანი, რომელიც ტალანტებს პაბ-პაბ, ბარ-ბარ, შაკა-ტაკა ეძებდა) ამოაგდო. ახლა აღარავინ ხარჯავს დროსა და რესურსს მოარული ტალანტების ძებნაზე, რომლებიც სადღაც სარდაფში ასი გრამი სკოჩის ფასად მარგალიტებს ყრიან. ახალი ეპოქის A&R მენეჯერი მისი უდიდებულესობა ინტერნეტია, თავისი ორი ვეზირით – Youtube-თა და Soundcloud-ით. ახალ ტალანტს მაშინვე უგროვდება უამრავი ნახვა და შემდეგ პატივცემული არტისტი საკუთარ საძინებელში მოწყობილი კუსტარული სტუდიიდან ნამდვილ მუსიკალურ სამოთხეში ინაცვლებს.

ლეიბლების არტისტების ძებნის პრინციპი კარდინალურად შეცვალა სატელევიზიო ტალანტშოუებმაც, რომელთა ფინალისტებიც უკვე შემდგარი ვარსკვლავები არიან და ზედმეტ შრომას არ საჭიროებენ. მაგალითად შეიძლება ისლინგტონელი ლამაზი პორტიეს ზღაპარი ავიღოთ: ლიონა ლუისმა ბრიტანული X Factor-ის მოგების შემდეგ თაყვანისმცემელთა მრავალმილიონიანი არმია შეიძინა. კლაივ დევისსაც ბევრი არ უფიქრია, მაშინვე თავის J Records-ში წაიყვანა, დაუმატა ტუჩსაცხი, დაფნის ფოთოლი და სულ ცოტა ვარსკვლავური მტვერი მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი უიტნი ჰიუსტონის კულისებიდან. ახლა ლიონას თითოეულ ვიდეოს 100 მილიონამდე ნახვა აქვს Youtube-ზე, მას და მის პროდიუსერს კი ბევრი ფული – ისე, რომ პირველადი ინვესტიცია არც ერთს არ გაუკეთებია.

Bravo Records-ისთვის ასეთი ვარსკვლავი ჯგუფი “გამოუვალი მდგომარეობაა”, რომელსაც მალე – “კოკა-კოლას” საერთაშორისო აქციის, “აკოცე ბედნიერებას”, ფარგლებში, – ეროვნულ ტურნეს გაუკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია რეგულარულად სთავაზობს პუბლიკას გახმაურებულ და პოპულარულ პროექტებს – როგორიცაა, მაგალითად, სექტემბერში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – Global Gathering-ის მასპინძლობა, რომლის სტუმარიც ლეგენდარული Fat Boy Slim-ი იქნება – ანტიპირატული კანონმდებლობის მიღებამდე, მთავარი გამწევი ძალა კომპანიისთვის სპონსირებული მუსიკალური პროექტებია – “გამოუვალი მდგომარეობისა” და “კოკა-კოლას” თანამშრომლობის მსგავსი. სპონსორი ჯერჯერობით Bravo-ს ერთადერთი მთავარი შემოსავლის წყაროა და კომპანიის ყველა სხვა მიმართულებას ინახავს.

Bravo Records-ი, როგორც მუსიკალური, ისე ბიზნესმოდელის თვალსაზრისით, მუდმივად სინქრონიზდება თანამედროვე დასავლურ ყაიდასთან, მაგრამ კომპანიამ მისი მთავარი აღმოჩენა, თამთა ცხვიტავა ძველებურად, Youtube-ის გარეშე, რესტორანში იპოვა.

“ჩვენ თამთას მაგალითზე ვაჩვენეთ, როგორ მუშაობს ლეიბლი თავის არტისტზე, როგორ შეიძლება ამ ინდუსტრიაში ნულიდან გახდე ვარსკვლავი, – ამბობს ზაზა შენგელია, – თვითონ არტისტებმა არ იცოდნენ, როგორ ურთიერთობს ლეიბლი მუსიკოსთან. ახლა უკვე იციან. თამთას იმიჯი, რეპერტუარი, ალბომი, სოლო- კონცერტი – ყველაფერი Bravo Records-მა გააკეთა. ახლა ის შემდგარი, ნამდვილი ვარსკვლავია ძალიან დატვირთული გრაფიკითა და ბევრი გასტროლით”.

Bravo Records-ის საქმიანობისთვის კომერციული წონის მომატებას და, შესაბამისად, საქართველოს ახალდაბადებული ვარსკვლავებისთვის საერთაშორისო ბრწყინვალების მინიჭებას მხოლოდ ერთი რამ განაპირობებს – კანონის დაცვა როგორც სახელმწიფოს, ისე თითოეული მოქალაქის მხრიდან. მთლიანად თუ არა, მუსიკალურად მაინც გავბრწყინდებით, როცა გავუფრთხილდებით ერთმანეთის საკუთრებას, თუნდაც არამატერიალურს. როცა ჩარკვიანი ისე გვეყვარება, რომ მის მუსიკასაც ვიყიდით. როცა ავტორიტეტული კომპანიები რეკლამას აღარ დადებენ პირატულ საიტებზე. და როცა სონარზე BearFox-ი დაუკრავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *