საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ევროს მიმზიდველობა იზრდება

საქართველოს საკრედიტო ბაზარზე ევროს მიმზიდველობა იზრდება

ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის დაახლოების პარალელურად საქართველოს ბიზნესსექტორი ევროს კრედიტებს სულ უფრო აქტიურად იღებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წლის მაისის მდგომარეობით, ქვეყანაში ევროს სესხის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 6.32%-ს შეადგენს, რაც დოლარის სესხთან შედარებით უფრო იაფია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროს სესხების საპროცენტო განაკვეთები დოლარის საკრედიტო რესურსის ღირებულებაზე სწრაფად შემცირდა, შედეგად, საქართველოს კომერციული სექტორისთვის ევროს მიმზიდველობა გაიზარდა. შედარებისთვის, დოლარის სესხის განაკვეთი უახლესი სტატისტიკის მიხედვით 8.78%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ლარის სესხებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იურიდიული პირების ლარის სესხების საშუალო განაკვეთი 11.62%-ა.

განაკვეთის შემცირებას ბუნებრივი შედეგი მოჰყვა – ევროს საკრედიტო რესურსზე მოთხოვნა გაზარდა. 2019 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოში €543 მილიონი (1.75 მილიარდი ლარის) ოდენობის ევროში ნომინირებული სესხი გაიცა.

ევროს საკრედიტო პორტფელის ეს მოცულობა რეკორდული იყო და ის 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 219%-ით აღემატებოდა. ევროს სესხების ზრდის პარალელურად შემცირდა აშშ დოლარში ნომინირებული სესხების გაცემა, რაც, სხვა მიზეზებთან ერთად, სავარაუდოდ, 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების გაცემის აკრძალვას უკავშირდებოდა, რადგან იპოთეკურ და საშუალო ზომის ბიზნესსესხების ბაზარზე აშშ დოლარის სესხები კვლავ წამყვან პოზიციას იკავებს.

2019 წლის პირველ 5 თვეში აშშ დოლარით ნომინირებული $1,04 მილიარდის ანუ 2.95 მილიარდი ლარის ღირებულების დოლარის სესხები გაიცა. ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $584 მილიონით, ანუ 1.6 მილიარდი ლარით ნაკლებია.

იურიდიული პირებისთვის გაცემული ევროს სესხების მთლიანი პორტფელის მოცულობა, დოლართან შედარებით, კვლავ სამჯერ მცირეა. ამჟამად იურიდიული პირების ევროს სესხების ჯამური ნაშთი 2.35 მილიარდ ლარს შეადგენს, დოლარის სესხების ნაშთი – 6.7 მილიარდ ლარს, ლარის კორპორაციული სესხების ნაშთი კი 3.5 მილიარდია.

რაც შეეხება მთლიან საკრედიტო პორტფელს, მისი 43.3% ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული, დანარჩენი წილი კი სავალუტო სესხებზე მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *