მთავრობა საკრედიტო რეგულაციებს ამკაცრებს - რას წერდა გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" საუკუნის წინ

მთავრობა საკრედიტო რეგულაციებს ამკაცრებს - რას წერდა გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" საუკუნის წინ

ფოტო: Civil.ge

საქართველოს სახელმწიფო ბანკის გამგეობის წევრები. მარცხნიდან სხედან: აკაკი ჩხენკელი, გრიგოლ ლორთქიფანიძე, რაჟდენ არსენიძე, იასონ ლორთქიფანიძე (?), ნოე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე, ნიკო ელიავა. თეთრ სამოსში დგას გიორგი ჟურული. 1920 წლის 24 ივლისი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში

რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ერთიანი საიმპერიო საკრედიტო სისტემა მოიშალა, რამაც ხელი შუეწყო ფინანსურ სპეკულიანტობასა და საკრედიტო ჩეკების ხშირ შემთხვევაში უკანონოდ გამოყენებას, – იუწყებოდა გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა 1919 წლის 21 აგვისტოს. პრობლემას ართულებდა ერთიანი სახელმწიფო ბანკის არ არსებობაც. (საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკი სრულფასოვნად მხოლოდ 1920 წლის 24 ივლისს ამოქმედდა). ამავე შინაარსის “ცირკულარი” იმ დროისთვის არსებულ ყველა საკრედიტო დაწესებულებას გაეგზავნა და მათ დაევალათ “სასტიკად ეხელმძღვანელათ” წესებით, რომელიც სამინისტრომ დააწესა, რათა თავიდან აეცილებინათ ჩეკებით თაღლითობა.

კერძოდ ჩეკების მოხმარებაზე შემდეგი შეზღუდვები დაწესდა:

“იმ ბოროტ-მოქმედებათა მოსასპობად, რომელსაც ჩეკების ხმარების საქმეში აწარმოებენ არა მარტო კერძო პირნი, არამედ, სამწუხაროდ, ზოგიერთი საკრედიტო დაწესებულებანიც, მთავრობის მიერ ამ წლის 9 აგვისტოს მიღებულ დადგენილების თანახმად, ფინანსთა მინისტრმა საჭიროდ სცნო ჩეკების ხმარებისათვის შემდეგი დროებითი წესები დაედგინა:

“1. ამა წლის აგვისტოს პირველიდან დროებით სრულებით შესწყდეს აქტიურ ოპერაციებით ჩეკების გაცემა და ახალ ოპერაციების ანგარიშში ჩეკების მიღება (ოპერაციები, რომლებიც 1919 წლ. აგვისტოს პირველის შემდეგ მოხდა) აგრეთვე შეჩერდეს ჩეკების გაცემა პასიურ ოპერაციებთანაც ისეთ შემთხვევა გარდა, როდესაც ჩეკის დაუბრკოლებლივ განაღდება უზრუნველყოფილია ერთ-ერთ საკრედიტო დაწესებულების განსაკუთრებულ მარქაფა (სარეზერვო) ფონდით.

შენიშვნა: 1. განსაკუთრებულ შემთხვევაში და ყოველ ასეთ შემთხვევაში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრისა, ან მისი რწმუნებულების საგანგებო დასტურით, შეიძლება ერთი ძველი პასიური ანგარიში მეორეზე გადაირიცხოს, ხოლო ძველ ანგარიშებათ ჩაითვლება 1919 წლ. აგვისტოს პირველამდე გახსნილი ანგარიშები;

2. ძველი აქტიურ ოპერაციის (1919 წ. პირველ აგვისტომდე მომხდარი) ჩეკით ვალის გადახდა შეიძლება მაშინ, თუ კლიენტს ერთსა და იმავე საკრედიტო დაწესებულებაში აქვს ვალიც და თავის სახელობაზე მიმდინარე ანგარიშიც.

3. ძველი აქტიური ოპერაციის ჩეკებით აღებულ ვალის გადახდა შეიძლება, როგორც მოვალის სახელზე ისე სხვა პირთა სახელობაზე სხვა ბანკებში გახსნილი მიმდინარე ანგარიშებითაც, მხოლოდ პირველ შემთხვევაში ნაღდ ფულად უნდა წარადგინონ თავნი ვალისა 20% და სარგებელი, მეორე შემთხვევაში კი არა ნაკლებ 50% და სარგებელი.

4. ფულის გადაგზავნა ფულის გადახდის სხვა მინდობილებანი საქართველოს ფარგლებში ერთი ადგილიდან მეორეში მხოლოდ ნაღდი ფულით სწარმოებს ისეთ შემთხვევის გარდა, როდესაც გასანაღდებელია ძველი აქტიური ანგარიში, რომელიც შეიძლება მოხდეს პასიური ანგარიშებითაც მესამე მუხლში მოხსენებული წესით.

5. ძველი პასიური ანგარიშებით ნაღდი ფულის გასაცემად სახელმწიფო ბანკი თითეულს საკრედიტო დაწესებულებას განსაზღვრულ თანხას აძლევს“.

ყველა საკრედიტო დაწესებულებას ევალება სასტიკად იხელმძღვანელოს ზემოხსენებულის წესებით, რომლის აღსრულებასაც უსასტიკეს მეთვალყურეობას გაუწევს ფინანსთა სამინისტროს საკრედიტო განყოფილება.

ფინანსთა დეპარტამენტის დირექტორის მაგიერ ალ. კანდელაკი,

საკრედიტო განყოფილების უფროსი ღლონტი“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *