10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს

10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს

2017 წელს ტურისტებმა 1.3 ტრილიონი დოლარი დახარჯეს, რაც მეტია, ვიდრე ნავთობის მსოფლიო ექსპორტის ღირებულება. ტურიზმის სექტორი მზარდია, რადგან იზრდება დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რაოდენობა და შემოსავლები. ტურისტებს ყველაზე მეტად ზღვის სანაპიროები იზიდავთ. ამას ადასტურებს იმ ქვეყნების სტატისტიკა, რომლებსაც დასვენებისთვის კეთილმოწყობილი და ბუნებრივად ხელსაყრელი საზღვაო ან საოკეანო სანაპიროები აქვთ. ტურიზმზე ყველაზე მეტად მცირე კუნძულოვანი ქვეყნებია დამოკიდებული, რაც მათი ეკონომიკების სიმცირით, კლიმატით და ძალიან კარგი ზღვის სანაპიროებით არის განპირობებული. ტურიზმზე დამოკიდებული ტოპ-10 ქვეყნიდან მხოლოდ ერთი ქვეყანა – ბელიზი არ არის კუნძულოვანი სახელმწიფო. ტურიზმის წილად მიჩნეულია ტურიზმის დარგის კონტრიბუცია ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) და არა ტურისტების მიერ დახარჯული თანხის თანაფარდობა მშპ-თან. მაგალითად, 2018 წელს ტურიზმის სექტორის წილი საქართველოს მშპ-ში 7.6% იყო, როცა უცხოელი ტურისტებისგან მიღებული შემოსავალი საქართველოს მშპ-ის მიმართ 20%-მდე იყო. 

10. მალტა

მოსახლეობა: 467ათასი

მშპ: $14.5 მილიარდი

ტერიტორია: 316 კმ2

მალტის ეკონომიკაში ტურიზმის წილი 14.08%-ია, რაც დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს უდრის. 2017 წელს მალტაში 2.3 მილიონმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე თითქმის 5-ჯერ მეტია.

მალტა პატარა კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში, იტალიასთან ახლოს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 46 000 (PPP) დოლარია. მალტა 1964 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, 2004 წლიდან კი – ევროკავშირის წევრი. გარდა იმისა, რომ მალტის თითქმის მთლიანი სანაპირო საზღვაო კურორტია, ის მდიდარია ისტორიული ძეგლებით. მას ქვეყანა-მუზეუმადაც კი მოიხსენიებენ. მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა საშუალოდ 12-31 გრადუსს შორის მერყეობს, ზღვის სეზონი 6 თვეს გრძელდება.

9. ფიჯი

მოსახლეობა: 890ათასი

მშპ: $5.1 მილიარდი

ტერიტორია: 18 274 კმ2

ფიჯის ეკონომიკაში ტურიზმის წილი 14.09%-ია, რაც დაახლოებით 720 მილიონ დოლარს უდრის. 2017 წელს ფიჯიში 843 ათასმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც თითქმის ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობის ტოლია.

ფიჯი არქიპელაგზე განლაგებული კუნძულოვანი სახელმწიფოა წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. ფიჯი ღარიბი ქვეყანაა, ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 10 000 (PPP) დოლარია.  ფიჯი 1970 წლიდან დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ფიჯიში ტურისტებს ძირითადად ოკეანის საოცარი სანაპირო იზიდავს, თეთრი ქვიშით, პალმებითა და ძალიან სუფთა წყლით. ასევე  საინტერესოა ტროპიკული ტყეები და სოფლები მრგვალი ქოხებით, დღესასწაულები და ტრადიციები. ფიჯიში ტროპიკული კლიმატია, ყველაზე ცივ პერიოდშიც კი ტემპერატურა საშუალოდ 22 გრადუსია, თუმცა ხშირია წვიმები.

8. ბელიზი

მოსახლეობა: 396 ათასი

მშპ: $1.9 მილიარდი

ტერიტორია: 22 966 კმ2

ბელიზის ეკონომიკაში ტურიზმის წილი 15%-ია, რაც დაახლოებით 285 მილიონ დოლარს უდრის. 2017 წელს ბელიზში 427 ათასმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობაზე 8%-ით მეტია.

ბელიზი კარიბის ზღვის ნაპირას, მექსიკის სამხრეთით მდებარეობს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 8 500 (PPP) დოლარია. ბელიზი ღარიბი ქვეყანაა, ის 1981 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ვერ ვიტყვით, რომ ბელიზში ბევრი ტურისტი ჩადის, მის ეკონომიკაში ტურიზმის მაღალი წილი ეკონომიკის მცირე ზომით და სხვა დარგების განუვითარებლობით არის განპირობებული. ტურისტებს ძირითადად ზღვის სანაპირო, მაიას ტომის უძველესი ტაძრები და ცნობილი „ცისფერი ხვრელი“ იზიდავთ. ბელიზში საშუალო ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 24-28 გრადუსს შორის მერყეობს.

7. სენტ-ლუსია

მოსახლეობა: 177 ათასი

მშპ: $1.9 მილიარდი

ტერიტორია: 617 კმ2

სენტ-ლუსიას ეკონომიკაში ტურიზმის წილი 15.6%-ია, რაც დაახლოებით 300 მილიონ დოლარს უდრის. 2017 წელს სენტ-ლუსიაში 386 ათასმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე თითქმის 2.2-ჯერ მეტია.

სენტ-ლუსია კარიბის ზღვაში მდებარეობს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 14 400 (PPP) დოლარია. ბელიზი 1979 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ოფიციალური ენა ინგლისურია. სენტ-ლუსია ვულკანური წარმოშობის, მაღალმთიანი რელიეფის მქონე ქვეყანაა. ტურისტებს იზიდავს ზღვის სანაპირო, მთები, ჩანჩქერები და ბოტანიკური ბაღები. მთელი წლის განმავლობაში ტემპერატურა 23-31 გრადუსს შორის მერყეობს, თუმცა დეკემბერი-მაისია ტურისტებისთვის ხელსაყრელი, რადგან დანარჩენ პერიოდში ხშირად წვიმს. 

6. კაბო-ვერდე

მოსახლეობა: 553ათასი

მშპ: $2 მილიარდი

ტერიტორია: 4 033 კმ2

კაბო-ვერდეს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 17.7%-ია, რაც დაახლოებით 350 მილიონ დოლარს უდრის.. 2017 წელს კაბო-ვერდეში 668 ათასმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივი მოსახლეობაზე თითქმის 21%-ით მეტია.

კაბო-ვერდე ატლანტის ოკეანეში, აფრიკის დასავლეთ სანაპიროდან 570 კმ-ში მდებარეობს. ქვეყანა ვულკანური წარმოშობის 10 კუნძულს მოიცავს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 7 300 (PPP) დოლარია. კაბო-ვერდე 1975 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე პორტუგალიის კოლონია იყო. ოფიციალური ენა პორტუგალიურია. ტურისტებს საზღვაო კურორტები იზიდავთ. მთელი წელი ზღვის სეზონია, ტემპერატურა 20-40 გრადუსს შორის მერყეობს.

5. ვანუატუ

მოსახლეობა: 285 ათასი

მშპ: $0.9 მილიარდი

ტერიტორია: 12 189 კმ2

ვანუატუს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 18.2%-ია, რაც დაახლოებით 165 მილიონ დოლარს უდრის. 2017 წელს ვანუატუში 109 ათასმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე ნაკლებია.

ვანუატუ წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ავსტრალიის კონტინენტიდან 3 600 კმ-ითაა დაშორებული. ქვეყანა 83 კუნძულს მოიცავს. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 2 900 (PPP) დოლარია, ღარიბი ქვეყანაა. ვანუატუ 1980 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე ინგლისისა და საფრანგეთის კოლონია იყო. ტურისტებს საზღვაო კურორტები იზიდავთ. ზღვის სეზონი 9 თვეს გრძელდება. ვანუატუში ძირითადად ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან ჩადიან. პოპულარული ადგილია ქორწინების ცერემონიების აღნიშვნისთვის.

4. ბაჰამა

მოსახლეობა: 377 ათასი

მშპ: $12.8 მილიარდი

ტერიტორია: 13 878 კმ2

ბაჰამის ეკონომიკაში ტურიზმის წილი 19.2%-ია, რაც დაახლოებით 2.5 მილიარდ დოლარს უდრის. 2017 წელს ბაჰამის კუნძულებზე 1.4 მილიონმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე 3.8-ჯერ მეტია.

ბაჰამა კარიბის ზღვაში მდებარეობს, კუბასთან ახლოს, ჩრდილოეთით. ქვეყანა 700-ზე მეტი დიდი და მცირე კუნძულისგან შედგება. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 33 500 (PPP) დოლარია, მდიდარი ქვეყანაა. ბაჰამა 1973 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ოფიციალური ენა ინგლისურია. ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საზღვაო კურორტად ითვლება თეთრი ქვიშისა და ძალიან სუფთა წყლის გამო. ტემპერატურა მთელი წელი 17-32 გრადუსს შორის მერყეობს.

3. სეიშელი

მოსახლეობა: 95 ათასი

მშპ: $1.6 მილიარდი

ტერიტორია: 459 კმ2

სეიშელის ეკონომიკაში ტურიზმის წილი 25.7%-ია, რაც დაახლოებით 412 მილიონ დოლარს უდრის. 2017 წელს სეიშელის კუნძულებზე 350 ათასმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე 3.7-ჯერ მეტია.

სეიშელი ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს, კუნძულ მადაგასკარის ჩრდილოეთით. ქვეყანა 100-ზე მეტი მცირე კუნძულისგან შედგება, საიდანაც 33-ია დასახლებული. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 30 500 (PPP) დოლარია, მდიდარი ქვეყანაა. სეიშელი 1976 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ოფიციალური ენები ფრანგული და ინგლისურია. შეიძლება ითქვას, რომ სეიშელის კუნძულებზე სულ ზაფხულია, ტემპერატურა 24-30 გრადუსს შორის მერყეობს. სეიშელის სანაპიროებზე ყველაფერია, რაც იდეალურ საზღვაო ტურიზმს სჭირდება.

2. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები

მოსახლეობა: 32 ათასი

მშპ: $1 მილიარდი

ტერიტორია: 153 კმ2

ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულების ეკონომიკაში ტურიზმის წილი 33%-ია, რაც დაახლოებით 330 მილიონ დოლარს უდრის. 2017 წელს ვირჯინის კუნძულებზე 335 ათასმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე 3.7-ჯერ მეტია.

ვირჯინის კუნძულები კარიბის ზღვაში მდებარეობს, პუერტო-რიკოსთან ახლოს. ქვეყანა 50-ზე მეტი მცირე კუნძულისგან შედგება. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 34 000 (PPP) დოლარია, მდიდარი ქვეყანაა. ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაა, თითქმის სრული ადგილობრივი ავტონომიით.  ვირჯინის კუნძულებზეც სულ ზაფხულია, ტემპერატურა 20-36 გრადუსს შორის მერყეობს. აქაც ყველაფერია, რაც იდეალურ საზღვაო კურორტს სჭირდება, თუმცა ხასიათდება ხშირი წვიმებით.

1. მალდივები

მოსახლეობა: 366 ათასი

მშპ: $5.3 მილიარდი

ტერიტორია: 298 კმ2

მალდივების ეკონომიკაში ტურიზმის წილი 39%-ია, რაც დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს უდრის. 2017 წელს მალდივის კუნძულებზე 1.4 მილიონმა უცხოელმა იმოგზაურა, რაც ადგილობრივ მოსახლეობაზე 3.8-ჯერ მეტია.

მალდივის კუნძულები ინდოეთის ოკეანეში, ინდოსტანის ნახევაკუნძულის სამხრეთით მდებარეობს. მალდივების არქიპელაგი 1 192 მცირე კუნძულისგან შედგება, საიდანაც 220-ია დასახლებული. ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 22 000 (PPP) დოლარია, მდიდარი ქვეყანაა. მალდივები 1965 წლიდან არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, მანამდე დიდი ბრიტანეთის კოლონია იყო. ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 25-32 გრადუსს შორის მერყეობს. აქ ყოველთვის საზღვაო სეზონია, თუმცა დასვენება ძვირი ჯდება. მაგალითად, არის სასტუმროები, სადაც ერთი დღე-ღამის გატარება 35-40 ათასი დოლარი ღირს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *