ფედერიკას შესრულებული მისია

ფედერიკას შესრულებული მისია

ფედერიკას დიდი სახლი მტკვარს გადაჰყურებს. ფედერიკას დიდი სახლის დიდი ფანჯრებიდან ნარიყალა, სოლოლაკის ქედი, ძველი თბილისის პატარ-პატარა აივნებიანი სახლები მოჩანს. ალბათ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ხედი, რომელმაც შეიძლება შეგაყვაროს თბილისი. ალბათ ეს არის ერთ-ერთი ის ხედი, რომელიც ადამიანს შეიძლება მოენატროს. კი, ასეა – ფედერიკა მეუბნება, რომ, როცა რომში დაბრუნდება, აივნიდან გადაშლილი ძველი ქალაქის ხედი ყოველთვის მოენატრება.

ფედერიკას დიდი სახლის დიდი ფანჯრებიდან შემოსული მზე ოთახის კედლებზე გაკრულ მუქორნამენტებიან შპალერს ეცემა. მზე ახლა უხვად შემოდის მისაღებ ოთახში, რადგან აივნებთან ამოზრდილი ხეები ჯერ არ შეფოთლილა. ადრე გაზაფხულია. მე-18-19 საუკუნის ესთეტიკით გაწყობილ ოთახებში ანტიკვარული ხის ავეჯი დგას. უშველებელსარკიან კარადაში ფედერიკა ირეკლება. ტახტზე ზის. ფანჯარასთან. გაცრეცილი ფერის ჯინსი, მუქი ყავისფერი ტყავის, ბოტის ტიპის ჩექმა და შავი ჟაკეტი აცვია. მართლა ლამაზი ხედიაო, არა? მეკითხება. თავს ვუქნევ. ფედერიკა ფავი რომიდანაა. ის იტალიის ელჩია საქართველოში. ხის კარადის სარკეში არეკლილი ფედერიკა დიპლომატს არ ჰგავს. დღეს დასვენების დღეა. სწორი და ჩალისფერი თმა უსწორმასწოროდ აქვს გადაყოფილი და მის ამ ჩაცმულობას ძალიან უხდება.

რამდენიმე ცნობა ფედერიკა ფავის შესახებ

ფედერიკას მისია საქართველოში 2011 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის სექტემბერში დასრულდება. “საქართველოში, ამჯერად როგორც ტურისტი, ჩამოხვალთ ხოლმე?” – სადღაც, ინტერვიუს მიწურულს ვკითხე ფედერიკას. მან კი მიპასუხა: “საქართველოში, როგორც ტურისტი, არასდროს ჩამოვალ… საქართველოში მე ჩემს მეგობრებთან დავბრუნდები, რომლებიც ამ ოთხი წლის მანძილზე მრავლად შევიძინე. მეგობრობა ხომ ისაა, რაც სამუდამოდ გრძელდება. როცა მომენატრებიან, ყოველთვის ჩამოვალ. მანძილი და სიშორე მეგობრობას ვერაფერს აკლებს. მათ გულით დაატარებ” …

ფედერიკა თბილისში თავის 10 წლის ბიჭთან ერთად ცხოვრობს. “მე ვარ დედა და მე ვარ დიპლომატი”, – აი, ასე გამაცნო ფედერიკამ საკუთარი თავი ინტერვიუს პირველივე კითხვის პასუხად. თუმცა ამაზე მოგვიანებით მოვყვები.

დიპლომატიურ სამსახურში ფედერიკა 29 წლის ასაკში ჩაება. კარიერა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო. მომდევნო წლებში კი მისი საქმიანობა საზღვარგარეთ გაგრძელდა. კარიერის გამორჩეულ პერიოდად ეგვიპტეში, კაიროში გატარებულ ექვს წელს ასახელებს. ის იქ იტალიის კონსულის სტატუსით მსახურობდა. ეს იყო მისი ცხოვრების ძალიან საინტერესო, მაგრამ ამასთანავე ძალიან რთული პერიოდი: “რაც მთავარია, მე ამ ქვეყნის სიყვარული ვისწავლე და იქ ძალიან ბევრი მეგობარი დავტოვე. ისევე როგორც საქართველოში, ეგვიპტეშიც ყოველთვის დამელოდებიან ჩემი მეგობრები”, – მეუბნება ფედერიკა. ეგვიპტეში გატარებული ექვსი წლის შემდეგ ფედერიკა ჟენევაში გადადის სამუშაოდ. ის ევროკავშირში, იტალიის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ჰუმანიტარულ საკითხებს კურირებს. მისი პირველი დავალება იქ საქართველოს უკავშირდება: “ჟენევაში ჩემი გადასვლა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს დაემთხვა. ჩემი დავალება იყო ომით დაზარალებული ხალხისთვის დახმარების გაწევა – როგორც ფინანსური, ისე ჰუმანიტარული. მე უნდა მედევნებინა თვალი იმისათვისაც, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებოდათ დევნილებს. უნდა ითქვას, რომ იმ პერიოდში საქართველოს მთავრობამ დევნილების დასახმარებლად საკმაოდ კარგი სამუშაო გასწია. მათ შორის ვგულისხმობ დევნილთა დასახლებების მშენებლობასაც. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა საქართველოსთან, – იხსენებს ფედერიკა, რომელსაც მოგვიანებით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში იტალიის ელჩის პოსტი შესთავაზა. – სიმართლე გითხრათ, გამიხარდა და ჩამოვედი თქვენს თბილისში ჩემს შვილთან ერთად”… რომის მონატრებას ვერ ასწრებს, იმიტომ რომ ხშირ-ხშირად უწევს იქ ჩასვლა როგორც საქმიანი ვიზიტით, ისე შვებულებისას, მაგრამ რაც მართლა ენატრება, ეს იტალიური კერძებია. უფრო ზუსტად კი თევზის კერძი, რომელსაც საქართველოში არ ამზადებენო, მეუბნება დიპლომატი.

ფედერიკა რომში, 1965 წლის 16 აპრილს დაიბადა. დედა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მამა კი ადგილობრივ კომპანიაში მუშაობდა. საშუალო განათლება კერძო კათოლიკურ სკოლაში მიიღო. ამ სკოლაში სწავლობდა მისი უმცროსი დაც. ფედერიკა დიდი სიამოვნებით იხსენებს ბავშვობის წლებს. პატარაობიდანვე იზიდავდა მოგზაურობა, უცხო ქვეყნების, უცხო ადამიანების ცხოვრების გაცნობა. ფედერიკას დას კი სულ სხვა ინტერესი ჰქონდა: “მას ცხოველები უყვარდა. ამიტომაც დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო ვეტერინარია”, – მეუბნება ფედერიკა, რომლის ბავშვობის მოგონებაც სწორედ დასთან ურთიერთობის კადრებით არის აწყობილი.

ტიბროსში დასველებული ახალი ფეხსაცმელი

ბავშვობის ერთ-ერთი ეპიზოდი კი სამუდამოდ დაამახსოვრდა ფედერიკას: “ჩემს დას ბავშვობისას ალერგია აწუხებდა და ამიტომ ხშირად უწევდა ანალიზის ჩაბარება. ერთ დღესაც, როცა მას მორიგი ანალიზები უნდა ჩაებარებინა, დედა დაკავებული აღმოჩნდა და ჩემი და ანალიზებზე მამამ წაიყვანა. რა თქმა უნდა, მეც გავყევი. რომის ცენტრში, ერთ-ერთ ცნობილ საავადმყოფოში მივედით. სანამ ანალიზების პასუხებს ავიღებდით, მამამ მდინარის პირას გაგვასეირნა. მშვენიერი მზიანი დღე იდგა. მე და ჩემი და მდინარეში კენჭებს ვისროდით და ასე ვირთობდით თავს. მამას შეეშინდა, მდინარეში არ ჩაცვივდეთო და გვთხოვა, ნაპირს მოსცილდით და ფეხით ჩაყარეთ ქვები მდინარეშიო. მე და ჩემს დას ახალთახალი ფეხსაცმელები გვეცვა. ჰოდა, ჩემმა დამ კენჭებს მდინარეში თავისი ფეხსაცმელიც გააყოლა. გუშინდელი დღესავით მახსოვს ეს მომენტი. მამამ ძლივს ამოიტანა მდინარიდან მისი ფეხსაცმელი და ასე სველი ფეხსაცმლით გამოვცხადდით ჯერ ექიმთან და შემდეგ სახლში, დედასთან”, – ეცინება ფედერიკას და განასახიერებს, როგორ მიჭყაპუნობდა მისი პატარა და სველი ფეხსაცმლით ქუჩაში.

შეუსრულებელი მისია არ არსებობს

ფედერიკა საშუალო სკოლის მეოთხე საფეხურზე იყო, როცა დიპლომატიაზე ფიქრი დაიწყო. “სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ მომინდა ამ პროფესიის დაუფლება. ეს ალბათ სისხლში მქონდა”, – მეუბნება იტალიის ელჩი და მიყვება იმ პერიოდზე, როცა დიპლომატობა გადაწყვიტა: “ვაგროვებდი ყველანაირ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა, დიპლომატი გავმხდარიყავი, რა უნდა გამეკეთებინა, რა უნდა მესწავლა, რომელ უნივერსიტეტში ჩამებარებინა. პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარე, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. მოგვიანებით კი გავაცნობიერე, რომ ჩემი მისია, გავმხდარიყავი დიპლომატი, თითქმის შეუსრულებელი იყო, რადგან იტალიის დიპლომატიურ სამსახურში რომ მოხვდე, უნდა ჩააბარო ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა იტალიის სამოქალაქო ადმინისტრაციის საკითხებში. რეალურად ეს არ არის ერთი გამოცდა, ეს არის ხუთი წერითი გამოცდა, რასაც მოსდევს ერთი საერთო გამოცდა, დიდი კომისიის წინაშე. ეს არანორმალური შრომაა. ამ გამოცდის ჩაბარება კი იმდენად რთულია, რომ, როგორც წესი, დიდი ნაწილი მსურველებისა გამოცდაზე იჭრება. ამან ძალიან დამამწუხრა, რადგან ვიცოდი, რომ ეს ის საქმე იყო, რაც მართლა მინდოდა, მაგრამ გამოცდის ჩაბარება წარმოუდგენლად მიმაჩნდა”, – ჰყვება ფედერიკა, რომელმაც, მიუხედავად ურთულესი მისიისა, თავის ოცნებაზე უარი არ თქვა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სამი წელი დაუთმო გამოცდისთვის მზადებას: “იმ წელს გამოცდაზე 1000 კანდიდატი გავედით. მათგან მხოლოდ 500-მა შეძლო წერითი გამოცდის დასრულება. მათ შორის ოცდასამმა გავიარეთ გასაუბრება და მე ვიყავი სამი ქალიდან ერთ-ერთი, ვინც გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ეს მართლა შეუსრულებელ მისიას ჰგავდა, მაგრამ მე ამ მისიის შესრულება შევძელი”, – ფედერიკა მაშინ 29 წლის იყო.

დიპლომატის შრომა უჩინარია

რა არის შენთვის დიპლომატია? – ვეკითხები ფედერიკას. აი, ასე ახასიათებს დიპლომატიას იტალიის ელჩი საქართველოში: “პიროვნული თვალსაზრისით, ეს არის დიდი შესაძლებლობა, გაატარო შენი ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში. ძირფესვიანად გაეცნო მათ კულტურას, ტრადიციას. რაც შეეხება დიპლომატიის პოლიტიკურ გაგებას, დიპლომატი არის ადამიანი, რომელიც ემსახურება თავის ქვეყანას და თავისი ქვეყნის ინტერესებს სხვა ქვეყანაში. ჩვენი საქმის დანახვა საკუთარი ქვეყნის შიგნით ალბათ ძალიან ძნელია. აი, მაგალითად, შენ ხედავ, რას საქმიანობს პოლიციელი, ექიმი, მასწავლებელი, ჟურნალისტი, მწერალი, მაგრამ დიპლომატის საქმიანობის დანახვა ძალიან რთულია, რადგან ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. მაგრამ როცა საზღვარგარეთ მოგზაურობ და უცებ შესაძლოა დახმარება დაგჭირდეს, როგორც პიროვნული, ისე საქმიანობის თვალსაზრისით, მაშინ უკვე საჭიროები ვხდებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გვაკისრია”, – მეუბნება ფედერიკა ფავი, იტალიის ელჩი საქართველოში.

ფედერიკამ საქართველოში საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი იტალია-საქართველოს კულტურულ ურთიერთობებს დაუთმო. რადგან მიაჩნია, რომ ისევე როგორც იტალიას, საქართველოსაც ძალიან საინტერესო კულტურული ისტორია აქვს: “თქვენი კულტურა გამოირჩევა დანარჩენი მსოფლიოსგან და ამასთანავე ძალიან ახლოსაა ევროპულ კულტურასთან. ვაფასებ თქვენს დამოკიდებულებას იტალიის კულტურისადმი. ვგავართ ერთმანეთს და მგონია, რომ ერთმანეთის კულტურული მემკვიდრეობისა თუ თანამედროვე კულტურული მიღწევების შესახებ ბევრი რამ უნდა ვიცოდეთ”, – ამბობს ფედერიკა.

“FERITE A MORTE”

ფედერიკა ფავის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება, რომელიც თბილისში შედგა, საზოგადოებამ გასულ შემოდგომაზე იხილა. “სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები”, – ასე ერქვა წარმოდგენას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა. იტალიელი ჟურნალისტისა და მწერლის სერენა დანდინისა და მისი კოლეგის, მაურა მიზიტის წიგნში შესული მონოლოგები თეატრის სცენაზე თექვსმეტმა ქალმა წაიკითხა. წიგნი 2013 წელს სასცენო წარმოდგენად იქცა და ის მსოფლიოს არაერთ დიდ ქალაქში დაიდგა. სპექტაკლებში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსი ქალები, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა. ასე მოხდა საქართველოშიც.თექვსმეტი ქალი ამ იდეის გარშემო სწორედ ფედერიკა ფავიმ გააერთიანა. ფედერიკა წუხს, რომ იტალიაში ქალთა მიმართ ძალადობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოშიც, მეუბნება ის.

სწორედ ამიტომ მას სჯეროდა, რომ სპექტაკლი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორების მიერ მოკლული ქალების მონოლოგებს აერთიანებს, ბევრ ადამიანს ააღელვებდა და იმ პრობლემის გააზრებაში დაეხმარებოდა, რასაც ფემიციდი ჰქვია. მართლაც, სისხლიანი გამოდგა ამ თვალსაზრისით გასული წელი. 2014 წელს, ოფიციალური მონაცემებით, ოჯახში ძალადობას ოცდარვა ქალი შეეწირა. ერთ-ერთი ქალის მკვლელობა, თბილისის ცენტრში, უნივერსიტეტის აუდიტორიაში კი სწორედ იმ კვირაში მოხდა, როდესაც ფედერიკამ სპექტაკლის თარიღი დანიშნა: “მჯერა, რომ ამ წარმოდგენამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე და ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად ცხადი გახადა. ჩვენ დავპატიჟეთ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები: პოლიციელები, სამხედროები, მორაგბეები, ფეხბურთელები. სცენაზე იდგა ორი მინისტრი, მხატვარი, ფსიქოლოგი, ჟურნალისტები და ა.შ. იმისათვის, რომ დაგვენახებინა საზოგადოებისათვის, რომ ქალთა მიმართ ძალადობა – ეს გლობალური პრობლემაა. ეს არის საზოგადოების პრობლემა – მუსლიმების, ქრისტიანების, მდიდრების, ღარიბების, დასავლელების, აღმოსავლელების… არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და საიდან. ქალები ყველგან ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი. სწორედ ამიტომ სახელმწიფომ ბევრი რამ უნდა გააკეთოს ამ პრობლემის დასაძლევად – პოლიციელებისა და ექიმების ტრენინგით დაწყებული, რათა მათ ამოიცნონ ძალადობის მსხვერპლნი, კანონის სრულყოფით დამთავრებული. მნიშვნელოვანია ამ პროცესში სკოლის ჩართულობა. მედიას ასევე უდიდესი როლის შესრულება შეუძლია”, – მეუბნება ფედერიკა.

“ძნელია, რჩევა მისცე ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან”, – ამბობს ფედერიკა და განაგრძობს: “ვფიქრობ ხოლმე, რა შეიძლება ვუთხრა მათ, მაგრამ ზუსტ სიტყვებს ვერასდროს ვპოულობ. მე მესმის მათი შიშის. რა თქმა უნდა, ადვილია ურჩიო, ილაპარაკონ თავიანთ პრობლემაზე. ხმამაღლა აღიარონ, რომ მათზე ძალადობენ, მაგრამ იმასაც ვფიქრობ, იქნებ იმიტომ ეშინიათ ამ ქალებს ხმის ამოღების, რომ მერე მათ უფრო მეტად სცემენ? ერთი რამ ვიცი, ისინი ძლიერები უნდა იყვნენ. თავიანთი შვილების დაცვა უნდა შეძლონ. ამისთვის კი, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაიცვა. ნუ დაიჯერებ, რომ თუკი შენ მსხვერპლი ხარ, სხვების დაცვას შეძლებ. არა, ასე არ არის. მათ დაცვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებ, როცა შენ თვითონ აღარ იქნები მსხვერპლი. ეს არ შეიძლება გაგრძელდეს უსასრულოდ. და ეს მხოლოდ იმ ძალაზეა დამოკიდებული, რომელსაც შენში იპოვი. იპოვი გზას მოძალადის დასაძლევად. შენ საკუთარი თავის უნდა გწამდეს და აუცილებლად იპოვი თავის დაღწევის გზას, მაგრამ ეს მანამდე უნდა მოახერხო, სანამ არ დაგვიანდება. არასდროს დაიჯერო, რომ კაცს, რომელიც გირტყამს, რომელიც გაწამებს, გაგინებს – უყვარხარ. იცოდე, ეს სიყვარული არ არის. ნუ შეიყვარებთ მოძალადეებს”, – მეუბნება ფედერიკა, რომელიც მუჭებს კრავს და ამით სურს გამოხატოს სიძლიერე.

ფედერიკას ემოცია გადამდებია. ფედერიკაც, ალბათ ისევე, როგორც იტალიელების უმეტესობა, ემოციურია. ეს მის საუბრის მანერაში კარგად ჩანს. ლაპარაკისას, თხელ მტევნებს აქტიურად იყენებს. მისი ემოცია შენც გედება. ემოციით ჰყვება იმასაც, რომ, რაც უფრო ახლოვდება მისი მისიის დასასრული, მით უფრო უძნელდება საქართველოს დატოვება: “შევამჩნიე, როდესაც თანამშრომლებს სამომავლო გეგმებზე ველაპარაკები, უცებ გამახსენდება ხოლმე: ღმერთო ჩემო, მე ხომ ვტოვებ საქართველოს! ჩვენს კარიერაში, უკვე შეჩვეული ადგილების, ადამიანების დატოვება ხშირია, ამისთვის მზადებას რამდენიმე ხნით ადრე იწყებ, მაგრამ ეს მაინც ძალიან მტკივნეულია. წინათ, როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, ამაზე დიდად არ ვწუხდი, მაგრამ ახლა რატომღაც ძალიან განვიცდი. გული მწყდება ყველაფერზე – მეგობრებზე, რუტინულ საქმეზეც კი. მომენატრება ჩემი საქმე, ხალხი, ეს ხედი, რომელსაც ყოველ დილას-საღამოს ვუყურებ. ყველაფერი მომენატრება”, – მეუბნება ფედერიკა.

ის უკვე ფიქრობს, თუ როგორი იქნება მისი და მისი შვილის ცხოვრება რომში დაბრუნების შემდეგ. მეუბნება, რომ, მაგალითად, მისი ბიჭის ცხოვრება უფრო გართულდება, რადგან ის უფრო მეტ დამოუკიდებლობას უნდა მიეჩვიოს: “ჩვენ რომის ცენტრში, ძალიან ლამაზ, მაგრამ პატარა ძველებურ სახლში ვცხოვრობთ. ფეხით შეგიძლია მოიარო რომის ღირსშესანიშნაობები, იქვეა მუზეუმები, ანტიკური ეკლესიები. ალბათ ჩემს შვილს იმაზე იშვიათად ვნახავ, ვიდრე თბილისში. ამაზე ვდარდობ, რადგან მიყვარს, როცა ერთად ვსადილობთ. ეს ერთგვარი რიტუალივით არის ჩვენთვის. რა თქმა უნდა, სახლში არ გვეყოლება მომსახურე პერსონალი. იქ ჩემი სამუშაო დღე დილით ადრე დაიწყება და გვიან დამთავრდება. თვითონ უნდა გაასწოროს საწოლი, თვითონ მიალაგოს თავისი ოთახი”, – მეუბნება ფედერიკა.

ის, რის გამოც ფედერიკას განსაკუთრებით უხარია რომში დაბრუნება, ზღვის სანაპიროა. ტირენიის ზღვა რომიდან 30 კილომეტრშია: “ძალიან მიყვარს ზღვის სანაპიროზე ნებივრობა”, – მეუბნება ის და ერთ ოცნებასაც მიმხელს, რომელიც ზღვას და მის სიყვარულს უკავშირდება: “შემიძლია წარმოვიდგინო საკუთარი თავი დიპლომატიური კარიერის დასრულებისა და პენსიაზე გასვლის შემდეგ: მე ვიქნები ზღვის სანაპიროზე მდებარე პატარა რესტორნის მფლობელი და საკუთარი ხელით მოვამზადებ სხვადასხვა სახეობის თევზის კერძებს. თბილი სანაპირო, ცინცხალი თევზი, ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა”, – მეუბნება იტალიის ელჩი, გულზე იდებს ხელებს და აგრძელებს: “სხვათა შორის კარგი მზარეული ვარ. ძალიან გემრიელ პასტას ვამზადებ. ჩემი თევზის კერძებიც გამორჩეულია. აი, დესერტის მომზადება კი არ მეხერხება”, – მეუბნება ის. და კიდევ ერთიც, რის გამოც ფედერიკას რომში დაბრუნება უხარია – ის უფრო ხშირად შეხვდება თავის დას, რომელიც სულ ენატრება.

ელჩი, ქალი, დედა

“მე ვარ დედა და მე ვარ დიპლომატი”, – ასე გამეცნო ინტერვიუს დასაწყისში ფედერიკა და მივხვდი რატომაც. ის არ განასხვავებს ერთმანეთისგან ქალ და კაც დიპლომატებს. მისი თქმით, განსხვავება მხოლოდ მაშინ ხდება შესამჩნევი, როდესაც საქმე გაქვს დედა დიპლომატთან და მამა დიპლომატთან: “მე გაცილებით მეტ საქმეზე უნდა ვიფიქრო, ვიდრე ჩემი შვილის მამამ. მაგალითად, ყოველ ღამე ვამზადებ მეორე დღის მენიუს. ვამოწმებ სახლის ამბებს, ვაწესრიგებ ტანსაცმელს. მე არ დამიკარგავს ჩემი როლი სახლში იმის გამო, რომ დიპლომატი და დაკავებული ადამიანი ვარ. სამაგიეროდ, მე ვხედავ, რომ ჩემი ასაკის, მსგავსი განათლებისა და კულტურის მქონე მამაკაცი კოლეგები იტალიაში ამ საზრუნავისგან თავისუფლები არიან, რადგან საშინაო საქმეებს მათი ცოლები უძღვებიან. ჩემი შვილისთვის, ყოველ დილით, მე ვამზადებ სენდვიჩს. მე ასეთი კითხვა მაქვს: საინტერესოა, რამდენი ჩემი მამაკაცი კოლეგა ამზადებს სენდვიჩს თავისი შვილისთვის დილის 7:30-ზე? მე ვაკეთებ სენდვიჩსაც და სამსახურის საქმესაც. მე სამსახურში არ ვაგვიანებ იმის გამო, რომ დილის საუზმეს ვამზადებ შვილისთვის. მე მგონია, რომ ქალისთვის დიპლომატობა არ არის ადვილი საქმე, რადგან ხშირად გიწევს ოჯახისგან შორს ყოფნა, რადგან ხშირად იძულებულს ხდი ოჯახს, შვილებს, რომ შენთან ერთად დაუსრულებლად იარონ სხვადასხვა ქვეყანაში. ამის გამო, შესაძლოა, შენი შვილის განათლებაც კი დადგეს საფრთხის წინაშე, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ვერ იპოვო კარგი სკოლა მისთვის კარგი განათლების მისაცემად, ამიტომ მის წინაშე ხარ პასუხისმგებელი. განვლილ წლებს ვეღარ დაუბრუნებ უკან”, – ამბობს დედა და დიპლომატი ფედერიკა.

საუბარი ლოგიკურად მიდის იმ თემისკენ, რომელიც უკანასკნელი პერიოდია, განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში. და არა მხოლოდ აქტუალური, არამედ ხშირად ცხარე დისკუსიის თემაც. ქალი და პოლიტიკა. ცხადია, ფედერიკასთვის არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმის თაობაზე, უნდა იყვნენ თუ არა ქალები პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჰყავს სამი ქალი მინისტრი და რამდენიმე ქალი პარლამენტშიც არის წარმოდგენილი, იტალიის ელჩის თქმით, ეს სრულებითაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული გენდერული ბალანსი პოლიტიკაში. მისი თქმით, ქალთა წარმომადგენლობის პრობლემა პოლიტიკაში მის ქვეყანაშიც აქტუალურია. ფედერიკას მიაჩნია, რომ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გარკვეული სამოქმედო გეგმა, რათა ეს სიცარიელე ამოავსოს: “მაგალითად, მე არ მომწონს კვოტები, მაგრამ თუკი გენდერული ბალანსის მისაღწევად კვოტების შემოღება აუცილებელია, მაშინ ეს დროებითი ზომა უნდა დაწესდეს. იცით, რატომ უნდა იყოს მეტი ქალი პოლიტიკაში? იმიტომ, რომ ხანდახან ჩვენ უკეთ გვესმის ადამიანების, ვიდრე კაცებს. მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ უფრო დახვეწილი კანონები, განსაკუთრებით – სოციალურ სექტორში, იქნება ეს განათლება, ქალთა უფლებები, შრომითი უფლებები თუ დევნილების პრობლემები და ა.შ. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია არაჩვეულებრივად გავუძღვეთ საგარეო პოლიტიკასაც. ხშირად ქალები გაცილებით კონსტრუქციულები არიან საერთაშორისო ურთიერთობებში, ვიდრე კაცები. თუ ქალი ჭკვიანი ლიდერია, მას შეუძლია მეტ წარმატებას მიაღწიოს, ვიდრე კაცმა. მაგრამ მე არ მინდა, ისე გამიგოთ, თითქოს კაცებს ვეჯიბრები, არა, ეს ასე არ არის, მე მომწონს შეჯიბრი თანაბარ დონეზე. მე არ ვფიქრობ, რომ ქალები უკეთესები ვართ, უბრალოდ, მჯერა, რომ ქალებს მაქსიმალურად უნდა მოგვეცეს ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება”, – მეუბნება ფედერიკა და აგრძელებს: “მით უმეტეს ახლა, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ეძლევა არაჩვეულებრივი შესაძლებლობა ტრანსფორმირებისა, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი ქვეყანა. ეს თქვენი არჩევანია, იყოთ ევროპის ნაწილი და ჩვენ ამაში მაქსიმალურად დაგიჭერთ მხარს. მაქსიმალურად შევეცდებით, გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. მთავარია, საქართველომაც, თავის მხრივ, ყველაფერი გააკეთოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. იცოდეთ, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ”, – მეუბნება იტალიის ელჩი ფედერიკა ფავი.

ფედერიკას დილა ადრე, 7 საათზე იწყება. ამიტომ ტანსაცმელს მეორე დილისთვის ყოველთვის წინა საღამოს ამზადებს. დილით სახლში ნამდვილი გადარბენაა და ვერ ვასწრებო, მეუბნება ის. 9 საათისთვის შვილი სკოლაში მიჰყავს, თვითონ კი სამსახურისკენ აგრძელებს გზას: “ლანჩი არ მიყვარს. მირჩევნია, ლანჩის პერიოდი სამსახურში გავატარო და, მაგალითად, სასუსნავებით შევიქციო თავი. ხანდახან ლანჩისთვის განკუთვნილ დროს თურქული ენის გაკვეთილისთვის ვიყენებ. დიახ, საქართველოში თურქული ენის სწავლა დავიწყე. ძალიან მინდოდა ქართული ენის შესწავლა, მაგრამ საკმაოდ რთული გამოდგა თქვენი უნიკალური ენა და დამწერლობა და ამიტომ გადავწყვიტე თურქული ენის შესწავლა. საღამომდე სამსახურში ვრჩები. ხშირად მიწევს შეხვედრა იმ იტალიური ბიზნესკომპანიებისა თუ სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში აპირებენ საქმიანობის დაწყებას. ეს ჩემი სამუშაოს ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. ასევე დროის მნიშვნელოვანი ნაწილი მიაქვს სავიზო საქმიანობას. სამუშაო საათების დასრულების შემდეგ ხშირია საქმიანი სადილები როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან…” – მიყვება საკმაოდ დატვირთული დღის გრაფიკის შესახებ ფედერიკა, რომელიც ცდილობს, რომ დღის განმავლობაში შემორჩენილი თავისუფალი დრო შვილთან და მეგობრებთან გაატაროს. თუმცა არის კიდევ რამდენიმე რამ, რასაც ფედერიკა თავის თავისუფალ დროს უთმობს:

“კარატე. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ვარჯიში დავიწყე. ლურჯი ქამრის მფლობელი ვარ. პერსონალური მწვრთნელი მყავს. ამას მხოლოდ ჩემი ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად არ ვაკეთებ, ამას სიამოვნებით ვაკეთებ”, – მეუბნება ფედერიკა.

ფედერიკას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წიგნებს. უფრო ზუსტად კი პატარ­-პატარა მოთხრობებს: “ხშირად რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ერთად და სწორედ ამიტომ, პატარ­-პატარა მოთხრობებს ვანიჭებ უპირატესობას. მიყვარს მოთხრობები სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის, მათი ტრადიციების, სხვადასხვა სოციალური კლასის წარმომადგენლების შესახებ. ასეთი მოთხრობებიდან ბევრ რამეს ვსწავლობ”, – ამბობს ის.

ფედერიკას კიდევ ერთი გატაცება – მოდაა. საქართველოში თავისი მისიის დასრულებამდე მას კიდევ ერთი მიზანი აქვს დასახული, თუმცა იმასაც მეუბნება, რომ თუკი ამ მისიას ვერ შევასრულებ, არ დამძრახოთო: “სანამ იტალიაში დავბრუნდები, მინდა, თბილისში მოდის შოუ მოვაწყო. არ ვიცი, რამდენად მოვასწრებ. არ მაქვს საკმარისი დრო, მაგრამ შევეცდები, რომ ეს გეგმა როგორმე შევასრულო. შოუში მონაწილეობას ძირითადად იტალიელი დიზაინერები მიიღებენ. რაც საქართველოში ჩამოვედი, მას შემდეგ სულ ვადევნებ თვალს ამ სექტორის განვითარებას და მინდა ვთქვა, რომ ამ

სამი წლის მანძილზე მოდის სფერო საკმაოდ გაძლიერდა. ყოველთვის ვესწრები თბილისში გამართულ მოდის კვირეულებს. უნდა ვაღიარო, რომ ბოლო მოდის კვირეულმა სასიამოვნოდ გამაოცა. ბევრი საინტერესო და კრეატიული დიზაინერი აღმოვაჩინე”, – ამბობს ფედერიკა, რომლისთვისაც გემოვნებით ჩაცმა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობა არ არის. ამბობს, რომ შოპინგი მისი ცხოვრების ნაწილია:

“მართალია, რომში ცნობილი ბრენდების მაღაზიებთან ერთად, ბევრი პატარ-პატარა ბუტიკიც არის, მაგრამ იტალიაში შოპინგის დედაქალაქი, ცხადია, მილანია. ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში ვიყავი, სადაც ჩემი გარდერობი განვაახლე. როგორც წესი, ძვირად ღირებულ ბრენდებს არ ვყიდულობ. მთავარია, ელეგანტური, გემოვნებიანი და კარგი ხარისხის იყოს. როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ოფიციალურ შეხვედრებზე, შარვალს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა განსაკუთრებული საღამოებისთვის, ცხადია, კაბებს ვიცვამ. მიყვარს პატარა აქსესუარები, რომლებიც მრავლად მაქვს. ის, რის გამოც საქართველოში მცხოვრები ქალების მშურს, არის მათი გასაოცარი უნარი, იარონ მაღალ ქუსლებზე. ეს ჩემთვის ისეთი დაუძლეველი მისიაა, რომ გადმოცემაც კი მიჭირს. ვუყურებ ხოლმე ქუჩაში მოსეირნე გოგოებს და მიკვირს, როგორ ახერხებენ ასეთ მაღალ ქუსლებზე სიარულს. იქნებ როდისმე მეც ვისწავლო”, – ეცინება ფედერიკას და თან თავის ბოტის ტიპის ტყავის დაბალქუსლიან ჩექმას მანახებს…

ფედერიკამ ჯერ არ იცის, რა იქნება მისი ახალი პოსტი რომში დაბრუნების შემდეგ. იცის ის, რომ იქ სამ წელს გაატარებს, შემდეგ კი ისევ ახალ ქვეყანაში გაემგზავრება ახალი მისიით. ამჯერად, მისი სურვილია, ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში იმუშაოს. იცის, რომ ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ისიც იცის, რომ იქ მუშაობა საინტერესო იქნება…

ინტერვიუ იტალიის ელჩთან საქართველოში დასრულებულია. მისი დიდი სახლის დიდი ფანჯრებიდან შემოსულმა მზის სხივებმა კაი ხანია, ადგილი შეიცვალეს და კედლებიდან იატაკზე ჩამოცურდნენ. ის-ისაა, ჩამწერი უნდა გამოვრთო, რომ ფედერიკა მაჩერებს, “ჩემს ჰობიზე რომ მკითხე, მაშინ არ გითხარი, მაგრამ ახლა გეტყვი. 20 წლიდან პატარპატარა ნოველებსა და ლექსებს ვწერ. თითქმის არავის ვაკითხებ მათ, ძალიან პირადულია. არც არასდროს გამომიქვეყნებია ისინი, მაგრამ ვნახოთ, იქნებ შორეულ მომავალში წიგნიც გამოვცე”…

ფედერიკას და ჩემი ანარეკლი ძველი ხის კარადის სარკიდან უჩინარდება. ჩემი მისია შესრულებულია. ინტერვიუ ჩაწერილია. ფედერიკას მისია გრძელდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *