ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები

ბიუჯეტის შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე უწყებები და პროგრამები

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 103.2%-ით, გადასახდელების 6 თვის გეგმა კი 98.6%-ით შესრულდა. გადასახდელების შემადგენელი მუხლებიდან შესრულების ყველაზე დაბალი მაჩვენებლით კაპიტალური ხარჯების და საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმა შესრულდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მონაცემებით, მხარჯავი დაწესებულებებიდან 6 თვის გეგმასთან შედარებით ყველაზე ნაკლები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დახარჯა – გეგმის 67.5%, მათ შორის საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმა 65%-ით შეასრულა.

მაღალბიუჯეტიანი მხარჯავი დაწესებულებიდან მნიშვნელოვანია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს გამოყოფა, რომლებმაც გეგმის 82% და 92% დახარჯეს, შესაბამისად. ეკონომიკის სამინისტროში განსაკუთრებით ენერგეტიკის მიმართულებით გამოყოფილი თანხის ათვისება მიმდინარეობს გეგმასთან ჩამორჩენით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქვეპროგრამაზე – სარეინტეგრაციო დახმარება საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის, 6 თვეში 195 ათასი ლარი უნდა დახარჯულიყო, მაგრამ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა. 6.5%-ით შესრულდა ამავე სამინისტროს კიდევ ერთი ქვეპროგრამა – დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლება. აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებების პროგრამა 15%-ით შესრულდა, გამოყოფილი იყო 2.1 მლნ ლარი და დაიხარჯა 323 ათასი ლარი.

6 თვის გეგმით საინვესტიციო პროექტებზე 447 მლნ ლარი იყო გამოყოფილი, ფაქტობრივად კი 17 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, გეგმა 96%-ით შესრულდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინვესტიციო პროექტზე – ზემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია, 6 თვეში 300 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ თანხა საერთოდ არ დაიხარჯა. 3%-ით შესრულდა ეკონომიკის სამინისტროს პროექტი – ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაცია. მაღალბიუჯეტიანი პროექტებიდან მნიშვნელოვანია თავდაცვის სამინისტროს პროექტის – საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობის გაძლიერების გეგმის 25%-ით შესრულება, გეგმაზე 25 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *