გაზრდილი ბიუჯეტი არ ემსახურება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას

გაზრდილი ბიუჯეტი არ ემსახურება სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას

“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.

ბიუჯეტი – როგორც მისი თანხობრივი მოცულობა, ასევე ხარჯვითი სტრუქტურა – ძალიან კარგი ინდიკატორია იმისა, თუ რაში ხედავს კონკრეტული მთავრობა სახელმწიფოს ფუნდამენტურ ფუნქციებს. კერძოდ, ბიუჯეტის მიხედვით შესაძლებელია გავიგოთ, სახელმწიფოს რომელი ფუნქციები მიაჩნია კონკრეტულ მთავრობას პრიორიტეტულად და გარდა კონსტიტუციური უფლება- მოვალეობისა, დამატებით რა ფუნქციებს იღებს კონკრეტული მთავრობა თავისივე ინიციატივით. გადასახადებისა და ბიუჯეტის მოცულობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით არის შედეგი, რომელსაც კონკრეტული მიზეზები აქვს. ვნახოთ, რა არის ის ფუნდამენტური მიზეზები, რაც ამ შედეგს იწვევს.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისდაგეგმილი შემოსულობები განსაზღვრულია 12.9 მილიარდი ლარის ოდენობით. 75% (9.7 მილიარდი ლარი) დაფინანსდება გადასახადებით, 13% – საგარეო ვალის ზრდით, დანარჩენი 14%-ის მობილიზაცია საშინაო ვალის ზრდის, პრივატიზაციის, გრანტებისა და სხვა შემოსავლების გზით იგეგმება.

სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან მისაღები თანხები შემდეგნაირად ნაწილდება: 4 მილიარდი ლარი – დღგ, 1.5 მილიარდი – აქციზი, 3.1 მილიარდი – ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, 0.8 მილიარდი – კომპანიების მოგების გადასახადი, 0.3 მილიარდი ლარი – სხვა გადასახადები. გავითვალისწინოთ, რომ გარდა საშემოსავლო გადასახადისა, დღგ-სა და აქციზის გადამხდელებიც ძირითადად პროდუქტებისა და მომსახურების საბოლოო მომხმარებლები ანუ ფიზიკური პირები არიან. აქციზსა და დღგ-ს იხდის ყველა, კომპანიები ამ გადასახადების მხოლოდ გამტარები არიან. შესაბამისად, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობა ბიუჯეტში გადაიხდის 8.6 მილიარდ ლარს, რაც მთლიანი საგადასახადო შემოსავლების 88%-ია.

საქართველოს ეკონომიკის საგადასახადო ტვირთი ანუ გადასახადების ფარდობა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან 25%-ზე მეტია, ხოლო მთლიანი საბიუჯეტო ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის 33%-ს აღემატება. განვითარებადი ქვეყნისათვის ასეთი მაღალი საგადასახადო ტვირთი და სახელმწიფოს მონაწილეობა ეკონომიკაში, ცხადია, ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობის 20%-ზე მეტი აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს (მსოფლიო ბანკის კრიტერიუმით დღეში 2.5 PPP დოლარზე ნაკლები შემოსავლით). შრომისუნარიანი მოსახლეობის 50%-ზე მეტი კი რეალურად უმუშევარია. ეს სოციალური ფონი, ცხადია, არასტაბილურობის დიდი რისკ-ფაქტორია. გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიების გარეშე წარმოუდგენელია ეკონომიკის სწრაფი და თანამიმდევრული განვითარება.

ბიუჯეტი და სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციები: თუ ამოვალთ იმ მოსაზრებიდან, რომ მოსახლეობისათვის სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს შემდეგი ძირითადი ფუნქციების შესრულება: თავდაცვა და უსაფრთხოება, მინიმალური სოციალური სტანდარტები და ჯანდაცვა, ეფექტიანი საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და ხარისხიანი საბაზისო განათლების მიღების შესაძლებლობა, – ვფიქრობთ, რომ ყველაფერი ის, რაც სახელმწიფოს ამ ფუნდამენტურ ფუნქციებს სცდება, უნდა შეფასდეს კრიტიკულად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამატებითი ფუნქციების შესრულება ბიუჯეტის – ანუ გადასახადის გადამხდელების – თანხების ხარჯვას იწვევს.

საქართველოში ამჟამად ბიუჯეტიდან ისეთი სფეროები და პროექტები ფინანსდება, რომლებსაც აბსოლუტურად არაფერი აქვთ საერთო სახელმწიფოს ფუნდამენტურ ფუნქციებთან.

განვიხილოთ რამდენიმე, ერთი შეხედვით, საკამათო მაგალითი. სახელმწიფო ბიუჯეტის თვალსაზრისით, ქართული ფეხბურთის დღევანდელი მოცემულობა არის შემდეგი: 2016 წელს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, 2016-2020 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქართული ფეხბურთის განვითარების მიზნით გამოიყო 266 მილიონი ლარი. ამ თანხაში შედის ქართული საფეხბურთო კლუბების საბაზისო დაფინანსება, მათი ფინანსური სტიმულირება, კლუბების საპრიზო და პრემიალური ფონდი და ა.შ. ეროვნული ლიგის კლუბებში ფეხბურთელის საშუალო ხელფასი 1800-დან 3000 ლარამდეა, ხოლო 25%-ზე მეტი ფეხბურთელი ხელფასის სახით ყოველთვიურად 3000 ლარზე მეტს იღებს.

ცხადია, სახელმწიფომ ფინანსურად ხელი უნდა შეუწყოს მოედნების, საბავშვო სპორტისა და ზოგადად ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. თუმცა გაუგებარია, პროფესიონალი სპორტსმენი – რომელმაც სპორტი თავის პროფესიად ანუ შემოსავლის წყაროდ აირჩია – რატომ ფინანსდება მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით. ქართული ფეხბურთის აღორძინება, თუ არ ვცდებით, არ ემსახურება ქვეყნის არც თავდაცვასა და უსაფრთხოებას, არც მოსახლეობის მინიმალურ სოციალურ უზრუნველყოფას, არც ახალგაზრდა თაობის საბაზისო და ხარისხიან განათლებას. ვფიქრობთ, მთავარი კითხვა ის კი არ არის, სა ხელმწიფო ბიუჯეტიდან პროფესიონალი სპორტსმენი რატომ იღებს 15-ჯერ მეტს, ვიდრე პენსიონერი ან სოციალურად დაუცველი. არც ის არის მთავარი, ქართულ ფეხბურთში რა შედეგი მოიტანა ბიუჯეტის ამოდენა თანხების ხარჯვამ. უმთავრესია გავიაზროთ, რომ პროფესიონალური სპორტის დაფინანსებასთან სახელმწიფო ბიუჯეტს არაფერი ესაქმება; განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 20%-ზე მეტი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს.

ცხადია, როდესაც სახელმწიფო მსგავს ხარჯებს აფინანსებს, ეს ხდება ან მაღალი საგადასახადო ტვირთის ხარჯზე, რაც ნეგატიური ფაქტორია სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის, ან მნიშვნელოვანი სოციალური ფუნდამენტური პრობლემების უგულებელყოფის ხარჯზე, ეს კი არასტაბილურობის რისკის შემცველია. შესაბამისად, ასეთი ხარჯების გაწევის ფასი ძალიან მაღალია და მათი მიზანშეწონილობა ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

გარდა ამისა, თუ ჩვენ გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება გვინდა, ეკონომიკის საგადასახადო ტვირთი არ უნდა აღემატებოდეს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 15%-ს. ამის მისაღწევად საჭიროა უამრავი საბიუჯეტო ხარჯის საერთოდ გაუქმება და ბიუჯეტის ხარჯების მიმართვა პრიორიტეტებზე: თავდაცვაზე, უსაფრთხოებასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე. დაბალი საგადასახადო ტვირთი, ცხადია, სტიმულს მისცემს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, უმუშევრობის შემცირებისა და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობის წინაპირობაა.

კიდევ რამდენიმე მაგალითი:

სოფლის მეურნეობა – სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯულია ასობით მილიონი ლარი, დაუზუსტებელი მონაცემებით ეს თანხა 1.5 მილიარდ ლარს აღემატება. შედეგად მივიღეთ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით კლებადი სოფლის მეურნეობის სექტორი, რადგან მთლიანად ეკონომიკა და მისი სხვა სექტორები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე სოფლის მეურნეობა.

იგივე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საზოგადოებრივ მაუწყებელს: წლიური საბიუჯეტო ხარჯვა 50 მილიონი ლარია (ანუ 250 ათასი პენსია წელიწადში), რეიტინგი კი – ფსკერზე. გადასახადების გადამხდელების ფული იხარჯება იმ სატელევიზიო გადაცემებისა და სიუჟეტების შექმნაზე, რომელსაც მაყურებელი, უბრალოდ, არ ჰყავს.

“საპარტნიორო ფონდი” – ამ ორგანიზაციას თავისივე მისიით განსაზღვრული აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: პირველი არის აქტივების მართვა. როგორც ფონდის საქმიანობის საპარლამენტო განხილვისას გავიგეთ, იმ კომპანიებში, სადაც ფონდი 100%-იან წილებს ფლობს (რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, სახელმწიფო ელექტროსისტემა და ა.შ.) თურმე ფონდი ამ კომპანიების ვერც სტრატეგიულ და ვერც ოპერაციულ მართვაში ვერ მონაწილეობს შესაბამისი უფლებამოსილების არქონის გამო. ანუ აქტივი ფონდის ბალანსზეა, მაგრამ ის ამ აქტივებს ვერ მართავს. მაშ, რაში გამოიხატება აქტივების მართვის ფუნქცია? ან რას ნიშნავს, როდესაც რაღაც შენს ბალანსზეა, მაგრამ პასუხისმგებელი და უფლებამოსილი არა ხარ? მეორე ფუნქცია არის ინვესტიციები. საპარტნიორო ფონდმა არსებობის 8 წლის განმავლობაში ინვესტიციები სხვადასხვა კომპანიის კაპიტალში განახორციელა. გაურკვეველია, რომელი კომპანიების წილობრივი მონაწილეობიდან გამოვიდა საპარტნიორო ფონდი (ე.წ. exit) ამ რვა წლის განმავლობაში, რა ფასად შეიძინა და გაყიდა წილობრივი მონაწილეობა კონკრეტულ კომპანიებში, რამდენი იყო ინვესტირებული თანხის ეფექტიანი უკუგება თითოეულ ტრანზაქციაზე და მთლიანად პორტფელზე, რომელ კომპანიებში გამოდგა ინვესტიცია წარუმატებელი და ბიუჯეტის რა თანხა დაიკარგა – ამ კითხვებზე პასუხების მიღება შეუძლებელია, მიუხედავად იმისა, რომ საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო მფლობელობაშია. როგორც წესი, ამ გაუმჭვირვალობას შემდეგი გამართლება აქვს: “ასეთი ინფორმაციები კომერციულად კონფიდენციალურია და მათი გასაჯაროების უფლება არ გვაქვს”. ამაზე პასუხი ხომ მარტივია: თუ პოტენციურ პორტფელურ კომპანიას ფონდის ფული მიღება უნდა, მან უნდა იცოდეს, რომ ეს ფული არის ბიუჯეტის და, შესაბამისად, ფონდი ანგარიშვალდებულია გადასახადების გადამხდელების წინაშე. თუ ინფორმაციის საჯაროობა პორტფელური კომპანიისათვის მიუღებელია, მან ფინანსური რესურსი სხვაგან უნდა ეძებოს.

საპარტნიორო ფონდი თავისი გაურკვეველი ფუნქციებით, სტრუქტურით, უფლებებითა და მოვალეობებით, გამჭვირვალობის ძალიან დაბალი დონითა და 575 მილიონი ლარის აკუმულირებული ზარალით – ალბათ ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ რა ხდება, როცა ბიუჯეტის რესურსებით სახელმწიფო კერძო სექტორის სფეროში შედის.

ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ეკონომიკური მიზანშეწონილობა:

ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ხარჯვის გამჭვირვალობა. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, თავდაცვა, განათლება, ჯანდაცვა თუ სხვა, ყველა ხარჯი უნდა იყოს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) დაფინანსება საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილია. უმეტეს შემთხვევაში ამ სსიპ-ების ფინანსური გამჭვირვალობის დონე ელემენტარულ კრიტიკას ვერ უძლებს – საზოგადოებას უბრალოდ ხელი არ მიუწვდება ინფორმაციაზე სსიპ-ების მიერ თანხების ხარჯვის შესახებ.

აუცილებელია საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზი. მაგალითისათვის, როგორც მნიშვნელოვანი სატრასპორტო პოტენციალის ქვეყანამ, ცხადია, სახელმწიფომ უნდა განახორციელოს საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები. ამავე დროს, ნებისმიერ საგზაო მონაკვეთში სახელმწიფო სახსრების ინვესტირებამდე მკაფიოდ უნდა განისაზღვროს ამ კონკრეტული საგზაო მონაკვეთის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. სოფელი, სადაც ათი ოჯახი ცხოვრობს და ეკონომიკური აქტივობა არ არის, რა თქმა უნ და, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისადგომი გზით, მაგრამ ასფალტიანი გზის დაგების აუცილებლობა არ არის. ასფალტის გზა აქ თავის ფუნქციას არ ასრულებს, გადასახადების გადამხდელების ფული კი გადაყრილია. შესაბამისად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი – დიდი თუ მცირე მოცულობის – ეკონომიკურად დასაბუთებული უნდა იყოს. თუ ეკონომიკური მიზანშეწონილობა არ არის ნათელი, ცხადია, ეს თანხები იმ მძიმე სოციალური პრობლემების აღმოსაფხვრელად უნდა მიემართოს, რომელთა მოგვარებაც აუცილებელია სტაბილურობისათვის.

 ბიუჯეტი და მოხელე-ბიზნესმენი:

მთავრობაში მისული ადამიანი მიიხედ–მოიხედავს და აღმოაჩენს, რომ ბევრი ფული “აქვს”. მისი აზრით, ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები რაღაც სისულელეებზე იხარჯება. თან მიაჩნია, რომ ქვეყანაში გაცილებით მნიშვნელოვანი, მძიმე და პრიორიტეტული პრობლემები არის გადასაჭრელი. ამას ემატება სამთავრობო სტრუქტურებში მდორე, არადინამიკური და მოსაწყენი სამუშაო გარემო. იწყება მოხელის შემოქმედებითი პროცესი: რაში დახარჯოს ფული და რომელი პრობლემები “გადაჭრას”. ვიღებთ მოხელეს, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ მოხელე- ბიზნესმენი. მას მიაჩნია, რომ ბიზნესს სხვაზე უკეთ გააკეთებს. იგი იწყებს ბიუჯეტის ფულის ხარჯვას იქ, სადაც სახელმწიფოს არაფერი ესაქმება.

მოხელე-ბიზნესმენებს შორის, როგორც ჩანს, არის კონკურენცია და შეჯიბრი: ვის ექნება უფრო მეტი შემოქმედებითი და ინოვაციური იდეა საბიუჯეტო ახალი ხარჯების ინიცირებისათვის, ვინ დააანონსებს სახელმწიფო დაფინანსების უფრო მეტ, ახალ და ორიგინალურ პროგრამებს, ვის ექნება მეტი ინიციატივა არსებულ დაფინანსების პროგრამებში მანდატის გაფართოებისა და მასში ახალი, დამატებითი კომპონენტების შეტანის მიზნით, და ა.შ.

ცხადია, რომ იქ, სადაც საბიუჯეტო სახსრები იხარჯება, ყოველთვის არსებობს კორუფციის, ნეპოტიზმისა და კრიმინალის რისკი, ისევე როგორც ხელოვნური და არაპროდუქტიული დასაქმების რისკი ელექტორატის დაშოშმინებისა და მათი მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. თუმცა, მიუხედავად ამ რისკებისა, სრულიად კეთილსინდისიერი, პატიოსანი და მონდომებული მოხელე- ბიზნესმენი თავისთავად უდიდესი პრობლემაა, რადგან: 1. მთავრობა იწყებს გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯვას იმის საკეთებლად, რაც სახელმწიფოს ფუნქცია არ არის, 2. ფული იხარჯება არაეფექტიანად – სხვისი ფული სხვისთვის პასუხისმგებლობით და ეფექტიანად ჯერ არავის დაუხარჯავს და 3. ფულის ხარჯვა ვერ უძლებს ელემენტარულ სოციალურ და პრიორიტეტების ტესტს.

კეთილსინდისიერება ავტომატურად არ ნიშნავს კომპეტენციას და გრძელვადიან პასუხისმგებლობას. ავიღოთ კონკრეტული მაგალითი: საბიუჯეტო დაფინანსების პროგრამის ერთ- ერთი კომპონენტია ბანკების მიერ ბიზნესისთვის გაცემული სესხების პროცენტის სრული სუბსიდია. მაგალითისათვის, ბიზნესი ბანკიდან სესხულობს 1,000,000 აშშ დოლარს. საშუალო საბაზრო საპროცენტო განაკვეთი დოლარის სესხზე დღეს არის 8.0%-9.0%. ამასთანავე, “აწარმოე საქართველოს” ფარგლებში სახელმწიფო სრულად იხდის სესხის საპროცენტო ხარჯს დოლარში დენომინირებული სესხის მაქსიმუმ 600,000 დოლარის მოცულობაზე. შედეგად ვიღებთ შემდეგ სურათს: 1,000,000 დოლარიდან 600,000 დოლარი გაიცემა “აწარმოე საქართველოს” სუბსიდიის ფარგლებში, ხოლო 400,000 გადის როგორც ჩვეულებრივი არასუბსიდირებული სესხი. შევხედოთ საპროცენტო განაკვეთებს სესხის სუბსიდირებულ და არასუბსიდირებულ ნაწილებს. საპროცენტო განაკვეთი სესხის იმ ნაწილზე, რომელსაც იხდის “აწარმოე საქართველო”, არის წლიური 12%. თითქოს გაუგებარია, თუ საშუალო საბაზრო განაკვეთი დოლარის სესხზე არის 8%- 9%, მაშინ რატომ არის ამ სუბსიდირებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი საბაზროზე 30%-ით მეტი. რაშია საქმე?

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო აკეთებს იმას, რაც მისი საქმე არ არის. აქ საუბარია არა კორუფციისა და ნეპოტიზმის რისკზე, არამედ იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელე- ბიზნესმენის კეთილსინდისიერება მის სიბრიყვეს, გულგრილობასა და არაკომპეტენტურობას არ გამორიცხავს. გადასახადების გადამხდელების ანუ სხვისი ფულის სხვისთვის კომპეტენტურად, ეფექტიანდ და პასუხისმგებლობით ხარჯვა ჯერ არავის გამოსვლია.

ჩვენ ვართ ალბათ უნიკალური ქვეყანა, სადაც ჯაზის კონცერტებიც სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება. ჯაზი – ბიუჯეტით. მორწყვა – ბიუჯეტით. ბიზნესის საპროცენტო ხარჯი – ბიუჯეტით. არაპროდუქტიული მასობრივი დასაქმება – ბიუჯეტით. აეროპორტი დაბებში – ბიუჯეტით. ახალი ავიახაზები – ბიუჯეტით. პროფესიონალური სპორტი – ბიუჯეტით. ეს არის მოხელე-ბიზნესმენების საცეცების შედეგი ყველგან და ყველაფერში. ვფიქრობთ, რომ მოხელე-ბიზნესმენის მენტალიტეტის მეტასტაზირება სამთავრობო სტრუქტურებში არის ერთ-ერთი უმთავრესი რისკ-ფაქტორი, რომელმაც უკვე გამოიწვია მნიშვნელოვანი აცდენა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტსა და სახელმწიფოს ძირითად ფუნქციებს შორის, ისევე როგორც ბიუჯეტის მზარდი არაეფექტიანი ხარჯვა. ეს ფონემენი არანაკლებ საშიშია, ვიდრე კორუფცია, ნეპოტიზმი და პოლიტიკური სტაბილურობის მიზნით არაპროდუქტიული დასაქმება.

ბიუჯეტის მნიშვნელოვანი თანხები ინვესტირდება იმ მიმართულებით, სადაც კერძო ბიზნესი უნდა ახორციელებდეს ინვესტიციას. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტის ასეთი ხარჯვა მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების ხარჯზე ხდება და საბიუჯეტო ხარჯვა არაეფექტიანია, სახელმწიფო ინვესტიციები ქმნის არაკონკურენტულ გარემოს და ზღუდავს კერძო ინვესტიციებს. ეს მიდგომა დამახასიათებელია არა მარტო დღევანდელი მთავრობისათვის, არამედ ქვეყნის ყველა წინა მთავრობებისათვის.

სწორი საბიუჯეტო პოლიტიკა:

საგადასახადო ტვირთის შემცირება არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისათვის. სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკის არსებული 25%-იანი საგადასახადო ტვირთის შემცირება 15%-ის ფარგლებში. ბიუჯეტის სახსრების ხარჯვა მკაცრად უნდა შემოიფარგლოს სახელმწიფოს ძირითადი და პრიორიტეტული ფუნქციების შესასრულებლად. ამისათვის მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს სახელმწიფოს ის ეკონომიკური აქტივობები, რომლებიც ცალსახად კერძო ბიზნესის სფეროა. გარდა საგადასახადო ტვირთის შემცირებისა, ეს მიდგომა, ცხადია, შეამცირებს ეკონომიკიდან ამოღებული საბიუჯეტო თანხების არაფექტიან ხარჯვას, რისი უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენს რეალობაში.

———-

საავტორო სტატიების სერია

“Forbes საქართველო” განაგრძობს რევაზ ვაშაკიძისა და ავთანდილ გოგოლის სტატიების საავტორო სვეტს.

რევაზ ვაშაკიძის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საქართველოში შეიქმნა უნიკალური, ვერტიკალურად ინტეგრირებული, კავკასიაში ყველაზე მსხვილი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქათმის ხორცპროდუქტების ინდუსტრიული წარმოება. “ჩირინას” პროდუქტები იყიდება “ბიუ-ბიუს” ბრენდით როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში, მესამე კვარტალიდან ექსპორტი დაიწყება სომხეთში. “ჩირინას” კაპიტალში განხორციელებული ინვესტიცია აღემატება 100 მილიონ აშშ დოლარს. გარდა ამისა, რევაზ ვაშაკიძეს აქვს ინვესტირებისა და კომპანიების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ავთანდილ გოგოლი არის კომპანია Capital Locus-ის დამფუძნებელი, რომელიც მსხვილ კერძო კომპანიებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებასა და ინსტიტუციონალური ინვესტორებისაგან კაპიტალისა და სესხის მოზიდვის სერვისს. დაფუძნებიდან ორი წლის გან მავლობაში კომპანიამ მსხვილი კერძო ბიზნესებისათვის საქართველოსა და სომხეთში მოიზიდა 30 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი უცხოური ინსტიტუციონალური ფინანსური ორგანიზაციებიდან.

სტატიების სერიაში ავტორები წარმოგვიდგენენ სწრაფი ეკონომიკური ზრდისათვის მნიშვნელოვანი ფაქტორების კრიტიკულ შეფასებას. ეს შეფასებები, ერთი მხრივ, ეყრდნობა ინვესტორის მიერ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების, მოზიდვისა და მართვის პრაქტიკულ, რეალურ გამოცდილებას, მეორე მხრივ კი შემოთავაზებულია ის კონკრეტული რეფორმები და ცვლილებები, რომელთა განხორციელება პირდაპირ და, რაც მთავარია, მოკლე დროში პოვებს ასახვას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, მოახდენს გარღვევას ეკონომიკური ზრდის ტემპებში და უზრუნველყოფს ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპების შენარჩუნებას ხანგრძლივ პერიოდში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *