WEF: ტურიზმის კონკურენტუნარიანობით საქართველო მსოფლიოში 68-ე ადგილზეა

WEF: ტურიზმის კონკურენტუნარიანობით საქართველო მსოფლიოში 68-ე ადგილზეა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2019 წლის რეიტინგში დაწინაურდა. ქვეყანას 7 სარეიტინგო ქულიდან, სადაც 7 საუკეთესოს, 1 კი ყველაზე ცუდ შეფასებას გულისხმობს, 3.9 ქულა აქვს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 68–ე ადგილს იკავებს. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ორი ადგილით გაუმჯობესდა.

რეიტინგში ჯამში მსოფლიოს 140 ქვეყანა შედის და პირველ ადგილს ესპანეთი იკავებს.

WEF ინდექსის შესადგენად 14 კრიტერიუმს იყენებს, რომლებიც აჩვენებენ ტურიზმის სხვადასხვა სექტორებსა და სერვისებში ქვეყნების მზაობას.

საქართველოს საუკეთესო შედეგი ბიზნეს გარემოს კრიტერიუმში აქვს, რომლითაც მსოფლიოში 24–ე ადგილს იკავებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ წინა წლის რეიტინგთან შედარებით ბიზნეს გარემოს კრიტერიუმში საქართველო 2 ადგილით ჩამოქვეითდა.

ყველაზე ცუდი შედეგი კი ბუნებრივი რესურსების კრიტერიუმში ფიქსირდება – 105–ე ადგილი.

ყველაზე მაღალი ქულა – 6 – საქართველოს უსაფრთხოების და ჯანმრთელობა/ჰიგიენის კრიტერიუმებში აქვს, თუმცა პირველ მათგანში 25–ე, მეორეში კი 41–ე ადგილი გვიკავია.

რეიტინგის ერთ–ერთი კრიტერიუმი ფასების კონკურენტუნარიანობას მოიცავს. ამ კუთხით საქართველო მსოფლიოში 36–ე ადგილზეა. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია 30 ადგილით არის გაუმჯობესებული. ფასების კონკურენტუნარიანობის გამოსათვლელად გამოიყენება სასტუმროების ფასები, საწვავის ფასები და მგზავრობის ბილეთის საფასური. საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასი 117 დოლარია, რეიტინგისთვის კი რაც უფრო დაბალია ეს მაჩვენებელი მით უფრო წინა პოზიციაზეა ქვეყანა. სასტუმროების ფასების კონკურენტუნარიანობით საქართველო მსოფლიოში 43–ე ადგილზეა. გასულ წელს კი მესამოცეზე იყო. საწვავის ფასების მაჩვენებლით 50–ე ადგილი გვიკავია. რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, ბილეთების ფასსა და აეროპორტის გადასახადს, ამ ქვეკრიტერიუმით საქართველო მსოფლიოში 68–ე ადგილზეა.

რეიტინგი ასევე აფასებს მთავრობის საქმიანობას ტურიზმის განვითარების კუთხით. ერთ–ერთ ქვეკრიტერიუმში, რომელიც ქვეყანაში ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს პრიორიტეტიზაციას მოიცავს, საქართველოს 140 ქვეყანას შორის მე–18–ე ადგილზეა.

მოგზაურობასა და ტურიზმზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხის მოცულობით (% ბიუჯეტი) საქართველო 63–ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ 62 ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმს უფრო მსხვილი წილი აქვს, ვიდრე ეს საქართველოს შემთხვევაშია.

რეიტინგი აფასებს ტურიზმის კუთხით მარკეტინგული აქტივობების ეფექტურობსაც. ამ ქვეკრიტერიუმში საქართველო მსოფლიოში მეორმოცე ადგილზეა, გასულ წელს კი 62–ზე იყო.

ქვეყნის ბრენდის სტრატეგიულობის კრიტერიუმში კი საქართველო 56–ე ადგილს იკავებს.

საქართველოს პოზიცია 10 საფეხურით გაუმჯობესდა, თუმცა არც თუ ისე სახარბიელო 66-ე ადგილზეა ინფრასტრქუტურის კრიტერიუმში. ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი შედეგი საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის კუთხით გვაქვს – მსოფლიოში 81-ე ადგილი. სახმელეთო და საპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით კი 74-ე. 41-ე ადგილზეა საქართველო ტურისტული სერვისების ინფრასტრუქტურის ქვეკრიტერიუმში.

ბუნებრივი რესურსების კრიტერიუმში საქართველოს 105–ე პოზიცია ძირითადად დაცული ტერიტორიების მოცულობას და ჯამში ცნობილ სახეობებს (მცენარეები, ცხოველები) უკავშირდება. კერძოდ, თუკი ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ფართობს მის მთლიან ფართობს შევადარებთ, საქართველო მსოფლიოში ამ მაჩვენებლით 94-ე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *