ლარი, ინფლაცია, რუსული ავიაშეზღუდვა - IMF საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს აფასებს

ლარი, ინფლაცია, რუსული ავიაშეზღუდვა - IMF საქართველოს ეკონომიკის გამოწვევებს აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. მისიის მიზანი იყო ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების მიმოხილვა და სტრუქტურული რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის შეფასება.

სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ნაკლებად ხელშემწყობი საგარეო ეკონომიკური გარემოს საგარეო ვითარების მიუხედავად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი იყო, დაახლოებით 5 პროცენტის ოდენობით. აგვისტოს თვეში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი (4.9 პროცენტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით) ასახავს აქციზის გადასახადის მატებას, საკვების ფასების ზრდას და ლარის გაუფასურებას.

“წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ექსპორტისა და ფულადი გზავნილების მოსალოდნელზე მაღალმა ზრდამ პოზიტიური წვლილი შეიტანა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში, მაშინ როდესაც რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების შეზღუდვის შედეგად ტურისტული შემოდინებები მოსალოდნელზე ნაკლები იყო. იმპორტი შემცირდა, რაც განპირობებული იყო პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული იმპორტის კლებით, საწვავის საერთაშორისო ფასების კლებით და კრედიტის გაცემის გამკაცრებული პირობებით. კერძო სექტორის დაკრედიტება მდგრად დონეზე ნარჩუნდება, ბიზნეს სესხებისა და ლარის იპოთეკური სესხების ზრდის ფონზე”, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სსფ უცვლელად ტოვებს საქართველოს ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტის დონეზე; ხოლო წლიური ინფლაციის პროგნოზი 2019 წლის ბოლოსთვის 5.4 პროცენტია. IMF-ის პროგნოზით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტიან ზრდას) 2020 წელს მიუახლოვდება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე.

“მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მოსალოდნელია, რომ 2019 წელს 2 პროცენტული პუნქტით შემცირდება, მშპ-ს 6 პროცენტამდე. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით გამოწვეული დაძაბულობის გამო, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოფრთხილება მნიშვნელოვანია მომავალში პოტენციური შოკების ზეგავლენის აღმოფხვრისთვის”, – ნათქვამია IMF-ის პრესრელიზში.

“ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მზაობას განაგრძოს გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება და სტრუქტურული რეფორმების გატარება. ინფლაციის მოლოდინის ზრდის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამა წლის სექტემბერში მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით და ბაზარს ანიშნა მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შესაძლო გამკაცრების შესახებ, თუ ინფლაციური წნეხი შენარჩუნდა. სსფ-ს კარგად ესმის, რომ ბოლო თვეებში ლარის გაუფასურების გამო ბევრი ქართული ოჯახი და ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც სესხი აქვს აღებული დოლარში. თუმცა, საერთო ჯამში, მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით კარგ სამსახურს უწევს ქვეყანას. “საგადასახადო შემოსავლების მობილიზება კარგად მიმდინარეობს, თუმცა საჭიროა დამატებითი საშემოსავლო ღონისძიებების გატარება თამბაქოს აქციზის მობილიზებაში არსებული დანაკლისის დასაბალანსებლად 2019 წელს. ბიუჯეტის შესრულების მაღალი ტემპის ფონზე შესაძლებელი გახდა კაპიტალური ხარჯების დაჩქარება 2019 წლის პირველ ნახევარში, რაც მისასალმებელია და შეესაბამება სსფ-ს პროგრამის დათქმას, რომ ხარჯები მიმართული იქნება მეტწილად ინვესტიციების დასაფინანსებლად მაშინ, როცა მიმდინარე ხარჯების დაზოგვა მოხდება. საბიუჯეტო დისციპლინის გაგრძელება საშუალოვადიან პერიოდში უზრუნველყოფს ვალის შენარჩუნებას უსაფრთხო დონეზე და წარმოადგენს შესაბამის პოლიტიკას.

“სსფ-ს მისია იწონებს ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევას სტრუქტურული რეფორმების გატარების და მეტად ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის განათლების რეფორმას. შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას საპენსიო რეფორმის მე-2 პილარის განსახორციელებლად. გადახდისუუნარობის კანონის და ბანკების რეზოლუციის ჩარჩო მექანიზმის დროული ამოქმედება გააუმჯობესებს ბიზნეს გარემოსა და უზრუნველყოფს საფინანსო სექტორის მდგრადობას”, – ამბობს მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *