უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია – რას ამბობს NDI-ის კვლევა ქვეყნის ეკონომიკაზე

უმუშევრობა, სიღარიბე, ინფლაცია – რას ამბობს NDI-ის კვლევა ქვეყნის ეკონომიკაზე

ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, – ასეთია NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის ძირითადი მიგნება. გამოკითხვა ივლისში ჩატარდა და მასში მონაწილეობა 2131–მა პირმა მიიღო. კვლევის ცდომილების ზღვარი +/– 1.7%–ია.

კვლევის მიხედვით, მთავარი ეროვნული საკითხები ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბე. ამასთან მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს;  მოსახლეობის თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა;  მოსახლეობის ნახევრის თქმით, ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა.

გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს; 12% ფიქრობს, რომ ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს; 9% კი თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა – 48% თვლის, რომ საქართველოს ეკონომიკის ძლიერი მხარე ტურიზმია; 31%–სთვის ეს სოფლის მეურნეობა, 6%–სთვის კი მრეწველობა. შედარებით დაბალი წილი უკავიათ ფინანსურ სერვისებს, სამთო მრეწველობას და ა.შ.

ოჯახებისთვის ყველაზე დიდ ხარჯად ყოველდღიურად კვლავ საკვები სახელდება; მას მოსდევს კომუნალური მომსახურება და წამლები. ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 30% ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ხარჯი სესხი/განვადება/იპოთეკაა.

კითხვაზე – თქვენს ოჯახს, რომ მოულოდნელად დასჭირდეს 300 ლარის შოვნა, შეძლებდით თუ არა მის უპროცენტოდ სესხებას – გამოკითხული მოსახლეობის 54% ამბობს, რომ ვერ შეძლებდა.

ამასთან, გამოკითხული მოსახლეობის 88% ამბობს, რომ მის ოჯახს ამ დროისთვის დანაზოგი არ აქვს. ხოლო კითხვაზე – ყოველთვიური დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა რომ გქონდეთ სად შეინახავდით ფულს? –  რესპონდენტების 45% პასუხობს, რომ ბანკსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში, ხოლო 45% კი ამბობს რომ ფორმალური ინსტიტუტების გარეთ, ანუ მეგობართან, ნათესავთან, მიწაში, სახლში და ა.შ.

გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ სესხი აქვთ ბანკში ან სხვა ფინანსურ დაწესებულებაში. აქედან 5% კი ამბობს, რომ სესხის შენატანს ვერასდროს ფარავს დროულად.

რაც შეეხება ახალ საბანკო რეგულაციებს, რომლიც სესხის გამცემი კომპანიებისგან კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასებას მოითხოვს, მოსახლეობის 34%–სთვის ეს ცვლილება მიუღებელია, ხოლო 49%–სთვის კი მისაღები.

კვლევაში მოხვდა საპენსიო რეფორმაც. კერძოდ კითხვაზე ხართ თუ არა საპენსიო სქემაში ჩართული, 40 წელს გადაცილებული მოსახლეობის 90% ამბობს რომ არა. 18–39 წლის მოსახლეობის 27% კი ამბობს, რომ სქემაში ჩართულია.

იმ პირების უმრავლესობას, ვინც საპენსიო სქემაში ჩართულია არ სჯერა რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვებული თანხით სარგებლობას შეძლებს. ამ მოსაზრების მხოლოდ გამოკითხულთა 30%–ს სჯერა, 57%–ს არა, ხოლო 13%–მა პასუხად „არ ვიცი“ დაასახელა.

გამოკითხული მოსახლეობის 47% თვლის, რომ დღეს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა წამლების ფასია, 24%–სთვის სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობა, ხოლო 14%–სთვის ექიმთან ვიზიტის საფასური. ამასთან, გამოკითხულთა 13% საქართველოში ჯანდაცვის ხარისხით ძალიან კმაყოფილია, 58% ნაწილობრივ კმაყოფილი, 16% ნაწილობრივ უკმაყოფილო, ხოლო 9% ძალიან უკმაყოფილო. კვლევის მიხედვით, საქართველოში ექიმების მიერ დასმულ დიაგნოზს სრულად მხოლოდ გამოკითხული რესპონდენტების 18% ენდობა; 61% ნაწილობრივ ენდობა; 12% ნაწილობრივ არ ენდობა, ხოლო 6% საერთოდ არ ენდობა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *