როგორ შეიცვალა თქვენი ხელფასის "მსყიდველუნარიანობა" ბოლო ერთ წელში

როგორ შეიცვალა თქვენი ხელფასის "მსყიდველუნარიანობა" ბოლო ერთ წელში

თუკი ბოლო ერთი წელია თქვენი ანაზღაურება თვეში 1500 ლარია, მისი მსყიდველუნარიანობა წლიურად 70 ლარითაა შემცირებული.

საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1092 ლარია. სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, საშუალო ხელფასი განსხვავდება როგორც გენდერის, ასევე დასაქმების სფეროს მიხედვითაც. კერძოდ, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს ჰქონდათ და ის საშუალოდ თვეში 1894 ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდისთვის საქართველოში დასაქმებული კაცების ხელფასი ქალებისას 418 ლარით აღემატებოდა: კაცის საშუალო ხელფასი ქვეყანაში 1294 ლარია, ქალის კი 876 ლარი.

საქსტატის მონაცემებითვე, ერთი ოჯახის საშუალო ხარჯი თვეში 1414 ლარს შეადგენს. ამ თანხას ხარჯავს ოჯახი სურსათზე, ტანსაცმელზე, ტრანსპორტზე, ჯანდაცვაზე და ა.შ. საქსტატი გასაანგარიშებლად საშუალო სიდიდის შინამეურნეობას (3.3 კაცი) იღებს.

ხარჯების ყველაზე დიდი წილი საქართველოში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე მოდის – თვეში 435 ლარი. ბოლო ერთ წელში კი ეს პროდუქცია 7.9%–ით არის გაძვირებული. ხარჯებში მეორე ადგილს ტრანსპორტი იკავებს. თითო ოჯახი საშუალოდ ტრანსპორტში თვეში 171 ლარს ხარჯავს და მას ეს თანხა წლიურად ინფლაციის გათვალისწინებით, 3.9%–ით გაეზარდა. მესამე ადგილზე ხარჯებში საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეებია, რისთვისაც თვეში ერთი ოჯახი საშუალოდ 124 ლარს ხარჯავს. ეს ხარჯი წლიურად 1.7%–ით გაიზარდა.

რაც შეეხება ხელფასებს, მისი ცვლილების დასანახად შეგვიძლია სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემები ავიღოთ. კერძოდ, თუკი თქვენი ხელფასი თვეში 1092 ლარია და ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ შეცვლილა, ინფლაციის დამატებით მისი მსყიდველუნარიანობა დღეს 50 ლარით ნაკლებია. კერძოდ, – 2018 წლის ივლისის 1092 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2019 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგენს 1142.4 ლარს, რადგან ფასების ინდექსის ცვლილებამ 2019 წლის ივლისში 2018 წლის ივლისთან შედარებით შეადგინა 4.62 %.

თუკი თქვენ სოფლის მეურნეობის სფეროში ხართ დასაქმებული, სადაც საქსტატის მონაცემებით საშუალო ანაზღაურება 624.6 ლარია, ამ თანხის მსყიდველუნარიანობა ბოლო ერთ წელში 28.8 ლარით შემცირდა.

მშენებლობის სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1550 ლარია და მისი მსყიდველუნარიანობა ბოლო ერთ წელში 121.5 ლარითაა შემცირებული. 2018 წლის ივლისის 1550 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2019 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგენს 1621.54 ლარს.

სასტუმროებისა და რესტორნების ქსელში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 890 ლარია და მისი „მსყიდველუანრიანობა“ ბოლო ერთ წელში 41 ლარითაა შემცირებული. 2018 წლის ივლისის 890 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2019 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგენს 931.08 ლარს.

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1453 ლარს შეადგენს და მისი ღირებულება ერთ წელში 67 ლარითაა შემცირებული. 2018 წლის ივლისის 1453 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2019 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგენს 1520.07 ლარს.

საფინანსო საქმიანობაში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 1894 ლარია და მისი ღირებულება ერთ წელში 87 ლარითაა შემცირებული. 2018 წლის ივლისის 1894 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2019 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგენს 1981.42 ლარს.

განათლების სფეროში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 612 ლარია და მისი მსყიდველუნარიანობა წლიურად 28 ლარითაა შემცირებული. 2018 წლის ივლისის 612 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2019 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგენს 640.25 ლარს.

ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1035.4 ლარია და მისი მსყიდველუნარიანობა 47.6 ლარითაა შემცირებული. 2018 წლის ივლისის 1035.4 ლარი ლარის ინფლაციის გათვალისწინებით 2019 წლის ივლისის მდგომარეობით შეადგენს 1083.19 ლარს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *